ყველა კაცი ერთნაირია
როცა ენა გრძელია...
ნატომ ფართოდ გაახილა თვალები და ნაძალადევად გაიღიმა. დროს წელავდა, რადგან, პასუხისთვის მზად არ იყო – ვერც დაეთანხმებოდა და ვერც ბოლომდე უარყოფდა იმას, რაც ვახომ წუთის წინ ჰკითხა. ამიტომ, უწყინარი და შაბლონური ფრაზა წარმოთქვა:
– ყავას არ დალევ? ძალიან კარგი ყავა გვაქვს.
ვახომ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და ჰკითხა:
– ყოველდღე აკითხავს, ესე იგი, დიდი ხნის ამბავია?
ნატომ მხრები აიწურა, აქაოდა, ვერ ვხვდები, რას გულისხმობო.
– შენ თვითონ არ დამირეკე? საქმის კურსში ჩამაყენე, რომ ჩემი ცოლი ვიღაცას ხვდება. მოვედი იმიტომ, რომ დეტალები მაინტერესებს.
– რა დეტალები? ვახო, მე არაფერი ვიცი. ვერც ვხვდები, რა ინფორმაციის მიღება გინდა ჩემგან.
– ყველაფერი უნდა ვიცოდე, – პირქუშად ჩაილაპარაკა ვახომ, – გესმის? ყველაფერი...
ნატო აწრიალდა:
– იცი, რა... სანანებლად ნუ გამიხდი, რომ დაგირეკე. მე მიყვარს თქვენი ოჯახი და, მინდოდა, დაგხმარებოდით პრობლემის მოგვარებაში.
– მაგრად დამეხმარე. სად არის ახლა ქეთი?
ნატო დასჯილი ბავშვივით აილეწა. სახე ისე გაუწითლდა, თითქოს სილა გააწნესო.
– ვახო, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში მაყენებ.
ვახომ სიგარეტს მოუკიდა და ირონიულად ჩაიცინა:
– კიდევ მე გაყენებ უხერხულ მდგომარეობაში?! მდა... საინტერესო და ორიგინალური ლოგიკაა. გიმეორებ: აქედან არ წავალ, სანამ ყველა კითხვაზე არ გამცემ პასუხს. დავიწყოთ: ვინ არის ის ტიპი?
კაცის ტონმა ქალი აღაშფოთა:
– დაკითხვას მიწყობ? ეს რას ნიშნავს? გეტყვი იმას, რაც ვიცი და ვერაფერს მეტს. „აქედან არ წავალ!“ – ულტიმატუმია. მგონი, ასეთ ტონსაც არ ვიმსახურებ.
– უკვე აღარ ვიცი, ვინ რას იმსახურებს. ვინ არის ის ტიპი?
– არ ვიცი.
– ნუ მატყუებ, ძალიან გთხოვ. ჯერ კიდევ ვაკონტროლებ თავს, მაგრამ ყოველ წუთს შეიძლება, ნერვებმა მიმტყუნოს.
– გიმტყუნოს მერე, რას მემუქრები? ნეტავი, საერთოდ არ მომეკიდა ტელეფონისთვის ხელი! მაგრამ, ვერაფრით წარმოვიდგენდი, ჩემი კეთილშობილური განზრახვა ასე თუ შემომიბრუნდებოდა. შეიძლება ითქვას, შოკში ვარ. ამას ნამდვილად არ ველოდი.
– ნატო, მე შენთვის არც შეურაცხყოფის მოყენებას ვაპირებ და არც დამსახურებებს დაგიკარგავ. მაგრამ, რადგან მოვედი, ვერ წავალ, სანამ სრულ ინფორმაციას არ მივიღებ, ხომ უნდა ვიცოდე, რა ხდება ჩემს თავს?
ნატომ ხელები გაასავსავა:
– ვაიმე, ხომ გითხარი, რაც ხდება? ქეთის ვიღაც ტიპი აკითხავს.
– დიდი ხანია? ანუ, იმის თქმა მინდა, ახლა გამოჩნდა ჰორიზონტზე თუ ადრეც მაყრიდა ჩემი ცოლი თვალებში ნაცარს?
– ქეთის შენ უყვარხარ! – მგზნებარე პათოსით წარმოთქვა ნატომ.
ვახოს ნერვიული სიცილი აუტყდა:
– ჰა, ჰა, ჰა! ვუყვარვარ... უცნაური სიყვარულია, ძალიან უცნაური. საინტერესოა, მე რომ ქეთისავით მოვქცეულიყავი, რას იტყოდი ჩემს გრძნობებზე? სხვათა შორის, მე ჩვენი ჩხუბი ნამდვილად არ გამომიყენებია სხვა ქალთან შეხვედრისთვის, ჩემმა ცოლმა კი ეგრევე შემცვლელი მომიძებნა.
– მე ასე არ ვიტყოდი, – თქვა მოულოდნელად შემოსულმა ლელამ და ნატოს საყვედურით შეხედა.
– მართლა? აბა, რას იტყოდით, რომ ქეთი ამ საქციელით გულს აყოლებს... ჩემგან მოკლულ, დაკოდილ გულს? არ მიკვირს. თქვენც ხომ ქალები ხართ და მეგობარს სულიდარობას უცხადებთ. მაგრამ, მე რა მდგომარეობაში მაგდებს ქალბატონი ასეთი საქციელით, ამაზე არ ფიქრობთ?!
– სოლიდარობას რომ ვუცხადებდე, არც დაგირეკავდი, – წყენით ჩაილაპარაკა ნატომ და კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ, ლელამ ანიშნა, გაჩუმდიო.
– მომისმინე, ვახო, მე საერთოდ ვფიქრობ, რომ ნატო ძალიან ცუდად მოიქცა, რომ დაგირეკა. არც ერთმა არ ვიცით, ვინ არის ის ადამიანი. იქნებ, საერთოდაც, ნათესავია. ასე რომ, ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გააკეთებ.
– აქამდე რომ არ აკითხავდნენ მამრობითი სქესის ნათესავები? არა, არა, ვეღარ გადამარწმუნებთ. საერთოდაც, ამიწერეთ, როგორი ტიპია...
ნატომ შეწუხებულმა შეხედა ლელას – მიშველეო.
– არ შეგვიძლია, – მოუჭრა ლელამ, – გამადიდებელი შუშით არ დაგვითვალიერებია. ჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცია. იცი, რას გეტყვი? ნახე ქეთი და დაელაპარაკე, ასე ჯობია. შენც უფრო დამშვიდდები და სიტუაციასაც აღარ გაამწვავებთ.
– მე უკვე ვეღარ დავმშვიდდები. ეს ასე ადვილი აღარ იქნება.
– ყოველ შემთხვევაში, ეს ერთადერთი სწორი გამოსავალია, – წარბები შეჭმუხნა ლელამ, – რაც მეტი ადამიანი დაიწყებს თქვენი ურთიერთობის განხილვას, მით უარესი.
– კარგი, – ამოიოხრა ვახომ, სიგარეტი საფერფლეზე დასრისა და წამოხტა, – გავიგე, ყველაფერი ნათელია. მადლობელი ვარ, ძალიან დამეხმარეთ...
ვახომ ხმაურით მიიხურა კარი. ლელა ნატოს მიუბრუნდა:
– გეუბნებოდი?! გრძელი ენა რომ გაქვს, მიხვდი უკვე, ხომ? ხედავ, რა ამბავი გამოიწვია შენმა წინდაუხედაობამ?
– ვხვდები, მაგრამ, ახლა რაღა შეიცვლება? ვაიმე, როგორ არის გაბრაზებული! – შეიცხადა ნატომ.
– აბა, შენ რა გეგონა? მოსაკლავი ხარ... მოსაკლავი, – უკმაყოფილოდ გადააქნია თავი ლელამ...
* * *
გიგი მანქანაში ელოდა ვახოს, სიგარეტს ეწეოდა, თან ნინიზე ფიქრობდა და ნელ-ნელა ეშლებოდა ნერვები. გოგო ჯიუტად არ პასუხობდა ტელეფონს – ეტყობოდა, ბიჭი საერთოდ ამოშალა თავისი ცხოვრებიდან. წესით, გიგი ამ ამბავს არ უნდა შეეწუხებინა, რადგან, ურთიერთობის დასრულების ინიციატორი თავად იყო, მაგრამ, აცოფებდა იმის გაცნობიერება, რომ ნინიმ ძალიან მალე მოინელა და გამოიტირა თავისი სიყვარული. „ენდე ახლა ქალს. რომ გეკითხა, მისი ერთადერთი სიყვარული ვიყავი – კაცი, რომელზეც მუდამ ოცნებობდა და რომელსაც თავისი შვილების მამად მოიაზრებდა. ეგრევე დამიკიდა, როგორც კი ვუთხარი, აღარ უნდა შევხვდეთ-მეთქი. თან, ხომ დავამატე, დროებით-მეთქი. დიდი ამბავი, ცოტა გავერთე ვირტუალური ფლირტით. თუ ვუყვარდი, ხომ უნდა ეპატიებინა და კიდევ ერთი შანსი მოეცა. მოკლედ, რა... ქალები ჩვენგან ერთგულებას ითხოვენ, თავად კი პატიებისა და გაგების ელემენტარული უნარი არა აქვთ. აი, თუნდაც, ქეთი ავიღოთ – რა მოხდა ისეთი, გაბრაზდა კაცი. მერე რა, რომ მუხლებში არ ჩაუვარდა და თვალცრემლიანმა პატიება არ სთხოვა – ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახი და ცოლ-შვილი აღარ უნდა?! ქეთი კი რას აკეთებს? – სპეციალურად იქცევა ისე, რომ ვახოს მამაკაცურ თავმოყვარეობაზე იმოქმედოს, შედეგებზე კი საერთოდ არ ფიქრობს. რომ გადაირიოს ეს კაცი და რამე უბედურება დაატრიალოს, ქეთი იქნება პასუხისმგებელი?! რა მოკლე ტვინები აქვთ ამ ქალებს! პრინციპში, მეც ხომ შემიძლია, გადავირიო, დავიკიდო იმ მუტრუკის ნავარჯიშევი კუნთები და ნინის ცხვირწინ დავუნგრიო სიფათი?! ეს ბიჭი სადღა დაიკარგა ამდენ ხანს? მეც ხომ არ გადავიდე? მაგრამ, ქეთი რომ იქ იყოს და ლაპარაკობდნენ?! არაა, უმჯობესია, დავიცადო. ნინის კი თავს მაინც არ დავანებებ. რა პონტია, ვუყვარდი და ახლა აღარ ვუყვარვარ? ეგრე სად არის?..“
– მოვკლავ, მე მაგის!.. გინებ-გინებით ჩაჯდა მანქანაში ვახო და კარი გამეტებით მოიჯახუნა.
– ვის მოკლავ, ქეთის?
– რა მნიშვნელობა აქვს! – უყვირა ვახომ, – თუ საჭირო გახდება, ქეთისაც!
– რაო?!
– რა – „რაო“? აქ არ ბრძანდება ქალბატონი – დავაგვიანეთ, ვერ მოვუსწარით. სად წაბრძანდა, არ მეუბნებიან. მართლა გავგიჟდები. დარწმუნებული ვარ, იმ ვაჟბატონთან ერთად ბრძანდება და ამიტომ დააფარეს ხელი, არადა, მიმტკიცებენ, წარმოდგენა არ ვაქვსო.
– მოიცა, თვითონ არ დაგირეკეს, ცოლს მოხედეო? – გაუკვირდა გიგის, – რა პონტში აღარ გეუბნებიან?
– გაიგებ რამეს ამათგან? – ხელი ჩაიქნია ვახომ, – კურდღლებივით დაფრთხნენ, როცა დამინახეს. ახლა არ ვიცი, წავიდე და სახლთან დაველოდო თუ ხვალ საღამოს ისევ აქ ჩავუსაფრდე. ფუ, ცუდად ვარ, როცა ვფიქრობ სადამდე მივედი და, ეს ყველაფერი ქალბატონი ქეთის დამსახურებით მჭირს.
– საერთოდ რომ შეეშვა? – თავისი მოსაზრება გამოთქვა გიგიმ, მაგრამ, ვახოს რომ შეხედა, მაშინვე დაამატა: თუმცა, რა სისულელეს გეუბნები...
– კარგია, რომ მიხვდი. რანაირად უნდა შევეშვა, ჯერ ისევ ჩემი ცოლია. გამშორდეს და, რაც უნდა, ის უქნია, ახლა კი თავზე ლაფს ნუ მასხამს.
– ვახო, რომ გითხრას, გშორდებიო?
– მიზეზი? ამისთანა რა დავაშავე? ვუღალატე, საყვარელი მყავს, ვცემდი და სასატიკად ვექცეოდი... ბავშვს გეფიცები, წესიერად აღარც მახსოვს, რატომ ვიჩხუბეთ. რაღაც სისულელეს, პატარა გაუგებრობას მოაყოლა მასშტაბური სკანდალი. მაგას ხომ ნიჭი აქვს, ყველაფრისგან სკანდალი მოაწყოს და ქვეყანა შეყაროს. თუ ეს უნდოდა, მაშინ, მესმის...
– მოკლედ, უნდა ნახო და დაელაპარაკო. რა აზრი აქვს, შენს თავს რომ ასკდები. ამით მაინც ვერაფერს შეცვლი.
– ჰო, მაგრამ, მეშინია, რამე საშინელება არ ჩავიდინო. ახლა მაინც, ისეთი გამწარებული ვარ, თავს ვერ ვაკონტროლებ.
– მაშინ, დღეს ნუღარ ნახავ. იქნებ, ცოტა დამშვიდდე და მერე შეხვდე? სახლში ადი და იქ დაელაპარაკე. სამსახურში საქმის გარჩევა რაღაც ისეთი პონტია.
– მე რომ „პონტში” ვარ, ისეთი უნდა, – ჩაიღრინა ვახომ, – არა, ვეღარ მოვითმენ, ახლავე უნდა მივიდე სახლში და დაველოდო, როდის მობრძანდება ქალბატონი, უფრო სწორად, როდის მოაბრძანებს თავისი რაინდი.
– აუ, მოდი, რა ხვალ დილამდე გადადე ეს ამბავი, ცხელ გულზე მართლა რამე არ მოხდეს. რა ვქნათ იცი? დავლიოთ და ცოტა მოგეშვება.
– არ მინდა დალევა.
– ცოტა დავლიოთ, ბევრი არა. სადმე ბარში შევიდეთ, კარგი კონიაკი არ გვაწყენს.
– არა, სახლში მივდივარ, – გადაჭრით თქვა ვახომ, – ამ ამბავს ბოლო უნდა მოვუღო.
– ეეე, არ გინდა-მეთქი, დამიჯერე! მოიცა, რა გითხრა მისმა თანამშრომელმა?
– შეიძლება, შეგვეშალა და ახლობელიაო – დაფრთხნენ და დაზადნეს.
– ჰო, მესმის მათი, შარში თავის გაყოფა არავის უნდა.
– მაშინ, რაღას მირეკავდნენ? უკვე გაყვეს თავი და ამას აღარაფერი ეშველება.
– გინდა, მე დავურეკო, შევხვდე და დაველაპარაკო?
– რა აზრი აქვს? – მხრები აიჩეჩა ვახომ, – ამით რა შეიცვლება?
– იქნებ, გული გადამიშალოს, რა იცი. ისე, მართლა ვინმე ახლობელი არ იყოს, ბიჭო!
– რა სისულელეა! მე, საერთოდ, ვფიქრობ, რომ შეიძლება, მათ შორის ადრეც იყო რაღაც.
– ეგ საიდანღა მოიტანე? ცოტა ხანს ნუღარ იფიქრებ ამაზე, თორემ, უკვე შეთქმულების თეორიებს ქმნი.
– ლოგიკურია, რასაც მე ვფიქრობ. აბა, ასე დაბარებულივით საიდან გამოხტა?! ოხ, ქეთი, .საერთოდ არ მცნობიხარ!..
– მე კი არა მგონია, ქეთის შენთვის ადრეც ეღალატოს, არ მჯერა ამის.
– ანუ, ახლა რომ მღალატობს, იმის გჯერა? – იქედნურად ჰკითხა ვახომ, – ძალიან ცდილობ, გული გამიკეთო, მაგრამ, მოცემულობა მეტისმეტად სასტიკია, – ვახომ მობილური აიღო და ნომერი აკრიფა.
– ვის ურეკავ?
– რეალობა უნდა დაგანახვო, – მოკლედ მიუგო ვახომ, – ნანა, შენ ხარ? მომისმინე, ქეთი სახლშია? არა? გასაგებია... გასაგებია-მეთქი! ჰო, ჰო, ამოვალ როგორმე ბავშვის სანახავად. კარგად იყავი, – აჰა, რას გეუბნებოდი? სახლში არ ბრძანდება. ბავშვი ძიძასთან ყავს მიგდებული და აიშვა გოგომ. ის ძუკნა ეტყოდა, ასე მოიქეციო.
– ვინ ძუკნა?
– ვის გამოც ამიტეხა ამბავი – ლიზა დაარიგებდა ჭკუას. ოხ, მე ყველა ბოზის... – ვახომ უშვერად შეიგინა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში