რისგან თავის შეკავება მართებთ თანამედროვე ქრისტიანებს ყველაზე მეტად და როგორ უნდა შევამოწმოთ ყველამ საკუთარი რწმენა
დღეს, ალბათ, იშვიათად ნახავთ ადამიანს, რომელიც ყველაფრით კმაყოფილია, არ წუწუნებს, არ გამოთქვამს უკმაყოფილებას და ამაში ხშირად სხვებს ადანაშაულებს. რატომ არის წუწუნი ცოდვა, რატომ არ უნდა ფიქრობდეს ქრისტიანი მუდმივად ცუდზე, როგორ უნდა მოიქცეს ის წირვის დროს, – ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი).
– მამაო, რა წერია სჯულის კანონში იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში არ დადიან ეკლესიაში?
– სჯულის კანონში გარკვევით წერია: თუ ადამიანი ერთი თვის განმავლობაში არ გამოჩნდება ეკლესიაში, ის უნდა დაითხოვოს მოძღვარმა ეკლესიიდან. მაგრამ, დღეს მოძღვრები ასეთი მკაცრები ვერ ვიქნებით, რადგან, სეკულარულ საზოგადოებაში გვიწევს მოღვაწეობა, თითქმის ბოლო ჟამის დასაწყისია. მე ყოველთვის შემწყალებელი ვარ, ადამიანი წელიწადში ერთხელ რომ მოვიდეს ეკლესიაში, შევიწყალებ, ვათქმევინებ აღსარებას და ვაზიარებ. მაგრამ, თუ ადამიანს სინდისი გააჩნია, მიხვდება, რომ მას არ ეკუთვნის ეს ზიარება, რომელიც ღვთის უდიდესი მოწყალებაა, მოძღვრის კეთილი ნებაა. ასეთ ადამიანს სინდისი მუდმივად უნდა ამხილებდეს: არ დაიღალე ერთი და იმავე ცოდვის ჩადენით, ერთი და იმავეს თქმით აღსარებაში, ულოცველობით, უმადლობით? ამიტომ, ყოველი კვირა, არ აქვს მნიშვნელობა რომელიმე წმიდანის ხსენების დღე იქნება ის, დიდი დღესასწაული თუ ჩვეულებრივი დღე, ყველასთვის უნდა იყოს 1 სექტემბერი, ანუ, გარკვეული სწავლის დაწყება, მონატრება. ვაკვირდები ადამიანებს და, როდესაც ისინი წირვაზე მოდიან, უპირველეს ყოვლისა, ხატებს კი არ ეამბორებიან, არამედ, მესანთლესთან მიდიან, მერე სტიქაროსნებს, ერთმანეთს ეამბორებიან. რა თქმა უნდა, ამაში ცუდი არაფერია, უბრალოდ, უნდა გვახსოვდეს, რომ, როდესაც ეკლესიაში შემოდიხართ, ამ დროს მესანთლის სახლში ან მამა გიორგის, სტიქაროსნების სახლში კი არ დგამთ ფეხს, არამედ, უფლის სახლში შემოაბიჯებთ. უფალი ამ დროს გესაუბრებათ, გისმენთ, თქვენ კი მიბრუნდებით და თქვენივე მსგავს ადამიანს ათას სისულელეზე ესაუბრებით და, შესაბამისად, ლიტურგიას იწყებთ დამახინჯებულად. ამ დროს შენი გონება არ არის მზად იმისთვის, რომ კვერექსი მოისიმონო, საგალობლები, პირიქით, ერთი სული გაქვს, ეს ყველაფერი როდის დამთავრდება და სახლში გაიქცე. ზოგი მხოლოდ ზიარებას ელოდება, ზოგი – ქადაგებას, თუმცა, ამას არც ასრულებს; ზოგი მხოლოდ ერთმანეთთან სასაუბროდ და გასართობად მოდის. ზოგჯერ ადამიანი ეკლესიაში მიდის და ზოგჯერ შიგნით არც კი შედის, ან, თუ შედის, ძალიან ბევრს მოძრაობს. მინდა, არქიმანდრიტ მამა გაბრიელის სიტყვები შეგახსენოთ: თქვენ რომ იცოდეთ, წირვაზე რამხელა მადლია, წირვის მერე მტვერს მოხვეტდით და ეამბორებოდითო.
– რისგან გვჭირდება დღეს ყველაზე მეტად თავის შეკავება?
– პირველი: ცუდზე აღარ უნდა ვიფიქროთ. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ოქრო და ვერცხლი რომ დაუყარო წინ, მთელი სამყაროს ბრილიანტები რომ დაუყარო მუხლებთან, მაცხოვარი რომ გამოეცხადოს, მაინც ცუდზე ფიქრობს. ხშირად მინახავს, ხუთი წუთის წინ ნაზიარებ ადამიანს როგორ ჩამოსტირის თავ-პირი. არ მგონია, მას იმხელა სულიერება ჰქონდეს, რომ თავის ცოდვებს ისევ განიცდიდეს, მაგრამ, სიხარული ხომ უნდა გეტყობოდეს სახეზე ღიმილის სახით მაინც?! სამწუხაროდ, ისეთი მოძღვრებიც არიან, მათ რომ მოუსმენ, საქართველოდან უნდა გაიქცე, ყველაფერი უნდა გაყიდო; არავითარი აიდი-ბარათი, ყველაფერი დამთავრდა, ჯოჯოხეთია დედამიწაზე და აღარაფრის კეთებას არ აქვს აზრი. რა თქმა უნდა, ასე არ არის, მაინცდამაინც ცუდზე რატომ უნდა ვიფიქროთ? ასეთმა ადამიანებმა უნდა წაიკითხონ აპოკალიფსი, იქ ძალიან ბევრი რამ წერია მოსალოდნელ კატაკლიზმებზე, მაგრამ, ბევრი ზღაპარი სწორედ აპოკალიფსიდან იღებს სათავეს. მათ, ვინც სახარებას კითხულობს, კარგად იცის ერთი მომენტი, როდესაც ეშმაკეულის მამა დასახმარებლად მოციქულებთან მიდის. მან ჩვენსავით კი არ ჩაიქნია ხელი – არაფერი აღარ ეშველებაო, პირიქით, მოციქულებთან მიდის დახმარების სათხოვნელად, თუმცა, როდესაც ისინიც ვერ ახერხებენ დახმარებას, არც მაშინ ჩაიქნევს ხელს და ახლა უკვე იესო ქრისტეს მიმართავს. მაცხოვარი ეკითხება: გწამს, რომ მე ეს შემიძლია. მიიღე შენი სარწმუნოებითო. ამ ადამიანს რომ არ ჰქონოდა იმედი, ღმერთის რწმენა, სასოება, ვერ განიკურნებოდა მისი შვილი, რომელიც ბავშვობიდან ეშმაკეული იყო. ხომ შეიძლება, ასეთი ადამიანის მამა ყოფილიყო გაბოროტებული, უიმედო; მაგრამ, არა, პირიქით, ის იმედიანი იყო, სასოებით მივიდა მაცხოვართან და შვილის კურნებაც მიიღო. ამიტომ, თქვენც უნდა იყოთ იმედიანები, ცუდის მაგივრად კარგზე უნდა ფიქრობდეთ და არ უნდა იყოთ დაღვრემილები, დამძიმებულები. თუ ქრისტიანი ხარ, მოღიმარი უნდა იყო; თუ რამე გაწუხებს, შენს გულში უნდა დამალო და სხვას არ უნდა მოახვიო შენი პრობლემები, რადგან, ყველას გაგვაჩნია პრობლემები და ამის გარეშე არ გვამყოფოს ღმერთმა, რადგან, ამის გარეშე ვერც გვაცხონებს.
– როგორ ეხმარება ადამიანს პრობლემები ცხონებაში?
– გარკვეული პრობლემები, განსაცდელები, ჯვარი, რომელიც ღმერთმა ჩვენზე დაუშვა, საჭიროა იმისთვის, რომ უფრო მეტად გავიზარდოთ, გავძლიერდეთ, არ დავკარგოთ სასოება; ამიტომაც, ამის გარეშე ვერავინ ცხონდება. კარგად ამბობს ბასილი დიდი: ცხონება ადამიანის ნებით და ღვითს დაშვებით ხდება. როგორ შეიძლება, ღმერთმა რამე ვერ შეძლოს, მაგრამ, შენ თუ არ გინდა ცხონება, ის ძალით არ გაცხონებს, რადგან, მთავარია ადამიანის თავისუფალი ნება. მაგრამ, თუ შენ თავიდანვე ფიქრობ: აიდი-ბარათი ავიღე, რა მეშველება, ყველაფერი დამთავრდა, სატანები არიან ეკლესიაში, ყველაფერი ცუდად არის, – შენ უკვე ჩაკეტე ღმერთთან ურთიერთობის კარი და ვეღარ ცხონდები. იმიტომ კი არა, რომ ღმერთს არ შეუძლია, არამედ, შენ არ გინდა, პესიმისტი ხარ და, როდესაც ანტიქრისტე მოვა, შენ იქნები კარგი მრევლი. ასეთი ადამიანები შეგროვდებიან და იტყვიან: არ გაგვიმართლა ქრისტეში და იქნებ გაგვიმართლოს ანტიქრისტეში, ანუ, უკვე არსებობს ის მრევლი, რომელიც ანტიქრისტეს მიიღებს. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც მუდმივად ცუდზე ფიქრობენ; კეთილი მოვიდა – არ მიიღეს, ცუდი მოვა და იმას მიიღებენ, რადგან, ის ეტყვის: აქამდე ყველაფერი მირაჟი იყო, არავითარი ქრისტე, არავითარი სიწმინდე, არავითარი ოჯახური პატიოსნება, სიყვარული... დადგება დრო, როდესაც თქვენ, მართლამდიდებლებს, გეტყვიან: თქვენ არანორმალურები ხართ, იმიტომ, რომ ძალიან ცოტანი ხართ. ლუკას სახარებაში ქრისტე ამბობს: „როცა მოვა იესო ქრისტე, ნახავს კი რწმენას დედამიწაზე?!“ ჭეშმარიტი სარწმუნოება იქნება არა ერთ ქვეყანაში, არამედ – ერთეულებში, რამდენიმე ეკლესიაში, როგორც იოანეს გამოცხადებაში წერია. ამიტომ, ვიფიქროთ არა ცუდზე, არამედ – კარგზე. მეორე: თავი უნდა დავანებოთ ცხოვრებაზე წუწუნს. ძალიან ბევრი ქრისტიანი ეკლესიაში ღმერთის ან მოძღვრის სიყვარულით კი არ მოდის, არამედ, მუდმივად ცხოვრებაზე წუწუნებს. იმას კი არ ამბობს, ეს ყველაფერი იმიტომ დამემართა, რომ უღმერთო ვიყავი, განვიკითხავდი ირგვლივ ყველას, დავცინოდი, რომ ჩემი არასწორი ცხოვრების წესიდან ჩავვარდი გაჭირვებაში, სნეულებაში, პატიმრობაშიო, პირიქით, ამას სხვას აბრალებს: მთავრობას, მშობლებს, დედმამიშვილებს. ანუ, წუწუნი ცოდვაა, რადგან, არ ხარ შენი მდგომარებით მადლიერი. იყავი მადლიერი და ღმერთი მოგცემს იმდენს, რამდენიც გჭირდება. დავით მეფსალმუნე ამბობს: ვიყავი ახალგაზრდა, დავბერდი და მე არ მინახავს მორწმუნე ადამიანი ხელგაშლილიო. ეს ბევრს გაუკვირდება, მაგრამ, არ გწამს და არ გაქვს, გწამდეს და მოგეცემა. თუ მორწმუნედ მიიჩნევ საკუთარ თავს და მაინც გშია, მაშინ, შეამოწმე შენი რწმენა – იქნებ, ისე არ გწამს, როგორც ეშმაკეული ჭაბუკის მამას. თუ ითხოვ და არ იღებ, ესე იგი, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ითხოვ ბოროტს. ამიტომ, კარგად დაუკვირდით, რატომ მოდიხართ ეკლესიაში. თავიდანვე არ უნდა ითხოვოთ ვალების გასტუმრება, ნუ გგონიათ, რომ ყველაფერი მაშინვე კარგად იქნება, ხელფასი მოგემატებათ. ეკლესიაში იმიტომ მოდიხართ, რომ თქვენი ცოდვები აღიაროთ, განიწმიდოთ, შეინანოთ: ღმერთო, მოვედი უძღები შვილივით და, იქნებ, მოჯამაგირედ მაინც დამაყენო კარში და ერთი-ორჯერ მაინც მაზიარო. მოჯამაგირედ დამაყენოო და და არა მაშინვე სტიქაროსნად ან დიაკვნად, როგორც ამას ხშირად ითხოვენ. ღმერთი თქვენს სინანულს, მონდომებას რომ დაინახავს, მერე ყველაფერს დაგიბრუნებს, რაც შენგან აიღო, რაც დაკარგე იმით, რომ მუდმივად უკამყოფილო იყავი, წუწუნებდი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი ღვთისგან გვაქვს და, ამიტომ, მუდმივად უნდა ვიყოთ მადლიერები და თავი დავანებოთ წუწუნს, უარი ვთქვათ უკმაყოფილო სახით სიარულზე და იმედიანად ვიყოთ განწყობილები.