ადამი და ევა
კარიერა თუ ოჯახი?!
ქალებში უცნაური ტენდენცია შეინიშნება – წესით, კანონზომიერი და ბუნებრივია, როცა ქალს ოჯახის შექმნის სურვილი აქვს და მასზე ზრუნვა თვითმიზნად აქვს გადაქცეული. ახლა რა ხდება?! სულ უფრო მეტი ქალბატონი აკეთებს არჩევანს კარიერის სასარგებლოდ. ანუ, სასწორის პინაზე დებს ოჯახს და კარიერას, პინა კი კარიერის სასარგებლოდ იხრება.
თუმცა, ქალების 90 პროცენტი მიიჩნევს, რომ ძალიან კარგად, მარტივად შეიძლება, კარიერა და ოჯახი ერთმანეთს შეუთანხმო. მაგრამ, ცხოვრებაში ასე მარტივად ნამდვილად არ არის საქმე. პრაქტიკულად, შეუძლებელია, ზუსტად გადაანაწილო დრო ოჯახსა და კარიერას შორის. სხვანაირად წარმატებული ვერ იქნები. სტანდარტულად, საშუალო დონეზე შეასრულებ დაკისრებულ მოვალეობას და კარიერაში არანაირ წინსვლაზე არ იქნება ლაპარაკი.
პროფესიაში შენი რესურსის 80 პროცენტი მაინც უნდა ჩადო, რომ დასახულ მიზანს მიაღწიო. ეს ნიშნავს, რომ იშვიათად გექნება თავისუფალი, გამოსასვლელი დღეები, რომელთაც ისე გაატარებ, სამუშაოზე არც იფიქრებ. წლის განმავლობაში ერთი თვის მაგივრად, მაქსიმუმ თხუთმეტ დღეს დაისვენებ და აუცილებლად დაგჭირდება ადამიანი, რომელიც ოჯახურ საქმიანობაში დაგეხმარება.
აუცილებელია კომპრომისები ხან ერთ, ხანაც მეორე მხარეს, რათა არ დაირღვეს ბალანსი. რაც მთავარია, ყველა კარიერაზე გადაყოლილ ქალბატონს უნდა ახსოვდეს – ქალი ვერასდროს იქნება სრულფასოვნად რეალიზებული და ბედნიერი ოჯახის გარეშე!
მამაკაცის „წყალობა“
არსებობენ მამაკაცები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ქალის ადგილი მხოლოდ სამზარეულოში არ არის. დიახ, არიან გამონაკლისებიც. უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ქალების გარეშე წარმოუდგენელია ბიზნესი, პოლიტიკა, ხელოვნება, მედიცინა... ნებისმიერ სფეროში მათი როლი განუსაზღვრელი და დასაფასებელია. აღარაფერს ვამბობ ადამიანური „ჯიშის“ გამრავლებისა და გადარჩენის საქმეში... ერთი სიტყვით, ქალისთვის მხოლოდ მზარეულის ფუნქციის დაკისრება, გაუმართლებელია... მით უფრო, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ კაცებს კულინარია გაცილებით უკეთ გამოსდით. ერთი სიტყვით, იმ მამაკაცების საყურადღებოდ, რომელთაც ჰგონიათ, რომ ქალმა მარტო გემრიელი კერძები უნდა აკეთოს – ნუგბარის მომზადებაში ბევრი საქმიანი და წარმატებული ქალბატონია დახელოვნებული. მთავარია, მათ ამ ყველაფრის გაკეთების ხალისი და სურვილი ჰქონდეთ.
მოკლედ, მოიღეთ, მამაკაცებო, „წყალობა“ და ნუ აიძულებთ ქალს, დღედაღამ სამზარეულოში იყოს და მხოლოდ თქვენს გამოკვებაზე იზრუნოს. ეს კარგს არაფერს მოგიტანთ.
მამაკაცებო, თუ არ გინდათ, მარტოობაში, უხეიროდ შემწვარი ტაფამწვარით ან მოხარშული სოსისით დაკმაყოფილდეთ, ნუ მიუჩენთ საყვარელ ქალს ადგილს სამზარეულოში და ნურც დამლაგებლის ფუნქციას დააკისრებთ. ხშირად აღიარეთ მისი სხვა უამრავი დადებითი თვისება და ნიჭი. „დივიდენდი“ – გემრიელი, ახალი ან თქვენი საყვარელი კერძი იქნება...
„მწვანე“ ბილეთი
ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ცხოვრებას ვერაფრით შეცვლი; რომ ის ერთეულების ხვედრია – იმათი, ვისაც ბედი ანებივრებს და ყველა დაკეტილ კარს უღებს. სინამდვილეში, ასე არ არის. მთავარია, სწორად განსაზღვრო პრიორიტეტები და მიზნად არ დაისახო, გლობალური პრობლემების ერთბაშად გადაჭრა. არაფრით არ შეიძლება, საკუთარ თავს გამოცდა მოუწყო. რა უნდა დაამტკიცო ამით, თორემ, კი! თუ ხვდებით, რომ ცვლილებების დრო მოვიდა, იმოქმედეთ!
დაიწყეთ ნელა და თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ... მიზანმიმართულად და ხალისით...
დაიწყეთ სრულიად უმნიშვნელო დეტალით – გაიღიმეთ! გაუღიმეთ სხვებსაც და საკუთარ თავსაც. გააცნობიერეთ ის, რომ სამყაროს ბევრი უკლია სრულყოფილებამდე და იდეალური, ქვეყნად არაფერია – არც ადამიანები და არც ურთიერთობები... თუმცა, ვიღაცეები „მწვანე“ ბილეთს მაინც იგებენ. ნუ იტყვით, რომ უმართლებთ მხოლოდ ერთეულებს და ისიც შემთხვევით. შემთხვევით არაფერი ხდება. მთელ ქვეყანას ვერ შეცვლით და ვერც ადამიანებს გადააკეთებთ, მაგრამ რეალობას აუცილებლად გაიუმჯობესებთ.
გააკეთეთ ის, რომ გასცეთ პოზიტიური ემოცია. ადამიანები ამას გაიგებენ და მიიღებენ. რაც მეტ პოზიტივს შესძენთ საკუთარ ცხოვრებას, მით მალე შეცვლით მას და ასევე, თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებს, უკეთესობისკენ...
საიდუმლო ინგრედიენტი
ყველას გვაქვს ცხოვრებაში მომენტები, როცა თავადაც არ ვიცით, რა გვინდა: იქნებ ყავა ან შოკოლადი, უცნაური და გემრიელი კერძი, კონიაკი, „მარტინი“, მზესუმზირა... თავი რომ კარგად ვიგრძნოთ... პრობლემა ის არის, რომ ზუსტად ვერ ვხვდებით და ვწვალობთ... ეს შემთხვევით არ ხდება. საქმე ისაა, რომ ორგანიზმი თითქოს სიგნალს გვაძლევს, რომ რაღაც აკლია – საიდუმლო ინგრედიენტი... შეეცადეთ, გაუგოთ საკუთარ ორგანიზმს. შეიძლება, ერთბაშად არ გამოგივიდეთ, მაგრამ, ცდა მაინც არ უნდა დააკლოთ, თუ ერთბაშად ისეთი პროდუქტი მოგინდებათ, რომელიც მანამდე დიდად არ გიყვარდათ, უარს ნუ იტყვით. სასუსნავი ცოდვა არ არის. არ შეგაშინოთ იმან, რომ დიეტას დააღრვევთ ან წონაში მოიმატებთ – როცა რაღაც ძალიან გინდა, არ გაწყენს.
საიდუმლო ინგრედიენტი ჩვენი ხალისიანი განწყობისა, ზოგჯერ ახალი კაბა შეიძლება იყოს; ახალი ვარცხნილობა ან ფეხსაცმელი... გასეირნება ღამის ქალაქში ან კინოში წასვლა ახალი, თუნდაც საყვარელი, ძველი მელოდრამის სანახავად. როცა საიდუმლო ინგრედიენტი ცნობილია, ცხოვრება თავის კალაპოტში მიედინება, ყველაფერი გვიხარია და წარმატებებსაც ვაღწევთ.