წვნიანი გუფთა
საჭირო ინგრედიენტები: ნახევარი კილოგრამი ხორცის ფარში, 1 კვერცხი, ქათმის ბულიონის კუბიკი, 3-4 ცალი კარტოფილი, ნახევარი ჭიქა ბრინჯი, 1 თავი ხახვი, 1 ცალი სტაფილო, ტომატ-პასტა, მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით, თუ სურვილი გაქვთ, 1 ცალი ბულგარული წიწაკა, ოხრახუში.
მომზადების წესი: ფარშში ჩაუმატეთ კვერცხი (1 ან სურვილისამებრ). ბულიონის კუბიკი გახსენით ლიტრ-ნახევარ წყალში და მიიყვანეთ ადუღებამდე. კარტოფილი გათალეთ და დაჭერით კუბიკებად. ჩაყარეთ მდუღარე ბულიონში და დაუწიეთ ცეცხლს. ხახვი დაჭერით კუბიკებად და ისიც ჩაყარეთ ბულიონში. სანამ კარტოფილი იხარშება, დაჭერით ძალიან წვრილ ჩხირებად სტაფილო და თუ გაქვთ, ბულგარული წიწაკაც. ფარშისგან გააკეთეთ პატარა ბურთულები, მანამდე უყავით მარილი და ცოტა შავი პილპილი. ბულიონში კარტოფილის ჩაყრიდან 20 წუთის შემდეგ (დაბალ ცეცხლზე უნდა იხარშოს), ჩაუმატეთ სტაფილო, ბულგარული და მდუღარე ბულიონში ნელ-ნელა ჩაყარეთ ფარშის ბურთულები. შეგიძლიათ, წვნიანს სტაფილო მაშინ ჩაუმატოთ, როცა ფარშის ბურთულები ზემოთ ამოტივტივდება. ბოლოს დაუმატებთ ბრინჯს. ხარშეთ 5-10 წუთი დაბალ ცეცხლზე. ბოლოს დაუმატეთ ტომატ-პასტა. 5 წუთის შემდეგ წვნიანი მზად იქნება. უყავით ცოტა მარილი და გადმოდგით. სურვილისამებრ მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.