კლიმაქსის დროს ჭამეთ სოია და თავიდან აიცილეთ ოსტეოპოროზის საფრთხე
კლიმაქსის დროს ჭამეთ სოია და თავიდან აიცილეთ ოსტეოპოროზის საფრთხე
კლიმაქსის მოახლოებასთან ერთად, თანდათან მცირდება ეგრეთ წოდებული ქალური ჰორმონების – ესტროგენების რაოდენობა, რის შედეგადაც ბევრ ქალს უჩნდება კლიმაქსისთვის დამახასიათებელი ჩივილები, მაგალითად, მომატებული ოფლიანობა, ალები, აგზნებადობა, ჭირვეულობა, კიდურებისა და ძვლების ტკივილი. საქმე ის არის, რომ ესტროგენები ძვლებში კალციუმის შემცველობას განსაზღვრავს. ამიტომ, როცა მათი სეკრეცია მცირდება, ძვლებიც უფრო სუსტი და იოლად მსხვრევადი ხდება, რასაც ოსტეოპოროზს უწოდებენ. ეს, ძირითადად, გამხდარ ქალებს ემუქრებათ, რადგან, მენოპაუზის დროს ცხიმოვანი ქსოვილი საკვერცხეების დანიშნულებას იძენს და ესტროგენების წყარო ხდება.
იმ ქალებს, რომლებიც ინტენსიურად მიირთმევენ სოიას, კლიმაქსის სტადიაში ოსტეოპოროზის საფრთხე ნაკლებად ემუქრებათ. კლიმაქსის პერიოდში სოიით მომზადებული საკვების მიღება წელის არეში ტკივილსა და კიდურების ეგრეთ წოდებულ „ტეხას“ აგარიდებთ თავიდან.
ჰერპესი ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითების ნიშანია
იმუნიტეტის დაქვეითების პირველი ნიშანია ჰერპესი, რომელიც გამოდის ტუჩზე, კანზე და ლორწოვან ადგილებში. ამ დროს იგრძნობთ ტუჩის წვასა და დისკომფორტს, რაც წინ უძღვის ჰერპესულ ბუშტუკს. გამონაყარზე წაისვით დინდგელის ათპროცენტიანი ნაყენი, დილა-საღამოს შეიზილეთ გვირილის კრემი ან გულყვითელას მალამო.
ასევე, ტუჩზე გამონაყარს შველის კბილის პასტა, რომელიც აშრობს ბუშტუკებს და მალევე აშუშებს. აგრეთვე, დღის განმავლობაში დალიეთ სამი ჩაის ჭიქა ანტივირუსული ბალახეული ჩაი, რომელიც ასე უნდა მოამზადოთ:
* აურიეთ ერთმანეთში 1 წილი ღვიის ნაყოფი და 3 წილი ბარამბოს ფოთლები. 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, კარგად შეფუთეთ და დადგით ოთახში ნახევარი საათით. დაუმატეთ ცოტა შაქარი და დალიეთ ცხელი.
* 1 ჩაის კოვზ გვირილის ყვავილს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში, გადაწურეთ, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი დინდგელის სპირტიანი ნაყენი და ყლუპ-ყლუპით დალიეთ.
ჰერპესის დროს, ასევე, კარგია, შეისუნთქოთ ლიმონის, ფიჭვის, პიტნისა და გვირილის სურნელი ან გაიკეთოთ ინჰალაცია.
ჰიპერტონიული დაავადების მქონე ადამიანისთვის ფორთოხალი აუცილებელია
ფორთოხალი სამკურნალო ხილია. ის მდიდარია A, B და C ვიტამინებით; წმენდს სისხლს, არეგულირებს ორგანიზმის წონას, ავსებს მას სასიცოცხლო ძალებით და აუმჯობესებს გუნება-განწყობას.
ფორთოხლის ჭამა ძალიან სასარგებლოა სისხლნაკლულობის დროს. ის აახალგაზრდავებს ორგანიზმს, რადგან მასში ბევრია კალიუმი; ასევე, მისი მიღება კარგია ჰიპერტონიული, ღვიძლის დაავადებებისა და პოდაგრის გართულების დროს.
სასარგებლოა ფორთოხლის ახალგამოწურული წვენიც. ყოველდღე დალიეთ 1 ჭიქა წვენი ან ჭამეთ 3 ცალი ფორთოხალი.
გაციების დროს ნივრით შეკაზმული ჭარხალი ჭამეთ
ჭარხალი მდიდარია აქტიური ნივთიერებებით. მასში ბევრია ორგანული მჟავები და უჯრედისები, ამიტომ, ყაბზობის დროს მისგან დამზადებული სალათები თავისუფლად ცვლის კუჭში გამხსნელ მედიკამენტებს. ჭარხალი შეიცავს B, C და P ვიტამინებს; მიკროელემენტებს, კერძოდ, კალციუმს, კალიუმსა და მაგნიუმს, რაც მეტად საჭიროა ყველა ორგანოსა და უჯრედის ნორმალური მუშაობისთვის.
ჭარხალი, ასევე, უხვად შეიცავს რკინასა და კობალტს, რაც ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნას. ის განსაკუთრებით სასარგებლოა ქალებისთვის კრიტიკულ დღეებში, გაციების დროს კი უებარია ნივრით შეზავებული ჭარხალი.
ჭარხლის შემადგენლობაში არსებული საღებავი ნივთიერებები სისხლძარღვების კედლებს ელასტიკურობას სძენს. ჭარხალში არსებული ბეტაინი აჩერებს სისხლძარღვთა სკლეროზის განვითარებას, ასტიმულირებს ღვიძლის მოქმედებას, ხოლო უჯრედისი აძლიერებს კუჭის სეკრეციასა და ნაწლავთა პერისტალტიკას.
ანემიის დროს კარგია ჭარხლის, ბოლოკისა და სტაფილოს წვენების თანაბარი რაოდენობით მიღება. ორი თვის განმავლობაში, დღეში ორჯერ დალიეთ თითო ჩაის კოვზი დასახელებული ბოსტნეულის წვენების ნარევი.
გაციების დროს, ასევე, ეფექტურია ჭარხლის წვენისა და თაფლის ნარევი.
წითელი ჭარხალი სასარგებლოა ნებისმიერი სახით, ყველასთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც ფარისებრი ჯირკვალი აწუხებს, რადგან, ის მდიდარია იოდით. გარდა ამისა, მას შარდმდენი ეფექტი აქვს და ხელს უწყობს ორგანიზმიდან მარილების გამოდევნას.
ჭარხლის წვენი კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა ჰიპერტონიული დაავადების დროს. შეურიეთ მისი წვენი სტაფილოს ან ახალგამოწურულ ვაშლის წვენს და სვით ყოველდღე.
ისინი, ვინც ჩაიზე უფრო ხშირად კაკაოს სვამენ, ნაკლებად ავადდებიან კიბოთი
კაკაო ლიდერია ანტიოქსიდანტების შემცველობით. ის ადამიანს იცავს კიბოსა და ბევრი სხვა დაავადებისგან, რომლებიც სიცოცხლისთვის საშიშია; ასევე, ხელს უწყობს ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებას.
კაკაოში არსებული ანტიოქსიდანტების რაოდენობა თითქმის ორჯერ აღემატება წითელ ღვინოში არსებულს. მიუხედავად იმისა, რომ კაკაოს ბევრი პროდუქტი შეიცავს, მაგალითად, შოკოლადი, უმჯობესია, თუ ამ ნუგბარის ნაცვლად ერთ ფინჯან კაკაოს მიირთმევთ. შოკოლადში დიდი რაოდენობითაა ნაჯერი ცხიმი, კერძოდ, 40 გრამ შოკოლადის ფილაში ცხიმები 8 გრამია, ფინჯან კაკაოში კი – 0,3 გრამი.
თუ ყოველდღიურად სვამთ კაკაოს ფხვნილისგან დამზადებულ სასმელს, ამით მნიშვნელოვნად შეამცირებთ ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს და სისხლში ანტიოქსიდანტების შემცველობაც მოიმატებს.
ფაქტია, კაკაოს მოყვარულები, ანუ ის ადამიანები, ჩაიზე ხშირად კაკაოს რომ სვამენ, ნაკლებად ავადდებიან კიბოთი – ეს შედეგი ბოლოდროინდელმა სამედიცინო კვლევებმა აჩვენა.
რომელ ასაკში ეწყება მამაკაცს კლიმაქტერიული ნევროზი
კლიმაქსი ორგანიზმის ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, რაც ნეიროენდოკრინული რეგულაციის მოშლითა და სასქესო ჯირკვლების დაქვეითებით არის განპირობებული. ძლიერი სქესის წარმომადგენლებს კლიმაქსი დაახლოებით 50-60 წლის ასაკში უვითარდებათ. ის ნელა ვითარდება და მხოლოდ სქესობრივი პოტენციის დაქვეითებით ხასიათდება. ხშირად ის ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს, იშვიათად კი ზოგს უჩნდება კლიმაქტერიული ნევროზი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ალები, ოფლიანობა, კიდურების დაბუჟება, დისკომფორტის შეგრძნება და ასე შემდეგ.
ამ დროს მამაკაცს გახშირებული აქვს გულისცემა, აწუხებს გული, უმატებს არტერიული წნევა, უძნელდება შარდვა. ასევე, ხშირია შარდის ბუშტის ტკივილი. ამის მიზეზი კი ის არის, რომ კლიმაქტერიული ნევროზის დროს შარდის ბუშტი სუსტდება, მცირდება მისი ტონუსი და წინამდებარე ჯირკვალში იწყება ცვლილებები.
კლიმაქსის პერიოდში მამაკაცი გაღიზიანებულია, უქვეითდება მეხსიერება, ეწყება სხვადასხვა სახის შიში, შფოთვა. ბევრი ამ დროს საკუთარ თავში იკეტება და უჩნდება განმარტოების სურვილი. ეს დეპრესიის, სხვადასხვა სახის ნევროზისა და ფსიქოზის პირველი ნიშანია.
კლიმაქტერიული ნევროზის პროფილაქტიკისთვის საჭიროა ორგანიზმის ასაკის შესაბამისად დატვირთვა, დასვენება, კვების რეჟიმის სათანადოდ დაცვა. მიზანშეწონილია რაციონალური კვება, ვიტამინების მიღება, გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება და სტრესული სიტუაციებისგან თავის დაცვა.
ზამთარში იმუნიტეტის ამაღლებაზე იზრუნეთ
ზამთრის ცივ პერიოდში აუცილებელია, დროულად მიხედოთ საკუთარ თავს და ხელი შეუწყოთ ორგანიზმს, გამოიმუშაოს იმუნიტეტი. ამით თავიდან აიცილებთ ზედმეტ უსიამოვნებას და იოლად გაუმკლავდებით ვირუსს. როცა იგრძნობთ, რომ თავი ან სახსრები გტკივათ, მაშინვე ნუ იჩქარებთ წამლების დალევას, ამ დროს უფრო ეფექტურია, მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე. მისწრებაა ლიმონიანი ცხელი ჩაი, ნატურალური წვენები, კომპოტები და ვიტამინი C.
თუ გრძნობთ, რომ დასუსტებული ხართ, ნუ ჩავარდებით დეპრესიაში. მიირთვით წითელი ღვინო, მეტად ეკონტაქტეთ მეგობრებს, ნუ დაკარგავთ დროს უქმად ჯდომაში. ზამთარში მაქსიმალური ფიზიკური დატვირთვა ისევე კარგია, როგორც გართობა. ხალისიანი და ენერგიული ცხოვრებით უფრო იოლად გაუმკლავდებით პრობლემებს და ცხოვრებაც გაგიადვილდებათ.
თუ ზამთარში გიჭირთ გათბობა და გამუდმებით გაციებთ, ყურადღება მიაქციეთ თქვენს მენიუს, კერძოდ, დილით მიირთვით კვერცხი ან შვრიის ფაფა და ისე გადით სახლიდან.