მსოფლიო ფეხბურთის მწეველი ვარსკვლავების ტოპ-ათეული
რამდენიმე ხნის წინ ლონდონის „არსენალის” ფეხბურთელი ჯეკ უილშირი ღამის კლუბში სიგარეტით ხელში გამოიჭირეს პაპარაცებმა. ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა პრესაში და ლონდონელთა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ფეხბურთელთან პირადი აუდიენცია გამართა სიგარეტის თემაზე. საუბრის შემდეგ უილშირმა აღიარა დანაშაული და თქვა, რომ აღარ გაეკარება თამბაქოს. საგულისხმოა, რომ სიგარეტისთვის თავის დანებების შემდეგ უილშირი უკეთ ათამაშდა, თუმცა, მსოფლიო ფეხბურთში უამრავი შემთხვევაა, როდესაც ვარსკვლავები სიგარეტის მოწევასა და მაღალ დონეზე თამაშს კარგად უთავსებდნენ ერთმანეთს.
სოკრატესი
ბრაზილიელი სუპერვარსკლავი სოკრატესი აქტიური მწეველი იყო საფეხბურთო კარიერის პერიოდში და მის შემდეგაც. ფეხბურთელი დღეში 2 კოლოფამდე სიგარეტს ეწეოდა, თუმცა ეს არ უშლიდა მას ხელს, რომ 1980-იანი წლების მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი ყოფილიყო. სოკრატესმა კარიერის დასრულებამდე სან-პაულოს უნივერსიტეტში ექიმის დიპლომი აიღო, ხოლო კარიერის დასრულების შემდეგ სამეცნიერო ხარისხი მიიღო ფილოსოფიაში.
ჯანლუკა ვიალი
„იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების ექსფეხბურთელი, „ჩელსიში” რატი ალექსიძის მწვრთნელი და თანაგუნდელი, ჯანლუკა ვიალი, აქტიური მწეველი იყო საფეხბურთო კარიერის პერიოდში. 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობის დროს იგი არაერთ კამერას დაუფიქსირებია სიგარეტით ხელში სათადარიგო სკამზე. ვიალი თავისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელი გახლდათ.
იოჰან კრუიფი
„მფრინავი ჰოლანდიელი” და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იოჰან კრუიფი „ტოტალური ფეხბურთის” სახე და 1970-იანი წლების უდიდესი ვარსკვლავი იყო, რომელიც დღეში 20 ღერ სიგარეტს ეწეოდა. ბოლო დროს, ჯანმრთელობის გამო, კრუიფს სიგარეტზე უარის თქმა მოუწია, თუმცა, საფეხბურთო რჩევების მოსმენა მისგან კვლავ აქტუალურია.
რობერტ პროსინეჩკი
დაშლილი იუგოსლავიის ფერფლზე აღმოცენებული ხორვატიის ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელი რობერტ პროსინეჩკი 1990-იანი წლების ევროპული ფეხბურთის სუპერვარსკვლავი იყო, რომლის წევრობაც ნებისმიერ ევროპულ გრანდს სურდა თავის რიგებში. 1998 წლის საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონატზე ფურორის მომხდენი გუნდის „ღერძი” და „ძრავი” პროსინეჩკი დღის განმავლობაში 40 ღერ სიგარეტს ეწეოდა. მისი საყვარელი ბრენდი კი ამერიკული „მარლბოროა.”
ფაბიენ ბარტეზი
ქარიზმატული ფრანგი გოლკიპერის, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის, ფაბიენ ბარტეზის მწეველობის შესახებ „მანჩესტერ იუნაიტედში” მისი თამაშის დროს გახდა ცნობილი. ალექს ფერგიუსონმა რამდენჯერმე გააფრთხილა კიდეც ბარტეზი, რომ მისი ეს მავნე ჩვევა ცუდი მაგალითია დამწყები ფეხბურთელებისთვის.
ზინედინ ზიდანი
მწეველი ზიდანი პირველად 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, პორტუგალიის ნაკრებთან მატჩამდე შეამჩნიეს სიგარეტით ხელში. მას შემდეგ ზიდანი კიდევ არაერთხელ უნახავთ მწეველის ამპლუაში. ფრანგი სუპერვარსკვლავი არც უარყოფს, რომ აქტიური კარიერის დროს სიგარეტს ეწეოდა.
ოსვალდო არდილესი
1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, არგენტინელი ოსვალდო არდილესი, რომელმაც სახელი ინგლისის ჩემპიონატში თამაშით გაითქვა, დღეში 40 ღერ სიგარეტს ეწეოდა, მაგრამ, ეს არ უშლიდა მას ხელს, რომ 90 წუთი აქტიურ ბრძოლაში გაეტარებინა საფეხბურთო მოედანზე. ცნობისთვის, არდილესი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს ჯონ ჰიუსტონის ლეგენდარულ საფეხბურთო ფილმში – „გაქცევა გამარჯვებისკენ.” მისი პარტნიორები კი პელე, სილვესტერ სტალონე და ბობი მური არიან.
დიმიტარ ბერბატოვი
ბულგარელი ფეხბურთელის, დიმიტარ ბერბატოვის თქმით, სიგარეტი ხელში მან მხოლოდ იმიჯისთვის დაიჭირა, თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დიმიტარი აქტიური მწეველია და ერთ დროს „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი დღის განმავლობაში რამდენიმე ათეულ ღერამდე ეწევა.
უეინ რუნი
ჯეკ უილშირის მსგავსად, სიგარეტით ხელში პაპარაცებმა უეინ რუნიც დააფიქსირეს. რუნი ირწმუნება, რომ ის არ არის აქტიური მწეველი და მხოლოდ გართობის მიზნით ეჭირა ხელში ანთებული სიგარეტი. ეწევა თუ არა რუნი, ამაზე, მგონი, არავინ არ დავობს, რადგან, ფეხბურთელი ამჟამად ბრწყინვალე სპორტულ ფორმაშია და მისი ქომაგებისთვის სულერთია, „მარლბოროს” მოწევს ის თუ „მაგნას”.
მარიო ბალოტელი
თანამედროვე ფეხბურთის ნომერ პირველი სკანდალისტი და ეპატაჟური ქცევებით განთქმული მარიო ბალოტელი ჯერ კიდევ „მანჩესტერ სიტიში” ასპარეზობის დროს გამოიჭირეს სიგარეტით ხელში. მას შემდეგ მან ნისლიანი ალბიონი იტალიურ „მილანზე” გაცვალა, მაგრამ, მავნე ჩვევისთვის თავი არ დაუნებებია. მისი ნახვა სიგარეტით ხელში მილანის ღამის კლუბებში შეიძლება, სადაც ის ხშირად დადის გასართობად.