ჭეშმარიტი სარწმუნოება
როგორ მოიღო უფალმა მადლი ღირს მამა ვიტალიზე საროსკიპოებში სტუმრობისთვის
ღირსი მამა ვიტალი, წმიდა სპირიდონის სენაკში გატარებული სამოცწლიანი ღვაწლის შემდეგ, ალექსანდრიაში ჩავიდა და იქ დაიწყო ცხოვრება, როგორც წერია მის ცხოვრებაში „ადამიანთა საცდურად“. რათა განრიდებოდა ადამიანურ დიდებას, გადაწყვიტა, დღისით, როგორც დაქირავებულ მუშას, ისე ემუშავა. შრომის საფასურად დღეში თითო ვერცხლს იღებდა. გამომუშავებული თანხიდან უმნიშვნელო ნაწილს გამოკვებას ახმარდა (ლობიოს ყიდულობდა), ხოლო საღამოობით კი საროსკიპოებში მიდიოდა, იქ მთელ ფულს იმ ქალებს უტოვებდა, ემუდარებოდა, განრიდებოდნენ სიძვას და მთელ ღამეს მათთან ატარებდა. შინ დაბრუნებისას პირობას ართმევდა, არ გაემხილათ წმიდა მამის ჭეშმარიტი მიზანი. ქალაქის მკვიდრნი კი ჰკიცხავდნენ წმიდანს და გაიძახოდნენ: „წადი, წყეულო, შენ მეძავებთან გელოდებიანო“; ან კიდევ: „უმჯობესი იყო, ცოლი მოგეყვანა, ბერის სახელს რყვნიო“. ღირსი მამა ვიტალი არ იმართლებდა თავს, მალავდა უფლის მიერ ბოძებულ მადლს, სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა და ბევრი დაცემული ქალი გამოიხსნა ცოდვისგან. ღირსი მამის ღვაწლი მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ გამომჟღავნდა, როდესაც წმიდა ნაწილებთან შეხებისას ეშმაკეული განიკურნა და „ბევრი მკელობელი და ბრმა გამოჯანმრთელდა“.
უფალმა ღირს მამას შვიდი წლის შემდეგ შეუნდო განკითხვის ცოდვა
ღირსი იოანე საბაიტელი მოგვითხრობს: „ერთხელ ჩემთან მეზობელი მონასტრიდან მორჩილი მოვიდა და შევეკითხე, როგორ ცხოვრობდნენ იქაური მამები. მან მიპასუხა: „კარგად, თქვენი ლოცვის შემწეობით“. შემდეგ კი ის მორჩილი მოვიკითხე, რომელიც კარგი სახელით ვერ სარგებლობდა. სტუმარმა მითხრა: „სრულიად არ გამოცვლილა, მამაო“... გაგონებისთანავე წამოვიძახე: „ცუდია!“ და, წარმოვთქვი თუ არა ეს სიტყვა, იმწამსვე რაღაც გაურკვეველი აღტაცება შევიგრძენი და ვიხილე იესო ქრისტე ორ ავაზაკს შორის ჯვარცმული. ის-ის იყო, განვემზადე, თაყვანი მეცა მაცხოვრისთვის, რომ, უეცრად, უფალმა წინამდგომარე ანგელოზებს მიმართა: „განდევნეთ იგი – ეს ანტიქრისტე, რამეთუ, ჩემს სამსჯავრომდე განიკითხა ძმაი თვისი“, და, როდესაც უფლის განგების თანახმად ვიდევნებოდი, კარში დარჩა ჩემი მოსასხამი და უცებ გამეღვიძა. „უბედურება დამატყდა თავს, – მივუგე სტუმრად მოსულ მორჩილს, – ბოროტ არს დღეი ესე ჩემთვის“. „რატომ?“ – მკითხა მან. მაშინ გავუმხილე ხილვა და განვუმარტე, რომ დარჩენილი მოსასხამი ღვთის მფარველობისა და შეწევნის დაკარგვას მოასწავებდა. იმ დღიდან მოყოლებული, შვიდი წელი უდაბნოში გავატარე, არც პური მიმიღია, არც თავშესაფარი მიძებნია, არც ადამიანთან გამიბამს საუბარი, სანამ არ ვიხილე უფალი ჩემი, რომელმაც მოსასხამი დამიბრუნა“.