კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველა კაცი ერთნაირია

გაიღიმე, მოგეშვება...

თიკომ შეფარვით შეხედა ერთმანეთის გვერდით გაბუტულებივით მდგარ ზუკასა და გიგის. ზუკას აფეთქების კვალი ჯერ ისევ აჩნდა გიგის სახეზე და გაბრაზებასაც აშკარად არც ერთისთვის არ გაევლო. თითქმის არ ლაპარაკობდნენ. ზუკა დაუფარავად უბღვერდა ყოფილ მეგობარს. გოგომ გაიღიმა და თვითონაც მივიდა ყავის ჩამომსხმელ აპარატთან.

– უი, ხურდა არ მქონია, – თქვა სიცილით, – აბა, რომელი დამპატიჟებთ? გიგიმ მხრები აიჩეჩა, ზუკამ უსიტყვოდ მოიქექა ჯიბეები, რკინის ლარიანი იპოვნა და ჭრილში ჩაუშვა.

– შენ თავად აირჩიე, რძიანს დალევ თუ ურძეოს.

– ოჰო, თან ერთ ლარში უნდა ჩავეტიო, ხომ?

ზუკა უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა. გიგიმ ირონიულად გადახედა ორივეს: 

– თიკო, შენ ჩვენი რაინდის მოთმინებას ნუ ცდი, თორემ, საქმის გარჩევა მუშტებით იცის, არ უჭირს ეგ საქმე.

ზუკამ იფეთქა:

– შენს ადგილას ჩუმად ვიქნებოდი, მაგრამ, ეტყობა, ფიქრობ, რომ დაუმსახურებლად მოგხვდა.

– სხვათა შორის, ეს საკითხი ჯერაც გასარკვეია, – მრავალმნიშვნელოვნად შემართა საჩვენებელი თითი გიგიმ და თიკოს თვალი ჩაუკრა, – შენ რას იტყვი საყვარელო, მეგობრებს შორის უნდა დარჩეს გაურკვეველი თემები?

– სანამ კიდევ მიმიმტვრევია შენთვის ცხვირ-პირი, გაჩუმდი! დამიჯერე, ყველაფერი გარკვეულია და, თანაც, მე შენი მეგობარი აღარ ვარ.

– ბიჭებო, ნუ დახოცავთ ერთმანეთს. ვახო კაბინეტშია, პრობლემებს ნუ შეიქმნით.

– პრობლემები იმას ექმნება, ვინც სხვის საქმეში ცხვირს ყოფს, – ღრენით ჩაილაპარაკა ზუკამ, პლასტმასის ჭიქა მოჭმუჭნა, ურნაში ჩააგდო და ოთახიდან კარის გაჯახუნებით გავიდა.

– ვაიმე, როგორი გაბრაზებულია შენზე! – თვალები გაუფართოვდა თიკოს, – ასეთი რა დაუშავე?

– არაფერი. რისი დამშავებელი ვარ, არ მიცნობ? – მიამიტურად დაახამხამა წამწამები გიგიმ, – უწყინარი ვარ, როგორც აბრეშუმის ჭია.

– ოჰო, არ გრცხვენია მაინც? მე როგორ მეუბნები ამას? შენი შავი იუმორით იმდენჯერ მატირე, სათვალავიც კი ამერია.

 – შავი იუმორი არაფერ შუაშია. ზუკას შემთხვევაში საკითხი აბსოლუტურად სხვანაირად დგას. მე ვცდილობდი, მასზე მეზრუნა, მაგრამ, ვერ გამიგო. ისე კი, რა ჩემი ბრალია, ზოგიერთები ხუმრობაზე რომ ხართ აცრილები.

– აცრილი ვინც არის, სახეზე ეტყობა, – დასცინა გოგომ და კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, რომ კაბინეტიდან გაფითრებული ვახო გამოვიდა.

– შემოდი შენ ჩემთან, – ჩავარდნილი ხმით უთხრა გიგის და მაშინვე უკან შებრუნდა.

თიკომ სინანულით გადააქნია თავი:

– კიდევ კარგი, დღის ბოლოა და სახლში მივდივარ. ვატყობ, აქ კიდევ ატყდება ქარიშხალი, დროზე გავასწრო, სანამ აგრესია ჩემზეც გადმოსულა.

– წინასწარ პროგნოზს ნუ გააკეთებ, საყვარელო. ისე არ წვიმს, როგორც ქუხს, არ იცოდი?

– კარგი, კარგი, შედი ვახოსთან. საქმე აქვს ადამიანს. მე როგორმე აგიტან და იმან იდარდოს, ვინც შენ გვერდით იქნება.

კაბინეტში შესულ გიგის ვახო ისეთი გაღიზიანებული დახვდა, რომ მაშინვე ჰკითხა:

– რამე მოხდა? იცი, სახეზე რა ფერი გაქვს? ქეთის ხომ შეხვდი და ეჩხუბე?

– მოდი, დაჯექი... – ვახომ ამოიოხრა, – ფანჯარა გააღე და სიგარეტი მომეცი.

– აუ, შენ მართლა ცუდად ხარ, აშკარად ქეთის ელაპარაკე.

– ჰმ, ქეთი... ქეთის არც ვახსოვარ და, საერთოდ, ჩემს ცოლს ვიღაც ტვინს ურევს. მაგის დედას მ...ავ! – შეიგინა ვახომ და მაგიდის ზედაპირს მუშტი გამეტებით დაჰკრა.

გიგი გაფითრდა:

– შენ რა, ხუმრობ? რაზე ლაპარაკობ,  საერთოდ არ მესმის. ვინ გითხრა ეგ სისულელე.

– რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მითხრა? სისულელე კი არა, ნაღდი ამბავია.  ქეთი, ჩემი ცოლი, ვიღაცას ხვდება... ჩემი ცოლი!.. ჯერ ისევ ჩემი ცოლია, ხომ მართალი ვარ?! იმდენს ბედავს, რომ ყველას დასანახად, აშკარად და დაუფარავად ეარშიყება უცხო მამაკაცს. ახლა გეკითხები, მე რა უნდა ვქნა, როგორ უნდა მოვიქცე?! – ვახომ ნელ-ნელა აუწია ხმას და სიგარეტს ნერვიულად მოუჭირა კბილები.

ოთახში ცოტა ხანს სიჩუმე იყო. გიგი ფიქრობდა და არ იცოდა, რა ეთქვა. სიტყვებს არჩევდა. სიტუაცია რთული იყო. ქეთის ვერ გალანძღავდა, მაგრამ, ვერც ვახოს ეტყოდა, დამშვიდდი, ისეთიც არაფერი ხდებაო.

– ბიჭო, რა მიკვირს, იცი? რომ გეკითხა, ვუყვარდი და გიჟდებოდა ჩემზე... თიკოზეც კი იეჭვიანა...

– რა?! თიკოზე? ჩვენს თიკოზე? ღადაობ?

– რას ვღადაობ. დამაცადე, ბოლომდე ვთქვა... დიახ, სწორედ ჩვენს თიკოზეც კი ეჭვიანობდა. დედას ვფიცავარ, გაოგნებული ვარ. ერთი თვეც არ გასულა, რაც სახლიდან წამოვედი და ეგრევე შემცვლელი მომიძებნა.

– ნუ აჭარბებ. რა შემცვლელი! გულახდილად გითხრა, არ მჯერა, რომ ქეთის ასეთი რაღაცის გაკეთება შეუძლია. ხომ იცი, როგორი თვალი მაქვს. არ არის ეგეთი ტიპაჟი.

– ეე, ახლა ნუ დამიწყე. გეუბნები, ვიღაცასთან დადის-მეთქი. ყოველ შემთხვევაში, სამსახურში აკითხავს, სახლში აცილებს და შეყვარებული თვალებით უმზერს. ისიც ხომ ფაქტია, რომ ქეთის ერთხელაც არ დაურეკავს და შერიგება არ უცდია.

– ნუ, ნაწყენია... ქალია... შენ კი სახლიდან წამოხვედი...

– ხო, წამოვედი... მეც მაწყენინეს და იმიტომ... მერე, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახი აღარ მინდა? ქეთისთვის კი, ეტყობა, სულერთია...

– მოიცა, მოიცა, ძმურად, მითხარი, ვინ გაგაგებინა, რომ ქეთისთან ვიღაც დადის?

– შენთვის ეს რატომ არის მნიშვნელოვანი? არ შეგიძლია, სიტყვაზე მენდო? იმიტომ დაგიძახე და მოგიყევი ეს ამბავი, რომ მითხრა, როგორ მოვიქცე. პრინციპში, შენი თქმაც არ მინდა, გავიგებ, ვინ არის და დავუნაყავ თავ-პირს, თან, პირდაპირ ქეთის ცხვირწინ. იმ ქალბატონთან კი მერე გავარკვევ ურთიერთობას.

– აუჰ, ეგ არ ქნა! შარი არ გინდა. რაც უნდა იყოს, პრესტიჟული ფირმის შეფი ხარ, ქალაქში ერთ-ერთი  საუკეთესო და სანდო კომპანიად ვითვლებით... რამდენი შრომა დაგვჭირდა ამ ყველაფრის შესაქმნელად და ერთი ჩხუბით წყალში უნდა ჩაყარო ყველაფერი?

– აბა, რა ვქნა, თუკი ეს ჩხუბი ღირსების საკითხია?! მშვიდად ვუყურო, როგორ მიშვრებიან თავზე? მერე ვინ? – ჩემი ცოლი! ჩემი ცოლის დედაც...

– ღირსების საკითხი რომ არის, იმიტომაც გმართებს დაფიქრება და სიფრთხილე. ხმაურისა და სკანდალის ატეხა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ, უნდა გაითვალისწინო, ამ ყველაფერს რა მოჰყვება. მე ჩემსას გეტყვი და მერე შენ იცი შენი საქმის. ხომ ხვდები, რასაც ვგულისხმობ. მგონი, ჯერ ქეთის უნდა დაელაპარაკო.

– ქეთის, ხო?! – კბილები გააღრჭიალა ვახომ, – მე ვიცი, მაგას როგორ დაველაპარაკები!

– ცოტა დამშვიდდი და ისე, უარესად ნუ გაამწვავებ სიტუაციას.

– როგორ უნდა დავმშვიდდე? რადგან ჩემს ყურამდე მოვიდა ეს ამბავი, ხომ წარმოგიდგენია, რა დღეშია.

– მოიცა, რა... ხალხი ბოროტია... გეუბნები, ქეთი ის ნატურა და ტიპაჟი არ არის, აიწყვიტოს და ქვეყანა აალაპარაკოს. იმიტომაც მაინტერესებდა, ვინ გაგაგებინა ეგ ამბავი.

– ბიჭო, ყველას ცხვირწინ აკითხავს სამსახურში-მეთქი, ვერ გაიგონე? ამაზეა, რომ ვგიჟდები. გამოდის, რომ ქეთი უკვე აღარ ერიდება იმას, რომ მისი ამურული თავგადასავლების ამბები ჩემს ყურამდეც მოაღწევს, ანუ, სერიოზულად ფიქრობს ოჯახის დანგრევაზე.

– კარგი, რა, იქნებ, პირიქით, ოჯახის გადარჩენაზე ფიქრობს? – ხავსს მოებღაუჭა გიგი.

– სისულელეს ნუ ლაპარაკობ. ოჯახის გადარჩენაზე ფიქრობს და მთელი თანამშრომლების დასანახავად უცხო კაცს ელაქუცება?! არა, არა... უნდა ვცემო! – ისევ იფეთქა ვახომ.

– შენ და ზუკა მუშტების გარეშე ვერ აგვარებთ ურთიერთობებს... მოიცადე, რა, ვიფიქროთ ცოტა. მგონი, მაინც ქეთისთან დალაპარაკება აჯობებს.

– ჰო?! – ირონიულად ჩაიცინა ვახომ, – სავარაუდოდ, ქეთი ახლა იმ თავის თაყვანისმცემელთან ერთად ერთობა. ჩემი თავის ამბავი რომ ვიცი, ბრაზს ვერ შევიკავებ და საშინელებას დავატრიალებ.

– არ გინდა-მეთქი! მე ხომ არ ვნახე ნინის შეყვარებული და არ ვცემე? შენც მშვიდად შეხვდი მის გადაწყვეტილებას.

ვახომ გიგის შეხედა და სახე ერთიანად გაუწითლდა. გიგი მიხვდა, რომ რაღაც ისე ვერ თქვა.

– შენ გიჟი ხარ თუ სპეციალურად მეუბნები ასეთ რაღაცეებს, რომ გავცოფდე? ნინისა და ქეთის შორის განსხვავებას ვერ ხედავ? უფრო სწორად, ჩვენს ურთიერთობებს შორის? ქეთი ჩემი ცოლი და ჩემი შვილის დედაა, შენ კი ნინის ცოლად შერთვა საერთოდ არ გინდოდა. თუ გახსოვს, სწორედ მაგ მიზეზით იჩხუბეთ.

– ანუ, იმის თქმა გინდა, რომ მე ვარ მთავარი დამნაშავე, ნინი კი ანგელოზია? მაგ პრინციპით, არც შენ ხარ მართალი ქეთისთან, – არ დაინდო გიგიმაც, რომელზეც ცუდად იმოქმედა ნინის ასეთ კონტექსტში მოხსენიებამ. კოლოფიდან სიგარეტი ამოიღო, მოუკიდა და ერთბაშად აყვირდა: არა რა, მეც უნდა მიმებეგვა ის მუტრუკი!

 ვახომ შეხედა და მოულოდნელად ისტერიული სიცილი აუტყდა:

– მაგარ დღეში ვართ, ხომ იცი – ორივეს თითო მუტრუკი გვყავს საცემი. ერთად ხომ არ ვქნათ ეგ ამბავი?!

– შენ ხუმრობ და, მე სერიოზულად უნდა ვიფიქრო ნინის დაბრუნებაზე. ქაჯი ხომ არ ვარ, ვიღაც კუნთებდაბერილმა მუტრუკმა შეყვარებული ამახიოს. რა შეყვარებული, ტო... ლამის ცოლი იყო.

– მოიცა, მართლა აპირებ, ნინი დაიბრუნო? – გაოცდა ვახო.

– რატომაც არა?! რაც მე მეკუთვნის, იმას სხვას არ დავუთმობ და, ახლა არ დამიწყო, რომ ქალი კერძო საკუთრებად არ განიხილება. ძალიან კარგადაც განიხილება. ვითომ, რატომ არა?!

– პრინციპში, გეთანხმები... ორივე დავიბაროთ და ვცემოთ, – გაიცინა ვახომ, მერე ერთბაშად დასერიოზულდა: ასე ადვილად არ გამოვა ეგ ამბავი. მოკლედ, რაღაც უნდა მოვიფიქროთ. გაქვს რამე იდეა? ოღონდ, სერიოზულად.

– არ ვიცი. ეგრევე მუშტი-კრივზე რომ არ გადავალთ, ფაქტია. მოიცა, იქნებ მე დაველაპარაკო ქეთის, შენ კი – ნინის?

ვახომ კიდევ ერთ სიგარეტს მოუკიდა.

– ეგ რას მოგვცემს?

– ნიადაგს მაინც მოვსინჯავთ.

– რა ნიადაგს?

– ნუ, გავიგებთ, რას ფიქრობენ ჩვენზე, ანუ, რა შანსები გვაქვს.

ვახომ ამოიოხრა:

– მე ერთადერთი შანსი მაქვს – ჩემი ცოლის ახალგამოჩეკილ თაყვანისმცემელს ჭკუა ვასწავლო და ქეთისაც გავაგებინო, რომ ისე არ არის, მაგას რომ ჰგონია.

– რას აპირებ?

– ხვალ საღამოს მივადგები ქალბატონს სამსახურში და ვნახავ, ვინ მომიძებნა შემცვლელად.

– სახლში მისვლა არ გირჩევნია?

ვახომ თავი გააქნია:

– ფაქტზე თუ არ გამოვიჭირე, შეიძლება, თავი გაიგიჟოს და იუაროს. იქ უნდა მივადგე. როგორც ვიცი, თითქმის ყოველ საღამოს მიდის. ოხ, ქეთი, ქეთი, შენგან არ ველოდი ამას.

– მეც მივადგე ნინის? – ჰკითხა გიგიმ.

– ეგ უკვე აღარ ვიცი, – მხრები აიჩეჩა ვახომ, – შენთან უკვე გარკვეულია ყველაფერი. ჯერ გადაწყვიტე, გინდა თუ არა ნინისთან ყოფნა და მერე აურიე იმ გოგოს ცხოვრება თავიდან.

– მაგას იმიტომ მეუბნები, არ გჯერა, ნინის მიმართ გრძნობა რომ მაქვს?

ვახომ თავი დაუქნია.

– შენ გინდა ისევ ქეთისთან ყოფნა? – კითხვა შეუბრუნა გიგიმ.

– ახლა ვფიქრობდი ამაზე და, მინდა. მგონი, წეღან სიმართლე ვთქვი – ქალი შეიძლება მივაკუთვნოთ კერძო საკუთრებათა ნუსხას. ნამდვილად მაქვს ჩემი ცოლის მიმართ რაღაც მაგის მსგავსი გრძნობა.

– აბა, რა... ჰოდა, რატომ უნდა დავთმოთ ჩვენი საკუთრება?! – სწრაფად დაეთანხმა გიგი.

 ***

ქეთი უხერხულად იჯდა და კაფეში მყოფებს დაძაბული ათვალიერებდა.

– ასე ძალიან ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი კარგად არის.

– ჰო? ასეთ სიტუაციებს შეუჩვეველი ვარ. ყოველ წუთს ველოდები, რომ კარი გაიღება და ჩემი ქმარი შემოვა.

– ჩვენი მიზანიც ხომ ეს არის? – გაუღიმა თომამ.

– არ ვიცი, ცოტა დავიბენი. არის კი ეს ჩემი მიზანი? მგონი, ლიზას მიზანი უფროა. მეეჭვება, ასეთმა მეთოდმა გაამართლოს.

– ვნახოთ, – ბიჭმა ისევ გაუღიმა, – მთავარია, რომ არაფერს ვაშავებთ.

– ჰო, მაგრამ, დისკომფორტის განცდა მაინც მაქვს. უცებ რომ მოვიდეს?

– ვინ, თქვენი მეუღლე? არ არის პრობლემა, მე არ მეშინია.

– ვიცი, – ქეთიმ მისი ზორბა, ბრგე სხეული შეათვალიერა, – მე მეშინია...

– ნუ ფიქრობთ ამაზე, არაფერი მოხდება.

ქეთიმ ჩაი მოსვა და მოულოდნელად ჰკითხა:

– თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემი ქმრის ადგილას?

– მე?! – ბიჭი დაიბნა. ერთბაშად ვერაფერი უპასუხა, – გულახდილად გითხრათ? ვიბრძოლებდი თქვენთვის და არაფრის დიდებით არ დაგთმობდით.

– მართლა? – ქეთის თვალები გაუბრწყინდა, – გმადლობთ ასეთი სიტყვებისთვის.

 – იცით, როგორ ძალიან გეტყობათ, ქმარი რომ გიყვართ? თქვენმა მეუღლემ ეს უნდა დააფასოს.

ქეთიმ ამოიოხრა:

– ნეტავი, ცუდად არ დასრულდებოდეს ეს ყველაფერი...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3