რას უნდა მივაქციოთ ღამით ყურადღება და როგორ მივიღოთ ძილის დროს ინფორმაცია მომავალზე
დღის განმავლობაში ადამიანის განწყობა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოიძინებს და რა შინაარსის სიზმარს ნახავს. როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, ძილის პროცესში, ადამიანის ტვინი მუშაობას არ წყვეტს, სწორედ ამ დროს „ამოტივტივდება” მასში ჩალექილი ძველი ამბები, თავსგადახდენილი ისტორიები. ასე რომ, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება, რას ხედავთ ღამით – ზმანებაა ეს თუ, უბრალოდ, გამაფრთხილებელი სიზმარი, რომელიც მომავლის ინფორმაციას გაწვდით. თუ რას უნდა მივაქციოთ ღამით ყურადღება, როგორ მივიღოთ ძილის პროცესში ინფორმაცია მომავალზე და რა უნდა გავითვალისწინოთ ამ მხრივ, ინტერვიუ ვთხოვეთ პროფესიონალ პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსს, ბატონ გიორგის, რომელმაც მეტად საინტერესო და საჭირო რჩევები მოგვაწოდა.
გიორგი: ჩვენ, ადამიანები, სიზმრით ვიღებთ ისეთ საინტერესო ინფორმაციას, რომელსაც ამოუცნობი სამყარო ქვეცნობიერის დახმარებით გვაწვდის, მაგრამ, ზოგი სიზმარს არასერიოზულად აღიქვამს და მას ყურადღებასაც არ აქცევს. არადა, შესაძლებელია, მისი მეშვეობით მომავალზე მივიღოთ ინფორმაცია. ასევე, დიდი განსხვავებაა ზმანებასა და სიზმარს შორის და მათი გარჩევა აუცილებელია.
– ზმანებისა და სიზმრის ერთმანეთისგან გარჩევა როგორ შევძლოთ?
– თუ ძილში ხედავთ ფერად სიზმარს მკვეთრი ფერებით და გარდაცვლილი ადამიანები გევლინებიან, რომელთა სახესა და სხეულს მკაფიოდ ხედავთ, ესე იგი, ეს სიზმარი კი არა, ზმანებაა, ხოლო, თუ ძილში შავ-თეთრ ფერებში ხედავთ მოვლენებს, ადამიანებიც მკაფიოდ არ აღიქმებიან, ანუ, ისეთი სიზმარია, დილით გაღვიძებულს მისი გახსენება რომ გიჭირთ, ესე იგი, თქვენ, უბრალოდ, სიზმარი ნახეთ. თუმცა, ზმანებასაც და სიზმარსაც ერთნაირი ყურადღება უნდა მიაქციოთ. საერთოდ, ის ადამიანები, ვინც შემოქმედებითი ნიჭით არიან დაჯილდოებულნი, ხშირად ხედავენ სიზმარს, რომელიც შემოქმედებით მუშაობაში ეხმარებათ. არაერთი მეცნიერი აღიარებდა, რომ მათი ყველაზე დიდი გამოგონება სწორედ ძილში „მოვიდა“ და შემდეგ ის რეალურ ცხოვრებაში გადმოიტანეს. ასეთი მინიშნება ღამით ყველა ადამიანს მიეწოდება და ამიტომ ვამბობ, რომ ღამით უმნიშვნელო დეტალსაც კი ყურადღება უნდა მიაქციოთ.
– ბატონო გიორგი, ამბობენ, როდესაც გარდაცვლილი ადამიანი გესიზმრება და რაღაცას გარიგებს, ეს ერთგვარი გაფრთხილებაა. ამიტომ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინო, რათა შესაძლო საფრთხეები აიცილო თავიდანო. ეს სიმართლეა?
– გააჩნია, როგორ გაქვთ დაცდილი გარდაცვლილი ადამიანის დასიზმრება, რამდენად მკაფიოდ ხედავთ გარდაცვლილს, ან, გასაგებად გესმით თუ არა მისი საუბარი. თუ გარდაცვლილი მშობელი, დედმამიშვილი ან შვილი დაგესიზმრათ, მათ რჩევას ყური უნდა დაუგდოთ – ისინი აუცილებლად გაგაფრთხილებენ იმის შესახებ, რაც უახლოეს მომავალში გელით. მაგრამ, თუ ისინი თქვენ კი არა, სხვის სახელს ახსენებენ სიზმარში, მისთვის ხორცის კერძს ამზადებენ, სუფრას შლიან და მის ბინაში არიან, იმ ადამიანისთვის ეს ძალიან ცუდია. თქვენ კი მისი ცუდი მომავალი წინასწარ მოგაწოდათ გარდაცვლილმა ახლობელმა სიზმარში. ზოგადად, სიზმარი გაფრთხილებაა როგორც მომავალზე, ისე აწმყოზე. შესაძლოა, სიზმარი გაღვიძებისთანავე აგიხდეთ, ან, ერთი კვირის, ერთი თვის და ერთი წლის შემდეგაც კი.
– კიდევ, სიზმარში რისი ნახვაა ცუდის მომასწავებელი?
– მაგალითად, თუ მღვრიე წყალში დგახართ, ეს ძალიან ცუდია და გაფრთხილებთ თქვენი მოსალოდნელი ავადმყოფობის შესახებ. თუ სიზმარში ხორცს ჭამთ, ესეც ძალიან ცუდია. მაგრამ, თუ თოვლში დგახართ ან კამკამა მდინარეში ბანაობთ, ეს ძალიან კარგია თქვენი მომავლისთვის. სიზმარში თოვლი ახალი, სასიამოვნო ამბის მომასწავებელია, კამკამა წყალი კი სიახლეა პირად ცხოვრებაში. ხშირად ადამიანები მომავალ საბედოსაც კი ხედავენ სიზმრად და, გარკვეული პერიოდის შემდეგ, რეალურ ცხოვრებაში, მას მართლაც ხვდებიან, მაგრამ, ამ მხრივ კონკრეტული დღეებია, როცა მსგავს სიზმარს უნდა მიაქციოთ ყურადღება.
– რომელია ასეთი საყურადღებო დღეები?
– ასეთი დღეებია: თებერვლის ბოლო კვირა, მაისის მეორე ნახევარი, დეკემბრის შუა რიცხვები და იანვრის მთელი თვე – აი, სწორედ ეს დღეებია სიზმრის თვალსაზრისით გასათვალისწინებელი, რადგან, მართლაც დიდი შანსია, ნახოთ მომავალი მეუღლე თუ პარტნიორი. ასევე, თუ სიზმარში საკუთარ თავს შიშველს ნახავთ, ესეც ცუდის მაუწყებელია – ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან, არ არის გამორიცხული, ღალატის მსხვერპლი გახდეთ ან სასიყვარულო პარტნიორს სკანდალით დაშორდეთ. ასევე, ცუდია, როცა გარდაცვლილ ადამიანს ხედავთ და ის ძალიან კარგად გამოიყურება. ამ შემთხვევაში ამბობენ, ის იმქვეყნად ამქვეყნიდან ელოდება ახლობელსო. ხოლო, თუ გარდაცვლილი ცუდად გამოიყურება სიზმარში, სანერვიულო არაფერია – უბრალოდ, ყური უგდეთ, რას გეუბნებათ ის და რაზე მიგანიშნებთ. შესაძლოა, სიზმარში ნანახმა პიროვნებამ პირდაპირ არ მიგანიშნოთ რამეზე, მაგრამ, იმის უნარი უნდა გქონდეთ, რომ, გაღვიძებულმა თავად გააანალიზოთ, რა იგულისხმებოდა მისი სიტყვების მიღმა. სხვათა შორის, ძველად თითქმის ყველამ იცოდა სიზმრის ახსნა და დღისით ყოველთვის ითვალისწინებდნენ იმას, რასაც ღამით ნახავდნენ. ასევე, ასაკში შესული ადამიანებისგან ხშირად მსმენია ზმანების შესახებ, რომელმაც მათი სიცოცხლე იხსნა.
– ასაკოვანი ხალხი იმასაც ამბობს, თუ სიზმრად ფეხსაცმელი ნახე, აუცილებლად დაოჯახდებიო.
– დიახ, ეს პირდაპირი მინიშნებაა იმისა, რომ თქვენს პირად ცხოვრებაში სასიკეთო ძვრები მოხდება. თუმცა, ამ შემთხვევაში, უნდა დააკვირდეთ, რა ფერის ფეხსაცმელს ხედავთ. თუ გასათხოვარი ქალი მამაკაცის შავ ფეხსაცმელს ნახავს, ოღონდ საკუთარ სახლში, ესე იგი, მასთან უახლოეს მომავალში აუცილებლად მოვა ის პიროვნება, ვინც მისი მომავალი მეუღლე გახდება, ხოლო, თუ ფეხსაცმელი სხვა ფერისაა, მაშინ, ცოტა მოცდა მოუწევს (იცინის).
– ეზოთეროკოსები ხშირად ამბობთ, რომ ადამიანის სულის მეორედ მოსვლის შემდეგ, მისი ბედისწერა წარსული ცხოვრების შედეგის მიხედვით იწერებაო. იქნებ, უფრო გასაგებად განგვიმარტოთ ეს მოსაზრება?
– ზოგადად, ყველა ჩვენი აზრი სამყაროში ხარისხდება ცუდ და კარგ კატეგორიებად და იწერება ჩვენი ცხოვრების ფურცელზე. სხეულის სიკვდილის შემდეგ ადამიანის ენერგეტიკული ველი ორმოცი დღის განმავლობაში რჩება დედამიწაზე, აგროვებს გარშემო მყოფი ახლობლების ინფორმაციას და ამის შემდეგ ტოვებს დედამიწას. ამიტომ ამბობენ ეზოთერიკოსები, რომ სულის მეორედ მოსვლის შემდეგ ბედისწერა წარსული ცხოვრების შედეგის მიხედვით იწერებაო. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ, როგორც წინა ცხოვრებაში იქცეოდა, იმის სამაგიეროს მიიღებს მეორედ მოსვლის დროს. სიკვდილის დროს ხდება ენერგეტიკული კოდის გადასვლა ერთი მდგომარეობიდან მეორეში. ყველა ჩვენგანის კოდი სამყაროსთანაა კავშირში, ანუ, სამყაროში ამ კოდით გვცნობენ. ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მისი კოდი არსებობას განაგრძობს, მაგრამ, ჩვეულებრივ მდგომარეობაში მას ვერ ვამჩნევთ. ენერგეტიკული კოდი გარდასახვას იმქვეყნად გაცილებით ადრე იწყებს, ვიდრე ადამიანის გარდაცვალება ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ, ის, ფაქტობრივად, უახლოვდება წინა პერიოდში გარდაცვლილი ადამიანების ენერგეტიკულ მდგომარეობას და ერთმანეთთან დაკავშირების საშუალება ეძლევათ. სწორედ ეს იწვევს გარდაცვლილი ადამიანის ხილვას სიზმარში. ასე რომ, აუცილებლად უნდა დააკვირდეთ, როგორი ტიპის სიზმარს ნახავთ, ვინ გესიზმრებათ და რაზე მიგანიშნებთ – ეს ერთგვარი მომავლის ხილვაა ძილში და ამის იგნორირება საკუთარი მომავლის უარყოფას ნიშნავს.