როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
წერეთელი
წერეთლების თავდაპირველი საცხოვრებლისა და ამ გვარის წარმოშობის შესახებ რამდენიმე მოსაზრება არსებობს. მკვლევართა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ წერეთლები ჰერეთის საერისთავოში ცხოვრობდნენ. თავდაპირველად ეს მოსაზრება გამოთქვა ცნობილმა მეცნიერმა მოსე ჯანაშვილმა.
არსებობს მეორე მოსაზრება, რომლის მიხედვით, წერეთლების თავდაპირველი საცხოვრებელი ზემო ქართლში იყო: „გორის სამხრეთით, თრიალეთის მთის ჩრდილო მხრიდან მიემართება ქედი, რომელიც ატარებს წერეთის ქედის სახელწოდებას, ხოლო ამავე რაიონში, მდინარე ტანას შემდინარეთა ხეობაში, მდებარეობს სოფლები – დიდი წერეთი და პატარა წერეთი. ამდენად, გვარ-სახელი წერეთელი ამ გეოგრაფიული სახელიდან უნდა იყოს ნაწარმოები“.
1103 წელს დავით აღმაშენებელმა შეიერთა კახეთ-ჰერეთის სამეფო, მეცამეტე საუკუნის 20-30-იან წლებში „თავისი ძლიერებით განთქმული საქართველო დაავადებულსავით დაუძლურდა და იგი მონღოლებმა დაიპყრეს. მეთოთხმეტე საუკუნის დამლევსა და მეთხუთმეტე საუკუნის დასაწყისში თემურ ლენგის შემოსევებმა კიდევ უფრო დააქვეითა საქართველოს სიძლიერე, მეთექვსმეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან შეიქმნა კახეთის სამეფო, რომლის საზღვრებში მოექცა ჰერეთის მიწა-წყალი“, – წერს ივანე ჯავახიშვილი. ჰერეთში წერეთლები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდნენ, ხოლო მათი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა შემთხვევით არ უნდა მომხდარიყო. ადამიანთა ჯგუფი საცხოვრებელს იცვლის, როდესაც გაუსაძლის პირობებში აღმოჩნდება, რაც, შეიძლება, გამოწვეული იყოს მტრის გამუდმებული შესევით, ჟამიანობით, სარწმუნოების იძულებით გამოცვლის შიშით და სხვა ფაქტორებით.
საქართველოში თემურ ლენგმა რამდენჯერმე ილაშქრა, მათ შორის, ჰერეთის საერისთავოშიც. 1394 წელს ჰერეთის გამგებელმა ხიმშომ გადამწყვეტი ბრძოლა გაუმართა თემურ ლენგს, მაგრამ დამარცხდა. დიდი ალბათობაა, რომ სწორედ ამ პერიოდისთვის დატოვეს წერეთლებმა საცხოვრებელი და ჩასახლდნენ ქართლში, ტანას ხეობაში და ზემო იმერეთში.
ერთ-ერთი ხალხური თქმულებით, წერეთლებმა დიდი ბრძოლა გაუმართეს თემურ ლენგს, ბოლო ბასტიონის დაცვა საკუთარ თავზე აიღო დედოფალმა დარეჯან წერეთელმა და შეაკვდა მომხდურს. მისმა შთამომავლებმა დარეჯანაშვილის გვარი მიიღეს.
წერეთლები რომ ზემო ქართლში, ტანას ხეობაში ცხოვრობდნენ, დადასტურებულია ისტორიული საბუთებით. 1648 წლის 10 თებერვალს ქართლის მეფემ, როსტომმა, ზემო იმერეთში მცხოვრებ ზაალ წერეთელს ზემო ქართლში სოფელი თიღვა უბოძა, რაც წყალობის წიგნშიც წერია.
რუისის ეკლესიის მრევლში 1715 წელს დასახელებულნი არიან დავით და გიორგი წერეთლები.
1550-1570 წლებში ვახუშტი აბაშიძის შეწირულობის წიგნში პირველად გვხვდება ტერმინი „საწერეთლო“: „საწერეთლოელთა საყდრის ყმანი“, „საწერეთლოს მახარებელი ხუცესი“.
ზემოთ ჩამოთვლილი ტერმინები იმის მანიშნებელია, რომ წერეთლებს თავიანთი ადგილ-მამული, ტერიტორია აქვთ ზემო იმერეთში და მათი სათავადო ჩამოყალიბებულია. 1651 წელს იმერეთის მეფე ალექსანდრე მესამე საფიცარის წიგნში ასახელებს „დიდ ბოიარებს“ – დავით, ქაიხოსრო და ზაალ წერეთლებს; უფრო მოგვიანებით, 1627 წელს, იმერეთის მეფე გიორგი მესამე წყალობის სიგელში კაცხის მონასტრის წინამძღვარს, ევდემონ წერეთელს ასახელებს. ზემო იმერეთში წერეთლები თავდაპირველად მდინარე ყვირილას მარცხენა სანაპიროზე დასახლდნენ, რადგან, იმ პერიოდში საჩხერე, მოდინახეს ციხე და ჯრუჭის მონასტერი ფალავანდიშვილებს ეკუთვნოდათ; სვირის, შორაპნის, კაცხისა და ხარაგაულის ციხეები – აბაშიძეებს. წერეთლებმა პირველი ციხე-დარბაზი, თავისი კარის ეკლესიითა და საჯირითო მოედნით, სოფელ ჭორვილაში ააშენეს. მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში ძმები, ქაიხოსრო და პაატა წერეთლები, საძმო ოჯახს გამოეყვნენ, მერაბ წულუკიძისგან მოდინახეს ციხე შეისყიდეს და ფალავანდიშვილების ყმა-მამულსაც დაეპატრონენ.
მოდინახეს ციხის შესყიდვამ და ფალავანდიშვილების სამკვიდრო ყმა-მამულის დაპატრონებამ მნიშვნელოვნად გააძლიერა წერეთლების ეს შტო. პაატა უშვილო იყო, ამიტომ, ძმის, ქაიხოსროს შვილი – ქველი იშვილა. ამ ქაიხოსროს შთამომავლები არიან საჩხერელი და სხვიტორელი წერეთლები, რომლებმაც საქართველოს გასაბჭოებამდე შეინარჩუნეს თავადობა, ხოლო მდინარე ყვირილას მარცხენა მხარეზე მცხოვრები წერეთლები აზნაურებად დარჩნენ.
იმერეთის სამეფოში წერეთლების აღზევება იწყება მეჩვიდმეტე საუკუნიდან. ისინი სხვადასხვა დროს იყვნენ: სარდლები (ორი დროშით), სახლთუხუცესები, ბოქაულთუხუცესები, მეღვინეთუხუცესები, მეაბჯრეთუხუცესები, მოლარეთუხუცესები, მოურავები, თარჯიმნები, ელჩები, სასულიერო მოღვაწენი, მღვდლები, დეკანოზები, არქიმანდრიტები, ეპისკოპოსები, მიტროპოლიტები, მეფეთა სულიერი მოძღვრები.
ქუთათელი მიტროპლიტი დოსითეოს წერეთელი იმერეთის კათოლიკოსის მოვალეობას ასრულებდა. 1820 წლის 6 მარტს იგი მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა, 2005 წლის 27 ივნისს კი წმიდა სინოდმა წმიდანად შერაცხა.
1839-1841 წლების საეკლესიო ჩანაწერებითა და 1850 წლის 6 დეკემბრის საიმპერატორო აღრიცხვით, იმერეთში ცხოვრობდა თავადი წერეთლების 17 ოჯახი (საჩხერე, სხვიტორი) და აზნაური წერეთლების 45 ოჯახი.
ყველაზე მეტი აზნაური წერეთლები (13 ოჯახი) ცხოვრობდა სოფელ პერევისაში.
ნებიერიძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ნებიერი. ეს საკუთარი სახელი უძველესია და მოიხსენიება ტბეთის სულთა მატიანეში. ამავე ძირისაა გვარი ნებიერაშვილი.
ნებიერიძე სოციალურ ნიადაგზე წარმოშობილ გვარებს მიეკუთვნება. ნებიერ გლეხთა კატეგორია საქართველოში მეთექვსმეტე საუკუნეში მომრავლდა. ნებიერი, ანუ, წყალობის ყმა, ისეთი კატეგორიაა, რომელიც ფეოდალთა შეთანხმების საფუძველზე ინარჩუნებდა გარკვეულ შეუვალობასა და უფლებებს.
ნებიერიძეები სამცხის თემიდან არიან წარმოშობით.
1846-1847 წლებში, სტეფანე ნებიერიძე, ხელმწიფის მიერ გამოცემული რესკრიპტით, ახალციხელ მოქალაქეებთან ერთად, რომლებსაც დიდი მამულები ჰქონდათ შეძენილი, ჩაირიცხა ფეოდალთა კასტაში, აზნაურის წოდებით.
იონა ნებიერიძემ კი, ღერბიან ქაღალდზე დაწერილი ცნობა მისი აზნაურული წოდების შესახებ პირველად მიიღო 1853 წელს და წარუდგინა ქუთაისის გუბერნატორ იზუმოვსკის, რომ, როგორც აზნაურს, ჩინის მისაღებად ეს დრო ნამსახურეობაში ჩათვლოდა.
საქართველოში 2 470 ნებიერიძე ცხოვრობს: ზესტაფონში – 1 240, თბილისში – 640, გორში – 154. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით