საბედისწერო დამთხვევა
არტური უბრალო ოჯახში დაიბადა და ამით თითქოს მის ცხოვრებას სამუდამო დაღი დაესვა. კარგი გარეგნობაც ჰქონდა, ჭკვიანიც იყო, ელეგანტურიც; გამჭრიახი გონების ყმაწვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ კარგი განათლება მიეღო, მაგრამ, ის მაინც ვერასდროს იქნებოდა ერთ-ერთი იმათგანი, ვისაც კეთილშობილება სისხლში ჰქონდა – ყველაფერს ვერ ისწავლი... მუშაობა „ჰორტონი და ვაჟიშვილში“ – ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კომპანიაში დაიწყო. იქაც მრავლად იყვნენ ბედის ნებიერები, მაგრამ, არტურს ყველაზე მეტად ის სტკენდა გულს, რომ ვერ გამოიყენებდა საუკეთესო შანსს – შემთხვევით შეფის ქალიშვილი ნახა და მიხვდა, რომ ეს გოგო, ენი, საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა მისთვის, მაგრამ, ფული არ ჰქონდა. თავისი უბადრუკი ხელფასით ენს პაემანზე ვერ დაპატიჟებდა, ამიტომ, ერთხელაც ვერ გადადგა თამამი ნაბიჯი. არადა, ენი მისი გასაღები იქნებოდა მაღალ საზოგადოებაში.
ერთ დღეს კი, როცა „ჰორტონი და ვაჟიშვილის“ ოფისთან, პატარა კაფეში ყავას სვამდა, მასთან წარმოსადეგი ახალგაზრდა მივიდა – ერთ-ერთი „იმათგანი.“ არტურმა შეხედვისთანავე იცნო. ჩარლი მქვიაო, – უთხრა მან, – ვიცი, რომ „ჰორტონი და ვაჟიშვილში“ მუშაობ. ერთ დროს მეც ვმუშაობდი იქ, მაგრამ, ანგარიშის ჩეკების გაყალბებისთვის გამომიშვეს. ჩემმა ოჯახმაც არ მაპატია ეს თაღლითობა – შერცხვათ ჩემი საქციელის და სახლიდან გამომაეგდეს... დედას ვებრალები და ყოველთვე ხუთას დოლარს მიგზავნის ხარჯებისთვის, მაგრამ, არ მყოფნის და სასტუმროდანაც გამომაგდეს. შეგიძლია, ცოტა ფული მასესხო, სანამ ახალი გზავნილი მოვა? ვალს აქ, ამ კაფეში დაგიბრუნებ. თაღლითობისთვის კი დავისაჯე, მაგრამ, ვალს ყოველთვის ვაბრუნებ... არტურს გონება გაუნათდა – ეს კაცი მას ძალიან სჭირდებოდა.
– მინდა, რაღაც შემოგთავაზოთ... სასტუმროში ზედმეტ ფულს რატომ იხდით? მით უმეტეს, ახლა ვალიც გქონიათ. შესანიშნავ ბინაში ვცხოვრობ, კომფორტიც მაქვს და ყველა პირობაც. დიასახლისიც საკმაოდ ნორმალური ქალია. რას იტყვით, ერთად ცხოვრება რომ შემოგთავაზოთ? ქირას შუაზე გავიყოფდით. სამი დიდი ოთახი მაქვს, ამდენი არც მჭირდება...
ჩარლიმ თვალები მოჭუტა, თუმცა, ბევრი არ უფიქრია, მალევე გაებადრა სახე და დათანხმდა:
– პრინციპში, რატომაც არა. თან, ახლა ღამის გასათევიც არ მაქვს. სიამოვნებით მივიღებ ამ წინადადებას.
– ჩეკებზე ხელმოწერებს რატომ აყალბებდით, ეს ძნელი არ არის?
– არა, ჩემო კარგო, ძნელი სულაც არ არის, მთავარია, მოინდომო. ფულისთვის ვაყალბებდი, რა თქმა უნდა. ხელგაშლილი ცხოვრება მიყვარს – რა ვქნა, ასე გამზარდეს... ჩემი ოჯახისთვის ჩემი საქციელი მიუღებელია, მაგრამ, მე არც ვნანობ და არც ვდარდობ. რაც მთავარია, ეს ამბავი არ გახმაურდა, რაზეც მამაჩემმა იზრუნა. ოჯახის ადვოკატს კონკრეტულ მისამართს ვუგზავნი ხოლმე და ფულიც დაუგვიანებლად მოდის – აი, ასეთი ცხოვრება მაქვს.
არტური უყურებდა ჩარლის შეუდარებელ, ტანზე უნაკლოდ მორგებულ ტანსაცმელს, მის ძალდაუტანებელ, დახვეწილ მანერებს და წუხდა, რომ თვითონ ვერასდროს გახდებოდა ასეთი. თუმცა, ვინ იცის, იქნებ, ჩარლისთან ერთაც ცხოვრებას თავისი კეთილისმყოფელი ზეგავლენა მოეხდინა...
რამდენიმე დღეში ორივე მიხვდა, რომ ერთმანეთს შესანიშნავად ეწყობოდნენ. არტური ისრუტავდა ყველანაირ ინფორმაციას, რომელიც ჩარლისგან მოდიოდა. აკვირდებოდა მის ხასიათს, მანერებს, საუბრის სტილს. მისის მარშის პანსიონში სრულმა იდილიამ დაისადგურა. მალე არტურმა თითქმის სრულად მოირგო ჩარლის იმიჯი. ხმაშიც კი მისი მსგავსი ინტონაცია გაუჩნდა. ლექსიკაც ჩარლის სიტყვებით შეივსო. ჩარლიმ მოგვიანებით უხერხულობაც კი იგრძნო – არტურის შემხედვარეს, ისეთი განცდა უჩნდებოდა, თითქოს საკუთარ თავს უყურებდა სარკეში... მერე, რამდენჯერმე არტურმა ჩარლისგან ტანსაცმელი ითხოვა და დახვეწილი სტილი კარგად შეიფერა. ყოველი თვის პირველ რიცხვში მოდიოდა კონვერტი ხუთასდოლარიანი ჩეკით. ჩარლისთვის ეს ფული არ იყო, არტურისთვის კი მას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ჩეკი გასანაღდებლად არტურს მიჰქონდა – ასე ერჩივნა ჩარლის. ასწავლა, როგორ უნდა მოეწერა ხელი მის მაგივრად... ერთ დღეს არტური შეფის კაბინეტში შევიდა და იქ ენ ჰორტონი დახვდა. ქალიშვილის მზერა იმდენის მთქმელი იყო, რომ კაცმა გაბედა და ყავაზე დაპატიჟა... მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა. არტურს თავი ზღაპარში ეგონა. ენი აღარ მალავდა თავის გრძნობას მის მიმართ. შეფი სულ აქებდა და ბრწყინვალე მომავალს უწინასწარმეტყველებდა, საპასუხისმგებლო თანამდებობაზეც კი დანიშნა... ეჭვი აღარ იყო, რომ მალე ქორწილზეც დაიწყებოდა ლაპარაკი. არტურს სულ უფრო ხშირად სჭირდებოდა ჩარლის გარდერობი. მაგრამ, უცებ აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი ხელის შემშლელი იყო დიდებისკენ მიმავალ გზაზე. გადაწყვეტილება მყისეულად მიიღო, ყოყმანის გარეშე... ჩარლის ღრმად ეძინა და არც განძრეულა... ბალიში მჭიდროდ დააბჯინა სახეზე და მანამდე არ გაუშვა, სანამ სხეულმა მოძრაობა არ შეწყვიტა. ახლა უფრო მნიშვნელოვანი საქმე იყო მოსაგვარებელი – გვამი როგორმე უნდა მოეშორებინა. ჯერ იფიქრა, რომ ჩარლის დიდ ჩემოდანში ჩადებდა და გაურკვეველ მისამართზე გაგზავნიდა, მაგრამ, გვამი საკმაოდ მძიმე იყო და ვერც ისეთ ქვეყანას მიაგნო, სადაც პოლიცია საეჭვო ამანათს არ გახსნიდა. თუმცა, ჩემოდნის იდეა მაინც სწორი გზა იყო. მისის მარშის პანსიონს ყრუ და ბნელი სარდაფი ჰქონდა, რომელსაც არავინ იყენებდა, იქ საერთოდ არავინ ჩადიოდა... აი, სად უნდა ჩაეტანა ჩემოდანი. მისის მარშს კი ეტყოდა, რომ ექსტრავაგანტური ჩარლი სადღაც გაემგზავრა. ჩემოდანი ძალიან მძიმე იყო. არტურს საფეთქლებიც კი დაებერა და სულს ძლივსღა ითქვამდა, თან, ცდილობდა, ისე ჩაეტანა, რომ ხმაური არ აეტეხა და მობინადრეები ფეხზე არ დაეყენებინა. ბოლო ორ საფეხურზე ტვირთი დაუგორდა და შიშისგან ლამის გულიც კი გაუჩერდა. საბედნიეროდ, ყველას ღრმა ძილით ეძინა. არტურმა შვებით ამოისუნთქა. ჩემოდანი სარდაფის ყველაზე მიყრუებულ, ბნელ, მტვრიან კუთხეში მიაგდო და გაიღიმა – ამიერიდან ახალი, ნათელი ფერებით აღსავსე ცხოვრება იწყებოდა.
შესანიშნავი ვერსია მზად ჰქონდა: დეიდა მოუკვდა და პატარა პენსია დაუტოვა, თვეში ხუთასი დოლარის ოდენობით. ეს ბევრი არ იყო, მაგრამ, საწყის კაპიტალად გამოდგებოდა. მისტერ ჰორტონი აღფრთოვანებული იყო მომავალი სიძის პრაქტიკულობითა და ჭკუით. ქორწილი ივლისისთვის დაინიშნა... იმ დღეს, როცა ამაზე შეთანხმდნენ, ენთან პირველი უთანხმოება მოუვიდა. არტურს პომპეზური ქორწილი უნდოდა: ეს მისი განვლილი ცხოვრების კომპენსაციაც იქნებოდა – მაღალი საზოგადოება, სურათები მყვირალა სათაურებით ელიტური ქრონიკის ფურცლებზე... ხმაურიანი წვეულება... მაგრამ, ენმა მძაფრი წინააღმდეგობა გაუწია. მას უნდოდა, ცერემონიალს ვიწრო, ოჯახურ გარემოში ჩაევლო, მხოლოდ უახლოესი ნათესავების თანდასწრებით. სიტუაცია საღამოს გაირკვა, როცა მისტერ ჰორტონმა თავის კაბინეტში დაიბარა, ვისკი შესთავაზა და სთხოვა, რასაც ახლა ეტყოდა, საიდუმლოდ დარჩენილიყო.
– ჩემო არტურ, შენ მალე ჩვენი ოჯახის წევრი გახდები და ეს უნდა იცოდე. მით უმეტეს, რომ ენი ძალიან განიცდის... მე ვაჟიშვილიც მყავს, პატარა უფლისწულს ვეძახდი და ყველანაირად ვანებივრებდი. ეტყობა, სწორედ აქ დავუშვი შეცდომა – საკუთარ თავზე შეყვარებული და უპრინციპო გაიზარდა. ისეთი რაღაც ჩაიდინა, ოჯახში მისი გაჩერება შეუძლებელი გახდა. გავაგდე და ჩემი გვარით ცხოვრებაც ავუკრძალე. არც ვიცი, ახლა სად არის, მაგრამ, ჩემი ოჯახის ადვოკატს აქვს მისი მისამართი. ბოლომდე ვერ გავწირე და თვეში ხუთას დოლარს ვუგზავნი... ენი გიჟდებოდა ძმაზე და სულ მთხოვს, ვაპატიო... ამაზე ლაპარაკი ჯერ არ არის... ჩარლიმ ძალიან მატკინა გული და ლამის ყველაფერი დაანგრია, რასაც ჩემი წინაპრები და მე რუდუნებით ვაშენებდით. ამიტომაც არ გვინდა გრანდიოზული ქორწილი. აბა, წარმოიდგინეთ, რა ვუთხრა ჩემს ნაცნობ-მეგობრებს, რატომ არ ესწრება ჩემი ერთადერთი ვაჟი ასეთ მნიშვნელოვან მოვლენას?!
არტურმა იგრძნო, როგორ დაუნამა მთელი სხეული ცივმა ოფლმა. პირი გაუშრა და ხელ-ფეხი გაუშეშდა, შეფის კაბინეტმა კი თითქოს ქანაობა დაიწყო. თვალწინ ჩემოდანი დაუდგა, შიგ გვამით და მისის მარშის პანსიონის ბნელი სარდაფი... ვეღარ გაუძლო და გულწასული სავარძლის სახელურზე გადაეკიდა...