ჭეშმარიტი სარწმუნოება
წმიდა ნექტარიოს ეგინელის თავმდაბლობა და მოყვასისადმი სიყვარული
მეუფე ნექტარიოსის (ნექტარიოს ეგინელი, 1846-1920 წლები, – ალექსანდრიის ეკლესიის წმიდანი) სიყვარული მოყვასისადმი სრულიად განსაკუთრებულ ხასიათს ატარებდა.
სემინარიაში, რომლის რექტორიც მეუფე ნექტარიოსი იყო, ერთი დამლაგებელი მოულოდნელად ავად გახდა და საავადმყოფოში აღმოჩნდა. როდესაც გამოეწერა, ექიმებმა ურჩიეს, რომ რამდენიმე თვე სამუშაოზე არ გასულიყო. მაგრამ, რით ერჩინა თავი? დაზღვევა მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა, მის ადგილას კი, შეიძლება, სხვა ვინმე მიეღოთ სემინარიაში. მაშინ მეუფე ნექტარიოსმა ასე მიმართა: „შენ ჯანმრთელობას მიხედე, დანარჩენს როგორმე მოევლება“. მართლაც, ყოველ დილით მთელი სემინარია – კლასები, საპირფარეშო, ეზო – ლამის ბრწყინავდა სისუფთავისგან, ახალი დამლაგებელი კი არ აუყვანიათ!.. ერთ საღამოს დამლაგებელი მივიდა სემინარიაში, რათა საკუთარი თვალით ენახა, თუ როგორ მყარდებოდა ასეთი სისუფთავე შენობაში და რა იხილა? მიტროპოლიტ ნექტარიოსს კაბა აეკაპიწებინა და თავად ასუფთავებდა შენობას. იგი დასაძინებლად უშვებდა მოწაფეებს, თავად კი დალაგებას იწყებდა და ვერავინ ვერაფერს ხვდებოდა. დამლაგებელმა შეწინააღმდეგება სცადა:
– თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, თქვენ ჩემ მაგივრად მუშაობთ, არ შემიძლია, ამაზე დაგთანხმდეთ!
– შვილო ჩემო, წადი, შენს ჯანმრთელობას მიხედე, როგორც უკვე გითხარი და, ნურაფერზე იფიქრებ, – უპასუხა მეუფე ნექტარიოსმა, – ხომ იცი, შენს ადგილას სხვა ვინმე რომ ავიყვანო, სამსახურს დაკარგავ, მე მხოლოდ შენი დახმარება გადავწყვიტე, მაგრამ, ამის შესახებ ნურავის ეტყვი.
„მრისხანება ხანმოკლე სიცოფეა“
ვინმე ისააკ ბერი საკუთარი ცხოვრებიდან ერთ შემთხვევას მოგვითხრობდა: „ერთხელ ძმას წავეჩხუბე და განვურისხდი; როდესაც ხელსაქმით ვიყავი დაკავებული, ჩხუბი გამახსენდა, შევინანე და ღმრთის წინაშე პასუხისმგებლობის შიშით ვფიქრობდი, როგორ მოვქცეულიყავი. ამ დროს ჩემთან ვიღაც ახალგაზრდა შემოვიდა, წესისამებრ პირჯვარი არ გარდაისახა და მომმართა: „შენ შესცოდე და წუხხარ – მომენდე და დაგამშვიდებ“. მივხვდი, რომ ეშმაკი მესაუბრებოდა და ვუპასუხე: „წადი, რამეთუ ღმრთისგან არ ხარ“. ის კი განაგრძნობდა: „გონს მოეგე, საქმეს იფუჭებ, ადრე თუ გვიან, მაინც ჩემი იქნები“. „არა, – ვპასუხობდი, – მე შენი არ ვარ, ეშმაკო, არამედ, ღვთისა ვარ“. „მრისხანებითა და ბოროტებით შეპყრობილნი ღმერთმა ჩვენ გადმოგვცა, შენ კი უკვე სამი კვირაა, რაც ძმაზედ განრისხებული ხარ“, – მეუბნებოდა ის. „ტყუი“, – მივუგე მე, „შენ ბოროტი განგიზრახავს ძმისთვის, ხოლო ბოროტისმყოფელთათვის გენიის ცეცხლია განმზადებული. მე სწორედ ამგვარ ადამიანებთან ვარ მოვლენილი და შენ ჩემი ხარ“. იმ წამსვე ნაჩხუბარი ძმისკენ გავეშურე, თაყვანი ვეცი მას და შევურიგდი. სახლში დაბრუნებულმა შევამჩნიე – ეშმაკი ჩვენს შერიგებას ვერ შეგუებოდა და, შურით ალესილს, ჩემი ხელსაქმე და ჭილობი დაეწვა, რომელსაც ლოცვისას ფეხქვეშ ვიგებდი.