ვისი ჩაცმულობა იყო იდეალური პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს
წელს, ისე როგორც არასდროს, საქართველოს უახლეს ისტორიაში, პრეზიდენტის ლეგიტიმაციის დღეს განსაკუთრებით დიდი ყურადღება მიექცა არა აღლუმის მასშტაბურობას, ჩამოსული სტუმრების წონასა და გავლენას, არამედ იმას, რასაც ცივილიზებულ სამყაროში ყოველთვის გამადიდებელი შუშით უყურებენ – პირველებისა და მათ გვერდით მყოფი ქალბატონების ჩაცმულობას. ერთ-ერთ ცნობილ ქართველ დიზაინერს ინაუგურაციაზე და მის შემდგომ საზეიმო მიღებებზე ჩაცმულობის შეფასება ვთხოვეთ და თან, ინკოგნიტოდ დარჩენა შევთავაზეთ, რათა მისი მიმოხილვა უფრო გულწრფელი, კონკრეტული და საინტერესო ყოფილიყო.
დიზაინერი: ძალიან ხშირად მქონია მედიისგან შემოთავაზება, რომ არა მხოლოდ ინაუგურაციის დღე, არამედ ზოგადად, საქმიან თუ ოფიციალურ მიღებებზე, უბრალოდ, ელიტურ წვეულებებსა და ღონისძიებებზე ცნობილი ქალბატონების ჩაცმის სტილი, მანერა შემეფასებინა. იყო ასეთი მცდელობებიც, მაგრამ ამას შემდეგ, იმდენი გაუგებრობა, იმდენი არასასიამოვნო საუბარი მოჰყვა, რომ მირჩევნია, ჩემი ვინაობა არ დასახელდეს. რაც შეეხება თვითონ ინაუგურაციას, მას ყოველთვის დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვებოდა ხოლმე, მაგრამ სოციალური ქსელების ასეთმა პოპულარობამ გამოიწვია ის, რომ ინაუგურაციაზე ქალბატონების ჩაცმულობას მთელი ერი განიხილავდა. დავიწყოთ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკა ხვედელიძის ჩაცმულობით. თავიდანვე ხაზი მინდა გავუსვა, მიუხედავად იმისა, რომ ის მედიაში იშვიათად ჩნდება, ყოველთვის ელეგანტურად, სადად, ძალიან დახვეწილად აცვია. საკმაოდ გამხდარი და მაღალი ქალია, შესაბამისად, სამოსს კარგად ირგებს. ყოველთვის შეხამებული აქვს სამოსთან სათვალე, საათი და სხვა აქსესუარები. მას ყოველთვის დიდი ისტორიის მქონე მოდის სახლების სამოსი აცვია, რომელთა მორგება ნიშნავს, რომ იქ კითხვის ნიშანი არ არსებობს. ინუაგურაციის დილას, პარლამენტის შენობის ეზოში მას „კრისტიან დიორის“ 2013 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან, „დიორის სახლის“ კრეატიული დირექტორის, ბელგიელი დიზაინერის, რაფ სიმონსის მიერ შექმნილი თეთრი საყელოთი გაფორმებული შავი პალტო ეცვა. პალტო ხაზს უსვამს სისადავეს, ელეგანტურობას, ქალურობას, არ არის მყვირალა და უხეშად არ იქცევს ყურადღებას. ალბათ, ქალბატონი ეკა ხვედელიძის მხრიდან ეს საუკეთესო არჩევანია. ამ პალტოსთან, რომელიც დაახლოებით ხუთი ათასი ევრო ღირს, ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს ფეხზე კრისტიან ლაბუტინის ფეხსაცმელი ეცვა – ფეხსაცმელი, რომელშიც ეჭვის შეტანა არ შეიძლება.
– მისი საღამოს ჩაცმულობა.
– საღამოს მიღებაზე, თითქოს შეთანხმებულივით, ყველას გიპიურით ან წულით გაფორმებული კაბები ეცვათ, რამაც, ზოგადად, ყურადღება გაფანტა. ეკა ხვედელიძეს გიპიურით გაფორმებული, ტანზე მომდგარი შავი კაბა ეცვა, რომელიც პალტოს ეფექტის შემდეგ უფრო ნაკლებად მომეწონა. თუმცა, ერთიანობაში უნდა ითქვას, რომ მას ამ დღესაც, ისევე როგორც ზოგადად, გემოვნებით ეცვა ყოველგვარი ზედმეტობების გარეშე. ანუკი არეშიძე ძალიან სასიამოვნო მდგომრეობაშია. ორსულობამ, ისედაც ულამაზესი ანუკი, განსაკუთრებით გაალამაზა და დაანაზა. ღია ვარდისფერი გიპიურის კაბა, როგორც პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, თავისივე დიზაინით იყო შექმნილი. თუმცა, მის ადგილას ტანზე ნაკლებად მომდგარ კაბას ჩავიცმევდი. ფეხზე „ვალენტინოს“ ძველი კოლექციიდან ეცვა ფეხსაცმელი, რომელიც მასზე ადრეც შემიმჩნევია. იმის ხაზგასმა მინდა, რომ ორსული ქალი ისედაც დიდ ყურადღებას იქცევს და მის ადგილას უფრო სადა და არამკვეთრ კაბაზე გავაკეთებდი არჩევანს. ინტერნეტგამოკითხვით ანუკი არეშიძე ყველაზე გემოვნებით ჩაცმულ ქალბატონად აღიარეს.
– გამადიდებელი შუშის ქვეშ მოექცა პრეზიდენტის მეგობარი ქალბატონი – მაკა ჩიჩუა, რომლის ჩაცმულობა, პირადად მე, ძალიან მომეწონა ყველა ეტაპზე.
– გეთანხმები, მაკა ხელოვანია და როგორც ჩანს, ძალიან კარგი ხედვა და გემოვნება აქვს. სამივე კოსტიუმი, რომელიც გავრცელდა, იმსახურებს აპლოდისმენტებს. კოსტიუმები მან ქართველ დიზაინერს, დათუნა სულიკაშვილს შეაკერინა. ულამაზესი იყო ღია კაკაოსფერი პიჯაკი და ქვედაბოლო დილით. თუმცა, პიჯაკი ისეთი თხელი იყო, აშკარად ითხოვდა ლაბადას ან თხელ პალტოს, როგორც მინიმუმ. ზუსტად გარემოს შესაფერისი იყო მისი თვლებით გაფორმებული შავი კაბა, მაგრამ ერთადერთი, რასაც მის იმდღევანდელი აუტფიტების ჩამონათვალში კორექტივას შევიტანდი, იყო ვერცხლისფერი სამოსი – კაბაც და პიჯაკიც, არაპროტოკოლურად გამოიყურებოდა. არ შეიძლება, იატაკზე ეთრეოდეს კაბა, როგორც ქორწილში ან წითელ ხალიჩაზე ინაუგურაციის დღეს. და არც პიჯაკი შეიძლება, იყოს ისე, თითქოს ერთი ზომით დიდია. ასეთი პიჯაკები ძალიან მოდურია, მაგრამ იმ დღეს მაინც იყო გასათვალისწინებელი, რომ ნებისმიერ კოსტიუმს, კაბა იქნებოდა ეს, პიჯაკი თუ ქვედაბოლო, აუცილებლად მაინც ჰქონოდა მინიშნება საქმიანობისა და კონსერვატულობისკენ.
– რას იტყვი ახალი პრემიერ-მინისტრის ცოლის ჩაცმულობაზე?
– როგორი ახალგაზრდა და ლამაზი გოგო ყოფილა, მაგრამ მისი „ოსკარ დე ლა რენტას“ კაბა ნამდვილად კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი. არ შეიძლება, ასეთ ოფიციალურ მიღებაზე, როგორი მსუბუქი გარემოც არ უნდა იყოს, წულის ყვავილებამოქარგული კაბა გეცვას. თავისთავად ის ძალიან რომანტიკული, ნაზი და ახალგაზრდულია და ბევრ სიტუაციას მოუხდებოდა, მაგრამ არა ინაუგურაციას. კაბაზე მას წითელი პალტო ეცვა, წითელი ზოგადად, ასეთ დღეებში ჩასაცმელად საკმაოდ სარისკო ფერია. მაგრამ, თუ მაინცდამაინც წითელი ფერი მომინდებოდა, მის ადგილას პირიქით გავაკეთებდი – სადა, ნაზ, ტანზე მომდგარ წითელ კაბას და შავ პალტოს ჩავიცვამდი.
– სხვა ქალბატონებზე რას იტყვით?
– რაც არ უნდა მინუსები ვიპოვო, მაინც მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ისინი, ვინც მაგალითად მოვიყვანე, იმ სიტუაციაში აშკარად გამოირჩეოდნენ სილამაზით და თავი არა მარტო მე, არამედ საზოგადოებას დაამახსოვრეს, რაც ნიშნავს, რომ მიზანი მაინც მიღწეულია. რასაც ვერ ვიტყვი სხვა პოლიტიკოსების მეუღლეებსა და პოლიტიკოს ქალბატონებზე. შესაძლებელია, მათ ბევრი სხვა საფიქრალი აქვთ, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ ასეთი რაღაცეები ყოველდღე არ ხდება და საზოგადოებას დიდხანს ამახსოვრდება. მათ ვურჩევდი, მეტი დატვირთვა მისცენ ვიზუალურ მხარეს, რადგან ხშირად ეს მათ სიტყვებზე მეტ გავლენას ახდენს მაყურებელზე.