რატომ ებღაუჭება ცოლიანი მამაკაცი საკუთარ წლებს და ნანობს თუ არა ის ახალგაზრდა ქალთან რომანს
ამბობენ, რომ მამაკაცებს მოწიფულობის ასაკში ეწყებათ პრობლემები. ისინი ძნელად ეგუებიან იმას, რომ აღარ არიან ახალგაზრდები და, ამის გამო საკომპენსაციოდ, ცდილობენ, რომანი ახალგაზრდა ქალთან გააბან, რაც მათ საკუთარი თავის რწმენას უბრუნებს. სამწუხაროდ, აფექტში მყოფნი, ნაკლებად ფიქრობენ შედეგზე, რომელიც საკმაოდ სავალალოა ხოლმე, მით უფრო, როცა მამაკაცი წარმატებულიც არის და დაოჯახებულიც. კრიტიკული ასაკის გართულებები ქალებშიც შეინიშნება, თუმცა, გაცილებით ნაკლებად. უფრო აქტუალური ის მამაკაცებშია. მაგრამ, როცა ვნებები და ემოციები ცხრება, დგება იმედგაცრუებისა და რეალობის აღქმის პერიოდი და, არცთუ იშვიათად, ცხოვრებაც თავდაყირა დგება.
მიხეილი (48 წლის): ახლა უკვე ეს ჩემი სინანულიც სასაცილოა. როცა ვფიქრობ, რა გავუკეთე საკუთარ ცხოვრებას, ნერვები მეშლება. სამწუხაროდ, გამონაკლისი არ ვარ და უამრავი მამაკაცი მოქცეულა ჩემსავით. ეჭვი არ მეპარება, ისინიც ასეთივე მდგომარეობაში იქნებიან, როგორშიც მე ვარ, უბრალოდ, არ ლაპარაკობენ ამაზე, მით უმეტეს – საჯაროდ.
– თქვენ რატომ ლაპარაკობთ?
– გეტყვით, დასამალი აღარაფერი მაქვს. მინდა, როგორმე მივაწვდინო ხმა იმ ადამიანს, რომელსაც ძალიან ვატკინე გული. ვერ ვამბობ, ცხოვრება დავუნგრიე-მეთქი, თუმცა, კარგად ისიც არ იქნება. ცუდად მოვექეცი, მაგრამ, უფრო ცუდად საკუთარ თავს მოვექეცი, მართალი ყოფილა – ჭაღარის გაჩენასთან ერთად რაღაც გემართება. თუმცა, მე არასდროს მქონია ცდუნება, გულწრფელად გეუბნებით ამას, იმიტომ კი არა, რომ განსაკუთრებული ცოლი მყავს და დღემდე მასზე ვარ უგონოდ შეყვარებული.
– ცოლის უგონოდ სიყვარული სირცხვილია?
– არა, რა თქმა უნდა. რა სისულელეა! ვისურვებდი, რომ ცოლი უგონოდ მყვარებოდა. მხოლოდ ბედნიერი ვიქნებოდი ამით. ახლა კარგად ნამდვილად არ ვარ. ჩემს ასაკში ასეთი რადიკალური რყევები ძალიან საშიშია. ბევრი შრომა ჩავდე, რომ უზრუნველყოფილი მომავალი და ის ყველაფერი მქონოდა, რაც ახლა მაქვს. ცოლი სიყვარულით არ შემირთავს.
– ეს უკვე არის თავის გამართლების მცდელობა...
– მე ასე არ ვფიქრობ. თავის გამართლებას არ ვცდილობ, მარტო იმის ახსნა მინდა, რომ სინანულში ვარ, ანუ, იმათზე უკეთ არაფრით ვგრძნობ თავს, ვინც ჩემი მიზეზით დაზარალდა. თუმცა, მარტო ჩემი მიზეზითაც არ ყოფილა და არ მომხდარა ეს ყველაფერი. ხომ ფაქტია, რომ მარტო ერთი მხრიდან არაფერი ხდება. ცოლი შევირთე პრაგმატული გათვლით. ძალიან კარგი ოჯახიდან იყო და, ვიცოდი, მამამისი ხელს მეც წამაშველებდა. მართლაც ასე მოხდა – ძალიან დამეხმარა კარიერის გაკეთებაში და გამიმარტივა ცხოვრება. მე მადლიერების განცდა სულ მქონდა. ურჩხული არ ვარ და ვერაფერს ვხედავ ცუდს იმაში, რომ კარგი ოჯახის შვილი მინდოდა ცოლად.
– რომელიც არც გიყვარდათ და არც მოგწონდათ.
– სამაგიეროდ, იმას მოვწონდი და ვუყვარდი. თუმცა, როგორც ქალი, მეც მიზიდავდა. უბრალოდ, ცოტა პრეტენზიული იყო – ასეთად გაზარდეს. მშობლები ყოველთვის უსრულებდნენ კაპრიზებს და მანაც არ მოიშალა ხუშტურები. ერთი სიტყვით, ცოტა მძიმე ხასიათი ჰქონდა და გვერდზე არასოდეს გამიხედავს.
– გაშინებდათ და იმიტომ?
– რა თქმაა – „გაშინებდათ“? არ მაშინებდა, მაგრამ, სკანდალებს ვერიდებოდი. მშვიდი ცხოვრება მერჩივნა წუთიერ სიამოვნებას. რომ წარმოვიდგენდი, რა ამბავს ამიტეხდა ჩემი ეჭვიანი ცოლი, რამე რომ შეემჩნია, ფლირტისა და არშიყობის სურვილი საერთოდ მიქრებოდა. მერე რა მოხდა, რა დამემართა, არ ვიცი. ეტყობა, ახალგაზრდა უფრო საღად ვაზროვნებდი. ჩემი ახალი თანამშრომელი რომ დავინახე, გული მაშინვე სხვანაირად შემიფართხალდა. ძალიან ლამაზი ფეხები ჰქონდა და უსაშველოდ მოკლე კაბა ეცვა.
– გასაგებია: ოცი წლით უმცროსი ნორჩი გოგონა – თინეიჯერობის ასაკიდან ახალი გამოსული და, თქვენც ამჩატდით...
– როგორი ცუდი მოსასმენია თქვენგან „ამჩატდი“, მაგრამ, უნდა დაგეთანხმოთ. ჩემს საქციელს ნამდვილად ამჩატება ერქვა. თავი დავკარგე. მთელი დღე ვუყურებდი და ვგრძნობდი, როგორ ვებმეოდი მისი მომაჯადოებელი გარეგნობის ბადეში. ჩემი ცოლი საკმაოდ ხშირად მაკითხავდა სამსახურში და მართლა მეშინოდა, რამე არ შეემჩნია. მუდმივად დაძაბული ვიყავი, თუმცა...
– თუმცა, მაინც წახვედით რისკზე.
– ჰო, ასე მოხდა. შეუძლოდ ვიყავი. ზოგადად, მის გვერდით სიმშვიდე დაკარგული მქონდა. უცებ მომიახლოვდა და მკითხა, ცუდად ხომ არ ხარო. თან, ხელი შუბლზე დამადო. თითქოს დენმა დამარტყა – საერთოდ ვეღარ ვაცნობიერებდი, რას ვაკეთებდი. მოვეხვიე და კოცნა დავუწყე. თავიდან მიძალიანდებოდა, მერე კი მომენდო... იმ დროს კაბინეტში ვინმე რომ შემოსულიყო, არ ვიცი რა მოხდებოდა. მეორე დღეს სახეში ვეღარ ვუყურებდი, ის კი თითქოს რაღაცას ელოდა ჩემგან. ბოლოს, ძალა მოვიკრიბე და ვუთხარი, მოდი, ორივემ დავივიწყოთ, რაც გუშინ ჩვენ შორის მოხდა-მეთქი. მესმის, თქვენ ცოლი გყავთ, ოჯახი გაქვთ, თანამდებობა... ვიცი, რომ არაფრის იმედი არ უნდა მქონდესო. მე მართლა გამიხარდა, ასე რომ მითხრა. მინდოდა, დაწყებამდე დამემთავრებინა ყველაფერი. არ გამომივიდა, ვერ შევიკავე თავი, რასაც ძალიან ვნანობ. ოღონდ, არ მითხრათ, სიამოვნებას რომ იღებდი, მაშინ რატომ არ ფიქრობდი ამაზეო. ვერ ვიფიქრე და რა ვქნა ახლა, თავი მოვიკლა?! არ ვამბობ იმას, რომ იმასაც უნდა ეფიქრა, რაზე მიდიოდა.
– ანუ, იმას აბრალებთ?
– არავის არაფერს ვაბრალებ. საკუთარ საქციელზე პასუხი ყველამ თვითონ უნდა აგოს და მეც საკმაოდ ძვირად დამიჯდა ამჩატება. პირობა, რომელიც საკუთარ თავს მივეცი, ჰაერში დარჩა. ბედის ირონიით, თითქოს ჯიბრზე, რაღაც პროექტის განსახორციელებლად რამდენიმე დღით ერთად მოგვიწია წასვლა სხვა ქალაქში. სხვათა შორის, წასვლამდე ჩემმა ცოლმა საშინელი სკანდალი მომიწყო, არ მიშვებდა.
– გაიგო, რომ უღალატეთ?
– არა. უბრალოდ, ეჭვიანია და, ჩემი მივლინებები, თუნდაც ორდღიანი, მუდმივად ხდებოდა ოჯახში გრანდიოზული სკანდალის მიზეზი. ისე მღლიდა ეს ამბავი, რომ, ვცდილობდი, როცა საშუალება იყო, ისიც თან წამეყვანა.
– იმ კონკრეტულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აღარ წაიყვანეთ.
– ოჰ, როგორ „პრესში“ მატარებთ... ჰო, არ წავიყვანე. დაუვიწყარი, ვნებიანი დღეები და ღამეები გავატარეთ ერთად. წლები უკან მოვიტოვე. თავს ახალგაზრდა, ნორჩ, თავისუფალ ბიჭად ვგრძნობდი, სიამოვნებას ბოლომდე რომ ეძლევა და არაფერზე ფიქრობს. ვიცი, რომ ეს დიდი შეცდომა იყო, მაგრამ, მანახეთ ერთი მამაკაცი, რომელიც ასეთ ხანმოკლე ბედნიერებაზე იტყოდა უარს.
– შედეგები რომ აღმოჩნდა მძიმე?
– გეთანხმებით. ძალიან მძიმე აღმოჩნდა და, ვერ ვიტყვი იმას, რომ ეს ჩემთვის მოულოდნელი ან ძნელად წარმოსადგენი იყო. ბოლო დღეს ჩემმა საყვარელმა ძალიან მოიწყინა, იტირა კიდეც. ჩავალთ და ყველაფერი დამთავრდებაო, – სლუკუნებდა, – შენ გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმომიდგენიაო. ემოციური სურათი იყო და სისუსტე გამოვიჩინე. ვუთხარი, მეც ვეღარ წარმომიდგენია უშენობა და, სახლში რომ მივალ, ცოლს აუცილებლად დაველაპარაკები-მეთქი.
– ანუ, მოატყუეთ?
– არა, მაშინ მეგონა, რომ აბსოლუტურად გულწრფელი ვიყავი. როგორ აგიხსნათ, ალბათ თქვენც გქონიათ ისეთი მომენტი, როცა რაღაც ისე გინდა, რომ გგონია, ეს მართლაც შესაძლებელია.
– ჰო, მაგრამ თქვენ ხომ იცოდით თქვენი სიტუაცია კარგად და საკუთარ ცოლსაც იცნობდით?
– სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მხოლოდ ცივი გონებით რომ გავიაზრე, მაშინ მივხვდი, რომ ცოლს ვერაფერს ვეტყოდი... არ არის ადვილი გაშორება, როცა ადამიანთან ერთად მეოთხედი საუკუნე გაქვს გატარებული. ორმოცდაათი წლის ასაკში ცხოვრებას სუფთა ფურცლიდან ვერ დავიწყებდი, ამიტომ, გადავწყვიტე, ისევ ჩემს საყვარელს დავლაპარაკებოდი და დამემთავრებინა ეს სახიფათო ურთიერთობა. გაგიჟდა. საშინელი სიტყვებით გამლანძღა. ისეთი დამამცირებელი რაღაცეები მითხრა, რომ მიწა შემერყა ფეხქვეშ.
– გაგიკვირდათ? არ იმსახურებდით?
– ალბათ, ვიმსახურებდი, მაგრამ მერე მეტისმეტი მოუვიდა. როცა ვიფიქრე, რომ ყველაფერი გაიგო და დავასრულეთ, მერე ჩაიდინა წარმოუდგენელი საქციელი, რასაც მისგან არანაირად არ ველოდი – ჩემს ცოლს დაურეკა და შეხვდა. არ ვიცი, რა ელაპარაკა, აღარ დავინტერესებულვარ, ან, რაღა საჭირო იყო. ჩემმა ცოლმა ისეთი დღე მაყარა, ვეხვეწებოდი, მთელ სახლს ნუ დალეწავ-მეთქი. სასამართლოში გარბოდა – ცარიელზე უნდა დაგსხვა, მათხოვრად უნდა გაქციოო.
– აი, თურმე რა ყოფილა თქვენი მთავარი პრობლემა.
– არც დამიმალავს, რომ ეს იყო მთავარი პრობლემა. თქვენთანაც ვთქვი და ჩემს საყვარელსაც ვუთხარი, რომ ჩემს ასაკში აწყობილ ცხოვრებას ვერ დავინგრევდი, ყველაფერს თავიდან ვერ დავიწყებდი. ნაძირალა ვარ თუ იდიოტი, ეს რეალობას არ ცვლის.
– გამოიყენეთ ახალგაზრდა და გულუბრყვილო ქალის ნდობა...
– რა უცნაურ რამეს ამბობთ. როგორ გამოვიყენე?! იყო რომანი და დამთავრდა. მე მისთვის სიყვარული არ ამიხსნია; არ მითქვამს, ჩემი ცხოვრების ქალი ხარ-მეთქი. ისიც არ იკმარა, რომ ოჯახში მომიწყო ჯოჯოხეთი, კორპორაციის უფროსთან მიჩივლა, ჩემზე სექსუალური ძალადობა განახორციელაო, საქვეყნოდ მომჭრა თავი. საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩემს ცოლს შევეცოდე და შეწყვიტა ტერორი, ოღონდ, მუდმივად მაძახებს, რომ ოჯახის ღირსი არ ვარ; რომ გარეთ უნდა გამაგდოს, მაგრამ, შვილების და ერთად გატარებული წლების გამო ვებრალები. კიდევ, იმ ძუკნას არ გავახარებ ჩემი ოჯახის დანგრევითო. მოკლედ, მაინც მოვყევი ნანგრევებში. საშინელი დეპრესია მაქვს. მაწუხებს ისიც, რომ, სადაც კი მოხვდება და ხელი მიუწვდება, ჩემი ყოფილი საყვარელი ყველგან საშინლად მლანძღავს. სამსახურში თანამშრომლები ალმაცერად მიყურებენ და ზურგს უკან ჩემზე ჭორაობენ. ისეთი დამთრგუნველია ეს კაცისთვის, რომელსაც რესპექტაბელურობაზე ჰქონდა პრეტენზია, ვერ აგიწერთ. მოკლედ, ვიცი, რომ გვიანაა თითზე კბენანი, მაგრამ, რაღას ვიზამ? ადრე უნდა მეფიქრა ამ ყველაფერზე. ნეტავი, ოდესმე თუ დალაგდება ჩემი ცხოვრება ისევ? ეჭვი მეპარება. საკუთარ თავს ვეკითხები: ნუთუ, რაც ჩავიდინე, სიბერის შიშით მომივიდა-მეთქი? ისეც ხომ ხდება, რომ ორმოც წელს გადაცილებულ მამაკაცებს ასეთი რამ მექანიკურად, შეუცნობლად ემართებათ, საკუთარი ნებისგან დამოუკიდებლად? თუმცა, ასეც რომ იყოს, მე ეს მაინც არ გამამართლებს.