რატომ ეძებს რუსეთში მცხოვრები შვილიშვილი ბაბუას თერჯოლის რაიონის სოფელ ჩხარში და როგორ დააშორა ერთმანეთს ნათესავები ქართულ-აფხაზურმა ომმა
ჟურნალისტის შენიშვნა: დღევანდელ რუბრიკაში წარმოგიდგენთ ორ ისტორიას. ერთში – შვილიშვილი, ირინა ანატოლის ასული ტრაჩი (მცხოვრები რუსეთში), ეძებს ბაბუას – გიორგი აბულაძეს, ხოლო მეორეში კი დაკარგულ ნათესავებს ეძებს უკრაინაში მცხოვრები ტატიანა ევგენის ასული კადაცკაია. ვთხოვ ჩემს მკითხველს, დააკვირდეს ფოტოსურათებს და, თუ ვინმეს ეცნობა დაკარგული პიროვნება, გამოგვეხმაუროს.
ირინა ანატოლის ასული ტრაჩი ეძებს გიორგი აბულაძეს.
ისტორია: ვეძებ ბაბუას – გიორგი აბულაძეს (სამწუხაროდ, მისი ზუსტი ასაკი არ ვიცი). ბოლოს დედამ მამამისი დაახლოებით 1972-1975 წლებში ნახა, როდესაც ის ჩვენთან, უკრაინაში იყო ჩამოსული სტუმრად. მას შემდეგ ბაბუა აღარ გვინახავს და არც არაფერი ვიცით მის შესახებ. დედაჩემი გიორგი აბულაძის შვილია. ვიცით, რომ საქართველოში დედას ჰყავს კიდევ სამი უმცროსი ძმა. სამწუხაროდ, მეტი ინფორმაცია არ გაგვაჩნია, მაგრამ, გიორგი აბულაძის პოვნის იმედს არ ვკარგავთ. საქართველოში ბაბუა თერჯოლის რაიონის სოფელ ჩხარში ცხოვრობდა. შესაძლებელია, ის ამჟამადაც იქ ცხოვრობს, მაგრამ, მისი ზუსტი მისამართი ჩვენთვის უცნობია. ძალიან გვინდა, აღვადგინოთ დაკარგული კავშირი ბაბუასთან და, შეძლებისდაგვარად, სხვა ნათესავებთანაც. გიგზავნით ფოტოს, იმედი მაქვს, ბაბუა გამოგვეხმაურება და დაგიკავშირდებათ.
ტატიანა ევგენის ასული კადაცკაია ეძებს 47 წლის ალექსანდრე დგებუაძეს და მის ოჯახს.
ისტორია: ვეძებ ჩვენს ნათესავებს, მათ შორის, 1966 წელს დაბადებულ ალექსანდრე დგებუაძეს. ნათესავებთან კავშირი შეწყდა ქართულ-აფხაზური ომის დროს. ალბათ, ყველას გვახსოვს ის საშინელი პერიოდი. სწორედ მაშინ ვიმყოფებოდით ჩვენ სტუმრად ქალაქ სოხუმში, დგებუაძეებთან და, პირდაპირი მნიშვნელობით, გამოვიქეცით იქიდან არეულობის დაწყებისთანავე. რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა ნათესავების ტელეფონების ნომრები და მისამართები, მაგრამ, ვერც ტელეფონით და ვერც წერილობით მათთან კავშირი ვეღარ აღვადგინეთ და საერთოდ არაფერი ვიცით მათი ბედის შესახებ. ძალიან გინდა მათი პოვნა. გვაქვს ალექსანდრეს ფოტოსურათი (მისი ჯარში მსახურობის დროინდელი, ის ქართულ ჯარში მსახურობდა), რომელსაც გიგზავნით კიდეც. ალექსანდრეს შინაურები გიას ეძახდნენ. მას ჰყავს მეუღლე – თამრიკო და ორი შვილი – ნინიკო და ჟორა. ალექსანდრეს დედა იყო ნინა შეგლოვსკაია (ქალიშვილობის გვარი). ნინას დაბადების თარიღია 1934 წლის 9 მარტი. ალექსანდრეს მამას მაკარი ერქვა. ბებიაჩემი – სვეტლანა ალექსანდრეს ასული და, ბაბუაჩემი – ანატოლი მიხეილის ძე ივაშენკო ძალიან განიცდიან ნათესავებთან კავშირის არქონას და იმას, რომ ომის შემდეგ ჩვენ მათ შესახებ არაფერი ვიცით. ამიტომაც, გადავწყვიტე, დახმარებისთვის თქვენთვის მომემართა. ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ დაკარგული ნათესავების პოვნაში. ჩვენ მათ ვერანაირი გზით ვერ მივაგენით.
თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიებთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.