რა „რევოლუცია“ მოუწყო ზურაბ წერეთელმა ლენინს წყალში და რაზე გაგიჟდნენ საბჭოთა ხელმძღვანელები
20 ნოემბერს თბილისს ზურაბ წერეთელი მოსკოვის სამხატვრო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, დაახლოებით 30-კაციანი დელეგაციით ეწვია. ჩამოსვლის ძირითადი მიზეზი 9 აპრილის ბაღში რამაზ ჩხიკვაძის „აზდაკის” ძეგლის გახსნა იყო, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები და თეატრალური საზოგადოება ესწრებოდნენ. ძეგლის გახსნის შემდეგ სტუმრები რუსთაველის გამზირზე ზურაბ წერეთლის ხელოვნების მუზეუმის გახსნასაც დაესწრნენ და თბილისის ზღვაზე გადაიცნავლეს. წერეთლის საოცრების – ბრინჯაოში, რკინა-ბეტონსა და მინანქარში ჩამოსხმული სკულპტურულ-არქიტექტორულ-მონუმენტური ანსამბლის – „საქართველოს მატიანეს” ნახვით ხომ, რუსმა სტუმრებმა ლამის შოკი მიიღეს. ორი წლის წინ „თბილისელებმა” მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან ვრცლად ისაუბრა თავის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე და, ახლაც, მიუხედავად მცირე დროისა, მასთან ინტერვიუს ჩაწერა მაინც მოვახერხეთ.
– ბატონო ზურაბ, თქვენ და რამაზ ჩხიკვაძე კარგი მეგობრები იყავით.
– დიახ, რამაზიც და მისი მეუღლეც, ნატაშა, ჩემი ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ, რამაზი უნიჭიერესი მსახიობი იყო, ხალხს უყვარდა. როცა ის თამაშობდა, ყოველთვის მივდიოდი თეატრში – მიყვარდა მის სპექტაკლებზე სიარული. როდესაც დაისვა საკითხი, რომ შეიქმნას მისი ძეგლი და წინადადებით მომმართეს, სიამოვნებით დავთანხმდი და გავაკეთე.
– ახლა თბილისის ზღვაზე ვიმყოფებით. ამ მშვენიერ კომპლექსურ ნაგებობაზეც გვესაუბრეთ – როგორ იქმნებოდა „საქართველოს მატიანე?”
– ამ პროექტის განხორციელება დაახლოებით 40 წლის წინ დავიწყე. დიდუბეში ზამთრის კომპლექსის აშენება გვინდოდა. მე და გურამ მირიანაშვილმა ბიუროზე გავიტანეთ პროექტი. განხილვის შემდეგ შევარდნაძემ დამტოვა და მითხრა: ხომ ხედავთ, როგორ ითხოვენ უნივერსიტეტში თამარ მეფის, დავით აღმაშენებლის ძეგლებს. ხომ იცით, რომ ამის უფლებას მოსკოვი არ მოგვცემს. იქნებ, ისეთი რამ მოვიფიქროთ, რომ კომპლექსი გამოვიდეს და თავი ავარიდოთ ამ კონკრეტიზაციასო. ეს ყველაფერი, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა. ჩავიკეტე, გავაკეთე ჩანახატები, ორი კვირის შემდეგ მივუტანე და ვაჩვენე. ასეთი მოცულობის კომპლექსი მსოფლიოში არ არსებობს. ადრე ასეთივე პროექტი მინდოდა ზღვის ირგვლივ (როგორც „დისნეი ლენდშია“), რომ მთელი საქართველო მეჩვენებინა. აქ რომ ამოვედი ადგილის დასათვალიერებლად, დამხვდა უზარმაზარი ორმო. თურმე – სტალინის უზარმაზარი ძეგლის დადგმას აპირებდნენ, რომელიც ასეთი უნდა ყოფილიყო: მზე, რომ ამოვიდოდა, სტალინის ქანდაკებაც ამოვიდოდა, მზე რომ ჩავიდოდა, სტალინის ქანდაკებაც ჩავიდოდა. მამაჩემმა მიამბო ეს ამბავი – თურმე, სტალინმა დაურეკა ჩარკვიანს და უთხრა: აი, მზე რომ ჩავა, მაშინ შენ დადექი იქო. გადავხედე, გადმოვხედე ტერიტორიას და, არავისთვის არაფერი მითქვამს, ისე დავიწყე „საქართველოს მატიანეზე” მუშაობა – მაშინ საერთოდ არ შეიძლებოდა ამაზე ლაპარაკი. გეგმის მიხედვით, ეს ჯვარია. თუ კარგად დააკვირდით, ეს წარწერები, რაც აქააა ამოტვიფრული, არქივიდანაა. ვიფიქრე: რამე რომ მოხდეს და დაიწვას ან, საერთოდ, გაქრეს არქივი, ყველაფერი აქ არის-მეთქი. აქ წერია, როგორ გაჩნდა პირველი ქართული ასო, და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, ყველა სკოლამ უნდა ამოიყვანოს ბავშვები და ელაპარაკონ აქ გამოსახულ თითოეულ გმირზე. მასალად გამოყენებულია ბრინჯაო, რკინა, ბეტონი, მინანქარი. საქართველო მე მიმაჩნია ხელოვნების, პოეზიისა და ტურიზმის ქვეყანად.
– ბატონო ზურაბ, 60-იან წლებში თქვენ ასეთივე დიდი პროექტი განახორციელეთ ბიჭვინთაში. ნათელა კობიაშვილი, წიგნში – „ზურაბ წერეთელი, ან, იქ, სადაც მზე კაშკაშებს, ბნელი ვერ ჩერდება” – წერს, რომ, როდესაც თბილისის მთავარ აქრიტექტორს საბჭოეთში ცნობილი არქიტექტორი აშოტ მდოიანცი ესტუმრა და დაინახა, რომ მისი კაბინეტი თბილისის ბავშვთა კინოთეატრის ესკიზებით იყო სავსე, უკითხავს, ვისი ნამუშევრებიაო და, უთხრეს, ზურაბ წერეთლისო. მოსკოვში დაბრუნებულმა, მოსკოვის მთავარ არქიტექტორს, პოსოხინს გაუზიარა თავისი შთაბეჭდილებები. ამის შემდეგ პოსოხინმა თავისთან მიგიწვიათ. თუ შეიძლება, უფრო დაწვრილებით გვიამბეთ ამის შესახებ.
– ზაფხული იყო, მთაში ვიყავით ასულები. მე მთელი დღე სახატავად დავდიოდი. ერთხელაც, ტყის პირას ვზივარ და, უცებ, ვხედავ, ჩემ გვერდით ეშვება ვერტმფრენი. გადმოვიდა სამხედრო და მეკითხება: „წერეთელი არ გინახავთ?“ მე ვარ წერეთელი-მეთქი ვპასუხობ და გაკვირვებისგან ხელებიდან მცვივა ყველაფერი. ბიჭვინთაში გელოდებიან, ახლავე უნდა წავიდეთ, ვერტმფრენში დაბრძანდითო. რა იცოდით, აქ რომ ვიყავი, რა ხდება, ვინ მელოდება-მეთქი? ბიჭვინთაში ნამყოფი არ ვიყავი. გაიცინეს და, მივხვდი, რომ არ მაპატიმრებენ. ჩავჯექი ვერტმფრენში. რამდენიმე საათის მერე დავეშვით ბიჭვინთაში. სანაპიროზე გამაცნეს პოსოხინი. ხელკავი გამიკეთა და ერთად დავათვალიერეთ ბიჭვინთის შვიდი კორპუსი. ისეთი პროექტი უნდა გავაკეთო, რომ კორპუსები საერთოდ აღარ ჰგავდნენ ერთმანეთს. ესკიზები მოსკოვში ჩამოიტანე, შეძლებ? ვიფიქრე: შაგალი ვიტრაჟებსა და მინანქარს აკეთებდა, მეც გავაკეთებ; პიკასო ჩამოსხმითაც იყო დაკავებული, მე რატომ ვერ შევძლებ-მეთქი და მაშინვე დავეთანხმე. ერთმანეთს დავემშვიდობეთ. ისინი წავიდნენ, მე კი ისე დავრჩი, კაპიკი ფული არ მქონდა. რა ვქნა? სხვა გზა არ მაქვს, მატარებელში უნდა შევიპარო და ისე დავბრუნდე უკან. მართლაც ასე მოვიქეცი. გამიმართლა.
ბიჭვინთაში მრავალი ცნობილი ადამიანი გავიცანი. ერთხელ, ხარაჩოებზე შავი ცემენტით ვმუშაობ. სახე და ხელები გაშავებული მაქვს. რამდენიმე წყვილი იდგა და ქვემოდან მიყურებდა. თითქმის მთელი კვირა მაკვირდებოდნენ – აინტერესებდათ, რას ვაკეთებდი, როგორ ვმუშაობდი. ერთ-ერთმა მამაკაცმა მთხოვა, ქვემოთ ჩავსულიყავი. ჩავედი. გამეცნენ: კულიჯანოვი, გერასიმოვი მეუღლით, ფურცევა მეუღლით. ზანგ გინეკოლოგს ჰგავხარო, – მითხრა გერასიმოვმა და ყველას სიცილი აუტყდა. შემდეგ შემომთავაზეს მოსკოვში კინოსახლის დეკორატიული გაფორმება. სხვათა შორის, იქაც სრული თავისუფლება მქონდა, როგორც ბიჭვინთაში. სტუმრებისთვის პატარა სუვენირები დავამზადეთ სპილენძისგან, მათ შორის – ჯვრებიც. საჩუქრები უზარმაზარ ლანგარზე ელაგა. რა თქმა უნდა, ყველას არ ეყო, მაგრამ, გამიკვირდა, როცა ფურცევამ ჯვარი აირჩია – საბჭოთა იდეოლოგია და ჯვარი წარმოუდგენელი რამ იყო. ბიჭვინთაში ვალით ვცხოვრობდი, ვიღებდი და ვიღებდი პროცენტიან ვალებს, თანხა იზრდებოდა და იზრდებოდა. ბოლოს და ბოლოს, მოლარემ ჩამოიტანა ფული, ძალიან დიდი თანხა იყო. ვალებიც დავარიგე და მაშინვე მეგობრებს დავურეკე – ბიჭვინთაში მოვიპატიჟე.
– იყო ასეთი შემთხვევაც: რუსეთში ლენინისა და რევოლუციის თემაზე მუშაობდით.
– ულიანოვსკში გავაკეთე უზარმაზარი წყლის სარკე, რომელშიც, ზღვის სამყაროსთან ერთად, სასტუმროს სილუეტი ირეკლებოდა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს შენობა ზეცისკენ იწევდა. მთლიანად წყლის ეფექტია გამოყენებეული. მარტო ვმუშაობდი. საერთოდ, მარტო უფრო სწრაფად ვმუშაობ – დღეს და ღამეს ვასწორებდი. დავამთავრე სამუშაო, ჩამოვხსენი ფარდები და, რას ვხედავ: ქალაქკომისა და საოლქოს ხელმძღვანელები ჯერ გაწითლდნენ, მერე ფერი დაკარგეს, ატეხეს ყვირილი, იქნევენ ხელებს, ფეხებს, ყვირიან: „რა უნდათ თევზებს ლენინთან? სად არის რევოლუცია? სად არის ლენინი?“ – თან ჩემკენ იწევდნენ. დიდი ამბავი ატყდა. მე თავს ვუშველე – თვითმფრინავში ჩავჯექი და გავფრინდი. სუსლოვთან მიჩივლეს. დამიბარეს. ისინიც იქ არიან. სიტყვის თქმის უფლება მომცეს. ამათ უნდათ, რომ წყალში, აუზში, ლენინმა რევოლუცია მოაწყოს. გამაგებინეთ ერთი, როგორ მოვაწყო წყალში ლენინის მეთაურობით თევზების რევოლუცია-მეთქი. ასე გამოვძვერი...
– თქვენ ექვთიმე თაყაიშვილს ანდერძი აუსრულეთ – მისი მეუღლე გადმოასვენეთ საქართველოში. ეს, ალბათ, ყველას ძალიან აინტერესებს.
– ექვთიმე თაყაიშვილის ანდერძი ვნახე. მისი უკანასკნელი სურვილი ყოფილა, მისი მეუღლე ჩამოესვენებინათ და მის გვერდით დაეკრძალათ. ეს დავიმახსოვრე. პარიზში ყოფნისას გადავწყვიტე, მისი სურვილი შემესრულებინა. სწორედ მაშინ გადმოასვენეს შალიაპინი პარიზიდან მოსკოვში. საბჭოთა ელჩს, ეჟოვს ვთხოვე, პოლტორაცკაიას ნეშტის გადმოსვენებაზე შუამდგომლობა გაეწიათ საფრანგეთის მთავრობასთან. წერილს კი მოგცემთ, მაგრამ, ჩვენ შალიაპინის გადმოსვენებას რვა თვე მოვანდომეთ, შენ კი სამ დღეში გინდა, გააკეთო ეგ საქმეო?! არა, მე ძალიან ცოტა დრო მაქვს-მეთქი... იმ დილით საშინელი წვიმა მოვიდა და მუშებმა უარი მითხრეს მუშაობაზე – გადაიღებს და მერეო, მაგრამ, მე დრო აღარ მრჩებოდა, თვითმფრინავზე ყველაფერი შეკვეთილი იყო. უცებ მოვიფიქრე, თვითონ გამეთხარა საფლავი. ყველაფერი გავაკეთე, რომ ამ დიდი ქართველის მეუღლე ჩამოგვესვენებინა.
– მართალია, თავად ამაზე არასოდეს ლაპარაკობთ, მაგრამ, როგორც ამბობენ, საქართველოში, ალბათ, არ დარჩენილა ადამიანი, ვისაც არ დახმარებიხართ, თუმცა, გამკრიტიკებელი მაინც ბევრი გყავთ.
– მე არავის წინაშე ვალდებულება არ ამიღია, გარდა უფლისა. მე სრული თავისუფლება ერთხელ და სამუდამოდ მოვიპოვე. მონობა სულისგან მოდის, თავისუფლებაც სულისმიერია. მისი მოპოვება ყველას შეგიძლიათ, რად უნდა ამას ხმაური და თეორიები? თავისუფლებისთვის სულ მცირე რამაა საჭირო: მუშაობა, მუშაობა, მუშაობა; საკუთარი თავის მოთმენა და სხვისი პატივისცემა; ღმერთის, ადამიანებისა და ქვეყნის სიყვარული. ბებიაჩემმა მითხრა, კრიტიკა სამკურნალო ტალახივით უნდა მიიღო და უფალი ცოდვებს შეგინდობსო. ესე იგი, ჩვენი შეურაცხმყოფელები ჩვენი სულის კეთილისმყოფელებად უნდა მივიჩნიოთ. პირჯვარი უნდა გადავიწეროთ, რომ ისინი არსებობენ და ვახსოვართ. მე საყვედურები არ მეთქმის – მტერსაც ვახსოვარ და მოყვარესაც. ბრაზილიაში მივფრინავდი – ეს იყო ჩემი პირველი მივლინება უცხოეთში. საბაჟო დეკლარაციაში ოქროს ჯვარიც იკრძალებოდა და კონფისკაციის უფლება ჰქონდათ. მებაჟე მიყურებდა და დუმდა, ფიქრობდა, როგორ მოქცეულიყო. მეც ვდუმდი. ბებიის ნაჩუქარ ჯვარს არავითარ შემთხვევაში არ მოვიხსნიდი. მაჩვენეთ ჯვარიო. არ შემიძლია, ჯვარს ვერ მოვიხსნი, თუ გინდათ ნუ გამიშვებთ-მეთქი. ისეთი სახე მქონდა, მებაჟეს სიცილი აუტყდა და ხელი ჩაიქნია. გამიშვეს. ეს ჯვარი არასდროს მომიხსნია.
– მოსკოვის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი ბრძანდებით.
– ერთი ამბავი მინდა გავიხსენო: დიპლომზე მუშაობას ვამთავრებდი. მაშინ საბჭოთა კავშირის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი ვლადიმირ სეროვი იყო. დაათვალიერეს დიპლომები. იმ პერიოდში იმპრესიონისტების გავლენას განვიცდიდი და მქონდა ორი სტილიზებული ფიგურა, თემაზე – „სიმღერა თბილისზე“. ასეთი შინაარსი არ მოეწონათ, ითათბირეს და დიპლომიდან მომხსნეს. დარჩენილი იყო ორი კვირა. რა უნდა მექნა?! მოვიდა ალიკა რატიანი, რომელსაც სპორტული მაისური ჩავაცვი, ჩოგბურთის „რაკეტკა“ დავაჭერინე და ორი კვირის განმავლობაში ოთახიდან არ გავსულვართ. ალიკა რატიანის პორტრეტი ისეთი ფერებით დავხატე, როგორიც იმ დროს მოსწონდათ. მაშინ კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩუბინაშვილი იყო, დიდი მეცნიერი. მივიღე ხუთი ქულა. იცით, რა არის პარადოქსული? იმ სკამზე და იმ ოთახში, სადაც სეროვი იჯდა, ახლა მე ვზივარ – ალბათ, არის გარკვეული სამართლიანობა ცხოვრებაში
P.S. „ის ხატავს და ყიდის თავის ნახატებს. გამომუშავებული ფულით კი სხვა ოსტატების ნამუშევრებს იძენს, აგროვებს რუსი და უცხოელი ავანგარდისტების შედევრებს,“ – წერს ერთ-ერთი რუსული გამოცემა ზურაბ წერეთელზე. ბატონი ზურაბი ვან გოგის ნახატების კოლექციონერიც გახლავთ. ამბობენ, მისი ერთ-ერთი სურათის შეძენისას ორიგინალი შეუცვალესო. მართალია ინტერვიუში ამასთან დაკავშირებით არ გვიპასუხა, მაგრამ, მისმა მეგობარმა, ფერდინანდ ლორთქიფანიძემ, ზურაბ წერეთლის ვან გოგისადმი სიყვარული დაგვიდასტურა: „არ ვიცი, ეს უნდა გითხრათ თუ არა. ერთხელ ზურა პარიზიდან მოსკოვში ჩამოვიდა. აეროპორტში დავხვდი – მაშინ მოსკოვში ვმუშაობდი. ხელში რაღაც დიდი შეფუთული მომაჩეჩა. მე წინ, სხვა მანქანაში ჩავჯექი. სიცილით მითხრა – შენ თუ იცი რა მიგაქვსო. რა მიმაქვს, პლანშეტი მიმაქვს-მეთქი. რა პლანშეტი, არ დამიკარგო, ვან გოგია, რომ იცოდე, რამდენი მილიონი გადავიხადეო... ამ რამდენიმე წლის წინ ზურამ შეიძინა თანამედროვე ტექნიკის ლაბორატორიაც – ეს არის მთელი ცენტრი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ მსოფლიოში, ყველა სურათს ატარებს, რიგები დგას. შეგიძლიათ, მიიტანოთ ნახატი და ექსპერტიზა ჩაუტაროთ.”