რუსეთში მცხოვრები შვილი თბილისში უგზო-უკვლოდ დაკარგულ დედას ეძებს
49 წლის ტამარა ივანეს ასული ტოლმასოვა ეძებს 74 წლის სვეტლანა ივანეს ასულ სელინას.
ისტორია: ვეძებ დედას, 1939 წელს დაბადებულ სვეტლანა ივანეს ასულ სელინას. დედის შესახებ 2013 წლის 10 ივნისის შემდეგ არაფერი ვიცი. დედაჩემი თავის დასთან ერთად ქალაქ თბილისში ცხოვრობდა, დის ავადმყოფობის შემდეგ კი ის უგზო-უკვლოდ დაიკარგა და მას შემდეგ დედას შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გაგვაჩნია. თავად მე რუსეთში ვცხოვრობ და ძალიან გთხოვთ, დედის მოძებნაში დამეხმაროთ.
ჟურნალისტის შენიშვნა: გასულ კვირას „ჟდი მენიას“ რედაქციამ რამდენიმე ათეული ისტორია გადმომიგზავნა, რადგან, 2007 წლიდან ვარ საქართველოში მათი დამხმარე. ამ ისტორიებს შორის ერთ-ერთია ისტორია 74 წლის სვეტლანა სელინას დაკარგვის შესახებ. სამწუხაროდ, განმცხადებელს მწირი ინფორმაცია აქვს დაკარგული დედის შესახებ და, ამიტომ, ამ ქალბატონის პოვნის იმედს მის ფოტოზე ვამყარებ.
– როგორ დაკარგეთ დედა-შვილმა ერთმანეთი, რა მოხდა ამა წლის ივნისში?
– უკვე წლებია, რაც რუსეთში ვცხოვრობ. დაოჯახებული ვარ და აქ ვმუშაობ კიდეც. დედაჩემი კი, 1939 წელს დაბადებული სვეტლანა ივანეს ასული სელინა, თავის დასთან ერთად საქართველოში, ქალაქ თბილისში ცხოვრობს. 2013 წლის ივნისში დეიდაჩემი ცუდად გამხდარა და საავადმყოფოში დაუწვენიათ გულის შეტევის დიაგნოზით. მას შემდეგ დედა აღარავის უნახავს, მხოლოდ ის გავიგეთ, რომ ვიღაცას ქუჩაში მოუკრავს თვალი, მაგრამ, მეტი ინფორმაცია ვერაფრით ვერ მოვიძიეთ. რა თქმა უნდა, პოლიციასაც მივმართეთ და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დედა გვეპოვა, თუმცა, მისი პოვნის ცდა უშედეგოდ დასრულდა. ამა წლის ოქტომბერში მივმართე „ჟდი მენიას“ სამძებრო საიტსაც. აღარ ვიცი, რა ვიფიქრო, ძალიან რთულია გაურკვევლობა. მინდა, როგორმე დამეხმაროთ დედის პოვნაში. იქნებ, ის სურათზე მაინც იცნოს ვინმემ და გამოგეხმაუროთ. გიგზავნით მის ბოლო ფოტოს. ჩვენი აზრით, დედას მეხსიერება დაებინდა და ამის გამო დაიკარგა.
– აქამდე თუ ჰქონია დედათქვენს პრობლემები მეხსიერებასთან დაკავშირებით, ან, სხვა დროს თუ დაკარგულა?
– ნამდვილად ვერ ვიხსენებ ასეთ რამეს. მგონი, აქამდე დედას მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია. დიდი იმედი მაქვს, რომ ის ცოცხალია და ჩვენ მას მალე ვიპოვით. სამწუხაროდ, მას არც პირადობის დამადასტურებელი საბუთი ჰქონია თან, მაგრამ, მე შემიძლია, დაახლოებით აგიწეროთ: ის საშუალო სიმაღლის ქალია, მუქი ფერის თმითა და თვალებით. განსაკუთრებული ნიშანი არ გააჩნია.
– ანუ, ამა წლის ივნისის შემდეგ დედაზე არანაირი ინფორმაცია არ გაგაჩნიათ. თავად არ აპირებთ ჩამოსვლას?
– ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც ეს ამბავი გავიგეთ, თბილისში ჩამოსვლა ძალიან მინდოდა, მაგრამ, ერთ თვეზე მეტხანს არ გამომიშვეს. ამჟამად ისევ ვგეგმავ ჩამოსვლას და დედის მოძებნას. ვფიქრობ, ახლო მომავალში, რადაც არ უნდა დამიჯდეს, ჩამოვიდე.
– ტელევიზიით თუ განაცხადეთ დედის დაკარგვის შესახებ?
– სიმართლე გითხრათ, არ გამოგვიცხადებია, რადგან, თავიდან, ეს ამბავი რომ გავიგეთ, შოკში ვიყავით, შემდეგ პოლიციას მივმართეთ, ახლა კი თქვენ მოგმართავთ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ დედა ცოცხალია, მისი პოვნისა და ნახვის იმედს არ ვკარგავთ.
ჟურნალისტის შენიშვნა: ვთხოვ ჩვენს მკითხველს, ყურადღებით დააკვირდეს სურათს და, თუკი ვინმეს რაიმე ინფორმაცია აქვს ამ ქალბატონის შესახებ, აუცილებლად გვაცნობოს.
თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.