სერიული მანიაკები
აბულაძე უფრო მსუბუქად იყო დაშავებული, ვიდრე მირიანს წარმოედგინა. სასწრაფო დახმარების ექიმის პროგნოზი მცდარი აღმოჩნდა. მან ავარიისას საშუალო კატეგორიის ტვინის შერყევა მიიღო. მაგრამ, მკურნალი ექიმი მაინც თავს იკავებდა მისი დაკითხვის ნებართვის გაცემისგან.
– რატომ? – ჰკითხა მირიანმა, – ამას მისი მდგომარეობის გართულება შეუძლია?
– პრინციპში, შეუძლია. ეს ფიზიკურ ვნებას არ მიაყენებს, მაგრამ მის მდგომარეობაში, ყოველგვარი მღელვარება არასასურველია, – უპასუხა ექიმმა.
– გასაგებია, მაგრამ მე აუცილებლად უნდა გავესაუბრო. ყველაზე მცირე ეს ოფიციალური დოკუმენტაციის შესავსებად მჭირდება. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, მან ხომ უნდა იცოდეს რისთვისაა დაკავებული! მომეცით მასთან საუბრის უფლება. პირობას გაძლევთ, თუ თავად არ მოისურვა, საუბარს სხვა დროისთვის გადავდებ.
ექიმი მცირე ხნით ჩაფიქრდა და შემდეგ უპასუხა;
– კეთილი, გაესაუბრეთ, მაგრამ არა უმეტეს, ათი წუთისა.
– ეს სრულიად საკმარისია, – უპასუხა მირიანმა და პალატის კარი შეაღო.
ზურაბ აბულაძეს თავზე სახვევი ედო. ის მარტო იმყოფებოდა პალატაში. კარის გაღებისას ოდნავ შეინძრა და დაძაბული მზერა მიაპყრო პალატაში შესულ მირიანსა და ანას.
– როგორ გრძნობ თავს? – ჰკითხა მირიანმა და საწოლის გვერდით, ტაბურეტზე ჩამოჯდა.
ანა საწოლის მეორე მხარეს მოეწყო, საქაღალდე გადაშალა და წერისთვის მოემზადა.
– ცუდად, თავი მტკივა, – ყრუდ ჩაილაპარაკა აბულაძემ.
– ამაში არაფერია უცნაური. გაგიმართლა, ასეთი მალაყის შემდეგ, ცოცხალი რომ გადარჩი. ბედს უმადლოდე, რომ ჩემი თანამშრომელი არ შეუშინდა მტკვარში გადახტმას. თორემ ახლა სრულიად სხვაგან იქნებოდი და სხვასთან მოგიწევდა შენს ცოდვებზე საუბარი! – შენიშნა მირიანმა.
– თქვენ პოლიციდან ხართ?
– მთავარი პროკურატურიდან... შენთვის რამდენიმე კითხვის დასმა მსურს, მაგრამ თუ საუბარი არ შეგიძლია, დაკითხვას სხვა დროისთვის გადავდებთ.
– დევი უკვე აიყვანეთ?
– დევი წინასწარი დაკავების იზოლატორშია. მან უკვე მოგვცა ჩვენება, რომელშიც სხვათა შორის, დანაშაულის ინიციატორად შენ გასახელებს, – უპასუხა მირიანმა.
– მე მასახელებს?! – დაიძაბა აბულაძე, – ის ისეთივე დამპალია, როგორც მისი ძმა!
– დავიწყოთ თავიდან. იცი, რა დანაშაულის ჩადენაში ხარ ეჭვმიტანილი?
– იმ გოგოს გამო... – გაუბედავად ჩაილაპარა აბულაძემ.
– იმ გოგოს გამო კი არა, რაც ჩაიდინეთ, იმის გამო! – მკაცრად თქვა მირიანმა.
– გასაგებია.
– ადასტურებ, რომ დევიძესთან ერთად მონაწილეობდი ძალადობაში?
– ვადასტურებ, მაგრამ ეს დევიმ მოიფიქრა. მან თქვა, რომ ამ დამპალს დაუსჯელს ვერ გავუშვებ. ჭკუა უნდა ვასწავლო, რომ მომავალში სხვის მანქანას ახლოს არ გაეკაროსო!
– დევიძე სხვანაირად აღწერს ყოველივე იქ მომხდარს.
– როგორ?
– დაინტერესდა აბულაძე.
– ის შენ გასახელებს დანაშაულის ორგანიზატორად. ამტკიცებს, რომ შენ შესთავაზე გოგონას გაუპატიურება, – თქვა მირიანმა.
– ტყუილია... დამაპირისპირეთ დევი. ჩემი თანდასწრებით ვერ გაბედავს იგივეს გამეორებას! – აღელდა აბულაძე, – რისთვის უნდა მომენდომებინა მისი დასჯა. ნონას არაფერი დაუშავებია ჩემთვის და მანქანის დაზიანებაც ისეთ საშინელებად არ მეჩვენებოდა. ყოველივე ამის სხვანაირად მოგვარებაც შეიძლებოდა!
– შეიძლებოდა, მაგრამ შენ მაინც მიიღე მონაწილეობა გაუპატიურებაში! – ცივად შენიშნა მირიანმა.
აბულაძემ თვალები დახუჭა და მძიმედ ჩაილაპარაკა:
– არ ვიცი, რა დამემართა... დღესაც ვერ მიპატიებია საკუთარი თავისთვის.
– ჩვენ რატომ გაგვირბოდი? – განაგრძო მირიანმა.
– უბრალოდ, შემეშინდა. ინსტინქტურად გავიქეცი. თავიდან რამაზმა დამგრუზა. მერე კი თქვენ გამოჩნდით.
– როგორ მიხვდი, რომ გამომძიებლები ვიყავით?
– რამაზმა მითხრა.
– გაიხსენე, კონკრეტულად, რა გითხრა რამაზმა?
– დავიწვით!.. ძაღლები არიანო!..
– და შენც გაიქეცი.
– გავიქეცი, – დაუდასტურა აბულაძემ, – ძალიან არ მინდოდა ციხეში ჩაჯდომა.
– რაზე საუბრობდით? – ჰკითხა მირიანმა.
– რამაზი ნამდვილი ავანტიურისტია. მე ისიც კი არ ვიცოდი, რომ დევი აიყვანეთ. ის კი შინ მომადგა და შებმა დამიწყო: საქმე შენ აიღე თავზეო!
– მაინც როგორ წარმოედგინა ეს რამაზს?
– ძალიან უბრალოდ. მე საქართველოდან უნდა გავმგზავრებულიყავი და შემდეგ ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის შემეტყობინებინა, თუ რატომ გავიქეცი. თქვენ მათ დაკითხავდით და დაასკვნიდით, რომ დანაშაული მე ჩავიდინე. შესაბამის ჩვენებას მოგცემდათ დევიც. ფულისა და უცხოეთში ჩემი გაყვანის საკითხის მოგვარებას, რამაზი საკუთარ თავზე იღებდა.
– ამ სქემაში არაფრით ჯდება თავად ნონა. რა უნდა მოეხერხებინა მისი ჩვენებებისთვის რამაზს?
– ეს მეც ვკითხე. მან მიპასუხა, რომ მის ოჯახთან თავად მოაგვარებდა ყველაფერს. შემდეგ კი პროკურატურაზეც იზრუნებდა და საერთოდ მოგვიხსნიდა ბრალდებას, – უპასუხა აბულაძემ.
– თავად თუ გჯერა ამ ნაბოდვარის?
– რა ვიცი. რამაზს ძლიერი საახლობლო ჰყავს.
– რა უპასუხე რამაზს?
– დავეთანხმე... იმის წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რომ ოდესმე საკანში გამომამწყვდევდნენ, – ამოიოხრა აბულაძემ.
მირიანი მომდევნო კითხვის დასმას აპირებდა, მაგრამ სწორედ ამ დროს მისი მობილური ტელეფონი აზრიალდა.
– გისმენ, – უპასუხა მირიანმა.
– სად ხართ? – ყურმილიდან გიორგის ხმა გაისმა.
– საავადმყოფოში.
– მალე დაბრუნდებით პროკურატურაში?
– შენ რა, იქ ხარ?! – გაუკვირდა მირიანს, – მე ხომ გითხარი: დღეს შეგიძლია, დაისვენო-მეთქი!
– რა დროს დასვენებაა. თქვენთვის მაგარი სიურპრიზი მოვამზადე!
– რა სიურპრიზი?
– როცა მოხვალთ, ნახავთ. დარწმუნებული ვარ, უკმაყოფილო არ დარჩებით.
– კეთილი, მალე მოვალთ, – მირიანმა მობილური გათიშა და აბულაძეს მიუბრუნდა.
– დერეფანში შენი ოჯახის წევრები და ახლობლები იცდიან. რამე ხომ არ გადავცე?
აბულაძე წამით ჩაფიქრდა და შემდეგ უპასუხა:
– ტანსაცმელი... ტანსაცმელი მჭირდება. ძველი აღარაფრად ვარგა...
გიორგი იზოლატორის შესასვლელთან დახვდა მირიანსა და ანას. სახეზე ეტყობოდა, რომ უაღრესად კმაყოფილი იყო. თვალები უჩვეულოდ უბრწყინავდა და შესასვლელის გასწვრივ მოუსვენრად გადი-გამოდიოდა.
– რა მოხდა?! რა სიურპრიზი დაგვახვედრე? იმედია, ამის გულისთვის ყველას არ დაგვითხოვენ პროკურატურიდან? – დერეფანში შესვლისთანავე ჰკითხა მირიანმა.
– გული გაიმაგრე და გამომყევი, – უპასუხა გიორგიმ და იზოლატორის კარი შეაღო. მირიანმა და ანამ უსიტყვოდ გადახედეს ერთმანეთს და უკან მიჰყვნენ.
გიორგი ერთ-ერთი საკნის სიახლოვეს შეჩერდა და მირიანს სამზერზე მიანიშნა. მას არაფერი უკითხავს და ვითარების გარკვევის იმედით, სამზერში შეიხედა. საკანში ოცდაათიოდე წლის მამაკაცი იმყოფებოდა, რომელსაც მარჯვენა ყვრიმალზე მოზრდილი ხალი მოუჩანდა.
მირიანი უმალ მოშორდა სამზერს და გიორგის გაოცებული მზერა მიაპყრო.
– მიხვდი? – კმაყოფილი იერით ჰკითხა მან.
– ისაა? – ჰკითხა მირიანმა.
– ჰო... ლერი წულაია...
– როგორ მოძებნე?
– მე თავიდანვე გაგაფრთხილე, რომ არ მიყვარს კაბინეტში ჯდომა. ქუჩაში მუშაობა მირჩევნია. ეს კი წვრილმანია. უბრალოდ, საჭირო ხალხს უნდა იცნობდე და წამგებიანი ვითრების შენს სასარგებლოდ შემობრუნება შეგეძლოს... სამომავლოდ გაითვალისწინე, სტუდენტო! – გიორგიმ ნიშნის მოგებით გახედა ანას.
– შეგიძლია დალაგებით ამიხსნა?
– ლოტკინის ქვეგანყოფილების ხელმძღვანელი დამეხმარა. მართალია, გარკვეულწილად, იმპროვიზირება მოგვიწია, მაგრამ ჩანაფიქრმა გაამართლა. ამ ტიპმა საქმის გასარჩევად დამიბარა. უნდოდა, დაემტკიცებინა, თუ ვის მიჰყავს პარადი ლოტკინზე. „სტრელკაზე” თავის „სასტავთან” ერთად მოვიდა. ასე რომ, ზედმეტი ჩალიჩი აღარ დამჭირდა. ყველა ერთად ავყარეთ, – თქვა გიორგიმ.
– შენ გინდა თქვა, რომ... – დაიბნა მირიანი.
– მიყვარს ეს წუთები. ეფექტურია, არა?! – გაიცინა გიორგიმ.
– ბოლოს და ბოლის იტყვი თუ – არა?! – იწყინა მირიანმა.
– ჰო... დანარჩენებიც აქ არიან. მეზობელ საკნებში სხედან.
– უკვე დაკითხე?
– არა. ამ სიამოვნებას ვერ მოგაკლებდი. ჩვენთან შენ ხარ დაკითხვების დიდოსტატი, – უპასუხა გიორგიმ.
– ხომ არ შეცდი? – დაიძაბა მირიანი, – მთავარი პროკურორი აღარ გვაპატიებს უდანაშაულო მოქალაქეების დაკავებას.
– ეს არ მოხდება. ბოლოს და ბოლოს ჩვენს ქვეყანაში ქურდული ტრადიციების მიმდევრობა, დასჯადი ქმედებაა. გენახა ერთი, როგორ მიბრიალებდნენ თვალებს. ნამდვილი დაკითხვა მომიწყვეს. ამას იცნობ, იმასთან ძმაკაცობ? რა ცხოვრების კაცი ხარ? კაი ბიჭობას აწვები და უბრალოდ „მუჟიკი” ხარო... არა, იაღლიში არ მოგვივა. მათ ასაყვანად, ის „ბლატაობაც” საკმარისია. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, სწორედ ესაა, დევიძისა და აბულაძის მიერ აღწერილი ოთხეული! – რწმენით უპასუხა გიორგიმ.
– ვნახოთ. ჩავატაროთ ამოცნობა. არა მგონია, დევიძე და აბულაძე ასეთი გულმავიწყები იყვნენ. თუ ამოიცნეს, სხვანაირად ვისაუბრებთ. შენ და ანამ ამოცნობის პროცედურა მოამზადეთ. მე კი ამას გავესაუბრები, – თქვა მირიანმა და ზედამხედველს უბრძანა: დაკავებული დაკითხვის ოთახში მოიყვანეო.
ლერი წულაია მოკუნტული შემოვიდა ოთახში და მძიმედ დაეშვა სკამზე. მირიანმა ყურადღებით შეათვალიერა ეჭვმიტანილი. პირველი შთაბეჭდილება მცდარი აღმოჩნდა. სამზერიდან მას წულაია ოცდაათიოდე წლის ეჩვენა, მაგრამ ახლა ხვდებოდა, რომ ის ოცდასამი-ოცდაოთხი წლის იქნებოდა. გაფითრებული, შეშუპებული სახე და ჩამუქებული ქუთუთოები ერთიორად მატებდა ასაკს. ეს იმის უეჭველი ნიშანი იყო, რომ წულაია ნარკოტიკსა და სპირტიან სასმელს ეტანებოდა. მირიანს ასევე თვალში მოხვდა მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითზე ამოსვირინგელი ხუთი წერტილი, რაც მის ნასამართლეობას მიუთითებდა.
– ნასამართლევი ხარ? – ჰკითხა მირიანმა.
წულაიამ მარჯვენა ხელი მარცხენა ხელისგულში მოიქცია და ყრუდ უპასუხა;
– ჰო... ხუთი წელი ვიჯექი.
– რაზე?
– „მალალეტკობაში” დაჭრაზე გამასამართლეს. ექვსი მომისაჯეს. იქიდან ხუთი ვიჯექი.
– იცი, რაზე დაგაკავეს? – განაგრძო მირიანმა.
– მოდი რა, არ გინდა, მიკიბულ-მოკიბული. დროს ნუ დაკარგავ ჩემზე და სხვა, უფრო სერიოზულ საქმეებს მიხედე! – აგდებულად უპასუხა წულაიამ, – ისეთი არაფერი დამიშავებია. რა მოხდა, თუ ვიღაცას შევეკამათე და ის ვიღაც თანამშრომელი აღმოჩნდა. თქვენი შიშით სიტყვა აღარ უნდა დავძრა? მერე რა, რომ მაღაზიის ვალი მაქვს?! დამპლები!.. მადლობა აქეთ აქვთ გადასახდელი, იმ აქოთებულ სპირტს რომ ვუსაღებ! ვალია... ნაყაჩაღარი ხომ არ არის. მე ვთხოვე, გამყიდველმა მომცა. ერთმანეთში გამომძიებლებისა და „კაპეზეს” გარეშეც გავერკვევით. თუ გინდათ, ხელწერილს დაგიწერთ, რომ აქედან გასვლისთანავე გავისტუმრებ იმ ორმოც ლარს!
– არა მგონია, იმ გამყიდველმა ამდენი ხანი მოიცადოს და უფრო მეტიც. როგორც მგონია, შენ ვეღარასოდეს გახვალ აქედან. საუკეთესო ვარიანტში, ოცდახუთი წლის გატარება მაინც მოგიწევს გისოსს მიღმა!
– რაა?! – დაიბნა წულაია, – რა თითო ლარზე, თითო წელი უნდა მომისაჯოთ?! ამდენს ეროვნული ბანკის გატანისთვისაც არ იძლევიან!
– მართალი ხარ. ეროვნული ბანკის გატანისთვის ამდენს ნაღდად არ მოგისჯიდნენ, – დაეთანხმა მირიანი, – მაგრამ შენ ბანკის გატანას არ გედავებიან!
– აბა, რას მედავებიან?
– ეს დაკითხვა არ არის. ხომ ხედავ, მე ოქმსაც კი არ ვავსებ. უბრალოდ, გესაუბრები. მაგრამ, თუ შენ რამის აღიარებას აპირებ, სიამოვნებით მოგისმენ. ამით ბევრ დროს დავზოგავთ.
– რა უნდა ვაღიარო? იკითხა წულაიამ, – ის, რომ მაღაზიის ვალი მაქვს?!
– თავს ნუ ისულელებ, ლერი. ნასამართლევი კაცი ხარ და კარგად ხვდები, რომ მაღაზიის ვალის გამო, არავინ დაგაკავებდა. მე სხვა რამ მაინტერესებს. ის, თუ რა მოხდა თბილისის ზღვაზე! – ცივად თქვა მირიანმა.
– წარმოდგენა არ მაქვს, რაზე მელაპარაკებით, – ჩაილაპარაკა წულაიამ.
– გასაგებია. ესე იგი, მაინც დრო უნდა დამაკარგინო!.. კარგი, სხვა გხით წავიდეთ, – მირიანმა მობილური ტელეფონი მაგიდაზე დადო და ჰკითხა, – არ გინდა, ოჯახის წევრებს დაუკავშირდე?
– რისთვის?
– შეატყობინებ, რომ დაკავებული ხარ. თანაც, ადვოკატი დაგჭირდება.
– ჩემს ძმას არა აქვს ადვოკატის დასაქირავებელი ფული!
– მაშინ სახელმწიფო დაგინიშნავს ადვოკატს! – თქვა მირიანმა.
წულაია წამით ჩაფიქრდა და შემდეგ იფეთქა:
– რა გინდათ?! რას მიჩალიჩებთ?! უპატრონო ბიჭი მნახეთ და ჩემით გინდათ გეგმის შევსება?!
– ნუ ყვირი! – მკაცრად თქვა მირიანმა, – ჯერჯერობით საამისო მიზეზი არ მომიცია. მოკლედ აგიხსნი ვითარებას. შენ ეჭვმიტანილი ხარ არასრულწლოვანი ნონა ბაქრაძის გაუპატიურებაში. ჯერჯერობით მხოლოდ ეჭვმიტანილი. გარდა ამისა, შენ, რამდენიმე თანამზრახველთან ერთად, თავს დაესხი ორ ახალგაზრდა მამაკაცს და მუქარით წაართვით ბაქრაძე. ამის დასადასტურებლად ცოტა ხანში ჩატარდება ამოცნობის პროცედურა. რამე გაქვს ამის საწინააღმდეგო?
– რომ ვთქვა, მაქვს-მეთქი, გამიშვებ?!
– არა! – მოკლედ მოსჭრა მირიანმა.
– მაშინ ჩაატარეთ, მაგრამ თუ ისინი არ ამომიცნობენ, რა მოხდება მაშინ, თუ გაირკვა, რომ თქვენ შეცდით?
– მაშინ ბოდიშს მოგიხდით და გაგათავისუფლებთ.
– სიტყვით ძალიან ლამაზად ჟღერს. ისე კი, მე ჯერ არავინ მინახავს აქედან სახლში დაბრუნებული. ერთი საქმე თუ ვერ შემტენეთ, სხვა რამეს მოიფიქრებთ! – შენიშნა წულაიამ.
– შენთვის რამის შეტენა არ დამჭირდება. მარტო რომ იყო და ძალიანაც რომ გაჯიუტდე, მაინც დაგიმტკიცებ ამ საქმეს. მაგრამ, ახლა საქმეში „პადელნიკებიც” გყავს. არსებული მასალები კი იმაზე მიანიშნებს, რომ შენ იყავი ამ საქმის ორგანიზატორი. შენ ემუქრებოდი იმ ახალგაზრდებს დანით!.. ასე რომ, საქმეს მტენიან!.. მიჩალიჩებენ!.. ალალ-მართალ კაცს მჩაგრავენ!.. არ გაჭრის. რამე უკეთესი უნდა მოიფიქრო! – თქვა მირიანმა და ბადრაგს წულაიას საკანში დაბრუნება უბრძანა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში