კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ქორწინდებიან მოხუცები თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში და რას უგროვებენ აქაური მოხუცები შვილებს

თბილისის  ხანდაზმულთა პანსიონატს  ოთხმოცდათხუთმეტი   ბინადარი ჰყავს, რომელთა ცხოვრებაც აქ, ამ  სახლში  ფერადი დღეების მოლოდინში გადის. ბავშვებივით არიან – ერთი ტკბილი სიტყვა გულს უთბობთ. ყველაზე მეტად ის ახარებთ, როცა შვილები ან უბრალოდ, ახალგაზრდები ესტუმრებიან... საკუთარ წარსულზე უყვებიან ყველას... 

პანსიონატის ბინადართა შორის  ერთი განსაკუთრებული წყვილია – შოთა ბიძინაშვილმა  და რიმა ოკუნციანმა ერთმანეთი აქ გაიცნეს და ორი წლის წინ, ტრადიციული ქორწინებით, მეჯვარეებით, ქართული სუფრითა და მრავალჟამიერით იქორწინეს.  დღეს  პანსიონატია მათი ოჯახური სავანე – პანსიონატი,  რომლის კედლებს  ორი მოხუცის სიყვარულის ისტორია დიდი ხანია, გასცდა – რაც დასტურია იმის, რომ სიყვარულს ასაკი არ აქვს.          

 შოთა ბიძინაშვილი:  მე თბილისელი მოხუცი ვარ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი. ცხოვრებამ ისე მოიტანა, რომ აქ მოვხვდი, რაზეც არასდროს მიფიქრია. მთელი ცხოვრება შრომაში გავატარე. საჩამომსხმო საამქროში მეყალიბე ლითონის ჩამომსხმელად ვმუშაობდი. თავისუფალ დროს ვხატავდი, ვძერწავდი, ვაკეთებდი ეკლესიის მაკეტებს. თვითნასწავლი მხატვარი ვარ,  ბევრი გამოფენა მაქვს მოწყობილი – ნატურიდან მაქვს დახატული სიონის, ქაშუეთის, სვეტიცხოვლის ტაძრები და მაკეტებად ვაქციე. გაკეთებული მაქვს ილიას პოემა ,,კაკო ყაჩაღის” სცენების მაკეტებიც.  ჩემი ოცნება იყო, შემექმნა ილია მართლის სახელობის ეკლესიის მაკეტი და ეს ოცნება აქ ავისრულე.  ჯერ ფეხსაცმლის კოლოფებით, შემდეგ კი პენოპლასტის ნაჭრებით გავაკეთე უნიკალური მაკეტი ეკლესიისა, რომელსაც აქვს ოთხწახნაგოვანი გუმბათი და ქუჩის აივანი. ამის მსგავსი მაკეტი არ არსებობს. ახლა ერთი ოცნება დამრჩა – ეს ეკლესია ჩვენი პანსიონატის ეზოში აიგოს. ეგებ ეს ოცნება ამისრულდეს კიდეც.   

– თქვენს აქაურ ცხოვრებაზე მომიყევით.

– აქ კარგად ვარ. მას შემდეგ უფრო კარგად ვარ, რაც რიმა გავიცანი. ჩვენ ორი  წლის წინ დავქორწინდით. კარგი ქორწილი გადაგვიხადეს აქაურმა უფროსებმა. მეჯვარეებიც გვყავდა, ქეიფიც იყო და ცეკვა-თამაშიც. ასკაციანი სუფრა გაშალეს. ჩემი შვილიშვილები ახალგაზრდები არიან და ცოლი ვერ მოუყვანიათ, სულ ვეუბნები ხოლმე: მე  90 წლის ასაკში მოვიყვანე ცოლი და თქვენ რა დაგემართათ-მეთქი. ერთი პრობლემა გვაქვს – როცა რიმა აქ ჩაირიცხა, ასპროცენტიანი დაფინანსება არ მისცეს, ქულები არ ეყო. თავისი პენსიიდან იღებს ცხოვრების ხარჯს, მარტო ჩემი პენსია კი არ გვყოფნის. თან, რიმას წინასწარ გამოუტანია ოთხი თვის პენსია, შვილს კრედიტი სჭირდებოდა და მისცა.  ვის აღარ მივწერე, რომ რიმას პენსია არ დაექვითოს. ახლა მითხრა, თუ  უარს მოგვწერენ, შიმშილს დავიწყებო, ისედაც ასეთი გამხდარია – ამან შიმშილი რომ დაიწყოს, მოკვდება და მე რა მეშველება? 

დარეჯან თომაძე ( თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ხელმძღვანელი): უკვე ერთი წელია, რაც ამ პანსიონატს ვხელმძღვანელობ და უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ მოხუცები ძალიან ჰგვანან ბავშვებს. მათ იმდენი აქვთ საერთო, ვერც კი წარმოიდგენთ. ბავშვს ხომ უყვარს საუბარში იმის თქმა, ვინ უნდა გახდეს მომავალში, მოხუცები  კი მუდამ იმაზე  აკეთებენ აქცენტს, როგორ ცხოვრობდნენ ახალგაზრდობაში – სად მუშაობდნენ, რას აკეთებდნენ. ოთხმოცდათხუთმეტი  ბენეფიციარიდან, რომლებიც ჩვენთან ცხოვრობენ, ოცდასამი მწოლიარეა. მათთვის აქ  ცხოვრება უფრო რთულია. თუმცა, შემიძლია  გითხრათ, რომ აქ მოხუცები საკმაოდ მხიარულად ცხოვრობენ. თითქმის თვე არ გავა, დაახლოებით, ხუთი სტუმარი არ მოვიდეს ჩვენთან. ასეთი დღეები ჩვენს მოხუცებს განსაკუთრებულად უყვართ. ყველაზე მეტად ის ახარებთ, როცა  ბავშვები მოდიან მათ მოსანახულებლად. უნდა ნახოთ, როგორი  გაბრწყინებული სახეები აქვთ – იმ ბავშვებში მონატრებულ შვილებს და შვილიშვილებს ხედავენ. ჩემთვის, როგორც დირექტორისთვის, ყველაზე მტკივნეული იმ მოხუცების ბედია, რომლებიც შვილებმა ოჯახებიდან გამოუშვეს და  აქ მოიყვანეს. იმის მიუხედავად, რომ მათ მშობლები პანსიონატში ცხოვრებისთვის გაიმეტეს, მშობლები მაინც თავის წილ ნამცხვარს, პურს, ტანსაცმელს აგროვებენ და იქით ეხმარებიან ოჯახს, შვილებს. აქ, პენსიის  დღეს რიგია – რომელი შვილი მოასწრებს, რომ მშობლის პენსია აიღოს. მე ვფიქრობ, თავიდან უნდა გადამოწმდეს აქ ჩარიცხული – ოთხმოცდათხუთმეტი მოხუცის ისტორია. მათ შორის არიან მოხუცები, რომელთა ზურგს უკან ძლიერი თანადგომის ქსელია – ჰყავთ შეძლებული შვილები, აქვთ დაკეტილი და გაქირავებული სახლები. ამ დროს კი, რიგში დგას 200 ადამიანი, მათ შორის დამსახურებული პიროვნებები, რომელთაც ასი გრამი პური ენატრებათ.         

– როგორც ვიცი, აქ რამდენიმე წყვილი  დაქორწინდა კიდეც. 

– ხუთი წყვილი გვყავს, რომლებიც ჩვენთან ცხოვრობენ. სამი წყვილი აქ, ადგილზე დაქორწინდა. ორი წყვილის მომავალიც თითქმის უკვე გარკვეულია – მათ გადაწყვიტეს, რომ ერთმანეთს დაუკავშირონ ცხოვრება.  დღე-დღეზე მათ დაქორწინებას ველოდებით. უნდა ნახოთ, როგორ დადიან ერთმანეთის გვერდით, ხელიხელჩაკიდებული ჩვენი წყვილები. ეს დასტურია იმისა, რომ სიყვარულს ასაკი არ აქვს.   

 

скачать dle 11.3