ინტიმური საუბრები
ჩემს სიძეს ჭკუა ვასწავლე
ჩემი და სიყვარულით გათხოვდა. მასაც და მის ქმარსაც თავიდანვე უნდოდათ ბევრი შვილი და ხუთ წელიწადში შორენამ ოთხი შვილი გააჩინა – ორი გოგო და ორი ბიჭი. ჩემს სიძეს კიდევ უნდოდა შვილები – შვიდამდე უნდა ავიდეო, ტრაბახობდა. შორენას კი ჯანმრთელობა აღარ უწყობდა ხელს, რადგან, ბოლო ფეხმძიმობისას რაღაც პრობლემები შეექმნა და სერიოზული მკურნალობა სჭირდებოდა. ბოლოს, როგორც იქნა, მისი ქმარი შეეგუა იმას, რომ მეტი შვილი აღარ ეყოლებოდათ.
ჯანმრთელობის შერყევის გამო, მეოთხე შვილის გაჩენის შემდეგ, შორენა ჯერ ძალიან გახდა, მერე კი (როგორც ჩანს, ზოგიერთმა წამალმა იქონია ასეთი შედეგი) ნელ-ნელა მოიმატა წონაში და საკმაოდ გასუქდა. ცხადია, წონაში ასეთმა მომატებამ მის გარეგნობაზეც იქონია გავლენა და აღარ იყო ისეთი კოხტა და ცქრიალა, როგორიც გათხოვებამდე. მის ქმარს კი, იმის ნაცვლად, რომ ცოლისთვის ემკურნალა, პრეტენზიები გაუჩნდა – თურმე აღარ მოსწონდა თავისი ცოლი და, ამიტომ, გარე-გარე დაიწყო წანწალი ქალებში. ერთხელ ჩემი ყურით გავიგონე, ნასვამმა რომ უთხრა: რას დაემსგავსე, საერთოდ აღარ შემეფერები, შენთან ერთად ხალხში გამოჩენა „მეპაზორებაო.“ საწყალმა გოგომ მთელი კვირა ტირილში გაატარა, მერე კი გადაწყვიტა, მკაცრი დიეტა დაეცვა და შიმშილობა დაიწყო, მაგრამ, ისე ცუდად გახდა, კინაღამ ხელში ჩაგვაკვდა. ისევ მე მოვძებნე საკმაოდ გამოცდილი ენდოკრინოლოგი, რომლის მკურნალობის შედეგად, შორენამ ერთ წელიწადში 30 კილოგრამი დაიკლო და ანგელოზივით ქალი დადგა. ამასობაში, ბედის ირონიით თუ იმ კანონზომიერებით, რომ ბუნებაში არაფერი იკარგება, ჩემი სიძე გასუქდა ისე, რომ ლამის თვალები აღარ უჩანდა. იმხელა ღიპი დაედო, ფეხსაცმელს ვერ იკრავდა (როგორც ჩანს, კარგმა კვებამ და ხშირმა ქეიფებმა იცის ასე).
ერთხელ სადღაც უნდა წასულიყვნენ ერთად (მგონი, ოფიციალურ წვეულებაზე). რომ გამოეწყვნენ და კარისკენ გაემართნენ, ვერ მოვითმინე და ჩემს სიძეს „ვუიაზვე“: ისეთი ლამაზია შორენა, ნამდვილად აღარ შეეფერები. შენთან ერთად ხალხში როგორ უნდა გამოჩნდეს-მეთქი. ჩემმა სიტყვებმა ისე გაამწარა, კინაღამ შუაზე გასკდა, მაგრამ, ვერაფერი მითხრა. შორენამაც მისაყვედურა – რაღა დროს მაგაზე ლაპარაკიაო, მაგრამ, გამოგიტყდებით და, მაგრად მოვიფხანე გული.
იმ დღის შემდეგ, ვერც კი წარმოიდგენთ, ისეთი მზრუნველი და ყურადღებიანი ქმარი გახდა ჩემი პატივცემული სიძე.
ნანული, 31 წლის.
არ ვნანობ, ქმარს რომ გავშორდი
14 წლის ვიყავი, ჩემი მშობლები ერთმანეთს რომ დაშორდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი სვამდა და ხშირად ტეხდა ხოლმე სახლში დებოშს, თანაც, ისედაც ძალიან მძიმე ხასიათი ჰქონდა, მაინც სულ ვსაყვედურობდი ხოლმე დედას, ოჯახი არ უნდა დაგენგრია, უნდა მოგეთმინა, ხასიათი უნდა შეგეწყო ქმრისთვის და უმამოდ არ უნდა დაგეტოვებინე-მეთქი. ჩემს შენიშვნებსა და საყვედურებზე დედა არაფერს მპასუხობდა, მხოლოდ ტიროდა და მე ეს უფრო მაღიზიანებდა. ერთადერთხელ მითხრა, ყველაფერს ხომ ვერ ვიტყვი, მაგრამ, ის 15 წელი, რაც მამაშენთან გავატარე, ნამდვილი ჯოჯოხეთი იყოო. სიმართლე გითხრა, ვნანობ, რომ ასეთ კაცს შევწირე ჩემი ახალგაზრდობა და, სანამ ძალიან პატარა იყავი, მაშინ არ გავშორდითო. მე მაშინ ვერ გავუგე დედას და მაინც მამის მხარე დავიჭირე, მიუხედავად იმისა, რომ არც გაყრამდე და, მით უმეტეს, არც გაყრის შემდეგ, ჩემდამი მამობრივი მზრუნველობა არ გამოუჩენია. რატომღაც, მეგონა, რომ მისი ასეთი საქციელის მიზეზი დედაჩემის მუდმივი პრეტენზიები და უკმაყოფილება იყო.
ინსტიტუტი რომ დავამთავრე, ცოლად გავყევი ბიჭს, რომელსაც სამი წელი ვუყვარდი და აჩრდილივით დამდევდა, თან მყვებოდა, რომ ჩემი ყურადღება და სიყვარული დაემსახურებინა, რასაც მიაღწია კიდეც. მაგრამ, გათხოვებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მისი ნამდვილი სახე დავინახე: ეჭვიანი, უხეში, ცინიკოსი, უხასიათო კაცი შემრჩა ხელში. სადღა იყო ის რაინდი, რომელმაც თავი შემაყვარა. ყველაფერთან ერთად, სამსახური მიმატოვებინა და ჩემს მეგობრებთან ურთიერთობაც ამიკრძალა. საკუთარი შემოსავლის გარეშე დავრჩი და იძულებული ვიყავი, ყოველი კაპიკი მისთვის მეთხოვა. მაგრამ, ესეც არ მოეწონა და გამომიცხადა, საჭმელი მე მომაქვს, გადასახადებს მე ვიხდი და შენ რაში გჭირდება ფული, სისულელეებში რომ ფლანგოო? არც ჩემს ჩაცმაზე ზრუნავდა. მოკლედ, გამომკეტა სახლში და მონად მაქცია, რომელსაც არანაირი ადამიანური მოთხოვნილებების უფლება არ ჰქონდა. ორსულობის პერიოდშიც კი ვერ ვბედავდი, რამე მეთხოვა (თუნდაც ხილი ან რამე სხვა საჭმელი). ინტიმის დროსაც კი დესპოტი იყო. ამ საშინელებას ორი წელი გავუძელი, მერე კი დედაჩემს ვუამბე ყველაფერი და ვუთხარი, უნდა გავეყარო, თორემ, შეიძლება, გავგიჟდე და ჩემი შვილი შენ დაგრჩება გასაზრდელად-მეთქი. დედას მწარედ გაეცინა და მითხრა, მაგ ყველაფერს ლოთობა და ცემა-ტყეპა რომ დაუმატო, მამაშენის ანალოგიურ კაცს მიიღებო. მხოლოდ მაშინ მივხვდი, რას გაუძლო საწყალმა ქალმა და მუხლებზე დაჩოქილმა მოვუხადე ბოდიში იმ ტკივილისთვის, რაც მე ჩემი საყვედურებით მივაყენე.
ჩემს ქმარს არ ეგონა, გაყრაზე ფიქრსაც თუ გავბედავდი და, რომ ვუთხარი ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, მუქარაზე გადავიდა. მაგრამ, დედაჩემს უკვე გამოვლილი ჰქონდა ეს ეტაპი და მაგრად დაუხვდა – იქით დაემუქრა და თავისი ძმები ჩარია ამ საქმეში, რომლებმაც, როგორც იტყვიან, კისერი მოუგრიხეს ჩემს ქმარს – ისე დააშინეს, გარდა იმისა, რომ თვითონ შეიტანა გაყრაზე განცხადება, ბავშვს თავისი წილიც კი მისცა ბინიდან.
რა თქმა უნდა, ქალი უნდა ეცადოს, რომ ოჯახი არ დაანგრიოს, მაგრამ, არანორმალური მამის გვერდით გაზრდილ ბავშვს, შეუძლებელია, ნორმალური ფსიქიკა შერჩეს. ამიტომ, ვეღარც დედას ვამტყუნებ და მეც აბსოლუტურად არ ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას.
ანანო, 25 წლის.