რაზე ოცნებობს ნანა ნებიერიძე და იცეკვებს თუ არა ის გოჩა ჩერტკოევთან
სცენის დედოფალი... კონკურსის აღმოჩენა... პარკეტის საოცრება. ეს შეფასებები „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ყველაზე მკაცრი ჟიურის წევრების მხრიდან გაისმის. ნანა ნებიერიძე ამ შოუს ის ელემენტია, რომლის გარეშეც, ის ნამდვილად არ იქნებოდა ისეთი შთამბეჭდავი და მიმზიდველი, როგორიც ახლაა. ყოფილი სპორტსმენი ყველა საქმეს სპორტული ჟინით, ინტერესითა და დისციპლინით უდგება. ალბათ, ამიტომაც მისი ცეკვა ყველასგან გამორჩეული და ზუსტია.
ნანა ნებიერიძე: უკვე ცამეტი წელია, რაც პროფესიულ სპორტს თავი დავანებე, აღარ ვვარჯიშობ. ვარ ევროპის ჩემპიონი და სიდნეის ოლიმპიადის მონაწილე წყალში ხტომაში. ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელად პროექტში მონაწილეობა შემომთავაზეს და დავთანხმდი. სპორტში ვარ ბავშვობიდან, ჯერ ტანვარჯიშზე დავდიოდი და შემდეგ წყალში ხტომაზე გადავედი. ამას ერთადერთი მიზეზი ჰქონდა, დედა ყოფილი წყალში მხტომელია და ეს ერთგვარად მისი გზის გაგრძელება იყო. პარალელურად, დავდიოდი ფორტეპიანოზე. ცოტა ხმამაღალი ნათქვამი გამომდის, მაგრამ სპორტშიც და მუსიკაშიც ნიჭიერი ვიყავი – მესამე კლასიდან მეხუთეში გადამიყვანეს. მაგრამ მაინც სპორტში დავრჩი. დავიწყეთ უცხოეთში გასვლები, შეჯიბრებები, რაც მაშინ ძალიან უცხო იყო. იმ პერიოდში უცხოეთში მართლა ერთეულები დადიოდნენ.
– სპორტის სახეობებიდან ეს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია...
– ერთ ფედერაციაში გაერთიანებულია ცურვა, წყალბურთი, სინქრონული ცურვა და წყალში ხტომა...
– რის მიხედვით ფასდება წყალში ხტომაში სპორტსმენი? გადახტომის სილამაზე, სირთულე, კიდევ...
– უამრავი ელემენტია, ყველაფერი ერთად. სილამაზე, სირთულე... როგორ გგონიათ ათი მეტრიდან სამნახევარ ბრუნს რომ აკეთებ, წყალში სწორად რომ უნდა ჩახვიდე, შხეფების გარეშე, ეს ადვილია?! პრაქტიკულად, ოცდახუთი წელი ამ სპორტით ვიყავი დაკავებული და ოცდახუთი წელი ყოველდღიურად ვვარჯიშობდი. იყო პერიოდები, როდესაც დღეში სამი ვარჯიში მქონდა – ერთი საათი დარბაზში და ორი წყალში.
– ევროპის ჩემპიონატი მინდა, გაიხსენოთ. რამდენი წლის იყავით, როცა ეს ტიტული მოიპოვეთ?
– თოთხმეტი წლის ვიყავი. ჩემპიონატი ტარდებოდა მადრიდში. როდესაც შეჯიბრება დამთავრდა და ჩემპიონი გავხდი უცებ ისე მომინდა სახლში, ისე მომინდა დედა და მამა, როგორც არასდროს. იმდენად ბედნიერი ვიყავი, ემოციებით სავსე, რომ მინდოდა ისინი გვერდში მყოლოდნენ, მათთვის გამეზიარებინა სიხარული. მგონი, პირველად ცხოვრებაში, ძალიან მინდოდა სახლში ყოფნა. ეს ტიტული ადამიანს ცხოვრების ბოლომდე მიჰყვება და მიხარია, რომ ამ ტიტულს ვატარებ. ცხოვრებაში ცოტა არ გამიმართლა ამ მხრივ – როცა სპორტული კარიერის პიკში ვიყავი, ალბათ, ყველას ახსოვს: არ იყო წყალი, შუქი, გათბობა, რომელ სპორტზე და ვარჯიშზე იყო ლაპარაკი. სამი წელი პაუზა მქონდა, გავთხოვდი, შვილი გავაჩინე. ახლა უკვე დიდი გოგოა, ცხრამეტი წლის. ამის შემდეგ წავედი რუსეთში, იქ ვვარჯიშობდი, ჩემს მწვრთნელთან ერთად ვცხოვრობდი და ვემზადებოდი სიდნეის ოლიმპიადისთვის. ოლიმპიადაზე როგორც კი ვიწყებ საუბარს, ყველა მეკითხება, რომელი ადგილი აიღე, რა წარმატებას მიაღწიე ოლიმპიადაზეო. არის ასეთი გამოთქმა, მთავარი მონაწილეობაა და არა მოგებაო, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმები. ეს გამოთქმა ჩემთვის არ არის. როდესაც ოცდახუთი წელი ამ ერთი საქმით ცხოვრობ და მიდიხარ ტურისტივით, ეს ძალიან მტკივნეულია. ეს, ალბათ, ერთადერთი მიზეზით მოხდა – როცა სხვები თავდაუზოგავად ვარჯიშობდნენ, მე ბავშვთან ერთად ვიყავი. ეს კი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ფორმიდან ამოვარდე. თან, სპორტი ძალიან დიდ დისციპლინას მოითხოვს, პრინციპში, იგივეა, რაც ცეკვაში.
– სპორტის შემდეგ რას აკეთებდით?
– იმას, რაზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი, მუშაობა დავიწყე ტელევიზიაში. საერთოდ, რუსულენოვანი ვარ. ვმუშაობდი „ალანიაზე“, ძალიან მომწონდა ეს საქმე. მახსოვს, სტენდაფი ჩაწერეს და ალბათ, ორმოცი დუბლი დამჭირდა ორი წინადადების სათქმელად. ამის შემდეგ „პირველ არხზე“ პროდიუსერად ვმუშაობდი გადაცემაზე, რომელიც საბჭოთა რეპრესიებს ეხებოდა. შემდეგ, როდესაც გაიხსნა „პიკი,“ ვიყავი გადაცემის და საინფორმაციოს წამყვანი.
– ხშირად გიღებენ რეკლამებშიც.
– კი, ერთი პერიოდი ბუმი იყო. ახლაც არის ჯიხურებზე „ნატახტარის“ რეკლამები.
– რაც შეეხება ცეკვებს, პროექტის ცეკვის დედოფლად ჩამოყალიბდით. სპორტში ყოფნა რამენაირად დაგეხმარათ?
– არა მგონია, შეიძლება მხოლოდ მიდგომაში. ბავშვობიდან მოდის დისციპლინირებულობა, პუნქტუალურობა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით კიდევ არის ის მომენტი, რომ თუ სადმე დროზე მიდიხარ, უკვირთ. ორი თვეა უკვე ვვარჯიშობთ, თავიდან, სიმართლე გითხრათ, ცოტა გამიჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ სულ ვვარჯიშობ, ვცურავ, ცეკვაში მაინც სულ სხვა კუნთები ჩაერთო, სულ სხვა ტიპის სამუშაოა, სხვა დატვირთვა. ორი კვირის შემდეგ, როგორც ამბობენ, კალაპოტში ჩავჯექი. ისევ ვიმეორებ, მთავარი მიდგომა და ზუსტი მიზანია.
– ანუ, თქვენთვის ეს გართობა არ არის.
– არანაირად, რა გართობა. ამ პროექტში მონაწილეობის გამო, მივატოვე ყველაფერი – ბავშვი, ოჯახი, სამსახური. სხვანაირად არ გამოვა. ან ერთ საქმეს აკეთებ და აკეთებ კარგად, ან ბევრს და – ცუდად. ამიტომ, რაღაცას აკეთებ ან არა. საერთოდ, მოლოდინიც არ მქონია და არ მიფიქრია, რა იქნებოდა. არ ვარ პრეტენზიული, რასაც მასწავლიან, ვსწავლობ, რასაც მიდგამენ, უპრეტენზიოდ ვიღებ. ვენდობი ჩვენს უნიჭიერეს ქორეოგრაფებს – დიმა, ალიონა, საშა, არაჩვეულებრივი ადამიანები არიან. მათ გარეშე საინტერესო არაფერი იქნებოდა.
– ოჯახი რამდენადაა ჩართული?
– უი, უი, ძალიან. ბოლომდე მგულშემატკივრობენ. უბრალოდ, ერთი სასაცილო მომენტია – ჩემი შვილი კვირაში სამჯერ მირეკავს და მთხოვს: ჩამირიცხე თანხა, რომ დაგიმესიჯოო. კი, ახლავე-მეთქი, ვეუბნები და ისე გადის ორი-სამი დღე, მავიწყდება. ისევ ხომ შენთვის მინდაო, მეუბნება (იცინის), მაგრამ, რა ვქნა, მავიწყდება. მისი დაქალები, ყველანი ჩართულები არიან და ერთობიან. ლევანს აქვს თავისი არტ-სტუდია და ბავშვები ისე გულით გვგულშემატკივრობენ, იმხელას ყვირიან და ეს ძალიან სასიამოვნოა ცეკვის დროს. ხმამაღლაც აღვნიშნე ეს, უდიდეს ძალას მაძლევთ და თქვენ გარეშე რა მეშველებოდა-მეთქი, ვუთხარი. სცენაზე დგომის დროს მათი ხმა რომ მესმის ეს არანორმალურად სასიამოვნო შეგრძნებაა. ამ დროს ყველაზე ნაკლებად ფიქრობ საკუთარ თავზე.
– გოჩა ჩერტკოევთან თქვენი ურთიერთობა...
– ამაზე ყველა მეკითხება (იცინის). შოუ რომ იწყება, კულისებში ისეთი ამბავი ხდება, ყველა ისე ნერვიულობს, ემზადება, ყველა დარბის აქეთ-იქით, ნამდვილად არ არის იმის დრო, კიდევ ცალკე ვისაუბროთ და მას დაველაპარაკო. გოჩა არის პროფესიონალი, უდიდესი რანგის მოცეკვავე. ბევრჯერ ვნახე „იუთუბიზე“ მისი ცეკვის ვიდეოები და აღფრთოვანებული, გადარეული ვარ. შეიძლება, ჩემი მხრიდან ეს ცოტა თავხედურად ჟღერს, მაგრამ ჩემი ოცნებაა, ერთი ცეკვა გოჩასთან ერთად ვიცეკვო.
– იცის ამ სურვილის შესახებ?
– არა მგონია, ეს რომ გაიგოს, ალბათ, იფიქრებს, ძალიან თავხედიაო. სად მე და სად გოჩა. ასეთი ტური რომ იყოს, გადასარევი იქნებოდა. მოკლედ, არ ვმალავ, რომ გოჩასთან ძალიან დიდი სიამოვნებით ვიცეკვებდი (იცინის).