რატომ მალავდა მკვლელობის ერთადერთი მოწმე ინტიმურ კავშირს დედის მკვლელთან
34 წლის მალხაზ ლ-შვილი სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში დააკავეს. მას მძიმე დანაშაული – 56 წლის ნაზი ა-შვილის მკვლელობა ედებოდა ბრალად, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირდა. რატომ მოკლა მამაკაცმა ქალი, რომელიც მისი მეგობრის დედა იყო, გამოძიებისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი.
ოპერატიული ინფორმაცია მკვლელობის შესახებ შესაბამის სამსახურში შემთხვევის ადგილიდან შევიდა. ბინაში, რომელიც გარდაცვლილი ქალბატონის კუთვნილება იყო, ოპერატიულად მისულ სამართალდამცველებს მძიმე სურათი დახვდათ – ქალბატონი, რომელსაც ყელის არეში დანით მიყენებული ორი ჭრილობა აღენიშნებოდა, უკვე გარდაცვლილი იყო. ოთახი ბრძოლის ველს ჰგავდა, მაგიდაზე არყის ბოთლი და დამტვრეული ჭურჭელი ეყარა. ოთახში ყველაფერი მიყრილ-მოყრილი და სისხლით იყო მოსვრილი. როგორც ჩანდა, კონფლიქტი ქეიფს მოჰყვა, თუმცა ვინ ქეიფობდა ოჯახში, სადაც მხოლოდ სამი ქალი ცხოვრობდა, უცნობი იყო. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ გარდაცვლილის შვილი – მარინა ა-შვილი და მცირეწლოვანი შვილიშვილი, რომელთაც მომხადრის შესახებ გამოძიებას პირველი ინფორმაცია მიაწოდეს. მარინა ა-შვილის განცხადებით, ნაზი ა-შვილი მათი ოჯახის ახლობელმა მალხაზ ლ-შვილმა მოკლა. ამონაწერი მოწმის ჩვენებიდან: „მალხაზ ლ-შვილს დიდი ხანია ვიცნობ. ის ჩემი ძმის კლასელია და ბავშვობაში ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. ერთხანს მას ჩემს ძმასთან ერთად საერთო ბიზნესიც ჰქონდა – რამდენიმე წელი ხის საამქროს ამუშავებდნენ. ამ ბიზნესის შედეგად საკმაოდ დიდი ვალი დაედოთ, რის გამოც, ერთმანეთი საბოლოოდ დაკარგეს. ჩვენ შორეული ნათესავებიც ვართ. დედაჩემი რამდენჯერმე შეეცადა მეგობრების შერიგებას, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მალხაზი ჩემს ძმას – დათოს ბიზნესში ჩადებულ ფულს სთხოვდა, რასაც ჩემი ძმა ვერ უხდიდა. დათო საბერძნეთში წავიდა სამუშაოდ. ამის შემდეგ ამ თემაზე მალხაზი ხმას აღარ იღებდა. მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, მას დედაჩემთან კონფლიქტი მოუვიდა. ძალიან იჩხუბეს, მალხაზი დედას ხელითაც კი შეეხო. საერთოდ, მალხაზს ძალიან ცუდი, პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა და ამის შესახებ სოფელში ყველამ კარგად იცოდა. დედა გავამტყუნე კიდეც. რომ ნახე ნასვამი იყო, თავი რატომ არ აარიდე-მეთქი. მაგრამ, დედაჩემს ისეთი ხასიათი ჰქონდა, თავადაც არაფერზე დაიხევდა უკან.”
როგორც გამოძირებისთვის გახდა ცნობილი, მამაკაცისა და მისი მეგობრის დედის კონფლიქტის მიზეზი ფინანსური დაპირისპირება არ ყოფილა, რომელიც მალხაზ ლ-შვილს ნაზი ა-აშვილის შვილთან ჰქონდა. მიზეზი, რომლის შესახებაც გარდაცვლილის შვილს გამოძიებასთან არ უსაუბრია, სამართალდამცველებისთვის სხვა წყაროებიდან გახდა ცნობილი. მკვლელის და გარდაცვლილის საერთო ახლობლების განცხადებით, ნაზი ა-შვილი დამუქრებული იყო, რომ მამაკაცს ოჯახს დაუნგრევდა, რადგანაც წლების წინ, საკუთარი ქალიშვილის ოჯახის დანგრევაში მალხაზ ლ-შვილს ადანაშაულებდა. ჩემს ქალიშვილს თავგზა აუბნია, ოჯახი დაატოვებინა და მერე ცოლად არ მოიყვანაო, – ასე იყო გახმაურებული ეს ამბავი მთელ სოფელში. ქალს მალხაზ ლ-შვილიც ემუქრებოდა – თავს თუ არ დაანებებს ჩემი ცოლისთვის ჭორების მიტანას, ერთ დღეს აუცილებლად ვცემო, ასე აფრთხილებდა ის ნაზი ა-შვილის მეზობლებს. მოკლედ, დაპირისპირების მიზეზი იყო წარსულში არსებული სასიყვარულო ურთიერთობები, რომელიც მალხაზ ლ-შვილს მეგობრის დასთან ჰქონდა. მას შემდეგ, რაც მათი ურთიერთობა არ შედგა, „ნაზი ა-შვილი მალხაზ ლ-შვილის ცოლს „დაუახლოვდა” და ათას ჭორს უყვებოდა ქმარზე, რომ მათი ოჯახური ცხოვრება აერ-დაერია“, – აცხადებდნენ გამოძიებასთან გარდაცვლილის მეზობლები.
რა მოხდა მკვლელობის დღეს ნაზი ა-შვილის ბინაში, ამის შესახებ მოგვიანებით გამოძიებას თავად გარდაცვლილის შვილმა უამბო, რომელიც მკვლელობის ერთადერთი მოწმე გახლდათ. „იმ დღეს, როცა მკვლელობა მოხდა, დედაჩემი სახლში არ უნდა მოსულიყო. დედა ტანსაცმლითა და საოჯახო წვრილმანებით ვაჭრობდა და მეზობელ სოფელში თავის დასთან იყო წასული. მალხაზთან ინტიმური ურთიერთობა მქონდა დედის მალულად, როგორც კი გავიგე, რომ დედა სხვასთან რჩებოდა, მალხაზს დავურეკე და შევთავაზე, რომ იმ ღამეს ჩვენთან დარჩენილიყო. ბავშვი უკვე დაძინებული მყავდა, როცა მალხაზი მოვიდა. ძალიან მთვრალი იყო და ცუდად მენიშნა ეს ამბავი. თან არაყიც მოაყოლა და დალევა გააგრძელა. უკვე გვაინი იყო, როცა მოულოდნელად დედამ შემოხსნა სახლის კარი, დეიდაჩემი არ დახვედროდა სოფელში და უკან დაბრუნებულიყო. როცა მალხაზი დაინახა, ყვირილი დაიწყო – შენ ჩემს სახლში რა გინდა, ჩემს შვილს სახელს უტეხ, ხვალვე შენს ცოლს გავაგებინებ ყველაფერსო. ხელჩართული ჩხუბი დაიწყეს, ხან ერთს ვაჩერებდი, ხან – მეორეს, მაგრამ ვერაფერს გავხდი. მალხაზი ნასვამი იყო, დედაჩემი – ძალიან გამწარებული. ხმამაღლა ვყვიროდი, გაჩერდით-მეთქი, მაგრამ არც ერთს არ ესმოდა ჩემი ხმა. უცებ დავინახე ჩემი შვილი, რომელიც ღია კარში იდგა და ყველაფერს საკუთარი თვალით ხედავდა. მოულოდნელად კი მალხაზმა ხელი კრა, დედა წაიქცა და საფეთქელი დაარტყა მაგიდის კიდეს. გულწასული იყო – მალხაზმა მაგიდიდან დანა აიღო და დედას ყელში დარტყა. ზურგიდან მივეპარე და თავში პატარა სკამი ჩავარტყი. უცებ ყელში მეცა და დახრჩობა დამიპირა. ალბათ, ვერც დავაღწევდი თავს, არ ვიცი, უცებ რამ გამოაფხიზლა – თავი დამანება და გაიქცა.“
სამართალდამცველებმა მალხაზ ლ-შვილი დააკავეს, მან ჩადენილი დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ მკვლელობისკენ თავად ქალმა უბიძგა: „სულ მემუქრებოდა, რომ ოჯახს დამინგრევდა. ჩემს ცოლს ათასჯერ შეუთვალა, ქმარი გღალატობს და ჩემი შვილი მოჰყავს ცოლადო. ბევრჯერ გავაფრთხილე, მაგრამ არ დამიჯერა. იმ დღეს ძალიან ნასვამი ვიყავი და საკუთარ საქციელს ვერ ვაკონტროლებდი. როცა სახლში შემომისწრო, წასვლა დავაპირე, მაგრამ ჩხუბში გამომიწვია. დანა ინსტინქტურად მოვუქნიე, რომ თავი დამეცვაო, – განაცხადა მან დაკითხვაზე. თუმცა, მის მიერ ქალისთვის მიყენებული ორი სასიკვდილო ჭრილობა დანის ინსტინქტური მოქნევის შედეგი არ იყო. სასამართლომ არ გაიზიარა განსასჯელის ადვოკატის შუამდგომლობა, ორი მცირეწლოვანი ბავშვის მამისთვის სასჯელის შემსუბუქების თაობაზე და მალხაზ ლ-შვილს, მეგობრის დედის განზრახ მკვლელობისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.