საჭმლის მონელებაზე კერძის ვიზუალობა და განწყობაც ახდენს გავლენას
საჭმლის მონელებაზე კერძის ვიზუალობა და განწყობაც ახდენს გავლენას
საჭმლის მონელებაზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ კერძის გემო და სუნი, არამედ, მისი ვიზუალური მხარეც. ლამაზად გაწყობილი სუფრა, ჭურჭელი და ხელსახოცები დამატებითი სტიმულია საჭმლის მომნელებელი წვენის გამოსაყოფად. საჭმლის კარგად მონელებისთვის, ასევე, აუცილებელია განწყობაც. ჭამის დროს ტელევიზორის ყურება, კითხვა ან ლაპარაკი არ არის მიზანშეწონილი, რადგან, ასეთი ორგვარი სიამოვნების შედეგად, საკვების ყლაპვის პროცესი ავტომატური ხდება, ავტომატურად ჭამა კი უკონტროლოა და საზიანო. ჭამის დროს, თქვენი აზრები და ფიქრები მხოლოდ საკვებისკენ უნდა იყოს მიმართული.
საჭმლის მონელებაზე გარკვეულ გავლენას ახდენს ისიც, თუ როგორი განწყობით ჭამთ. საჭმლის მომნელებელი წვენის გამოყოფის შემცირებას წუხილი, უკმაყოფილება და გაღიზიანება იწვევს. ხშირად, სწორედ ასეთ მდგომარეობაში ვსხდებით მაგიდასთან და ვიწყებთ ჭამას. თუ დაიღალეთ ან ინერვიულეთ, ნუ იჩქარებთ დანაყრებას, ჯობია, ნახევარი საათი მოიცადოთ. ნუ შეეცდებით, სადილის დროს ოჯახური პრობლემების ან სამსახურებრივი საკითხების გარკვევას.
ნერვიულმა ადამიანმა სტაფილოს წვენი უნდა სვას
ოხრახუშის წვენი აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის ჟანგბადოვანი ცვლისთვის, თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მასში შემავალი მიკროელემენტების თანაფარდობა ხელს უწყობს სისხლძარღვებისა და კაპილარების გაძლიერებას. მაგრამ, გაითვალისწინეთ, რომ ოხრახუშის წვენი საკმაოდ ძლიერმოქმედია. ამიტომ, არასდროს დალიოთ 30 გრამზე მეტი. უმჯობესია, თუ მას შეურევთ სტაფილოს, მწვანე სალათის, ნიახურის ან ისპანახის წვენს.
ოხრახუშის წვენი წამალია შარდსასქესო, ნაღვლის ბუშტში ქვების დაგროვების, ნეფრიტისა და თირკმელების სხვა დაავადებების სამკურნალოდ. მას, ასევე, იყენებენ წყალმანკისა და თვალის დაავადებებისას.
უმი კარტოფილის წვენი კი შეიცავს შაქარს, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ადვილად ითვისებს. მათ, ვისაც აწუხებს ვენერიული დაავადებები და სექსუალურად აღგზნებულნი არიან, კარტოფილის წვენის სმა ეკრძალებათ.
კარტოფილის წვენში უხვადაა კალიუმი, გოგირდი, ფოსფორი და ქლორი. სტაფილოს წვენი კი ნიახურის წვენთან ერთად, შველის საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევებსა და ნერვულ დაავადებებს. კარტოფილის, სტაფილოს, ჭარხლისა და კიტრის წვენები დღეში დაახლოებით 300-400 მილილიტრი უნდა მიიღოთ, რათა ზემოჩამოთვლილი დაავადებისგან სწრაფად განიკურნოთ.
გულისგან გამოწვეული შეშუპების დროს, შვიტა გიშველით, ხოლო კუჭისთვის მოცვია უებარი
მინდვრის შვიტას შარდმდენი თვისებები აქვს, ამიტომ, მას გულის დეკომპენსაციის ნიადაგზე განვითარებული შეშუპებების სამკურნალოდ იყენებენ. მიზანშეწონილი არ არის მისი მიღება ნეფრიტის დროს, რადგან, შესაძლოა, თირკმელების ქსოვილი გააღიზიანოს.
მინდვრის შვიტას ნახარში ასე უნდა მოამზადოთ: აფთიაქში ნაყიდი შვიტა დაფშვენით. 1 სადილის კოვზ მცენარეს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ დაახლოებით 15-20 წუთი. შემდეგ გადმოდგით და გააჩერეთ ნახევარი საათი. გაწურეთ დოლბანდში და მიიღეთ თითო ჩაის კოვზი, დღეში 3-ჯერ.
მოცვის ნაყოფი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, შაქრებს, ფლავონოიდებს, ორგანულ მჟავებს. ის კუჭში შემკვრელი და დიეტური საშუალებაა, განსაკუთრებით – კუჭ-ნაწლავის მწვავე ან ქრონიკული აშლილობის დროს. ნახარში ასე მზადდება:
2 ჩაის კოვზ მოცვის ნაყოფს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ ნახევარი საათით, დაატკბეთ და დალიეთ, ან, ამავე რეცეპტით მოამზადეთ კისელი და კუჭის აშლილობის დროს მიიღეთ, როგორც შემკვრელი საშუალება. ეს განსაკუთრებით ბავშვებისთვისაა კარგი.
სამკურნალოდ გამოიყენება მოცვის ფოთლებიც, რომელიც რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტის დროს. მას ახასიათებს ინსულინის მსგავსი მოქმედება: 4 ცალ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში ნახევარი საათით და დალიეთ დილით და საღამოს თითო ჭიქა.
რაზე მეტყველებს კანის ფერი და ადრიანი ნაოჭების გაჩენა სახეზე
თუ კარგად დააკვირდებით თქვენი კანის ფერს, შესაძლო ავადმყოფობის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ და მკურნალობის კურსს დროულად ჩაიტარებთ, კერძოდ:
თუ კანმა მოყვითალო ფერი მიიღო, გამოიკვლიეთ ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი, რადგან, შესაძლოა, ანთებითი პროცესი უკვე დაწყებულია.
თუ ფერმკრთალი ხართ, სავარაუდოდ, ანემია გაქვთ და ეს ან რკინის ნაკლებობასთან არის დაკავშირებული, ან სასუნთქი გზების პრობლემები გაწუხებთ. გამოიკვლიეთ ფილტვები და ბრონქები.
თუ სიმკრთალეს მოლურჯო ფერი გადაჰკრავს ტუჩებსა და ცხვირზე, ეს იმაზე მიგანიშნებთ, რომ გულის პრობლემა გაქვთ.
ფერმკრთალი კანი, მოლურჯო ლაქებით, იმაზე მეტყველებს, რომ სუსტი სისხლძარღვები გაქვთ და ორგანიზმს C და E ვიტამინები სჭირდება.
ადრეულ ასაკში დანაოჭებული კანი ქრონიკული დაავადებების გარეგანი გამოხატულებაა და მიანიშნებს, რომ ადამიანს დიაბეტი, ენდოკრინული და სხვა დარღვევები აღენიშნება.
მშრალი და დაჭიმული კანი კუჭის მოქმედების დარღვევაზე, კერძოდ კი, ქრონიკულ გასტრიტზე, კუჭის წყლულზე მიგანიშნებთ.
არათანაბარი და დატალღული კანის ფერი იმაზე მიუთითებს, რომ ორგანიზმში ტოქსინები და წიდებია დაგროვილი.
მოშავო ფერის კანი კი მიანიშნებს, რომ თირკმელების უკმარისობა გაქვთ.
გამომშრალი კანი, რომელიც იქერცლება, იმუნიტეტის დაქვეითებასა და ავიტამინოზზე მიგანიშნებთ. ამ დროს მიიღეთ A და B ჯგუფის ვიტამინები.
ჩაშავებული და მოდუნებული კანი თვალების გარშემო, თირკმელების ფუნქციის დარღვევაზე მეტყველებს.
ცხიმიანი კანი ლიპიდური მიმოქცევის დარღვევის ნიშანია და ყურადღება მიაქციეთ საჭმლის მომნელებელ სისტემას.
თუ კანზე დროდადრო ცხიმიანი ლაქები ჩნდება, ეს ალერგიის ბრალია.
კისერზე ან მკერდზე კანის გაწითლება ჰიპერტონიაზე მიუთითებს.
ხოლო, თუ ტანზე ან სახეზე მუწუკები გიჩნდებათ, ესე იგი, კუჭ-ნაწლავის პრობლემები გაქვთ და დროულად მიხედეთ.
გამოაქვს თუ არა წყალს ორგანიზმიდან კალორიები და ცხიმები
როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება, უმჯობესია, კონსულტაცია პროფესიონალმა მოგცეთ და არა ახლობლების რჩევებით იხელმძღვანელოთ. გაითვალისწინეთ, რომ ყველა რჩევას სასურველ შედეგამდე არ მივყავართ, ჯანმრთელობასთან თამაში კი არ ღირს. გთავაზობთ იმ გავრცელებულ შეხედულებებს, ხშირად რომ გვესმის და გაუცნობიერებლად ვიჯერებთ. კერძოდ:
*პური ასუქებს – ის აზრი, რომ პური ასუქებს და გახდომის მსურველმა ის უნდა ამოიღოს კვების რაციონიდან, არასწორია. პურის მიღება რეკომენდებულია ზომიერად. საჭიროა იმ პროდუქტების შემცირება, რომელსაც პურთან ერთად ჭამთ, კერძოდ, ყველის, ნაღების, კარაქის, ძეხვის და სხვა კალორიული პროდუქტების.
*ექვსი საათის შემდეგ ჭამა არასასურველია – ამ წესის მკაცრად დაცვის დროსაც კი, ხშირად ადამიანები წონაში ვერ იკლებენ. ორგანიზმისთვის და ასევე, წონაში დასაკლებად, სასურველია, დღის განმავლობაში რამდენჯერმე ჭამა მცირე ულუფებით. ამ დროს ორგანიზმი ნაკლებად იტვირთება და საკვებს ადვილად ითვისებს. შიმშილის გრძნობა მცირდება, შაქარი სისხლში ნორმის ფარგლებშია, ხოლო ის, ვინც ექვსი საათის შემდეგ არ ჭამს და დღეში მხოლოდ ერთხელ მიირთმევს დიდი რაოდენობით საკვებს, იზიანებს კუჭ-ნაწლავს და წონაშიც ნაკლებად იკლებს.
*წყალს ორგანიზმიდან ცხიმები და კალორიები გამოაქვს – ეს მოსაზრება არასწორია. კალორიები და ცხიმები გამოედინება მაშინ, როცა ადამიანი ბევრს მოძრაობს. დიდი რაოდენობით სითხე ასტიმულირებს თირკმელების მოქმედებას და ამის შედეგად ორგანიზმი თავისუფლდება წიდებისგან.
*სწრაფად მჭამელები გამხდრები არიან – ეს არასწორი შეხედულებაა, რადგან ვინც სწრაფად ჭამს, არ შეუძლია, განსაზღვროს იმ საკვების რეალური რაოდენობა, რომელსაც იღებს და ხშირად კუჭ-ნაწლავის ტრაქტს ტვირთავს ზედმეტი საკვებით. ნელი ჭამისას, საკვები გადამუშავდება ჭამის პროცესშივე და ადამიანი გრძნობს, როდის დანაყრდა. ამ დროს შიმშილის გრძნობა ქრება და ზედმეტ კალორიებსაც აღარ იღებს ორგანიზმი.
* ყავა ცხიმებს წვავს – ეს არასწორია, რადგან კოფეინი, რომელსაც ყავა შეიცავს, სიმხნევეს გვმატებს და ცხიმოვან ფენაზე საერთოდ არ მოქმედებს.
რა იწვევს გულის უკმარისობას და საშიშია თუ არა მოციმციმე არითმია
გული შედგება წინაგულებისა და პარკუჭებისგან. წინაგულებში არსებობს სინუსის კვანძები, რომლებშიც გამომუშავდება იმპულსები. გულის არითმიების განვითარების საფუძველი შეიძლება, იყოს იმპულსის წარმოქმნის მოშლა და იმპულსის გატარების დარღვევა. მოციმციმე არითმიის დროს, დარღვეულია სწორედ იმპულსის წარმოქმნა. ამ დროს წინაგულები კარგავს სინქრონული შეკუმშვის უნარს და იწყებს ქაოსურ ციმციმს. წინაგულების ციმციმი განპირობებულია თავად გულის პათოლოგიით ან გარეშე ფაქტორების მავნე ზემოქმედებით. მისი აღმოცენების ძირითადი მიზეზია მიოკარდიუმის ინფარქტი, ჟანგბადის ნაკლებობა, გულის მანკი, თირეტოქსიკოზი, მედიკამენტური ინტოქსიკაცია, ჰიპერტონიული დაავადება, გულის ინფექციური დაზიანება. ასაკში შესული ადამიანებისთვის ახლად აღმოცენებული მოციმციმე არითმია შეიძლება, ფარულად მიმდინარე იშემიის, ანუ გულის კუნთის კვების მოშლის შედეგი იყოს. ახალგაზრდებში კი ამის მიზეზი ხშირად მიტრალური სარქველის პროლაფსის არასწორი მუშაობის შედეგია.
ზოგჯერ არითმია დაავადების არსებობის გარეშეც აღმოცენდება, მაგალითად, ალკოჰოლის დიდი დოზით მიღებისას. მოციმციმე არითმიის განვითარების დიდი რისკია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა მას მაღალი არტერიული წნევაც ახლავს. წინაგულების ციმციმი შეიძლება, ასოცირებული იყოს სხვა სახის არითმიასა და იმპულსის გატარების მოშლასთან.
ხშირად ისეც ხდება, რომ დაავადება პირველი გამოვლენის დროს გართულებულია, თან ახლავს ტაქიკარდია ანუ პულსის გახშირება. ამ დროს გული დიდ სამუშაო დატვირთვას იღებს, რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს ტკივილი მკერდის ძვლის უკან. ეს კი სტენოკარდიის ან მიოკარდიუმის ინფარქტის ერთ-ერთი ნიშანია. არითმიის გამო, შესაძლოა, დაქვეითდეს გულის მუშაობის ეფექტურობა, რაც მეორე გართულების – გულის უკმარისობის მიზეზად შეიძლება იქცეს.
წინაგულების მწვავედ აღმოცენებული ციმციმის დროს, მკურნალობის მიზანია პარკუჭების შეკუმშვათა სიხშირის შემცირება და გარდა ამისა, ნორმალური რიტმის აღდგენა. არითმიის აღმოცენებისთანავე, ჩაიტარეთ მკურნალობის კურსი, რადგან მოციმციმე არითმიის დროს, წინაგულებში მკვეთრად ნელდება სისხლის დინება. ეს კი თრომბების აღმოცენების მიზეზი ხდება. როცა მკურნალობის შედეგად გულის მუშაობის ნორმალური რიტმი აღდგება, შესაძლებელია, თრომბის ფრაგმენტები მოწყდეს და რომელიმე ორგანოს სისხლძარღვებს დაეცოს. უფრო ხშირად, ეს ხდება თავის ტვინის სისხლძარღვებში, რის შედეგადაც ვითარდება ინსულტი. ამიტომ, მკურნალობაში აუცილებლად უნდა ჩაერთოს ის პრეპარატები, რომლებიც სისხლის შედედების უნარს ამცირებს.