მხოლოდ ქალებისთვის
სიყვარული‚ ერთგულება‚ ღალატი‚ სიმარტოვე‚ მოლოდინი‚ შურისძიება‚ სინანული... – ეს მარადიული თემებია.
ამ რომანში ბევრი ქალბატონი ამოიცნობს ეპიზოდებს საკუთარი ცხოვრებიდან. არცაა გასაკვირი‚ რადგან, რომანი რეალურ ფაქტებზეა აგებული – მთავარი გმირის‚ ანუკას თავგადასავალში რამდენიმე ქალის რეალურად თავსგადახდენილი ისტორიაა თავმოყრილი
რომ გაიპარნენ‚ გელა 24 წლის იყო‚ ანუკა – 19-ის. სამი წელი უყვარდათ ერთმანეთი‚ მაგრამ‚ ჯერ პატარები ხართო‚ ერთმანეთი უკეთ გაიცანითო‚ თქვენი გრძნობა გამოსცადეთო‚ ინსტიტუტი დაამთავრეთო‚ სამსახურები იშოვეთო... მოკლედ‚ ესაო‚ ისაო‚ მაგრამ‚ ჯერ ადრეა თქვენი დაქორწინებაო... ამიტომაც‚ სამი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს‚ სიყვარულსა და ერთგულებას ეფიცებოდნენ. ითმინეს გელამ და ანუკამ‚ ითმინეს და‚ სამი წლის შემდეგ ადგნენ და გაიპარნენ. ისე‚ ვის გაეპარნენ‚ თვითონაც არ იცოდნენ‚ უბრალოდ‚ თავიანთი ჭკუით‚ მეტი რომანტიკა შესძინეს სამწლიან სიყვარულს‚ თორემ‚ არც გელას მშობლები იყვნენ ანუკას წინააღმდეგი და არც ანუკას მშობლებს ჰქონდათ რამე პრეტენზია გელას მიმართ‚ გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებისა.
გაიგეს ოჯახებმა‚ გაიპარნენო და‚ როგორც საერთოდ ხდება ხოლმე‚ ატყდა ერთი ამბავი: ანუკას დედამ‚ ოლიკომ‚ მოთქმით დაიწყო და მუქარით დაამთავრა სიტყვაში გამოსვლა – არ დამენახონ თვალით‚ თორემ‚ დავხოცავ ორივესო; ანუკას მამამ‚ გოგიმ – ეს როგორ გამიბედა ჩემმა შვილმა‚ როგორ მაკადრაო‚ მაგის მამობაზე ხელს ვიღებო; გელას დედამ‚ ლელამ, საერთოდ ხმა ვერ ამოიღო‚ მხოლოდ ის თქვა‚ ღმერთო‚ ორივე მშვიდობით დააბრუნე სახლშიო, – და გაჩუმდა; გელას მამამ კი უხმოდ ამოიღო ჯიბიდან მობილური‚ შვილის ძმაკაცებს დაურეკა‚ გაიგო‚ სად გაიპარნენ გელა და ანუკა და‚ ისე‚ რომ არავისთვის არაფერი უთქვამს‚ სახლიდან გავიდა.
– ანდრო‚ სად მიდიხარ? – სასოწარკვეთილი ხმით დაედევნა ცოლი.
– დამელოდეთ! – კიბიდან ამოსძახა ანდრომ‚ მერე სადარბაზოსთან მდგარი თავისი „მერსედესი“ დაქოქა და ერთ საათში თავზე დაადგა მისი დანახვით გაოცებულ და შეშინებულ ნეფე-პატარძალსა და მათ მასპინძლებს.
ანდროს დანახვაზე გელა დაიბნა‚ ანუკამ დაიმორცხვა‚ მასპინძლები და რამდენიმე ახალგაზრდა გოგო-ბიჭი კი შეშინდნენ‚ აქ ამბავი არ ატყდესო‚ მაგრამ ანდროს არავისთვის მიუქცევია ყურადღება‚ საერთო სალამი თქვა და პირდაპირ ანუკას მიადგა:
– არ დამიმალო‚ მართალი მითხარი – მოგიტაცა თუ გამოიპარეთ?
ანუკას ისე შერცხვა‚ ისე‚ რომ კინაღამ გული გაუჩერდა. კარგა ხანს ხმა ვერ ამოიღო‚ იდგა თავჩაღუნული და იატაკს ჩასჩერებოდა. ანდრომ აცადა გონზე მოსვლა და კითხვა გაუმეორა. ანუკამ ერთი ღრმად ჩაისუნთქა და ოდნავ გასაგონად ამოიჩურჩულა:
– მე თვითონ წამოვყევი...
ანდროს თითქოს ლოდი მოეხსნა‚ ანუკა გულში ჩაიკრა და ასე ჩახუტებული მიიყვანა სახელდახელოდ გაშლილ სუფრასთან.
– ღვინო დამისხით! – გასცა ბრძანება და თვალით უხმო კართან აწურულ თავის შვილს. გელა ნელი ნაბიჯით მივიდა მამასთან და გვერდით დაუდგა.
– მე რას დამიდექი გვერდით‚ შე მამაძაღლო‚ დადექი ანუკასთან! – ანდრომ ხელით უბიძგა ნეფეს და შევსებული სასმისი ასწია:
– ხალხო! დღეს მე უბედნიერესი კაცი ვარ. დღეიდან ორი შვილი მყავს და‚ მინდა‚ მათ დიდი სიყვარული ვუსურვო. ამათი ცუდი ნუ გამაგონოს ღმერთმა!.. – ანდროს მღელვარებისგან ხმა ოდნავ აუკანკალდა და თვალზე მომდგარი ცრემლი რომ არავის დაენახა‚ სასწრაფოდ გამოცალა სასმისი‚ – დანარჩენს დღეს საღამოს მოგახსენებთ. ყველას‚ ვინც აქ ხართ‚ ჩემთან გელოდებით. დათუნა! – მიმართა შვილის ერთ-ერთ ძმაკაცს‚ – შენ გავალებ ამ საქმეს. ჩემი ტელეფონის ნომერი და მისამართი იცი. ყველას დაუგვიანებლად ჩამომიყვან, – შემდეგ ანდრომ დათუნას ჯიბეში ფულის საკმაოდ მოზრდილი შეკვრა ჩაუდო, შვილი და რძალი გადაკოცნა‚ კიდევ ერთხელ მიულოცა‚ დაბნეულ გელას ხუმრობით მსუბუქად წაუთაქა‚ იქ მყოფთ მადლობა გადაუხადა და საღამომდე დაემშვიდობა.
– წამოდით‚ შვილებო‚ სახლში‚ – ხელი ჩაჰკიდა ანდრომ ნეფე-პატარძალს და მანქანისკენ წაიყვანა. გზაში მობილურით რამდენიმე ძმაკაცს დაურეკა‚ რაღაც დავალებები მისცა და ბოლოს ცოლთან დარეკა – მოვდივართ და მძახლებიანად სახლში დამხვდითო. თვითონ კი გზიდან გადაუხვია და თბილისში საუკეთესო მაღაზიასთან შეჩერდა. მერე დაბნეული გელა და ანუკა ძალით გადმოიყვანა მანქანიდან და მაღაზიაში შეუძღვა. ახალგაზრდა‚ ლამაზმა და‚ ამავე დროს‚ ადამიანების ამოცნობაში გაწაფულმა გამყიდველებმა უმალ იგრძნეს „მსუყე“ კლიენტი და მომხიბვლავი ღიმილით შემოეხვივნენ.
– ორივე თავიდან ფეხებამდე გამოაწყვეთ. ყველაფერი საუკეთესო შეურჩიეთ‚ უპირველეს ყოვლისა – საპატარძლო კაბა. ნეფესაც ჩააცვით! – გასცა ბრძანება გელას მამამ. გამყიდველი გოგონები დაფაცურდნენ‚ ბედნიერებისა და მოულოდნელობისგან გაბრწყინებულ ანუკასა და გელას ხელი ჩაჰკიდეს და სადღაც გააქანეს. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ კი პარკებითა და ყუთებით დახუნძლულები გამოლაგდნენ მაღაზიის ფოიეში. ანდრომ ნავაჭრი მანქანაში ჩააწყობინა და ნეფე-პატარძალი საუკეთესო სალონში გააქანა. ცოტა ხანში‚ დავარცხნილ-გალამაზებულები‚ პარკებიან-კოლოფებიანად‚ საბურთალოზე წაიყვანა‚ სადაც გაწყობილ-გაწკრიალებული სამოთახიანი ბინა ჰქონდა დაკეტილი. ბინის კარი თვითონ გაუღო‚ ხმაურით შეუძღვა ოთახებში და საზეიმოდ გამოუცხადა:
– ეს ბინა თქვენია‚ ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ‚ მაგრამ‚ აქ მაშინ გადმოხვალთ საცხოვრებლად‚ როცა მე დაგრთავთ ნებას. მანამდე ჩვენთან იცხოვრებთ! ახლა კი სასწრაფოდ გამოიცვალეთ ტანსაცმელი. ჯერ სახლში მივდივართ‚ მერე ეკლესიაში‚ ეკლესიიდან კი – რესტორანში‚ 8 საათზე ხალხი გველოდება.
ყველაფერი თითქოს სიზმარში ხდებოდა. ანუკამ და გელამ მორთვა-მოკაზმვა არც ისე სწრაფად მოათავეს და გაბრწყინებულები გამოეცხადნენ სავარძელში განცხრომით გადაწოლილ ანდროს.
– რა ლამაზები ხართ! მადლობელი ვარ‚ მამა‚ ასეთი ბედნიერება რომ მომანიჭეთ! ქალიშვილი არ მყავდა და ახლა ისიც გამომიგზავნა ღმერთმა! – ანდრომ ორივე გულში ჩაიკრა‚ გადაკოცნა‚ მერე კი ოდნავ მოშორებით დადგა და კრიტიკული თვალით შეათვალიერა ნეფე-პატარძალი – ხომ ყველაფერი წესრიგში აქვთო.
– ღმერთმა კი არა‚ შენმა ერთადერთმა შვილმა! – პირველად ამოიღო ხმა გელამ და ამაყად გადახედა ანუკას.
– შენ – ჩუ‚ შენ მერე მოგელაპარაკები! – ხუმრობით შეუწყრა ანდრო შვილს და ორივე ააჩქარა.
თხუთმეტ წუთში პიპინ-პიპინით მიადგა „მერსედესი“ ანდროს სახლს. მეზობლები ფანჯრებში იყვნენ გადმოკიდებული‚ ბავშვები სადარბაზოსთან მოგროვდნენ.
... დედამთილი‚ თაფლიანი ფიალით ხელში‚ კარში გამოეგება შვილსა და რძალს‚ ამოტრიალებული თეფში დაუდო ზღურბლთან‚ პატარა კოვზით ორივეს თაფლი ჩაუდო პირში და ტკბილად დაბერება უსურვა. შამპანურის რამდენიმე ბოთლი ერთად აფეთქდა‚ ერთმანეთში აირია მილოცვა‚ დალოცვა‚ სადღეგრძელო‚ სიცილი‚ ცრემლი...
– აბა‚ ახლა კი ყველანი ეკლესიაში! – ბრძანა ცოტა ხანში ანდრომ‚ პირველი თვითონ დაიძრა და თან ასკაციანი ამალა გაიყოლა.
ჯვრისწერა ყველა წესისა და რიგის დაცვით ჩატარდა. სახელდახელოდ მოწყობილი ქორწილიც ისეთი გამოვიდა‚ კაცი იფიქრებდა‚ სულ მცირე‚ ერთ თვეს მაინც ემზადებოდნენო. ანდროს წყალობით‚ იქვე მოხდა ანუკას მშობლების შემორიგებაც. ერთი სიტყვით‚ ყველაფერი ისე დამთავრდა‚ ზღაპრებში რომ ხდება ხოლმე. მეორე დილას ანუკამ და გელამ ხელიც მოაწერეს და იმავე საღამოს ანდრომ ნეფე-პატარძალი საქორწინო მოგზაურობაში პარიზში გაუშვა.
საფრანგეთში გატარებულმა ერთმა თვემ უცბად გაირბინა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი თბილისში დაბრუნდა და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. გელას დედ-მამა თან ჰყვებოდა რძალს: ხელისგულზე ატარებდა‚ ყველანაირ კომფორტს უქმნიდა‚ ყველა სურვილს უსრულებდა. ანუკაც ცდილობდა‚ სითბო და ყურადღება არ მოეკლო მზრუნველი დედამთილ-მამამთილისთვის. გელა ხომ თაფლად და შაქრად იღვრებოდა – გიჟდებოდა ცოლზე‚ თვალებში შესციცინებდა‚ უიმისოდ ფეხს აღარსად ადგამდა. ერთი სიტყვით‚ ბედნიერებით ხარობდა ოჯახი. მათი ბედნიერება ერთი წლის თავზე პატარა ანდრო ასათიანის ამქვეყნად მოვლინებამ გააათმაგა‚ კიდევ ორი წლის შემდეგ კი – ხატულა გოგონას გაჩენამ‚ რომელსაც ანუკას ინიციატივით დედამთილის სახელი – ლელა დაარქვეს.
წელი წელს მისდევდა. ბავშვები იზრდებოდნენ. გელამ რაღაც ბიზნესი წამოიწყო და აღარ იყო მამის ხელის შემყურე, ცოლი კი არ გაუშვა სამსახურში – სანამ ფეხზე ვიდგები‚ მე ვარ ვალდებული‚ ოჯახი შევინახოო. ანუკაც აღარ გასძალიანებია. ბავშვები დედამ უნდა გაზარდოსო‚ – ფიქრობდა და ძიძაც დაითხოვა.
გავიდა რამდენიმე წელი. პატარა ანდრო უკვე მესამე კლასში გადავიდა‚ ლელა პირველ კლასში შეიყვანეს. თითქოს ყველაფერი ისევ ისე იყო: ბებია-ბაბუა მზრუნველობას არ აკლებდა რძალსა და შვილიშვილებს‚ გელაც თან ჰყვებოდა ცოლ-შვილს‚ მაგრამ, ანუკა რაღაც ცვლილებას ატყობდა ქმარს. რას – ვერ ხსნიდა‚ თუმცა‚ უსიამოვნო შეგრძნება მუდამ თან სდევდა და განსაკუთრებით მაშინ უძლიერდებოდა‚ როდესაც გელა გვიან საღამოს ბრუნდებოდა სახლში სამსახურიდან. ანუკა კარს გაუღებდა‚ გაუღიმებდა და‚ სანამ ქმარი ტანსაცმელს გამოიცვლიდა და ხელ-პირს დაიბანდა‚ ვახშამს გაუწყობდა‚ თვალებში შესციცინებდა. გელა კი‚ დაბნეული თუ დაძაბული‚ ნაძალადევად გაუღიმებდა‚ დაღლილობას იმიზეზებდა და მაშინვე დასაძინებლად მიდიოდა.
„რა მჭირს‚ რატომ მემართება ასეთი რამ? თითქოს ყველაფერი ძველებურადაა‚ მაგრამ‚ მაინც რაღაცა ისე აღარ არის. ვგრძნობ‚ რომ რაღაც შეიცვალა‚ მაგრამ‚ რა?“ – მთელ ღამეს ფიქრში ათენებდა ანუკა.
ისე‚ კაცმა რომ თქვას‚ გელაზე საყვედური ნამდვილად არ ეთქმოდა: ისეთივე ყურადღებიანი და მზრუნველი ქმარი და ისეთივე გიჟი მამა იყო‚ თუმცა‚ ქალური ალღო ანუკას რაღაცის შესახებ აფრთხილებდა.
ბოლოს‚ გადაწყვიტა‚ კარგად დაჰკვირვებოდა ქმარს და დაედგინა ის ცვლილება‚ რაც ასე აღელვებდა და აშინებდა.
და, დაიწყო ჩუმი ომი‚ თუ ამას ომი ერქვა: ყოველი საღამო ერთი შეხედვით ისევ ისეთი იყო – ცოლ-ქმრის თბილი შეხვედრა‚ გულითადი საუბარი ჩვეული შეკითხვებით:
– რა ხდებოდა დღეს სახლში‚ როგორ იყავით უჩემოდ?
– რა მოხდა დღეს სამსახურში საინტერესო?..
და ასე შემდეგ‚ მაგრამ‚ მათ ურთიერთობაში თანდათან გაჩნდა ყინულის ერთი პატარა ბურთულა‚ რომელიც ნელ-ნელა იზრდებოდა და‚ როდის იქცეოდა დიდ აისბერგად‚ არავინ იცოდა. ამ ყინულის ბურთულის არსებობა ანუკამ ცოტა გვიან დააფიქსირა‚ მაშინ‚ როდესაც დაღლილობის მომიზეზებით ქმარმა უკვე მეოთხედ თუ მეხუთედ უთხრა უარი ალერსზე. მართალია‚ ეს უარი თავაზიანი იყო და ბოდიშებით აღსავსე‚ მაგრამ, მაინც უარი ერქვა. ანუკა დააფიქრა ამ ამბავმა და ბოლოს იმაშიც გამოუტყდა თავს‚ რომ მათი ცოლქმრული ურთიერთობა ბოლო ხანებში უფრო მოვალეობის მოხდა იყო‚ ვიდრე ვნება და სიყვარული.
ამ აღმოჩენამ ანუკა შეაშფოთა და დააფიქრა.
ერთხელაც‚ როდესაც საღამოს სახლში მოსულ ქმარს კარი გაუღო და ღიმილით მიუშვირა ლოყა საკოცნელად‚ უცბად მიხვდა‚ რა ცვლილებას ამჩნევდა მასში.
„თვალს ვერ მისწორებს!“ – გაიფიქრა ელდით და უცბად რაღაცნაირად ჩაქრა‚ ჩამოიღვენთა, დაპატარავდა.
ვახშამი მაინც გაუწყო. ნახევარი დღე მოანდომა მისი საყვარელი კერძის მომზადებას და სიურპრიზად დაახვედრა. თანაც‚ გელა იმ დღეს ჩვეულებრივზე უფრო გვიან მოვიდა და‚ წესით‚ ძალიან უნდა შიებოდა.
სამზარეულოში რომ შევიდა და კოხტად გაწყობილი სუფრა დაინახა‚ გელა‚ რატომღაც‚ გაღიზიანდა‚ მაგრამ‚ შეეცადა‚ არ შეემჩნია. დედ-მამას და ბავშვებს უკვე ეძინათ და ამიტომ ცოლ-ქმარი მარტო მიუჯდა სუფრას. ანუკამ კერძი გადმოუღო საინზე‚ თვითონ კი ჩაი დაისხა და წინ დაუჯდა. საუბარი ვერ აეწყო. გელა დაბნეული და დაძაბული ჩანდა და გამალებული ჭამდა საჭმელს‚ თუმცა‚ აშკარად ეტყობოდა‚ არ შიოდა.
– ხომ მშვიდობაა სამსახურში? – ფრთხილად ჰკითხა ანუკამ.
– არის‚ რა! – მოკლედ უპასუხა გელამ და ლუკმა უგემურად გადაყლაპა‚ – რაღაც‚ მეტი აღარ მინდა‚ არადა‚ როგორ მშიოდა‚ – თქვა უმწეოდ და თეფში გვერდზე გასწია..
– ჩაი დაგისხა? – ანუკა წამოდგა და ფინჯანი გამოიღო კარადიდან.
– რა ვიცი‚ თუ გინდა‚ დამისხი.
ქალმა ოხშივარავარდნილი ჭიქა წინ დაუდგა ქმარს და უფრო თავისთავს ჰკითხა:
– ამ ბოლო დროს თითქმის არასდროს მოდიხარ მშიერი. სადმე სხვაგან სადილობ ხოლმე?
გელა შეცბა‚ სახე დაეძაბა‚ მაგრამ‚ თავს ძალა დაატანა და ძალით გაიცინა:
– კი‚ როგორ არა‚ მე და ამერიკის ელჩი „მარიოტში“ დავდივართ სადილად.
– მარტო შენ და ელჩი?
– აბა‚ კიდევ ვინ?
– რა ვიცი‚ ისე გკითხე.
– შენ რა‚ დაკითხვებს მიწყობ? ეჭვიანობა დაიწყე? – გაღიზიანდა გელა და ხმას აუწია.
– რატომ ბრაზობ‚ ასეთი რა გკითხე? – ხმა აუთრთოლდა ანუკას.
– თუ ქალი ხარ‚ ახლა ცრემლები არ გადმოყარო‚ ისედაც ნერვები მაქვს მოშლილი და‚ საერთოდ‚ ამ სახლში ჯდომამ‚ მგონი‚ მთლად გამოგაშტერა.
ანუკა გაშრა. ეს პირველი შემთხვევა იყო‚ როცა გელამ ასე უხეშად მიმართა. თითქოს გული გაუჩერდა. რომ არ ატირებულიყო‚ ჩუმად ადგა და ფანჯარასთან მივიდა.
გელა მიხვდა‚ რომ ზედმეტი მოუვიდა და უფრო აეშალა ნერვები‚ მაგრამ ახლა ნამდვილად არ აწყობდა ცოლთან უსიამოვნება‚ თავს ძალა დაატანა‚ ანუკას მიუახლოვდა‚ მოატრიალა და გულში ჩაიკრა:
– ჰო‚ კარგი‚ დაწყნარდი. რაღაც უსიამოვნება მოხდა სამსახურში და ნერვები ვეღარ მოვთოკე. მაპატიე‚ – და თვალებში აკოცა‚ ისე‚ როგორც უწინ იცოდა ხოლმე. მაგრამ‚ ანუკამ იგრძნო‚ რომ ეს კოცნაც აღარ იყო უწინდებურად მწველი. ხელიდან გაუსხლტა‚ საძინებელში შევიდა‚ კარი შიგნიდან ჩაკეტა და საალერსოდ მომზადებული ქმარი სახტად დატოვა.
***
დღე დღეს მისდევდა‚ თვე – თვეს. გელა აღარ უხეშობდა‚ აღარც ანუკა იბუტებოდა. თითქოს ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგა; ის საღამოც თითქოს დავიწყებას მიეცა‚ მაგრამ‚ ქმრის გესლიანმა ფრაზამ – სახლში ჯდომამ გამოგაშტერაო‚ ანუკა გამოაფხიზლა. დიდხანს იფიქრა და ბოლოს გადაწყვიტა‚ ცხოვრების წესი შეეცვალა. კარგა ხნის უნახავ მეგობრებს ჩამოურეკა და საღამოს ყავაზე დაპატიჟა. სასიამოვნოდ გაატარეს დრო: იჭორავეს‚ იცინეს‚ ერთმანეთის ნახვით გაიხარეს და შემდეგი შეხვედრა შაბათ საღამოს კაფეში დათქვეს. მათი შეხვედრები გახშირდა და ანუკაც უფრო ხალისიანი გახდა.
ორიოდე თვის შემდეგ ერთ-ერთმა მეგობარმა ანუკას სამსახური შესთავაზა – სილამაზის სალონს ვხსნი და ექიმი-კოსმეტოლოგი მჭირდებაო. ანუკა მაშინვე დათანხმდა. ყველაფერზე ერთად ირბინეს – საბუთების მოწესრიგებაზეც‚ სალონის მოწყობაზეც‚ რეკლამაზეც და‚ როცა ყველა პრობლემა მოაგვარეს‚ ანუკამ მხოლოდ მაშინ ჩააყენა ოჯახი საქმის კურსში:
– სამსახურს ვიწყებ!
დიდებმაც და პატარებმაც გაოცებით შეხედეს‚ ისეთი გამოწვევა იგრძნობოდა ამ პატარა წინადადებაში.
– რა გაგვიჭირდა‚ მამა‚ სამაგისო? – ცოტა არ იყოს‚ წყენით იკითხა ანდრომ.
– შენი სამსახური ბავშვებია. ამათ მიხედო‚ ის გირჩევნია! – საკმაოდ უხეშად უთხრა ქმარმა.
– რას დაესიეთ ამ ბავშვს! ძალიანაც კარგს იზამს. ახალგაზრდა ქალი რატომ უნდა იყოს სახლში გამოკეტილი? კი‚ დედა‚ გადი სამსახურში. ბავშვების დარდი ნუ გექნება‚ აგერ არ ვარ? – სიხარული ვერ დამალა ანუკას დედამთილმა. დედის გული რაღაცას გრძნობდა და‚ ეგონა‚ რძლის მუშაობის დაწყება სასიკეთოდ შეცვლიდა მისი შვილის ცხოვრებას.
– სახლში იჯდები და ოჯახს მიხედავ! – ცივად თქვა გელამ და ცოლს ისეთი თვალებით შეხედა‚ აგრძნობინა‚ საუბარი დამთავრებულიაო.
– რატომ‚ უარესად რომ გამოვშტერდე? – ირონიული ღიმილით იკითხა ანუკამ‚ – თუ, გაწყობს გამოშტერებული ცოლი?!
ანდრო და ლელა ვერ მიხვდნენ‚ რაზე იყო ლაპარაკი‚ მაგრამ, რაღაც ავისმომასწავებელი იგრძნეს და შეეცადნენ‚ სიტუაცია განემუხტათ.
– ნუ გახდით ახლა საჩხუბარს სამსახურის დაწყებას! შენც, რა მოგივიდა‚ თუ უნდა‚ იმუშაოს‚ რა ამბავი ატეხე? – მიმართა შვილს ანდრომ.
– რაც გინდათ‚ ის ქენით! – გაბრაზდა გელა და კარი გაიჯახუნა.
იმ ღამეს გელა სახლში არ მისულა. დარეკა‚ ტატოსთან ვართ ყველა‚ ვსვამთ და შუაღამისას მთვრალი ხომ არ დავჯდები საჭესთან‚ ბარემ აქ დავრჩებიო. დედამისს ელაპარაკა‚ ანუკას არც კი დაუძახა.
„არ მითხრა‚ ფაქტის წინაშე რატომ მაყენებო. ისიც კი არ მკითხა‚ სად ვიწყებ მუშაობას. თუ სახლშია‚ სულ გაღიზიანებულია...“ – ფიქრობდა სავარძელში მიწოლილი ანუკა‚ – რაღაცა სჭირს ნამდვილად‚ მაგრამ‚ რა? ვითომ‚ მღალატობს?“
თენდებოდა‚ ანუკას რომ გაეღვიძა. შესცივდა და თავის ლოგინში დაწვა. შაბათი იყო‚ შეეძლო‚ ენებივრა და ცოტა გვიან ამდგარიყო.
ისევ ჩათვლიმა. რაღაც უცნაური‚ არეული სიზმარი ნახა: ვიღაც უცნობი მამაკაცი ცდილობდა‚ მოჰფერებოდა. ანუკა იგერიებდა‚ უნდოდა, ეყვირა‚ მაგრამ‚ ხმა არ ამოსდიოდა. მერე სასმლის სუნი იგრძნო. მოძალადეს ხელიდან რომ ვერ დაუსხლტა‚ ტირილი დაიწყო და თანდათან ისტერიკაში გადაეზარდა.
– ჩუ‚ კარგი‚ დაწყნარდი‚ მე ვარ! ნუ ტირი‚ მე ვარ‚ სულელო! მოდი ჩემთან‚ ცრემლი მოგწმინდო! – ძილ-ბურანში ჩაესმა ანუკას ნაცნობი ხმა და შიშისგან ისე უცებ გამოფხიზლდა‚ სიზმარი და რეალობა ერთმანეთისგან ვეღარ გაარჩია. თვალი გაახილა დაფეთებულმა და გელა დაინახა საწოლზე ჩამომჯდარი. საკმაოდ ნასვამი იყო‚ წვერიც წამოზრდილი მოეჩვენა‚ თმაც აბურძგნილი ჰქონდა‚ მაგრამ‚ ისე თბილად დაჰყურებდა ცოლს‚ ისე ეფერებოდა‚ ისეთ სიტყვებს ჩასჩურჩულებდა‚ რომ ანუკას ყველა ეჭვი გაფრინდა და ცხრა მთას იქით გადაიკარგა.
„ახლა ისევ ის გელაა‚ უწინ რომ იყო“‚ – გაიფიქრა გახარებულმა და ხმამაღალი სლუკუნით ჩაეკრა გულში. აღარაფერი ახსოვდა‚ მხოლოდ ის გაიფიქრა‚ ხელახლა დამიბრუნდა ქმარიო.
რამდენიმე დღის განმავლობაში ისევ იდილიამ დაისადგურა ასათიანების ოჯახში.
კვირა დღე გათენდა. ბავშვები ბებიამ და ბაბუამ პარასკევ საღამოს აგარაკზე წაიყვანეს და დაიბარეს‚ ორშაბათს დილით ადრე ჩამოვალთო.
გელა წვერს იპარსავდა‚ მაკიაჟწასმული და ვარცხნილობაგაკეთებული ანუკა ქმრის ტანსაცმელს აწესრიგებდა. უკვე 5 საათი სრულდებოდა‚ 7 საათზე მეგობრებთან იყვნენ მიწვეულები და მომზადება უნდა მოესწროთ. ანუკა კარგ ხასიათზე იყო. რამდენიმე თვეა‚ გელა მასთან ერთად აღარსად წასულა. თუ ვინმე დაპატიჟებდა‚ ყოველთვის ცდილობდა‚ ცოლის გარეშე მოეხერხებინა გაძრომა. თეატრი‚ კინო და რესტორანი ხომ საერთოდ ამოიღო დღის წესრიგიდან. გუშინ კი თვითონ უთხრა‚ ხვალ რესტორანში ვართ დაპატიჟებული და კარგად გამოიპრანჭე‚ ჩემი ცოლი ყველას უნდა სჯობდესო. ეს რომ გაახსენდა‚ ანუკას გაეღიმა და სიყვარულით გახედა ქმარს – თვალებში ეწერა‚ რომ ყველაფერი აპატია.
– გელა‚ რომელი ჰალსტუხის გაკეთებას აპირებ? – გასძახა ანუკამ და გაუთოებული თეთრი პერანგი სკამის ზურგს მოაცვა.
– ზუკამ რომ მაჩუქა! – გელა ოთახში შემოვიდა და პერანგის ჩაცმას შეუდგა‚ – მიდი‚ რა‚ გამომიტანე!
ის იყო‚ ანუკა ოთახიდან უნდა გასულიყო‚ რომ ტელეფონმა დარეკა‚ თანაც ისე მოულოდნელად‚ რომ ორივე შეკრთა. რატომღაც ორივე დაიძაბა და ორივემ უსიამოვნოდ გახედა აპარატს. ზუმერი კი ისე გამყინავად‚ ნერვიულად და ისტერიულად გაჰკიოდა‚ რომ ვერც ერთს ვერ გაებედა ყურმილის აღება.
„არ ავიღებ!“ – გაიფიქრა ანუკამ და მაშინვე აიღო ყურმილი.
– გისმენთ!
– გელას დაუძახე! – უბრძანა ქალის საკმაოდ უხეშმა ხმამ‚ – ჩქარა!
ანუკამ ყურმილი უხმოდ გაუწოდა ქმარს და ოთახიდან გასვლა დააპირა‚ მაგრამ‚ გელას დაძაბულმა სიჩუმემ და გაფითრებულმა სახემ ადგილს მიაჯაჭვა.
– მოვდივარ... – ძლივს ამოილუღლუღა გელამ და ცოლს დაბნეულად შეხედა‚ – შეგიძლია‚ გაიხადო ეგ ტანსაცმელი‚ არსად აღარ მივდივართ.
– რატომ‚ რა მოხდა? – შეშფოთებით იკითხა ანუკამ.
– შენი ჭკუის საქმე არ არის‚ გააკეთე‚ რაც გითხარი! – იყვირა გელამ და თვალები დაქაჩა. მერე სკამი მოისროლა‚ კედელს შეალეწა და კარი გაიჯახუნა. ორი წუთის შემდეგ საწოლ ოთახში შევარდა‚ კარადიდან მეორე პიჯაკი გამოიღო‚ გულისჯიბიდან ასდოლარიანების შეკვრა აიღო და გიჟივით გავარდა.
ანუკას ტირილის თავიც აღარ ჰქონდა‚ აღარც გაოცების‚ აღარც გაბრაზების. მხოლოდ ერთ რამეს მიხვდა: ყველაფერი დამთავრდა. მიხვდა‚ მაგრამ‚ ვერ იტყოდა‚ საიდან გამოიტანა ასეთი დასკვნა‚ ალბათ‚ უფრო იგრძნო.
გაიხადა და ლოგინში ჩაწვა. მერე ისევ ადგა‚ კარი ჩაკეტა‚ ტელეფონები გამორთო‚ ბარიდან ოდნავ ნაკლული კონიაკის ბოთლი და სირჩა გამოიტანა‚ უჯრიდან სიგარეტის კოლოფი და სანთებელა ამოიღო და ჟურნალების მაგიდაზე დააწყო. მერე მაგარი ყავა მოიდუღა და ისეთი ცხელი დალია‚ კინაღამ გულ-მუცელი გამოიფუფქა. სამი ღერი სიგარეტი ზედიზედ მოსწია‚ თან კონიაკს აყოლებდა. ალკოჰოლის მოქმედება რომ იგრძნო‚ ტახტზე დაწვა‚ პლედი დაიხურა და თვალები დახუჭა. უცბად იგრძნო‚ როგორ აყირავდა ყველაფერი და ანუკა ჯოჯოხეთივით შავ უფსკრულში გადაეშვა.
რამდენ ხანს ეძინა‚ არ ახსოვდა. ვერც ის გაიხსენა‚ ამდენი ხალხი როდის შემოვიდა მის ბინაში. მკლავი სტკიოდა. რომ დახედა‚ მიხვდა‚ ნანემსარი იყო. მერე ყნოსვაც დაუბრუნდა და იგრძნო‚ რომ წამლების სუნით იყო გაჟღენთილი მთელი ბინა. სამზარეულოდან დედამისის სლუკუნი ისმოდა. ტირილისგან თვალებდასიებული დედამთილი საწოლთან ეჯდა და ხელზე ეფერებოდა. ანდრო სამზარეულოში ბობოქრობდა‚ მაგრამ ანუკა სიტყვებს ვერ არჩევდა.
გელა ორი კვირის შემდეგ დაბრუნდა. არაფერი უთქვამს‚ არც ბოდიში მოუხდია. ჩვეულებრივად შევიდა სახლში‚ ჩვეულებრივად მიიღო შხაპი‚ ივახშმა‚ პრესა გადაათვალიერა და ტელევიზორს უყურა. მერე‚ დავიღალეო‚ – თქვა და საწოლ ოთახში გავიდა. ცოტა დაძაბული იყო‚ მაგრამ‚ იხტიბარს არ იტეხდა.
ანუკა ძილ-ბურანში იყო. იგრძნო‚ რომ ოთახში ვიღაც შემოვიდა და მის გვერდით დაწვა. თვალი ძლივს გაახილა და ქმრის საწოლს გახედა: გელა საბანში გახვეულიყო და გემრიელად ფშვინავდა. თავისდა გასაკვირად‚ ანუკას არაფერი უგრძნია – არც გაოცება‚ არც აღშფოთება‚ არც სიბრაზე და‚ თქვენ წარმოიდგინეთ‚ არც შეურაცხყოფა. უბრალოდ‚ ქმრის საწოლი მისთვის ახლა ცარიელი იყო‚ გელას ნაცვლად კი მის გვერდით იწვა უსულო ტიკინა‚ რომლის ავიც და კარგიც‚ ყოფნაც და არყოფნაც ანუკასთვის აბსოლუტურად სულერთი იყო. იმ დიდმა სიყვარულმა‚ რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ გრძნობდა ქმრის მიმართ‚ ანუკას გულსა და გონებაში ძალიან ღრმად გაითხარა სამარე და იქ დაიმარხა‚ როგორც მას ეგონა‚ სამუდამოდ‚ ერთი სიტყვით – გარდაიცვალა. რა კარგი სიტყვა გვაქვს ქართველებს: „გარდაიცვალა“ – ესე იგი‚ ერთი სახეობიდან მეორე სახეობად გარდაიქმნა‚ ანუ, სიტყვა „მიყვარხარ“ გადაიქცა სიტყვად – „სულერთია“.
მეორე დილით ანუკა ადრე ადგა და სამსახურში წასასვლელად მოემზადა. ექიმმა კი უთხრა‚ ერთი კვირა კიდევ იყავი სახლშიო‚ მაგრამ‚ მაინც გადაწყვიტა წასვლა – სახლში გაჩერება არაფრით არ შეეძლო.
სამზარეულოში ყავას სვამდა‚ გელა რომ დაადგა თავზე.
– სად მიდიხარ ამ უთენია? – ჰკითხა გაოცებულმა ქმარმა‚ ჩაცმულ-დახურული რომ დაინახა.
– სამსახურში‚ – მოკლედ უპასუხა ანუკამ.
– აუცილებელია‚ დღეს წახვიდე? ორი კვირაა‚ არ გინახავვარ‚ ასე უნდა შეხვდე ქმარს? – ისე ჰკითხა‚ თითქოს ის ორი კვირა ცოლზე ზრუნვაში გაატარა.
– მეჩქარება.
– მალე დაბრუნდები?
– საღამოს რვისთვის.
– ცოტა ადრე ვერ მოხვალ?
– ვერა.
– მაშინ‚ არ დაიგვიანო.
– რამე ხდება?
– მეტი რა უნდა მოხდეს‚ მომენატრე.
– მართლა?! – არ უნდოდა‚ მაგრამ‚ ანუკას ეს „მართლა“ საკმაოდ ირონიულად გამოუვიდა.
– მართლა. შენ რა‚ არ მოგენატრე?
ანუკა გაჩუმდა. მერე‚ საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ‚ გულწრფელად უპასუხა:
– არ ვიცი‚ მგონი‚ არა.
გელამ გაოცებით შეხედა და მისკენ წავიდა. ანუკა მიხვდა‚ თუ ახლა არ გაიქცეოდა‚ კიდევ ერთხელ დამარცხდებოდა ქმართანაც და საკუთარ თავთანაც. ამიტომ‚ ვითომ ვერ დაინახა მისკენ წამოსული მეუღლე‚ სასწრაფოდ ადგა‚ ყავის ჭიქაც კი მაგიდაზე დატოვა და სწრაფი ნაბიჯით გამოვიდა სამზარეულოდან.
გელა მიხვდა ცოლის მანევრს‚ მაგრამ‚ კიდევ სხვა რაღაცასაც მიხვდა და გადაწყვიტა‚ ტაქტიკა შეეცვალა.
მეორე დღიდან ანუკა მას ვეღარ ცნობდა: ისევ ის ყურადღებიანი შვილი‚ მზრუნველი მამა და ყურებამდე შეყვარებული ქმარი იყო მის წინაშე. თავიდან იუცხოვა‚ მაგრამ‚ გელას ასეთი საქციელი სტაბილურად გრძელდებოდა და ანუკაც ნელ-ნელა დამშვიდდა.
„ეტყობა‚ კაცს ცხოვრებაში რამდენჯერმე აქვს გარდატეხის ასაკი და‚ ალბათ‚ ყველაფერი ამის ბრალი იყო“‚ – ფიქრობდა ხოლმე საღამოობით‚ როცა შვილებთან ერთად ხალიჩაზე ფეხმორთხმულ ქმარს უყურებდა‚ რომელიც ხან კონსტრუქტორის აწყობას ასწავლიდა ბავშვებს‚ ხან წიგნებს უკითხავდა.
ამ ყოფაში გავიდა რამდენიმე თვე. ოჯახი ისევ მშვიდად‚ წყნარად და ბედნიერად ცხოვრობდა. ანუკას სამსახურსაც ყველა შეეგუა‚ მით უმეტეს‚ რომ ანდროს ჯანმრთელობამ უმტყუნა‚ ისე ვეღარ ინახავდა ოჯახს და აღარც გელას ბიზნესი იძლეოდა დიდ მოგებას.
რაღაცნაირად‚ თითქოს ყველაფერი მოწესრიგდა‚ მაგრამ‚ მოულოდნელად ანდროს ინფარქტმა დაარტყა და სულთმობრძავი წაიყვანეს საავადმყოფოში. დიდი მცდელობის მიუხედავად‚ ანდრომ მხოლოდ ერთ კვირას იცოცხლა. სიკვდილის წინ მთელი თავისი ოჯახი ადგა თავზე. მან სიყვარულით გადახედა ყველას‚ თვალებით გამოემშვიდობა თითოეულ მათგანს და‚ როდესაც მიბნედილი მზერა შვილს მიაპყრო‚ საჩვენებელი თითი გაჭირვებით ასწია‚ სახე დაძაბა‚ თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა‚ მაგრამ‚ მხოლოდ თითის დაქნევაღა მოასწრო – უკანასკნელად ამოისუნთქა და სამუდამოდ დახუჭა თვალი.
ყველამ ძალიან მტკივნეულად გადაიტანა ანდროს გარდაცვალება‚ მაგრამ ანუკას მაინც სხვანაირად გაუჭირდა. მხოლოდ ახლა იგრძნო სრული სიცხადით‚ რომ მთელი ოჯახის ბურჯი და გალავანი ეს კაცი იყო.
ანდროს სიკვდილის შემდეგ ანუკას ეჩვენებოდა‚ რომ მათ ოჯახს შიგნიდან ღრღნიდა უხილავი ჭია‚ ერთადერთი მშველელი კი ცოცხლებში აღარ ეწერა.
ასეთ ტკივილსა და განცდებში გავიდა ერთი წელი. ანდრო აკლდათ და ენატრებოდათ‚ თუმცა‚ როგორც ხდება ხოლმე‚ უიმისობასაც შეეგუენ და ცხოვრება ჩვეულებრივად გაგრძელდა.
ხმამაღლა არავინ ახსენებდა‚ თუმცა‚ ბავშვების გარდა ყველას – ანუკასაც‚ ლელასაც და გელასაც‚ ძალიან ხშირად ახსენდებოდათ სიკვდილის წინ ანდროს აწეული თითი და შვილისკენ მიმართული საყვედურიანი და ტკივილიანი მზერა. ახსენდებოდათ‚ მაგრამ ეს გახსენება სამივეში სხვადასხვა ფიქრსა და განცდას იწვევდა: ლელას ეგონა‚ რომ ანდრო შვილს აფრთხილებდა – ჭკვიანად მოიქეცი და ცოლ-შვილს მიხედეო. თავიდან ანუკაც ასე ფიქრობდა‚ მაგრამ‚ მერე და მერე მამის სასიკვდილო სარეცელთან მდგარი გელას შეშინებული და გაფითრებული სახე რომ ახსენდებოდა‚ გულმა უგრძნო‚ რომ მომაკვდავმა მამამ რაღაცაში ამხილა ერთადერთი შვილი‚ ოღონდ‚ ისე‚ რომ სხვებს არ გააგებინა. რატომ გააკეთა ასე? დაინდო? შეეცოდა? ან‚ იქნებ‚ მის სინდისს მიანდო რაღაც ძალიან დიდი ცოდვა მოსანანიებლად? – ეს კითხვები არ ასვენებდა ანუკას და‚ თავისდაუნებურად‚ ქმარს დაუდარაჯდა‚ მის აჩრდილად იქცა‚ ასი თვალი და ასი ყური გამოისხა და ბოლოს კერძო დეტექტივიც კი დაიქირავა. ამ სამიდან მხოლოდ გელამ გამოიცნო‚ რა უთხრა თვალებით მამამ.
ერთ კვირა დღეს ანუკა სარეცხს აუთოებდა და თან ტელევიზორს უყურებდა. გელამ კი გადაწყვიტა‚ კარგად გამოეძინა‚ რადგან‚ როგორც თვითონ თქვა‚ ხვალ მძიმე დღე მელის სამსახურშიო. საწოლ ოთახში გავიდა‚ მაგრამ‚ მაშინვე უკან მობრუნდა‚ ცოლს დაუბარა‚ არავისთვის არ ვარ სახლში‚ თავი მისკდება‚ თუ არ დავიძინე‚ შეიძლება‚ მოვკვდეო‚ – და საძინებლის კარი გაიხურა.
გელას გასვლიდან თხუთმეტი-ოცი წუთი იყო გასული‚ რომ კარზე ზარის ხმა გაისმა.
„ნეტა ვინ უნდა იყოს?“ – გაიფიქრა ანუკამ და თმისა და ხალათის სწორებით კარისკენ წავიდა. უკმაყოფილო სახით გადაატრიალა საკეტი და გაღებულ კარს მიღმა თავისი მეგობრები დაინახა. გახარებულმა ისეთი წიოკი ატეხა‚ მეორე ოთახში ჩათვლემილი გელა გამოაფხიზლა.
თიკა‚ ანი და ელენეც ისეთივე წივილ-კივილით შემოცვივდნენ ოთახში და მთელი ბინა ახალგაზრდა ქალების სიცილმა‚ ურთიერთმოკითხვისა და მოწონების გამომხატველმა შორისდებულებმა აავსო.
გაგრძელება შემდეგ ნომერში