რუნის პაროლი ტელეფონზე
რუნის პაროლი ტელეფონზე
„მანჩესტერ იუნაიტედის” ვარსკვლავი, უეინ რუნი, საკუთარი ტელეფონის პაროლად ერთ-ერთი ცნობილი ლუდის დასახელებას იყენებდა. ამის შესახებ გაზეთი „დეილი მეილი” იუწყება. რუნი სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად „ნიუს ოფ ზი ვორლდის” ჰაკერების მსხვერპლი გახდა და მისი პირადი ინფორმაცია საჯაროდ გამოქვეყნდა. ცნობილია, რომ „ნიუს ოფ ზი ვორლდმა” შეწყვიტა არსებობა, თუმცა, საქმე სასამართლოში დღემდე გრძელდება. სწორედ უეინ რუნის ტელეფონის პაროლის გატეხის შემდეგ გაიგეს მისი ღალატის შესახებ ცნობილმა ბრიტანულმა ტაბლოიდებმა. ცნობისთვის, რუნის ტელეფონის პაროლი იყო „სტელა არტუა”.
საჩუქარი რომის პაპს
ტურინის „იუვენტუსის” არგენტინელი შემტევი, კარლოს ტევესი, ოჯახთან ერთად ვატიკანში იმყოფებოდა, სადაც ის რომის პაპ ფრანცისკს შეხვდა. ფეხბურთის ქომაგ რომის პაპს კარლიტომ თავისი 10-ნომრიანი მაისური გადასცა საჩუქრად და ავტოგრაფიც გაუკეთა. რომის პაპმა უკვე მიიღო საჩუქრად „კიევოსა” და „სანდერლენდის” მაისურები, ხოლო თავად ფრანცისკი არგენტინული „სან ლორენსოს” ქომაგია, რომელსაც 9 წლის ასაკიდან გულშემატკივრობს.
დევიდ ბექჰემი, შესაძლოა, რაინდი გახდეს
ინგლისის ნაკრების ექსფეხბურთელი დევიდ ბექჰემი, შესაძლოა, ბრიტანეთის იმპერიის რაინდი გახდეს და მის სახელს წინსიტყვა „სერ“ დაემატოს. ფეხბურთის ლეგენდა დიდი ბრიტანეთის დედოფალმა პრეტენდენტების სიაში შეიყვანა. მას ეს პატივი სპორტული მიღწევების, ფეხბურთის განვითარებისა და ქველმოქმედებისთვის ხვდა წილად. ტიტულის მინიჭების შესახებ ნოემბრის ბოლოს შეიტყობს საზოგადოება და, თუკი დევიდ ბექჰემს ტიტულს – „სერ“ – მიანიჭებენ, მისი მეუღლე, ვიქტორია ადამსი, ლედი ვიქტორია გახდება. რაინდის ტიტულის მინიჭება ბუკინგემის სასახლეში შედგება.
ყველაზე სექსუალური
კოლუმბიელი ქომაგი
ანჟელიკა კამაჩო კოლუმბიელი მოდელი და ტელეწამყვანია. ის ბავშვობიდან არის ფეხბურთის ქომაგი და კოლუმბიის ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხარდამჭერია. „მიყვარს ფეხბურთი, მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ. მე ვარ თანამედროვე ფეხბურთის ნამდვილი აპოლოგეტი,” – აცხადებს ანჟელიკა, რომელიც უკვე დაასახელეს კოლუმბიის ყველაზე სექსუალურ ქომაგად. ანჟელიკა ცნობილი გახდა 2011 წელს, როცა კოლუმბიაში ჩატარებული ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის დროს მიიქცია ყურადღება, ამჟამად კი მისგან გულმხურვალე ქომაგობას 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოელიან.