თევზი კამაში
საჭირო ინგრედიენტები: 600 გრამი თევზის ფილე (შეარჩიეთ ზღვის თევზის სახეობა), თეთრი პურის („ბატონის“) 3/4, 1 ჭიქა რძე, 1 თავი საშუალო ზომის ხახვი, 2 ცალი საშუალო ზომის სტაფილო, 3 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი, 1 კონა კამა, 2 სადილის კოვზი ზეთი, მარილი, შავი, დაფქული პილპილი, 1 ცალი კვერცხი, არაჟანი – კერძზე მოსასხმელად.
მომზადების წესი: კარტოფილი და სტაფილო ძალიან კარგად გარეცხეთ. კარგად ხარშეთ კანიანად, გააცივეთ, გაფცქვენით და გახეხეთ მსხვილკპილა სახეხზე.
პურს მოაშორეთ ქერქი. რბილობი 5 წუთით დაალბეთ რძეში და მერე ოდნავ გაწურეთ. თევზის ფილე დააქუცმაცეთ ბლენდერში და შეურიეთ დამბალი პური. კამა დაჭერით ძალიან წვრილად. ხახვი დააქუცმაცეთ და მოშუშეთ ზეთში, საშუალო სიძლიერის ცეცხლზე, 5 წუთის განმავლობაში.
ერთმანეთში შეურიეთ კარტოფილი და ხახვი. დაუმატეთ სტაფილო და კამა, უყავით მარილი, პილპილი და მიღებული მასა გაყავით ორ ნაწილად.
გამოსაცხობ ფორმაში პირველ ფენად მოათავსეთ კარტოფილი, ზემოდან წაუსვით თევზის ფილეს ფარში. მესამე ფენად გაშალეთ ისევ კარტოფილი, შემდეგ – ბოსტნეული. ფორმას კარგად გადააფარეთ ფოლგა და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში, 35 წუთის განმავლობაში. გამოიღეთ, ფოლგა მოხსენით, ზემოდან წაუსვით გათქვეფილი კვერცხი და ისევ მოათავსეთ აირღუმელში 10 წუთით. შეგიძლიათ, მიირთვათ არაჟანთან ერთად.