რა გავლენას ახდენს ეჭვიანობით დაზიანებული კარმა შეყვარებულ ადამიანებზე და როგორ ხდება მომავალი წარმატებების კოდის ჩაკეტვა სახელის დარქმევით
ჩვენ გარშემო ზოგი ადამიანი ჰარმონიულად ცხოვრობს და ტკბება ბედნიერებით, ზოგიც დადარდიანებულია, საყვარელ ადამიანთან პრობლემები აქვს, ვერ ართმევს თავს ცხოვრებისეულ ბარიერებს და მცირედი პრობლემაც კი დეპრესიაში აგდებს. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ნანი ამბობს, ადამიანის ცხოვრებაში მომხდარ ნებისმიერ მოვლენაზე კარმა დიდ გავლენას ახდენს; ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს, რას დაარქმევთ შვილს, რადგან, სახელი მომავალში ბევრ რამეზე აგებს პასუხს და, მათ შორის, ბედნიერ სიყვარულზე, კარიერულ წინსვლასა და ჰარმონიულ ოჯახურ თანაცხოვრებაზე.
ნანი: ცხოვრებაში ყოველთვის ისე არ ვითარდება მოვლენები, როგორც ეს ჩვენ გვსურს ან წარმოგვიდგენია. ამის ბევრი მიზეზი არსებობს, თუმცა, მთავარი მაინც ადამიანის კარმაა, ანუ, ჩვენ ცხოვრებაში იმას ვიღებთ, რასაც გავცემთ.
– გამიგია, რომ კარმა უდიდეს გავლენას ახდენს სასიყვარულო ურთიერთობაზე და სწორედ მისი დამსახურებაა, ადამიანი ბედნიერი იქნება თუ დეპრესიული. ასეა?
– დიახ, ასეა. სასიყვარულო ურთიერთობაზე კარმა უდიდეს ზეგავლენას ახდენს. სწორედ მასზეა დამოკიდებული, იქნებით თუ არა იღბლიანი და ბედნიერი. ჩვენ დამსახურებულად ვიღებთ ამ ცხოვრებაში იმას, რაც წინა ცხოვრებაში, ანუ, წარსულში დავთესეთ. დამსახურებულის მიღება კი ხშირად არ გვსიამოვნებს. თუ სიყვარულში ბედნიერების მიღწევა გსურთ, მაშინ, ამ მხრივ რაღაც-რაღაცეების გათვალისწინებაც მოგიწევთ. კარმა თქვენ მიერ წარსულში და წინა ცხოვრებაში ჩადენილი საქციელის ასახვის პრინციპია. ყოველდღიურ ცხოვრებაში კარგი ქმედებები და მცდელობები, კარგ კარმას გვაძლევს, ცუდს კი საწინააღმდეგო, ცუდი კარმისკენ მივყავართ. როცა საქმე სასიყვარულო ურთიერთობებს ეხება, კარმის პრინციპები ცოტა უფრო რთულად აღსაქმელი ხდება. მოგეხსენებათ, სიყვარული საკმაოდ რთული, ვნებიანი და ყველაფრის მომცველი გრძნობაა. მას შეუძლია, ყველაზე გონიერ ადამიანსაც კი დააკარგვინოს თავი და ისეთი სისულელეები ჩაადენინოს, რაც სხვისგან გაუკვირდებოდა. ამიტომ, ამ მხრივ, თუ სიფრთხილე და წინდახედულება არ გამოიჩინეთ, შეიძლება, ისე დააზიანოთ სასიყვარულო კარმა, აზრზეც ვერ მოხვიდეთ.
– როგორ საქციელს შეუძლია სასიყვარულო კარმის დაზიანება?
– სასიყვარულო კარმის დაზიანება და დანგრევა შეუძლია ტყუილს, ღალატს, შეურაცხყოფას, დანაშაულის გრძნობას და ასე შემდეგ. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. თქვენს ჰარმონიულ სასიყვარულო-რომანტიკულ ურთიერთობაში მცირედი ეჭვიანობა, ან, რაიმე მიზეზის გამო წარმოქმნილი დანაშაულის გრძნობაც კი, სასიყვარულო კარმას აზიანებს და ის დანგრევამდეც კი მიჰყავს. ხომ გსმენიათ, ყველაფერი კარგად იყო წყვილს შორის და მოულოდნელად დაშორდნენო. ამის მიზეზი კი გაუგებარია ხოლმე, არადა, ეს სწორედაც რომ, კარმის დაზიანების შედეგია, რამაც დაშორებამდე მიიყვანა შეყვარებული წყვილი.
– თუ ასეთი დაზიანებული კარმის გამოსწორება გვსურს?
– თუ კარმის გამოსწორება გსურთ, უნდა გაითვალისწინოთ, წარსულში რაიმე ცუდი თუ ჩაიდინეთ. შეიძლება, ჩადენილის გამოსწორება ვერც მოხერხდეს, სამაგიეროდ, ამჟამინდელი პრობლემების მიზეზთა გაანალიზებით, შეგიძლიათ, სწორად განაგრძოთ წინსვლა და ჯანსაღი სასიყვარულო კარმის შექმნა თქვენი მომავლისთვის. გამოხატეთ გრძნობები; შეეცადეთ, მუდმივად ასიამოვნოთ პარტნიორს; არ დაიშუროთ კომპლიმენტები; იყავით კეთილი და ყურადღებიანი მისი გრძნობების მიმართ. ეს ყველაფერი ხელს უწყობს კარგი კარმის მოზიდვას თქვენს ურთიერთობაში. სამწუხაროდ, ხშირად ისე ვართ დაკავებული საკუთარი თავით, რომ მცირედი ყურადღების გამოხატვაც კი გვავიწყდება, რაც მომავალში უარყოფითად აისახება ჩვენს სასიყვარულო ურთიერთობებზე. პოზიტიური განწყობა დაგეხმარებათ, გადალახოთ ის გაღიზიანება, კონფლიქტური სიტუაციები და უარყოფითი ატმოსფერო, რომელიც თქვენ შორის იქმნება და რომელიც ეჭვიანობის, წყენის, გარიყულობის, მიტოვების მიზეზი ხდება. არ ჩაიკეტოთ ამ დროს საკუთარ თავში, ჯობია, გულახდილად გაარკვიოთ სიტუაცია რჩეულთან, რადგან ეს თქვენს კარმაზე დადებითად აისახება. ასევე, როდესაც წყენასა და ბოღმას აგროვებთ ვინმეს მიმართ, ეს თქვენს სასიყვარულო კარმასაც დიდ ზიანს აყენებს. ამ უარყოფით ემოციებს კი უძლიერესი ენერგია აქვს, რომელსაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვერ მოიშორებთ და ნელ-ნელა საკუთარ ცხოვრებასაც დაინგრევთ. უბრალოდ, ისწავლეთ ადამიანების გაგება, პატიება და ყველაფერი კარგად იქნება. როდესაც საქმე სიყვარულს ეხება, გირჩევთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას გამოიყენოთ ეზოთერიკულ-პარაფსიქოლოგიური წესები, ანუ, ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრე. ასევე, ცოდნა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში თან სდევდა ადამიანს და საკუთარ ბედში გარკვევისა და სწორი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარებოდა. ასე ადვილად შეძლებთ თქვენს ურთიერთობაში მინუსებისა და პლუსების დანახვას, დაფარული ზრახვების ამოცნობას და იმის გაანალიზებას, რაც სიყვარულში გაფერხებთ.
– ხომ ამბობენ, ნამდვილ სიყვარულს კამათიც ხშირად ახლავს?
– რადგან სიყვარული ვნებიანი გრძნობაა, პარტნიორებს შორის ჩხუბი და კამათიც ხდება, ხშირია შეყვარებულ წყვილებს შორის უთანხმოება და, ამიტომ, უნდა აკონტროლოთ ემოციები და თუ გრძნობთ, რომ აგრესია მოგეძალათ საყვარელი ადამიანის მიმართ, სასწრაფოდ დალიეთ დაფნის ფოთლის ნახარში და ხელები გამდინარე წყალს შეუშვირეთ – ეს სიმშვიდეს დაგიბრუნებთ და რჩეულთან კამათსაც თავიდან აგარიდებთ. სხვათა შორის, დადებით და უარყოფით აზრებს მოვლენების გამოწვევის ძალა გააჩნია. თუ ნეგატიურად დაიტვირთებით, რაიმე ცუდი აუცილებლად მოხდება თქვენს ცხოვრებაში. მაგალითად, თუ ხშირად ფიქრობთ, რომ სასიყვარულო პარტნიორი გღალატობთ, ის აუცილებლად გიღალატებთ. ხომ იცით, ადამიანის ფიქრის რეალიზება რეალურად შესაძლებელი ფაქტია და ის კოსმოსიდან, სამყაროდან ბუმერანგივით დაბრუნებული „საჩუქარია”. დადებითი მოვლენების მოსაზიდად აუცილებლად დადებითად უნდა იაზროვნოთ, უარყოფით აზრებს კი იგნორირება უნდა გაუკეთოთ. მთავარია, მოინდომოთ და ყველაფერი გამოგივათ.
– პარაფსიქოლოგები ამბობენ, ადამიანის სახელში ერთგვარი კარმული კოდია ჩადებულიო. სასიყვარულო ურთიერთობაზე თუ ახდენს ეს გავლენას?
– დარქმეული სახელი დაბადებიდანვე დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანის პიროვნების, ფსიქოტიპის ჩამოყალიბებასა და სამომავლო ბედის განსაზღვრაზე. გეტყვით, რომ მამის, ბიძის, ბაბუის ან ოჯახის სხვა წევრის სახელის დარქმევა კარგი არ არის. საქმე ისაა, რომ შვილს არასდროს არ უნდა დაარქვათ იმ ადამიანის სახელი, რომელსაც მძიმე, ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა, ხშირად ავადმყოფობდა, ადრე გარდაიცვალა, მძიმე ბედი ხვდა წილად, წარუმატებელი ან უშვილო იყო. ასეთი ადამიანის პატივსაცემად დარქმეულმა სახელმა, შეიძლება, უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ბავშვის განვითარებასა და მომავალზე. თუ თქვენი ოჯახის წევრი ყველანაირად შემდგარია და ისეთი წარმატებულია, რომ მის ბედს ბევრი შენატრის, თამამად შეგიძლიათ, დაარქვათ ახალშობილს მისი სახელი. ნებისმიერ შემთხვევაში, ლამაზი ჟღერადობის გარდა, სახელის დადებით მნიშვნელობასა და მუხტზეც იფიქრეთ.