რამდენ მილიონ დოლარად შეფასებული ბიუსტჰალტერი წარადგინა „ვიქტორიას სიქრეტის” ფეშენ-შოუზე ქენდის სვეინფულმა
2013 წლის 13 ნოემბერს გაიმართა „ვიქტორიას სიქრეტის” „ანგელოზების” შოუ, რომელიც, ტრადიციულად, მდიდრული და სანახაობრივი გამოვიდა. წელს ჩვენებაში „ანგელოზების” სარეკორდო რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა – 40 ლამაზმანმა პოპულარული ბრენდის სექსუალური თეთრეული და საცურაო კოსტიუმები მოირგო. განსაკუთრებული ეფექტი კი შოუს კულმინაციას ჰქონდა, როცა სამხრეთაფრიკელმა მოდელმა, ქენდის სვეინფულმა, 10 მილიონ დოლარად შეფასებული ბიუსტჰალტერით ჩაიარა პოდიუმზე. ქენდისი „ვიქტორიას” ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი „ანგელოზი” და პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მოდელია.
* ქენდის სვეინფული დაიბადა 1988 წლის 20 ოქტომბერს სამხრეთ აფრიკაში, პროვინცია მიდლენდს კვაზულუ-ნატალში. მისი სამოდელო კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო, როცა სამოდელო აგენტმა ქენდისი ქალაქ დურბანში, ძველმანების ბაზრობაზე აღმოაჩინა.
* 2007 წელს ქენდის სვეინფული „ვიქტორიას სიქრეტის” მოდელი გახდა და მას შემდეგ ის იღებს მონაწილეობას ბრენდის სახელით ორგანიზებულ ყველა შოუში, გადაღებებსა და სარეკლამო კამპანიებში. „ანგელოზის” სტატუსი ქენდისმა ოფიციალურად 2010 წელს მიიღო.
* ქენდისს საკმაოდ პიკანტურ ადგილზე აქვს პირსინგი – მას ძუძუსთავი აქვს გახვრეტილი.
* ქენდის სვეინფულის პარამეტრებია: 84-59-88.
* 16 წლის ასაკში ქენდის სვეინფული ერთ გადასაღებ დღეში ჰონორარის სახით 4 600 გირვანქა სტერლინგს იღებდა.
* 2012-2013 წლების „ფორბსის” მონაცემებით, ქენდის სვეინფული მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღუარებად მოდელებს შორის მეცხრე პოზიციაზე იმყოფება. ჟურნალის ცნობით, მისი წლიური შემოსავალი 3 მილიონი დოლარია.
* ქენდის სვეინფული მსოფლიოს თითქმის ყველა ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობს, მაგრამ მისი საყვარელი მარკებია: „დოლჩე და გაბანა”, „ქლოე”, „ლობუტენის” ფეხსაცმელი და მარკ ჯეიკობსის აქსესუარები.
* სამოდელო სამყაროში ქენდის სვეინფულს „სამხრეთაფრიკელ ქეით მოსს” უწოდებენ.
* სამოდელო კარიერის გამო, ქენდისმა სკოლაში სწავლა მიატოვა, თუმცა, ის მომავალში გეგმავს განათლების მიღებას. იგი გატაცებულია ფილოსოფიით, ისტორიითა და ხელოვნებით.
* მოდელს უყვარს გარუჯვა, ცეკვა და ჯირითი.
* ქენდისის დედა ოცნებობდა, რომ მისი შვილი მოდელი გამხდარიყო.
* 2013 წლიდან ქენდის სვეინფული კოსმეტიკური კომპანია „მაქს ფაქტორის” სარეკლამო სახეა.
* ქენდისის სიმაღლე 175 სანტიმეტრია, წონა – 48 კილოგრამი.
* ჟურნალებმა – „მაქსიმმა” და FHM-მა ქენდის სვეინფული მსოფლიოს ყველა დროის 100 ყველაზე სექსუალური ქალის რიეტინგში შეიყვანეს.
* ქენდის სვეინფულის ახლო მეგობრები არიან: „ვიქტორიას” „ანგელოზი” ბეჰატი პრინსლო და ყოფილი „ანგელოზი” – როუზ ჰანტინგტონ-უაიტლი.
* ქენდის სვეინფული ჟურნალების „ელის”, „ჯიქიუს”, „ჰარპერს ბაზარისა” და „ვოგის” სხვადასხვა ქვეყნის გამოცემების გარეკანებზე ფიგურირებდა.