კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: გამიგია, რომ ცელულიტების მოსაშორებლად კარგია დაფქული ყავა. როგორ უნდა გავიკეთო ეს პროცედურა სახლის პირობებში?
პასუხი: კოფეინი ყველა ნივთიერებაზე უფრო აქტიურად შლის ცხიმებს და ებრძვის ცელულიტს. დაფქულ ყავას რომ დალევთ, შეაგროვეთ ჭიქებში ჩარჩენილი ნალექი, დაუმატეთ იმავე რაოდენობის ცისფერი თიხა და იმდენი მინერალური წყალი, რომ სქელი, ფაფისებრი მასა მიიღოთ. წაისვით პრობლემურ ადგილებზე (თან დაიმასაჟეთ), ეცადეთ, კანზე შეგაშრეთ და შემდეგ შხაპის ქვეშ ჩამოიბანეთ.
კითხვა: ახლობელმა მითხრა, რომ რომელიღაც ვიტამინს ნაოჭების გასასწორებლად იყენებენ, მაგრამ, არ ახსოვს, რომელს. თქვენ ხომ არ დაგვეხმარებით?
პასუხი: ერთ-ერთი ასეთი ვიტამინია „აევიტი“. თუ გახსნით მის კაფსულას და შიგთავსს კანზე წაისვამთ, ნაოჭები ნელ-ნელა შემცირდება (რამდენიმე პროცედურა დაგჭირდებათ); ხოლო, თვალის „ბლეფაროგელი ¹1“ შეიცავს ჰიალურონის მჟავას და იყენებენ თვალების ქვეშ „ტომსიკებისა“ და საფეთქლებზე „ბატის თათების“ (წვრილი, გაფანტული ნაოჭების) მოსაშორებლად.
კითხვა: რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სადღესასწაულო მაკიაჟის გაკეთებისას?
პასუხი: ზოგადად, სადღესასწაულო მაკიაჟი უნდა იყოს გაცილებით უფრო მკვეთრი, ვიდრე ყოველდღიური მაკიაჟი, მაგრამ, გამოიჩინეთ ზომიერება, რათა ის მასკარადის ნიღბად არ გადაიქცეს. გარდა ამისა, ზუსტად უნდა იცოდეთ, რაზე გინდათ საზოგადოების ყურადღების მიპყრობა – ტუჩებსა თუ თვალებზე და პროფესიონალი ვიზაჟისტი მაკიაჟის გაკეთებისას, თქვენს სურვილს გაითვალისწინებს.