ვინ აამღერა პოპულარული უკრაინელი მსახიობი ლილუ ვეგა ქართულად და რა ოცნება აიხდინა მან საქართველოში
ჩვენი რესპონდენტი უკრაინელი მომღერალია, რომელიც კიდევ არაერთ პროფესიას ითავსებს. ლილუ ვეგა ქართველმა მსმენელმა გაიცნო მას შემდეგ, რაც მან სიმღერა „თბილისი-კიევი” ქართველ რეპერთან, მასტერთან ერთად ჩაწერა. ლილუ საქართველოში უკვე რამდენჯერმე იყო და, იმდენად მოეწონა ჩვენი ქვეყანა, რომ სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა, ქართულ-უკრაინული დუეტი ჩაეწერა. მასტერი კი ინტერნეტის მეშვეობით იპოვა. უფრო დაწვრილებით, რას საქმიანობს ჩვენი რესპონდენტი, მისივე ნაამბობიდან შეიტყობთ.
– ლილუ, უკრაინაში საკმაოდ ცნობილი მომღერალი ხართ, ასევე, მუშაობთ ტელევიზიაში.
– გარდა იმისა, რომ ვმღერი და ვმუშაობ ტელევიზიაში, ასევე, ვარ უკრაინაში ძალიან პოპულარული რადიოს – „ევროპა პლუსის” წამყვანი. სტუმრად ვიწვევ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილ და პოპულარულ ადამიანებს. ჩემს გადაცემაში მოუსმენთ როგორც სპორტსმენებს, ასევე, ბიზნესმენებს, მსახიობებს და ასე შემდეგ. ყველა სტუმარი თავისი წარმატების სამ ძირითად მიზეზს ასახელებს ეთერში. რაც შეეხება ტელევიზიას, დილის გადაცემაში ვმუშაობ. ამასთან ერთად, მონაწილეობას ვიღებ ბევრ კონცერტში, ვახმოვანებ ჰოლივუდის ფილმებს. სხვათა შორის, ძალიან ბევრი მთავარი როლი მაქვს ამ ფილმებში გახმოვანებული. იშვიათად მეც მიღებენ ფილმებში. მთავარ როლს ვთამაშობ უკრაინულ პირველ 3D ფილმში, მითამაშია რამდენიმე მეორეხარისხოვანი როლიც.
– სიმღერა როდის დაიწყეთ?
– ბავშვობიდან ვმღერი. სკოლის დამთავრების შემდეგ კიევში გადმოვედი საცხოვრებლად და ჩავაბარე უმაღლესში. იმის გამო, რომ კარგად ვსწავლობდი, ინსტიტუტი ექსტერნად დავამთავრე და მუშაობა დავიწყე, თუმცა, დიდ სცენაზე მაშინვე არ მოვხვედრილვარ. ბევრს ვმღეროდი კლუბებში, ასევე, რადიოში სიმღერით ვახმოვანებდი სარეკლამო რგოლებს, რადიოს ტიხრებს და ასე შემდეგ. რამდენიმე წელიწადში კი ესტრადაზე ჩემი პირველი ნაბიჯიც გადავდგი.
– როგორც ვიცი, სოლო შემსრულებელი ხართ, თუმცა, ერთი დუეტი მაინც მაქვს მოსმენილი, ისიც, ქართველ შემსრულებელთან, მასტერთან ერთად. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?
– ეს დუეტი ორ ქვეყანაში ჩაიწერა: მე ჩემი პარტია უკრაინაში ჩავწერე, ხოლო მასტერმა თავისი პარტია – საქართველოში. აი, როცა ამ სიმღერაზე ვიდეოს გადავიღებთ, მაშინ მე და მასტერი, რა თქმა უნდა, ერთად ვიქნებით.
– ერთმანეთი საქართველოში გაიცანით თუ უკრაინაში?
– ერთმანეთი ინტერნეტის საშუალებით გავიცანით. საერთაშორისო დუეტის ჩაწერა მინდოდა და „ფეისბუქის“ საშუალებით მამრობითი სქესის ქართველი შემსრულებლების გვერდებს ვათვალიერებდი – მინდოდა, ის ადამიანი მეპოვა, რომელთანაც ამ დუეტს ჩავწერდი. აი, ასე ვიპოვე მასტერიც, რომელიც მაშინვე მივხვდი, რომ თანამედროვე და ნიჭიერი შემსრულებელი იყო. ეს სიმღერა უკრაინაში ძალიან პოპულარულია, ბევრს მოსწონს. მართალია, არც მათ და არც მე არ გვესმის, ქართულ ენაზე რას ვმღერი, მაგრამ, სიმღერა ძალიან პოზიტიურია.
– ქართულ ენაზე სიმღერა არ გაგიჭირდათ?
– კი, ძალიან გამიჭირდა. სტუდიაში ქართული ენის პედაგოგიც კი მყავდა მოწვეული, რომელიც ჩაწერის დროს მისწორებდა სიტყვებს. მართალია, აქცენტით ვიმღერე, მაგრამ, მაინც კმაყოფილი ვარ.
– კლიპის გადაღებას სად გეგმავთ?
– გადაღებები საქართველოშიც იქნება და უკრაინაშიც. გადამღები ჯგუფიც უკრაინული იქნება. მართალია ოპერატორი საკმაოდ ძვირად ღირებული მყავს შერჩეული, მაგრამ, როგორც ჩემი მეგობარი, კარგ ფასდაკლებას მიკეთებს. ძალიან კარგი გადამღები ჯგუფია, რომლებთანაც არაერთხელ მიმუშავია. ამიტომ, ექსპერიმენტების დრო არ არის და, მირჩევნია, ვისაც ვიცნობ, ვიდეოც მათ გადაიღონ.
– საქართველოში ადრეც იყავით თუ ამ სიმღერას უკავშირდება თქვენი და საქართველოს ურთიერთობა?
– არა, საქართველოში უკვე ექვსჯერ ვარ ნამყოფი. პირველად დაქალთან ერთად ჩამოვედი სამი-ოთხი დღით, ქვეყნის დასათვალიერებლად. თავი ისე კომფორტულად ვიგრძენი, რომ მერე უკვე ჩემს შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ჩამოვედი და რამდენიმე კლიპიც ჩამოვიტანე, რომლებიც „მიუზიკ ბოქსზე” ტრიალებს. მერე უკვე „თბილისის მოდის კვირეულზე“ ჩამოვედი და ჩემი მეგობარი დიზაინერის, თამუნა ზაუტაშვილის ჩვენება დავხურე. ამ შემთხვევაში ვიყავი უკვე როგორც მოდელი. ერთ-ერთ კლუბში გამართულ კონცერტშიც მივიღე მონაწილეობა. მერე კი ჩამოსული ვიყავი ჩემი და მასტერის დუეტის პრეზენტაციაზე, რომელიც რადიო „ფორტუნა პლუსის” ეთერში შედგა.
– გამოდის, რომ მოდელიც ხართ?
– არა, ეს ჩემი ოცნება იყო, რომელიც საქართველოში ავიხდინე. მოდელის სიმაღლეც კი არ მაქვს, მოყვარული ვარ. ხანდახან არტისტებიც ვდგავართ პოდიუმზე, მით უმეტეს, თუ ფიზიკური მონაცემები ამ ყველაფერში ხელს გვიწყობს.
– როგორც ვიცი, დედა ხართ.
– 11 წლის ბიჭი მყავს, რომელიც არ მღერის, ძალიან არის სპორტით გატაცებული, თამაშობს ფეხბურთს.
– ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი გყავთ უკრაინაში. მათგან ბევრს იცნობთ?
– ყველა არტისტს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. როცა პოპულარული ხარ, ესეც ჩვეულებრივი ამბავია. ყველას ნამდვილად არ ვიცნობ, ამისთვის, უბრალოდ, დროც არ მეყოფა. „ფეისბუქისა“ და სხვადასხვა სოციალური ქსელის საშუალებით კი უამრავი მათგანი მიკავშირდება. მინდა გითხრათ, რომ, წერილებს, რომლებსაც ისინი მიგზავნიან, მე თვითონ ვპასუხობ, როგორც კი ამის დრო მაქვს ხოლმე.
– „ლილუ“ სასცენო სახელია?
– „ლილუ“ ჩემი ფსევდონიმია, აბა ნორმალური დედა თავის შვილს ამ სახელს ხომ არ დაარქმევს? მოგვიანებით გვარიც ავიღე ფსევდონიმად და დღეს ვარ ლილუ ვეგა, ჩემი ნამდვილი სახელი კი სვეტლანაა.
– რას ეტყვით ქართველ მსმენელს, რომელმაც თქვენი სიმღერა უკვე მოისმინა?
– მინდა, ჩემი და მასტერის დუეტი ისეთივე პოპულარული იყოს საქართველოში, როგორც უკრაინაშია; მინდა, მას უსმენდნენ ყველგან – რადიოში, ავტომობილში, მერე კი უყურონ ვიდეოს, როცა მას გადავიღებთ. ქართველი მსმენელი მე უკვე ძალიან შემიყვარდა.