როდის გაირბინა რამაზ ჩხიკვაძესა და რობიკო სტურუას შორის „შავმა კატამ“
„…ბედნიერი კაცი ვარ. ისე აეწყო ჩემი ცხოვრება, რომ თეატრშიც სულ მუდამ როლებს მაძლევდნენ, მაძლევდნენ და მაძლევდნენ, კინოშიც სამუშაო ყოველთვის მქონდა. თავიდან ტელევიზია შეიქმნა და სულ მე და ეროსი ვიყავით ყველა დადგმაში… სამუშაო მე არ მომკლებია, ყელამდე მქონდა; იმდენი მქონდა, რომ მეტი იყო უკვე, აღარ შეიძლებოდა იმის ატანა, ეს იყო ყველაზე დიდი ბედნიერება. მერე, ის სპექტაკლები სადაც მე ვმონაწილეობდი, კარგი სპექტაკლები, იყო, ჯერ მიშა თუმანიშვილის დროს, მერე რობიკოს დროს, მთელი რიგი სპექტაკლებისა, რომლებიც ზედიზედ კარგი და კარგი იყო. ამდენი გასტროლი, ამდენი წარმატება… ჩემისთანა კაცი როგორ შეიძლება, რომ ნაწყენი ვიყო კიდევ რამეზე? ხშირად მეკითხებიან – არის რამე როლი, რომელიც გინდოდათ გეთამაშათ და გული გწყდებათ, რომ არ ითამაშეთო? არა, კაცო, არა! როგორ შეიძლება, რა ღორმუცელობაა, კიდევ როლი რომ მომენდომებინა?! არა, ბატონო, არ ყოფილა, პირიქით, ზედმეტად ვიყავი დატვირთული ყოველთვის და მადლობას ვუხდი ღმერთს ამისთვის…”
„მეორე თუ მესამე კურსის სტუდენტი იყო, მაგრამ, უკვე ძალზე პოპულარული გახლდათ (ნოდარ გურაბანიძე – „ფანტასტიკური რამაზ ჩხიკვაძე). იგი იმთავითვე უყვარდა ყველას, ცდილობდნენ მასთან დაახლოებას, მისი ყურადღების დამსახურებას. თბილისელი ლამაზმანების დაბადების დღეები რამაზის გარეშე ვერ წარმოედგინათ. მისი ჩიჩერონე და ბავშვობის მეგობარი, გურამ საღარაძე, ასევე პოპულარული მაშინ, თავისი პოეტური ინსპირაციებით შთაბეჭდილებას კიდევ უფრო ამძაფრებდა. შორიდან მოთვალთვალეს, ალბათ, სჯეროდა, რომ რამაზი თეატრალური ბოჰემის სული და გული იყო (და, მაინცდამაინც არც ცდებოდა ამაში)... მუსიკალურ გარემოში გაზრდილი ყმაწვილი, რომელსაც უჩვეულო მუსიკალური ნიჭი აღმოაჩნდა, პირდაპირ კონსერვატორიაში სწავლისთვის იყო „განწირული”, მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე, განგებამ თეატრისკენ ააღებინა გეზი. თავისი სპორტული გატაცების ამბავს რამაზი უფრო დაწვრილებით ყვებოდა მაშინ ძალზე პოპულარულ სპორტულ გაზეთ „ლელოს“ კორესპონდენტთან საუბარში: „ბავშვობიდანვე ვთამაშობდი კალათბურთს. 1946-1947 წლებში საბჭოთა კავშირის პირველობაზე პირველ ლიგაში ჩვენმა გუნდმა – „შრომითმა რეზერვებმა“ პირველი ადგილიც კი დაიკავა. საქართველოს პირველობაზე კი გამოდიოდა ჩვენი გუნდი – „ხელოვნება“. შემდეგ, თეატრალურ ინსტიტუტში სწავლისას, საგნად გავდიოდი სცენურ ფარიკაობას, პარალელურად, ვვარჯიშობდი სპორტულ ფარიკაობაშიც და 1949 წელს გამართულ საქართველოს პირველობაზე მეორე ადგილიც მოვიპოვე. მაგრამ, ჩემი ბავშვობის საყვარელ თამაშად მაინც კალათბურთი დარჩა...“ მსახიობობის სურვილი რამაზ ჩხიკვაძეს ადრეულ ასაკშივე გაუჩნდა. „მახსოვს, როგორი ცნობისმოყვარეობით ვადევნებდი თვალყურს მოზარდ მაყურებელთა თეატრის წარმოდგენებს. განსაკუთრებით მიტაცებდა სცენაზე მოქმედების ლოგიკა, მძაფრი სიტუაციები. ვგრძნობდი, როგორ ამიფორიაქდებოდა ხოლმე სული საყვარელი გმირის განსაცდელში ჩავარდნისას; რა სიხარულით ვბორგავდი, როცა კეთილი ბოროტს ამარცხებდა. ყველაფერი ეს აღმიძრავდა უზომო ცნობისმოყვარეობას სცენის საიდუმლოებისადმი, სულ მაწვალებდა ფიქრი: „რა ხდება სცენაზე, რა არის ის ძალა, რომელიც ასე მიზიდავს და მაღელვებს? მთელი არსებით შემიყვარდა თეატრი და ყოველი კარგი სპექტაკლისა თუ ფილმის ნახვისას, მუდამ მახლდა სურვილი – მსახიობი გავმხდარიყავი“…
რამაზ ჩხიკვაძე რუსთაველის თეატრში სწორედ იმ პერიოდში მივიდა, როცა მიხეილ თუმანიშვილი და უნიჭიერეს მსახიობთა თაობა მუშაობდა ფუჩიკის პიესაზე – „ადამიანებო, იყავით ფხიზლად!“. მართალია, თეატრალურ ინსტიტუტში ნიჭიერად შესრულებული როლებით მას უკვე იცნობდნენ და აღიარებდნენ, მაგრამ, ნამდვილი, დიდი შემოქმედება სწორედ აქ, რუსთაველის თეატრის სახელგანთქმულ სცენაზე უნდა დაწყებულიყო. მსახიობის შემოქმედებით ბიოგრაფიაში ერთი უცნაური ფაქტი ისიცაა, რომ, მისმა მასწავლებელმა, დოდო ალექსიძემ, მთავარი როლი მას მხოლოდ მოგვიანებით მისცა. ეს იყო „სამგროშიანი ოპერა“ – რეჟისორის ერთ-ერთი ძალზე საინტერესო და უცნაური სპექტაკლი. მანამდე კი რამაზ ჩხიკვაძე ერთ პატარა ეპიზოდურ როლში ათამაშა – შტაბის მწერალი „ყვარყვარე თუთაბერში“. ჩვეულებრივი, ყოფით-კომედიური სპექტაკლი იყო და თეატრის ისტორიაში არავითარი კვალი არ დაუტოვებია, თუმცა, ყვარყვარეს თვით ეროსი მანჯგალაძე თამაშობდა. ეს იყო როლი-გაელვება, კაცი მასიდან, უფუნქციო, უმნიშვნელო მარიონეტი…
…თუმანიშვილს მიაჩნდა, რომ ჩხიკვაძის მიერ შესრულებული ქოსა მრჩევლის როლი „ჭინჭრაქაში“ მსახიობის შემოქმედებითი გზის მეორე ეტაპის დასაწყისი იყო. „მას შემდეგ იგი უჩემოდ გაუყვა თავის გზას. ჩვენ გავიყარეთ. მისი სვლა დიდებისკენ დაიწყო“, – ამბობს ბატონი მიშა. უცხოეთში ჩვენი ხანგრძლივი მოგზაურობის დროს ჩხიკვაძეს ჩემთვის თავისი ცხოვრებიდან მრავალი საინტერესო რამ უამბია. ,,ჭინჭრაქასთან“ დაკავშირებით ასეთი რამ მითხრა: „ამ როლის თამაში ძალიან არ მინდოდა. არ ვიცი, რატომ დამნიშნა მიშამ ამ როლზე, რომელიც ჩემს სულსა და გულს არ ეკარებოდა. რაღაცაზე განაწყენებულ მიშას სჩვეოდა ხოლმე მსახიობის ამგვარი დასჯა. რეპეტიციებს სულ კარლო გადიოდა და ძალიან კარგი იყო. რეპეტიციებს არ ვაცდენდი, ვიჯექი ჩემთვის პარტერში და კარლოს ვუყურებდი. ძალიან მომწონდა ქოსიკოს როლი, მაგრამ, ამ როლზე გივი ჭიჭინაძე და ბორის წიფურია იყვნენ დანიშნული. ერთ დღეს მიშა მომიტრიალდა და მითხრა: რამაზ, სცენაზე ადი და ჭინჭრაქას რეპეტიციები გაიარეო. ამ ცოცხალი, მხიარული, ციბრუტივით მობზრიალე ბიჭის თამაში ჩემთვის იმ წუთებში საშინელება იყო. დილას წელკავი დამეტაკა და წელში ვერ ვიმართებოდი. ძლივს ავდექი და ვთხოვე: მოდი, ქოსიკოს როლს ვსინჯავ-მეთქი. არაფერი უთქვამს. მე წელში ოთხად მოხრილი, მოკაკული, კვნესით, რის ვაი-ვაგლახით ავედი სცენაზე და იატაკზე დავჯექი. მიშა წამოხტა, სახე გაუბრწყინდა და იყვირა: „განაგრძე რეპეტიციები! იჯექი მანდ! დაიწყე, კარგია ეგ რადიკულიტიც!“ – მგონი, მიშამ იფიქრა, ეს ყველაფერი ამ როლისთვის საგანგებოდ მოვიგონე და აღფრთოვანდა. აი, მაშინ გადაწყდა ჩემი ამ როლზე დანიშვნა. თავიდან თითქოს ჭინჭრაქა უნდა მეთამაშა, მაგრამ, უფრო მეტად ქოსიკოს სახემ მომხიბლა. ქოსიკო არ იყო მნიშვნელოვანი პერსონაჟი, სულ მცირე ადგილი ჰქონდა პიესაში. მუშაობის პროცესში გაიზარდა და მიიღო ის სახე, რომლითაც სპექტაკლში შევიდა“…
„ერთხელ, დილის სპექტაკლი ვითამაშეთ და საღამოსაც სპექტაკლი გვქონდა. ერთი ჩვენი მსახიობი (აცხონოს ღმერთმა), გადაგვეკიდა, წავიდეთ, კარგი პურ-მარილია გაშლილი, ნუ დავლევთ, უბრალოდ, ვისადილოთ და წამოვიდეთო. ბოლო-ბოლო, დაგვითანხმა, წავედით. იმ სართულზე რომ ავედით, რაღაც ხმაური შემოგვესმა. კი არ გვესიამოვნა, მაგრამ, რაღას ვიზამდით? იმ კარსაც მივადექით, გააღეს და – დარბის დასისხლიანებული ხალხი, ერთმანეთს ურტყამენ – ვინ სკამს ურტყამს, ვინ ბოთლს ისვრის... აბა, ჩავერიეთ წავიდა გაშველება. რაც ჩვენ მოგხვდა იმ დღეს… სულ ღვინით დაწუწულები, დასისხლიანებულები, დანგრეულები, დალეწილები წამოვედით. ლუკმა ჩვენ არ გვიჭამია, დახეული პიჯაკებით შემოვედით თეატრში. გაგიჟდნენ ჩვენები – სად იყავით, კაცო, ომშიო? ახლაც, ავლაბარში, იმ სახლს რომ გავუვლი, ისტერიული ხარხარი მიტყდება“…
…რამაზმა ადრე დაიწყო ლაპარაკი პენსიაზე გასვლის შესახებ. რასაც სერიოზულად არავინ აღიქვამდა, რადგან, მსახიობი დიდების ზენიტში იყო, ძალზე ჯანმრთელად გამოიყურებოდა. ხარის გული მაქვსო, – ხშირად უთქვამს. უამრავი მიწვევა ჰქონდა უცხოეთის ქვეყნებიდანაც, ახალ როლებს სთავაზობდნენ კინოფილმებში. ის კი მაინც პენსიაზე ლაპარაკობდა. მან მითხრა: პენსიაზე გავალ და, თუ მომიწვევენ, ცალკეულ სპექტაკლებში ვითამაშებ, რუსთაველის თეატრის ახალ სპექტაკლებში კი – არაფრის დიდებითო. გაცხარებით, ხმამაღლა, მძაფრი ჟესტიკულაციებით ლაპარაკობდა, თითქოს ვიღაცის ჯიბრზე. პირადად ჩემთვის, ფრიად სამწუხაროა, რომ ჩემს ორ უსაყვარლეს შემოქმედს – რამაზ ჩხიკვაძესა და რობერტ სტურუას შორის რამდენჯერმე გაირბინ-გამოირბინა „შავმა კატამ,“ რომლის დაჭერასაც, თუ მათი სურვილი არ იქნებოდა, ვერავინ შეძლებდა. რამაზის ასეთ სულიერ განწყობილებას მისი თამაშის ხარისხზე სრულიად არ უმოქმედია, პირიქით. სიტყვას მოჰყვა და, რამაზი სასოწარკვეთილიც მინახავს. ეს იყო მილანში, როცა რუსთაველის თეატრი „ლირიკო თეატრში“ „მეფე ლირს“ წარმოადგენდა. რამაზის მეუღლე, მისი ერთგული მეგობარი და გამამხნევებელი, ქალბატონი ნატაშა, მაშინ მილანში არ ბრძანდებოდა. არც რობიკო სტურუა იყო – ლონდონში ჩეხოვის „სამ დას“ დგამდა და რეპეტიციებზე გაცივდა. რამაზი თავს მარტოსულად გრძნობდა. სულ ერთად ვიყავით. ცოტას ლაპარაკობდა, მისი მგზნებარება და ტემპერამენტი თითქოს მიმქრალიყო. სპექტაკლის დაწყების წინ რამაზის საგრიმიოროში შევედი. მარტო იჯდა, ლირის ჯვალოს პერანგში გახვეული და სარკეში იყურებოდა. საოცრად სევდიანი იყო. ვუთხარი: თეატრის უზარმაზარი დარბაზი გაჭედილია და პარტერში რუდოლფ ნურიევი ზის-მეთქი (გენიალური მოცეკვავე, საბჭოთა კავშირიდან გაქცეული). არავითარი რეაქცია, არც შერხეულა, მერე წყნარად მითხრა: „ნოდარ, აღარ მინდა თამაში. როგორ უნდა ვითამაშო, როცა სულში გაფურთხებენ, როცა ბინძურ ხელებს სულში გიფათურებენ“. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, რამაზი სცენის გარეშე დარჩა. კარგა დიდი დრო გავიდა იმ დღემდე, ვიდრე რამაზ ჩხიკვაძეს ქართულ სცენაზე კვლავ ვიხილავდით. მისი დაბრუნება „სარდაფის თეატრში“ 1997 წელს, ავთო ვარსიმაშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მოხდა. სტრინდბერგის „სიკვდილის როკვაში“ რამაზი პიესის მთავარი გმირის – ედგარის როლს თამაშობდა. ვარსიმაშვილმა ყველაფერი იღონა, რომ ჩხიკვაძეს მის რომელიმე სპექტაკლში ეთამაშა. მაგრამ, როგორც ვარსიმაშვილის ინტერვიუდან ირკვევა, საქმე პირიქით ყოფილა (გაზეთი „ასავალ-დასავალი“, 24.5.1999): „მართლაც ბედნიერ ვარსკვლავზე ვარ დაბადებული. „ტიტუსი“ ახლად გამოშვებული მქონდა, როდესაც რამაზ ჩხიკვაძემ მითხრა, რამეს ხომ არ დამიდგამდიო. იცით, ეს რას ნიშნავს? სულ რომ აღარ დამედგა „სიკვდილის როკვა“, ამ შემოთავაზებას უკვე გამარჯვებად ჩავთვლიდი, იმიტომ რომ, ბოლო ოცი წლის განმავლობაში რამაზ ჩხიკვაძე სტურუას გარდა არც ერთ რეჟისორთან არ მუშაობდა“.