ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: გთხოვთ განმიმარტოთ რას ნიშნავს იურიდიული პირი და როგორია მისი სამართლებრივი განმარტება?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია, სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. იურიდიული პირი შეიძლება, იყოს კორპორაციულად ორგანიზებული, წევრობაზე დაფუძნებული, წევრთა მდგომარეობაზე დამოკიდებული ან მისგან დამოუკიდებელი და მისდევდეს ან არ მისდევდეს მეწარმეობას.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა შემთხვევაში ითვლება სამოქალაქო ურთიერთობებში ხელშეკრულება დადებულად და ამისთვის აუცილებელია თუ არა ხელშეკრულების დადების განსაზღვრული ფორმა?
პასუხი: გაცნობებთ, რომ ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით, მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა, რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. ხელშეკრულებით შეიძლება, წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულებაც. ხელშეკრულება შეიძლება, იყოს წერილობითი ან ზეპირი, მაგრამ ნამდვილობისთვის აუცილებელია არსებით პირობებზე შეთანხმება. ხელშეკრულებისთვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება ასევე, წინარე ხელშეკრულებაზედაც.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რას ეწოდება სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში ოფერი და რას ნიშნავს ეს?
პასუხი: გაცნობებთ, რომ ოფერად სამოქალაქო ურთიერთობებში მოიხსენიებენ სამოქალაქო სამართლებრივ ტერმინს – „ოფერტს“, რაც ნიშნავს წინადადების შეთავაზებას ხელშეკრულების დადების შესახებ. ოფერტი ითვლება შეთავაზებულად, თუ ამ წინადადებაში, რომელიც მიმართულია ერთი ან რამდენიმე პირისადმი, გამოხატულია, რომ წინადადების მიმცემი (ოფერენტი) თანხმობის (აქცეპტის) შემთხვევაში, მზადაა, შეასრულოს თავისი წინადადება.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, ვინ არის ზოგადად ადვოკატი და რა სახის სამართლებრივი მოქმედებები იგულისხმება საადვოკატო საქმიანობაში?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ემორჩილება მხოლოდ კანონსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში. საადვოკატო საქმიანობა მოიცავს: ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის მიცემას იმ პირისთვის, რომელმაც მას დახმარებისთვის მიმართა (კლიენტი); კლიენტის წარმომადგენლობას საკონსტიტუციო დავის, სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოში, არბიტრაჟში, დაკავების, გამოძიების ორგანოებში; მესამე პირის მიმართ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და კლიენტის სახელით ნებისმიერი დოკუმენტაციის წარდგენას; ისეთი იურიდიული დახმარების გაწევას, რომელიც არ უკავშირდება მესამე პირის წინაშე წარმომადგენლობას და ასე შემდეგ.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდეს ადვოკატი თავისი პროფესიული მოვალეობის აღსრულების დროს?
პასუხი: გაცნობებთ, რომ საადვოკატო საქმიანობის პრინციპებია: კანონიერება; საადვოკატო საქმიანობის თავისუფლება და დამოუკიდებლობა; ადვოკატთა თანასწორობა და მათი დისკრიმინაციის დაუშვებლობა; საადვოკატო საქმიანობაში ჩაურევლობა; ადვოკატის მიერ კლიენტის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა და დაცვა; ადვოკატის მიერ დაცვის უფლების განხორციელებაზე უარის თქმის დაუშვებლობა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ადვოკატის მიერ პროფესიული საიდუმლოების დაცვა; ადვოკატის მიერ პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვა.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა უფლებებით სარგებლობენ ადვოკატები და რა მოვალეობები გააჩნიათ კლიენტების წინაშე?
პასუხი: გაცნობებთ, რომ ადვოკატს უფლება აქვს: წარმოადგინოს და დაიცვას კლიენტი, მისი უფლებები და თავისუფლებები საკონსტიტუციო, უზენაეს და საერთო სასამართლოებში, არბიტრაჟსა და გამოძიების ორგანოებში, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; კლიენტის ინტერესების დაცვის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს საადვოკატო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა ფაქტობრივი მონაცემები; დაუბრკოლებლად, ნებისმიერ დროს და კონტროლის გარეშე, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირისპირ შეხვდეს დაკავებულ, დაპატიმრებულ ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის ადგილებში მოთავსებულ პირს, იქონიოს მასთან მიმოწერა; ისარგებლოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. ადვოკატის საქმიანობა შეიძლება, შეიზღუდოს მხოლოდ კანონით. რაც შეეხება ადვოკატის მოვალეობებს, ადვოკატი ვალდებულია: კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული ფუნქციები; ზუსტად და განუხრელად დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები; არ შელახოს სასამართლოს და პროცესის სხვა მონაწილეთა უფლებები; დაიცვას პროფესიული საიდუმლოება; შეასრულოს საპროცესო კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობები და ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში, კლიენტს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ; მონაწილეობა მიიღოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებულ განგრძობადი სავალდებულო იურიდიული განათლების პროგრამაში.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, კონკრეტულად რა ღონისძიებების გატარების უფლება აქვს ადვოკატს კლიენტის ინტერესების დასაცავად?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ ადვოკატს უფლება აქვს, კლიენტის ინტერესების დასაცავად, გამოიყენოს ყველა საშუალება, რომელიც აკრძალული არ არის კანონმდებლობით ან პროფესიული ეთიკის ნორმებით. ამასთან, ადვოკატი ვალდებულია, დროულად მიაწოდოს კლიენტს ყველა ინფორმაცია და განუმარტოს ყველა შესაძლო ფინანსური ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია მისი საქმის წარმოებასთან.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რას ნიშნავს ინტერესთა შეუთავსებლობა ადვოკატის მიერ საადვოკატო საქმიანობის განხორციელების დროს?
პასუხი: გაცნობებთ, რომ ადვოკატი ვალდებულია, არ განახორციელოს ისეთი ქმედება და არ დაამყაროს ისეთი ურთიერთობა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის კლიენტის ინტერესებს, ადვოკატის პროფესიულ საქმიანობას ან დამოუკიდებლობას. ადვოკატს უფლება არა აქვს, შეასრულოს პროფესიული ფუნქციები, თუ იმავე საქმეზე უკვე განახორციელა საადვოკატო საქმიანობა მეორე მხარის სასარგებლოდ. დაუშვებელია ადვოკატის მიერ პროფესიული ფუნქციების შესრულება იმ საქმეზე, რომელზედაც მან უკვე განახორციელა მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის, მომკვლევის, სასამართლო სხდომის მდივნის, თარჯიმნის, დამსწრის, მოწმის ექსპერტის, სპეციალისტის, საჯარო მოსამსახურის ან ნოტარიუსის სტატუსითა და საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.