2 მილიონი მანეთი ყალბი ფული თბილისის 31-ე ქარხანაში დამზადებულ დაზგაზე იბეჭდებოდა
აფეთქება
1975 წლის 2 ივლისს მოსკოვში, სომოვის ქუჩა ¹37-ში, გაზის გაჟონვის შედეგად უმძლავრესი აფეთქება მოხდა და ერთსართულიანი კერძო სახლი მიწასთან გაასწორა. აფეთქების ადგილზე დიდი ორმო წარმოიქმნა და მძლავრი ხანძარი გაჩნდა, ყველაზე დიდი საოცრება კი ის იყო, რომ ჰაერში ცეცხლწაკიდებული, სხვადასხვა ნომინაციის საბჭოთა ფულის კუპიურები დაფრინავდა...
შემთხვევის ადგილი სასწრაფოდ შემოღობეს და იქაურობას ცნობისმოყვარე ადამიანები მოაშორეს. აფეთქებული სახლიდან მეხანძრეებმა სამოციოდე წლის მამაკაცის ნახევრად დამწვარი ცხედარი გამოიტანეს. ცხედარს მხოლოდ წელს ქვემოდ ჰქონდა წაკიდებული ცეცხლი, სახე კი უვნებლად ჰქონდა გადარჩენილი და მეზობლებმა მასში 61 წლის იური პაპანდოპულო ამოიცნეს. იგი მოსკოვის ¹4 პოლიგრაფიულ ფაბრიკაში მუშაობდა ინჟინრად.
„კაგებეს“ გამომძიებელ-ექსპერტებმა გულდასმით გამოიკვლიეს იური პაპანდოპულოს აფეთქებული სახლის პერიმეტრი და დაასკვნეს, რომ სპეციალურ სარდაფში ფულის საბეჭდი მანქანა იყო დამონტაჟებული, რომელზეც ფული იბეჭდებოდა. შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი ფულის კუპიურების ექსპერტიზამ კი დაადგინა, რომ პაპანდოპულოს სარდაფში დაბეჭდილი ფული აბსოლუტურად იდენტური იყო სახელმწიფოს მიერ გამოშვებული კუპიურებისა და მათი ერთმანეთისგან გარჩევა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
საიდუმლო გამოძიება
უშიშროების კომიტეტში შექმნილ საგანგებო ჯგუფს, რომელიც ფულის ბეჭდვის საქმეზე საიდუმლო გამოძიებას აწარმოებდა, პოდპოლკოვნიკი ჯემალ გიორგაძე ხელმძღვანელობდა. ის პირადად იური ანდროპოვმა დაიბარა და კატეგორიულად მოსთხოვა უმოკლეს დროში ამ საქმის სრულყოფილი გამოძიება.
მკვლელობა თუ თვითმკვლელობა?
ყალბი ფულის ბეჭდვის საქმის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება ¹4 პოლიგრაფიული ფაბრიკის საგულდაგულო შემოწმება იყო. ამიტომ, 5 ივლისს, ანუ, აფეთქებიდან მესამე დღეს, ფაბრიკაში პირადად ჯემალ გიორგაძე მივიდა, რათა მის დირექტორს, 57 წლის რომან დორენკოს გასაუბრებოდა. პოდპოლკოვნიკმა ზუსტად დილის 10 საათზე შედგა ფეხი დორენკოს მიმღებში, მდივან გოგონას წარუდგა და უთხრა:
– დირექტორს მოახსენეთ, რომ მისი ნახვა მინდა.
– იცით, რომან ანდრეევიჩი ჯერ არ მოსულა, არადა, ის ერთი საათის მოსული უნდა იყოს. როცა აგვიანებს, ყოველთვის რეკავს და მატყობინებს, დღეს კი არც დაურეკავს. ვიცი, რომ არსად წასვლას არ აპირებდა. სახლში ვურეკავ და ყურმილს არავინ იღებს. ნეტავ, რამე ხომ არ მოხდა? – სხაპასხუპით მიუგო მდივანმა „კაგებეს“ პოლკოვნიკს.
გიორგაძემ მდივნის ტელეფონით ისარგებლა, თავის განყოფილებაში დარეკა, ერთ-ერთ ხელქვეითს დორენკოს ბინის მისამართი უკარნახა და უთხრა:
– შეამოწმეთ, რა ხდება. მე ამ ნომერზე ვიქნები და შემატყობინეთ, – და მდივანი გოგონას ტელეფონის ნომერი უკარნახა.
გიორგაძე მდივანს გაესაუბრა და შეიტყო, რომ დირექტორი დორენკო და ინჟინერი პაპანდოპულო ერთმანეთთან ზომიერ დამოკიდებულებაში იყვნენ. გოგონამ ორივე დადებითად დაახასიათა და გიორგაძეს ჰკითხა:
– რამე მოხდა, ამხანაგო პოდპოლკოვნიკო?
ჯემალმა თავი გააქნია. ამ დროს ტელეფონმა დარეკა და გიორგაძე იკითხეს. ჯემალმა ყურმილი რომ აიღო, ხელქვეითმა მოახსენა:
– ჯემალ ივანოვიჩ, რომან დორენკო თავის აბაზანაში ვენებგადაჭრილი აღმოვაჩინეთ. ეჭვია, რომ მასზე ძალა იხმარეს და ექსპერტები არკვევენ, მკვლელობაა ეს თუ თვითმკვლელობა...
„გოსზნაკის“ სპეცქაღალდი
„კაგებეს“ ექსპერტებმა უმოკლეს დროში დაადგინეს, რომ ¹4 პოლიგრაფიული ფაბრიკის დირექტორი რომან ანდრეის ძე დორენკო მოკლული იყო, მის ორგანიზმში კი ალკოჰოლის დიდი დოზა აღმოაჩინეს. „კაგებეს“ ექსპერტმა ჯემალ გიორგაძეს მკვლელობის სრული სურათი დაუხატა და უთხრა:
– მოკლულმა და მკვლელმა ჯერ ერთად დალიეს და, წესით, დორენკო ძალიან მთვრალი უნდა ყოფილიყო. მკვლელმა ის გააშიშვლა და ჯერ აბაზანაში დაახრჩო, შემდეგ კი ვენები გადაუჭრა და თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყო.
პოდპოლკოვნიკმა ხელქვეითები შეკრიბა და თითოეული მათგანის დაწვრილებითი მოხსენება მოისმინა. უფროსმა ლეიტენანტმა ვიქტორ სეროვმა გიორგაძეს მოახსენა:
– ჯემალ ივანოვიჩ, ზუსტადაა დადგენილი, რომ პაპანდოპულოს სარდაფში დაბეჭდილი ფულები იმიტომაა სახელმწიფოს მიერ დაბეჭდილ კუპიურების აბსოლუტურად იდენტური, რომ მას „გოსზნაკის“ ¹077 სპეცქაღალდზე ბეჭდავდნენ. ეს ქაღალდი კი მხოლოდ ფულის საბეჭდ ფაბრიკაში, ¹23 საამქროში მზადდება და იქვე ინახება. მისი არაქარხნულად დამზადება გამორიცხულია და ამ საქმის თანამონაწილე სწორედ იმ ფაბრიკაში, კონკრეტულად კი სწორედ ¹23 საამქროში უნდა ვეძებოთ.
¹23 საამქროს 49 წლის პავლე კოსიგინი ხელმძღვანელობდა. „კაგებე“ მის დასაკითხად რომ მივიდა, კოსიგინი სამსახურში არ აღმოჩნდა და, როგორც დორენკო, ისიც მკვდარი იპოვეს საკუთარ ბინაში.
თბილისური კვალი
დადასტურდა, რომ, დორენკოს მსგავსად, კოსიგინიც მოკლული იყო და მორიგ თათბირზე გიორგაძემ ხელქვეითებს უთხრა:
– ბოლო ორ დღეში ორი მკვლელობა ძალიან ბევრია. აშკარაა, რომ ორგანიზებული ჯგუფი მოქმედებს და ვიღაც თავიდან იშორებს მოწმეებს. საქმე ძალიან საშიშ ბოროტმოქმედთან გვაქვს და ჩვენი ძალისხმევა უნდა გავაათკეცოთ.
იმავე თათბირზე მაიორმა იურინმა გიორგაძეს უთხრა:
– ამხანაგო პოდპოლკოვნიკო, ამ დილით მივიღეთ საბეჭდი მანქანის ექსპერტიზის სრული დასკვნა და იქ წერია, რომ პაპანდოპულოს სარდაფში აღმოჩენილი ფულის საბეჭდი მანქანის ნაწილები ქალაქ თბილისის 31-ე საავიაციო ქარხანაშია დამზადებული. სავარაუდოდ, მთელი დაზგაც იქ დამზადდა, ის ნაწილ-ნაწილ ჩამოიტანეს მოსკოვში და მხოლოდ შემდეგ, ადგილზე ააწყვეს ის.
– ამ დასკვნის საფულძველს რა იძლევა?
– ის, რომ დურალ ¹580ბ მხოლოდ თბილისის საავიაციო ქარხანაში იგზავნება და სპეციალურად იშტამპება. სწორედ ამ შტამპის არსებობა იძლევა ასეთი დასკვნის საფუძველს.
– გასაგებია. როგორც ჩანს, ჩვენი ძალების არეალი ფართოვდება და თბილისში მოგვიწევს გამგზავრება. თითქმის სამი წელია, სამშობლოში არ ვყოფილვარ და ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებ, – თქვა გიორგაძემ და იმავე საღამოს თბილისში გასამგზავრებლად მოემზადა.
ამასობაში, „კაგებემ“ შეიტყო, რომ მოსკოვის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში 51 წლის ანტონ სავენკოს გვამი აღმოაჩინეს. სავენკო ¹23 საამქროს თანამშრომელი იყო და პირადად აგებდა პასუხს სპეცქაღალდის წარმოებაზე. „კაგებე“ მას სამი დღე ეძებდა.
ყალბი ფულის მჭრელთა ბანდა
თბილისის 31-ე საავიაციო ქარხნის საიდუმლო შემოწმებამ გიორგაძე ერთ-ერთი საამქროს უფროსზე, ვინმე ოლეგ პორტნოვზე გაიყვანა, რომელმაც აღიარებითი ჩვენება მისცა და საქმეც იქიდან გაიხსნა. პორტნოვმა აღიარა, რომ მისი დეიდაშვილის, გივი კორღალიძის შეკვეთით, მან სპეციალური დაზგა დაამზადა, რასაც ზუსტად ორი წელი მოანდომა, ნაწილ-ნაწილ გამოზიდა ქარხნიდან, მისი შემდგომი ბედი კი არ იცოდა. გივი კორღალიძე მოსკოვის ფულის საბეჭდი ფაბრიკის რიგითი ინჟინერი იყო და კარგად იცნობდა დაზგებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელი დასაკითხთა სიაში იყო, „კაგებეში“ ის ჯერ გამოძახებულიც არ იყო. პორტნოვი ჩუმად აიყვანეს და შევჩენკოს ქუჩაზე, „კაგებეს“ იზოლატორში მოათავსეს, სამსახურში კი ხმა გაავრცელეს, რომ ის ავად იყო და რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა, სადაც არავის უშვებდნენ. გიორგაძე 23 ივლისს მოსკოვში დაბრუნდა და გივი კორღალიძის აყვანის ბრძანება გასცა. კორღალიძე 24 ივლისს ფულის საბეჭდი ფაბრიკის შესასვლელში აიყვანეს და პირდაპირ ლუბიანკაზე გააქანეს. გიორგაძემ მას დაჯდომა შესთავაზა და უთხრა:
– თქვენ ბრალი გედებათ სამი ადამიანის მკვლელობაში, უკანონო დანაშაულებრივი ჯგუფის ფორმირებასა და დიდი რაოდენობის ფულის ბეჭდვაში. თანხას, სავარაუდოდ, თქვენ იტყვით.
– საქმე სულ რაღაც სამი თვის დაწყებული გვქონდა და მხოლოდ 2 მილიონი მანეთი დავბეჭდეთ. გამოყენებით კი მხოლოდ 40 ათასი გამოვიყენეთ. რომ არა ეს სულელური აფეთქება, ფრთებს გავშლიდით და მაგარ ბიზნესსაც დავატრიალებდით, – ცინიკურად განუცხადა კორღალიძემ გიორგაძეს.
გივი კორღალიძე გაასამართლეს და დახვრიტეს. მისი ჩვენების საფუძველზე კი ყალბი ფულის მჭრელთა ბანდის კიდევ სამი წევრი დააპატიმრეს, რომელთა დახოცვაც კორღალიძემ ვერ მოასწრო...