ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები და მათი ავტომობილები
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები და მათი ავტომობილები
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს სახელმწიფო იცავს და ისინი სახელმწიფოს კუთვნილი ისეთი ავტომობილებით გადაადგილდებიან, რომლებსაც მსოფლიოში ყველაზე დაცული ავტომობილების სახელი აქვთ. თუმცა, პრეზიდენტებს საკუთარი ავტომანქანებიც ჰყავთ და ისინი თავად უსხედან საჭეს. გთავაზობთ ამერიკის პრეზიდენტების ავტომობილების ჩამონათვალს.
ჯორჯ ბუში-უმცროსი
ტეხასის შტატისადმი განსაკუთრებული სიყვარულის გამო, ჯორჯ ბუში-უმცროსს „კოვბოი“ შეარქვეს და მისი ავტომობილიც ნაღდი კოვბოურია. ცნობილია, რომ ბუშს თავისუფალი დროის გატარება საკუთარ რანჩოზე უყვარს, სადაც თავისი საყვარელი „პიკაპით“ – „ფორდ F-150-ით“ გადაადგილდება. ავტომობილი ამერიკულ ბაზარზე 20-დან 50 ათასამდე დოლარის ფარგლებში ღირს, თუმცა, პრეზიდენტისთვის ის ზედმეტად მოკრძალებული ჩანს.
ბარაკ ობამა
ილინოისის შტატის გუბერნატორის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში ბარაკ ობამას ჰყავდა „სედანის“ ტიპის „კრაისლერი 300C”, რომლის ფასი 15 ათას დოლარს არ აღემატებოდა. როდესაც ობამა პრეზიდენტად აირჩიეს, მან განაახლა ავტოპარკი და „ფორდ ისკეიპ ჰიბრიდი” შეიძინა 22 ათას დოლარად.
ბილ კლინტონი
ბილ კლინტონი ორჯერ იყო არჩეული ამერიკის პრეზიდენტად და მისი წასვლა თანამდებობიდან სკანდალის თანხლებით მოხდა. ბილის მეუღლე მასზე არანაკლებ წარმატებული პოლიტიკოსია – ჰილარი კლინტონს სახელმწიფო მდივნის თანამდებობა ეკავა, ხოლო ამჟამად ნიუ-იორკის შტატს წარმოადგენს სენატში. ბილ კლინტონის საკუთრებაში იყო ავტომოყვარულთათვის სათაყვანებელი მოდელი, 1967 წლის გამოშვების „ფორდ მუსტანგი”, რომელიც მან პრეზიდენტობის პერიოდში გაყიდა.
რონალდ რეიგანი
რონალდ რეიგანი პოპულარული მსახიობი და ამერიკის მე-40 პრეზიდენტი იყო. მან დიდი წვლილი შეიტანა საბჭოთა კავშირის დანგრევაში. რეიგანს რამდენიმე ავტომობილი ჰყავდა, რომელთა შორის ის განსაკუთრებით გამოარჩევდა „ჯიპ M-38A1-ს“, რომლითაც თავის რანჩოზე გადაადგილდებოდა კალიფორნიაში. ეს „ჯიპი“ რეიგანს მისმა მეუღლემ, ნენსიმ, 1972 წელს აჩუქა.
რიჩარდ ნიქსონი
ნიქსონი ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი და სკანდალური პრეზიდენტი იყო ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში. ნიქსონი „ოლდსმობილის” მარკის ავტომობილების მოყვარული იყო.
ლინდონ ჯონსონი
ლინდონ ჯონსონი ჯონ კენედის მკვლელობის დღეს გახდა პრეზიდენტი. ისიც, ნიქსონის მსგავსად, არცთუ წარმატებული პრეზიდენტი იყო, რომელსაც საშინაო და საგარეო პოლიტიკაში წარუმატებლობები უფრო მეტი ჰქონდა ვიდრე წარმატებები. სამაგიეროდ, ჯონსონი ავტომობილების მოყვარული გახლდათ და მის ავტოპარკში ორი საინტერესო მოდელი იდგა: პიკნიკებისთვის იდეალური „ფიატ ჯოლი”, რომელსაც სახურავი და კარები არ ჰქონდა და ავტომობილი-ამფიბია „ამფიკარი”, რომლითაც ჯონსონს ტბის ნაპირზე უყვარდა სეირნობა მეგობრებთან ერთად.
ჯონ კენედი
ამერიკის 35-ე პრეზიდენტი, ჯონ კენედი, გემოვნებიან ადამიანად მიაჩნდათ და, ავტომობილებიც გემოვნებით ჰქონდა შერჩეული. კენედის კაბრიოლეტები უყვარდა, განსაკუთრებული ადგილი კი მის კოლექციაში ეკავა წითელი ფერის, 1961 წლის გამოშვების „ფორდ სანდერბირდს”. საგულისხმოა, რომ სწორედ კაბრიოლეტმა ითამაშა კენედის ცხოვრებაში საბედისწერო როლი.