კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის ბიზნესწართმეული ბიზნესმენების 95 პროცენტი ქართველი და რატომ ვერ მოერია მონოპოლიებს ახალი მთავრობა

ახალმა ხელისუფლებამ მოსვლისთანავე გააკეთა განაცხადი, რომ სადავო საქმეები გადაისინჯებოდა, მათ შორის, კერძო საკუთრების უკანონოდ ჩამორთმევაც და ყველა პრობლემა სამართლიანად გადაწყდებოდა. არათუ მატერიალური, მორალური კომპენსაციის გაცემაზეც კეთდებოდა აქცენტი. შესაბამისი კომისიაც შეიქმნა იუსტიციის სამინისტროსთან, თუმცა, საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ კომისიის ამოქმედება გაურკვეველი ვადით გადაიდო. პროკურატურას 20 000-მდე ადამიანმა მიმართა საჩივრით, ზოგი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ასაჩივრებდა, ზოგიც – წართმეული ქონების დაბრუნებას მოითხოვდა. მათ შორისაა „კავკაზუს ონლაინის“ დამფუძნებელი და ყოფილი მეპატრონე მამია სანადირაძეც, რომლისგანაც შევიტყობთ, თუ როგორ ანდომებდა წინა ხელისუფლება ბიზნესმენებს საკუთარი ბიზნესის გაჩუქებას, რა სქემით აკოტრებდნენ მეწარმეებს და როგორ შეიქმნა მონოპოლიური ბიზნესები, რომლებიც დღესაც წარმატებით განაგრძობენ საქმიანობას.

 

– იუსტიციის სამინისტროსთან შექმნილი სამართლის დამდგენი კომისიის ამუშავება გაურკვეველი ვადით გადაიდო. ყველა იმედი გადაწურულია, რომ უკანონოდ წართმეული ქონება დაბრუნდება?

– ერთი წელია ტრიალებს ეს თემა საზოგადოებაში. არასამთავრობო ორგანიზაციაც შევქმენი, გავაერთიანე რამდენიმე ათეული ადამიანი, ვცდილობდი, რაღაცნაირად დავხმარებოდით სახელმწიფოს, მთავრობას, რადგან დღეს ხალხს საჭმელზე მეტად სამართალი აწუხებს. თავისი ღირსება უფრო მეტად უღირს, ვიდრე პურის ნაჭერი. კანონიერება და სამართლიანობა საფუძველთა საფუძველია: ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირში იმიტომ გაერთიანდნენ ძალიან სწრაფად, რომ მათ საბჭოთა კავშირის დროს ჩამორთმეული ქონებები დამოუკიდებლობის მიღებისთანავე დაუბრუნეს მემკვიდრეებს. აღადგინეს ის სამართალი, რაც საბჭოთა სისტემამ დაარღვია ოკუპაციის გამო და ამიტომ გახდნენ ისინი ევროპელები, რადგან დასავლური ცივილიზაციის საფუძველთა საფუძველია კანონიერება და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ და ამიტომაც ვართ გაურკვეველ სივრცეში, საქართველოში უფრო მომგებიანია მდიდარი ხალხის დაცვა. გაგებაა მთავარი და არა –  კანონი. მმართველი ძალა, რომელიც ისეთი ლოზუნგებით მოვიდა, რომ ჩასწვდა ქართველი კაცის სულს და გულს, გვერდით უნდა დაუდგეს დაჩაგრულ ხალხს და დაუბრუნოს წართმეული, თუ უნდათ, რომ ჩვენს შვილებს მომავალი და ცივილიზებული სამშობლო ჰქონდეთ. არადა, ჯერჯერობით ისევ მედროვეები მიეკედლნენ ხელისუფლებას და ისინიც ისევე გაძღნენ, როგორც ყოველთვის ძღებოდნენ შევარდნაძის პერიოდიდან დაწყებული. 5 საათის განმავლობაში ვისხედით ბატონი ხმალაძის კაბინეტში და ვუხსნიდით, რომ კომისია, რომელსაც ქმნიდა იუსტიციის სამინისტრო, იქნებოდა ჩიხი. ჩვენც წაგვიყრუეს და უამრავ ექსპერტსაც, ახლა უკვე ვენეციის კომისიამ ცნო არაკონსტიტუციურად ეს კომისია და ამ მიზეზით შეჩერდა მისი ამოქმედება. არადა, მოხდა ის, რასაც ერთი წლის განმავლობაში ვეუბნებოდით. ხალხი ისევ მოტყუებული აღმოჩნდა, გასაჩივრების ვადებიც გავიდა და მტკიცებულებებიც გაფუჭდა. ჩემი აზრით, ეს სწორედ ამისთვის იყო გაკეთებული.

– ანუ ვერანაირ პერსპექტივას ვერ ხედავთ?

– ამის შემდეგ ბატონმა ბიძინამ თქვა, აღარ გამოვიძიოთ ეს საქმეები, იმიტომ რომ თითქოს ამის გამო 7-მილიარდიანი დავალიანება წარმოიშვება. რაც აბსურდია. თუ წართმეულს არ დაუბრუნებ, ის ადამიანი ვეღარაფერს შექმნის, მიშას უსამართლოდ გამძღარი ბიზნესმენები, რომლებმაც ხალხის ცრემლსა და ოფლზე იშოვეს ფული, დღეს მიშას ევროპელ ლობისტებს აფინანსებენ, რომლებიც ჭკუას გვასწავლიან, რომ, თურმე, სამართალი არ უნდა გვქონდეს ქვეყანაში. ამას ითხოვენ ევროპელი კორუმპირებული მოხელეები, რომლებიც მრავლად არიან სტრასბურგსა თუ ბრიუსელში. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ ქართველებმა, თუ გვინდა, ვიყოთ ევროპელები, თავად უნდა გავხდეთ ევროპელები და მაშინ გვაღიარებს დასავლეთი. თუ საქართველოში ისეა, რომ, ვინც ძლიერი და მდიდარია, ის არის მართალი, როგორც ბატონმა ბიძინამ პირველი ის დასაჯა, ვინც მისი ბანკი დააზარალა, ეს არის საბჭოთა კავშირი. მიუხედავად იმისა, რომ მე მისი მადლიერი ვარ და მხარდამჭერიც, მოყვარეს პირში უნდა უძრახო და, თუ ადამიანი ცდება, პირდაპირ უნდა უთხრა.

– კონკრეტულად თქვენს შემთხვევაში როგორ იყო, მიმართეთ პროკურატურას?

– მაქვს ჩანაწერები, ვიდეოები, როგორ მემუქრებიან, მივიტანე პროკურატურაში, მაგრამ არავის არაფერი გამოუძიებია. დასაკითხადაც კი არ გამოუძახებიათ ის კრიმინალური დაჯგუფება, რომელმაც ბიზნესი წამართვა. თუ არ გამოიძიე, გამოდის, რომ ყველამ გააჩუქა თავისი ბიზნესი, მაგრამ ყველას აქვს მტკიცებულებები, რომ ნებით არ უჩუქებიათ. „კავკაზუს ონლაინი“, რომელშიც ჩემი წილი 100 მილიონი იყო, წართმეულია, მაგრამ პროკურატურა არ იძიებს, ის პიროვნებები კი ჩემს კომპანიაში შოულობენ ფულს და ჩემ წინააღმდეგვე ხარჯავენ.

– ბიზნესების მითვისების როგორი სქემით მუშაობდა „ნაციონალური მოძრაობა“?

– სახელმწიფო ინსტიტუტები ახორციელებდნენ შეტევას ბიზნესმენზე. მაგალითად, ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებს იყენებდა ბიზნესმენის მოსასმენად: ისმინებოდა მისი ტელეფონი, უთვალთვალებდნენ, უნერგავდნენ აგენტებს. მაგალითად, ჩემს შემთხვევაში გადაიბირეს ჩვენი კანცელარიის უფროსი, მთელი ჩვენი ჩანაწერების, დოკუმენტების, მიმწოდებლების ვინაობის ჩათვლით, ქსეროასლები გააკეთებინეს და მიატანინეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

– ანუ, თავდაპირველად, კომერციულ საიდუმლოებას იგებდნენ?

– შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის ძალებს იყენებდა ბიზნესმენების კომერციული ინფორმაციის მოსაპოვებლად, რომ გაეგოთ იმ ბიზნესის ლოგიკა. ამის შემდეგ იწყებოდა ბიზნესმენზე შეტევა: მის ობიექტზე შედიოდა საგადასახადო, თუ რამეს მოუნახავდნენ, რომ დამალა შემოსავალი ან კანონი დაარღვია, მაშინვე ჩაავლებდნენ ხელს, შეაგდებდნენ ციხეში და იწყებოდა მასზე ზეწოლა, რომ გადაეფორმებინა ქონება. ემუქრებოდნენ, რომ გაუუპატიურებდნენ ცოლს, ქალიშვილს და ვიდეოს აჩვენებდნენ ან ამას მის თვალწინ გააკეთებდნენ. ზაურ ცხადაძე, მკლავჭიდელი, ხომ ნახეთ, ნახევარი ადამიანი გამოვიდა ციხიდან, იმიტომ რომ არ დათმო თავისი 20-პროცენტიანი წილი, ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ, ვერაფერს რომ ვერ გახდნენ, ის კომპანია გააკოტრეს, რომელშიც 20-პროცენტიანი წილი ჰქონდა.

თუ ვერ ნახავდნენ დარღვევებს, როგორც ეს ჩემს შემთხვევაში იყო, იბირებდნენ თანამშრომელს. მე, მაგალითად, ვერაფერი მომინახეს, თუმცა საგადასახადომ შეამოწმა 5-წლიანი პერიოდი. პირიქით, გადახდილ გადასახადებში ზედმეტობა მქონდა, იმიტომ რომ ვიცოდი, რა ხალხიც იყო და ჩემი საფინანსო განყოფილება გაფრთხილებული მყავდა, საგადასახადო კოდექსის ორმაგი ინტერპრეტირებისას გადასახადი უარესი ინტერპრეტაციით გადაეხადათ. იმიტომ რომ საგადასახადო, როგორც წესი, ორმაგი ინტერპრეტირების შემთხვევაში ედავებოდა ბიზნესმენს. შემდგომ ამ პატარა დანაშაულს სამმაგად უზრდიდნენ ყოველთვიურად საურავების დარიცხვით. 25 წელია, ბიზნენსმენი ვარ, ვიცოდი, ვინც იყვნენ, ამიტომ სუფთად მქონდა ყველაფერი. ამით რომ ვერაფერს გახდნენ, კაბელების გადაჭრა დაიწყეს ქუჩაში და მარეგულირებელი კომისია მაჯარიმებდა. ბოლოს მითხრეს, რომ 5 წლის განმავლობაში ინტერნეტს იაფად ვყიდდი და ამის გამო ბიუჯეტმა ვერ მიიღო 11 მილიონი დღგ-ს სახით.

– ძვირი თუ იქნებოდა მომსახურება, ხომ უფრო ნაკლები აბონენტი ჩაერთვებოდა?

– კომპანიას ყოველთვიურად მილიონი ლარი ჰქონდა მოგება, მე არ მინდოდა, რომ 2 მილიონი ჰქონოდა?! მაგრამ საბაზრო ფასად ვყიდდი ჩვენს მომსახურებას. ბოლოს, მითხრეს, ეს 11 მილიონი გადაიხადე და შემდეგ გვიჩივლეო. მე უარი ვუთხარი, მაშინ დამემუქრნენ, თუ გადაიხდი, ციხეში წახვალ და იქ ქურდებს დაუმტკიცე, რომ ინტერნეტს იაფად არ ჰყიდდიო. ამის შემდეგ მოვიდნენ სააკაშვილის ბიზნესმენები და შემომთავაზეს, რომ ეს პრობლემები მოიხსნებოდა, თუ მათ წილის 50 პროცენტს გადავუფორმებდი.

– ანუ აწყობილ ბიზენსებს იღებდნენ?

– როდესაც ბიზნესის მეპატრონე ციხეში ჰყავდათ, ვანო მერაბიშვილი მიღებული ინფორმაციის საშუალებით, მომწოდებლებს თვითონ უკავშირდებოდა. მაგალითად, დაიჭერდა წიწიბურის მომწოდებელს და თვითონ იღებდნენ იმ ბაზარს. ასე გუდავდნენ ბიზნესმენებს და მთელ ბაზარს ხელში იგდებდნენ. ახლა რომ ჰკითხოთ, კანონიერად აქვთ მიღებული ბიზნესები. არადა, კრიმინალები არიან და ციხეში უნდა ისხდნენ. აი, ასე ააწყო ვანო მერაბიშვილმა ბიზნესები.

– მაგრამ ბიზნესს ხომ მართვა სჭირდება?

– როდესაც ყველა ბიზნესს აკონტროლებ, შემდეგ უბრალოდ იყოფ ბაზარს.

– ბაზარი რომ დაყოფილია, იმითაც ჩანს, რომ ჩვენთან არასდროს მოუკლავთ ბიზნესმენი, ჯვარი სწერიათ, არც არანაირი დაპირისპირება ყოფილა არასდროს. იმის თქმა მინდა, რომ კონკურენცია არ იგრძნობოდა და არც იგრძნობა.

– გაძარცვული ბიზნესმენების 95 პროცენტი ქართველია, ისინი, ვინც ნამდვილად დამოუკიდებელი იყო. დღეს ის ადამიანები ულუკმაპუროდ არიან. მაგალითად, „მაგნატის“ მფლობელი ლეონიძე დღეს „ბომჟია“, ვაგონში ცხოვრობს, მაშინ, როდესაც 80 მილიონის კაპიტალი ჰქონდა. არათუ საქმის დასაწყებად, საჭმლის ფული არ აქვს. ეს ფულწართმეული ხალხი ვერანაირ კონკურენციას ვერ გაუწევს იმ ბობოლა მონოპოლისტებს, რომლებიც ვანო მერაბიშვილთან მუშაობდნენ. არადა, მარსიდან ხომ არ ჩამოვლენ ბიზნესმენები? საქართველოში შემოსვლა კი ჯერჯერობით არავის უნდა, იმიტომ რომ ჯერ ბიზნესს ის უნდა დაუმტკიცო, რომ ქვეყანაში კანონი კანონობს. სხვა შემთხვევაში, შემოვა ოლიგარქი, რომელიც ბატონი ბიძინასგან აიღებს გარანტიებს და წილებს გაიყოფს. ისინი არ არიან ბიზნესმენები, ისინი ვერ ეგუებიან კონკურენციას. მათ უნდა მისცე სფერო, ჩადებენ იქ ფულს და აიღებენ 5-ჯერ მეტს. მცირე და საშუალო ბიზნესი მათ კონკურენციას ვერ გაუწევს, რადგან გაძარცვულია და კაპიტალი წართმეული აქვს. დღესაც გაყოფილია ბაზარი, ისევ მიშას ბიზნესმენები არიან და ისევ ისე ძარცვავენ ხალხს, ბიზნესებს ისევ ის მონოპოლისტები აკონტროლებენ და ამიტომაც არ იცვლება არაფერი და ვერც ბატონი ბიძინა შეცვლის.

– რატომ ვერ შეცვლის, ასე ძლიერები არიან?

– დანაშაულს თუ არ გამოიძიებ, როგორ შეცვლი?! საქმე ისაა, რომ ყველაფერს აქვს თავისი კანონზომიერება. მიშასთან იმიტომ შემოდიონენ მხოლოდ ოლიგარქები, რომ კანონი არ არსებობდა. არავინ შემოვა საქართველოში, თუ კანონი არ იკანონებს, რადგან არ იქნება გარანტია, რომ ხვალ მასაც არ წაართმევენ ბიზნესს. ანუ ბიძინასგან უნდა მიიღოს პირადი გარანტიები და ყველა მცირე ბიზნესმენი ბიძინასგან ხომ არ აიღებს გარანტიას?! ამიტომ აქ სხვა არავინ ჩადებს ფულს, სულ მონოპოლისტები იქნებიან.

– ისევ სააკაშვილის ბიზნესმენები არიან და ახლა წილს ახალი მთავრობის მედროვეებსაც უყოფენო. რას შოულობენ ამდენს ამ ღარიბ ქვეყანაში, რომ ყველას ჰყოფნის?

– ახლებიც წილში იქნებიან აუცილებლად, იმდენად დიდია მონოპოლიური მოგება, რომ იციან მისი სიტკბო და გაყოფა. ამიტომაც არ იცვლება მონოპოლიური ფასები.

– არ დავასახელებ ვინაობას, ახლა მაღალი რანგის თანამდებობის პირია, როდესაც ოპოზიციაში იყო ჟურნალისტური გამოძიებისთვის, რომელიც საწვავის ფასებს ეხებოდა, მასალა ავიღე მისგან და მითხრა, რომ საქართველოში ხელოვნურად იბლოკება თურქმენეთიდან საწვავის შემოტანა. ერთი წელია, ხელისუფლებაშია, მაგრამ საწვავი ისევ არ შემოდის თურქმენეთიდან.

– ახლებსაც აუხსნეს, რომ დაჩოქილი ხალხი უკეთესია და ისინიც ამ სქემაში ჩასხდნენ. დღესაც ბევრი მედროვეა. ძღებიან, ამბობენ, რა ქნას, ოჯახი აქვს სარჩენი და პოლიტიკა ბინძური საქმეაო. არადა, ბევრისთვის ღირსების საქმეა პოლიტიკა. 

– თუ არის ბიზნესის უცხოელებისთვის წართმევის შემთხვევები?

– ჩემი პარტნიორი უცხოელი არ იყო?! ვინც გარისკა და მიშასთან დაახლოების გარეშე ჩადო ფული, ყველას წაერთვა და ყველა განადგურდა. სააკაშვილის დოქტრინა იყო, რომ ქართველ კაცს არ უნდა ჰქონოდა ფული, რომ ქართველი არ დაესაქმებინა. ყველა ეროვნებისთვის უნდა შეეწყოთ ხელი ბიზნესში, გარდა ქართველისა, იქნებოდა ეს სომეხი, ყაზახი, აზერბაიჯანელი, თურქი, რუსი თუ სხვა. მხოლოდ ქართველ კაცს არ უნდა ჰქონოდა ფული, რომ ქართული საქმე არ გაეკეთებინა. სხვათა შორის, სომხები აფხაზეთში ბიზნესში აფხაზებს არ აჭაჭანებენ. ბატონ ბიძინას უნდა დავუფასოთ ქართველებმა, რომ სამშობლო დაგვიბრუნა, მაგრამ ქართველ კაცს, რომელსაც ქონება წაართვეს, უნდა დაუბრუნდეს. მე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადამხდელი ვიყავი და ძალიან მეამაყებოდა ჩემი ქვეყნისთვის გადასახადების გადახდა. ბევრ ქართველ ბიზნესმენს ესახელებოდა და ეამაყებოდა ეს, მაგრამ ბიზნესები წაართვეს, რომ კაპიტალი აღარ ჰქონდათ და მხოლოდ იმაზე ეფიქრათ, როგორმე საჭმელი ეშოვათ. 99  პროცენტს წაართვეს ქონება, მე კიდევ ჭკუით ვაჯობე, რაღაცნაირად მოქნილად ვიმოქმედე და კრიმინალებს ხელიდან დავუსხლტი, თორემ დღეს მეც არაფერი შემრჩებოდა, მაგრამ 99-მა პროცენტმა რომ გულუბრყვილოდ შეაკლა თავი და ყველაფერი დაკარგა?! განა სახელმწიფოს ვალდებულება არ არის, რომ იმ ხალხს თავისი ღირსება და ქონება დაუბრუნოს?!

– დღეს საქართველოში არანაირი ბიზნესი არ გაქვთ?

– არც მექნება, თუ არ იქნება სამართალი, თუ არ დამიბრუნდება ჩემი ქონება და არც ჩემს შვილებს ჩამოვიყვან უკანონო ქვეყანაში.

– ინგლისში რა საქმიანობას ეწევით?

– ლონდონის ცენტრში მაქვს ბიზნესი, ჩემი შვილები ინგლისის ყველაზე კარგ სკოლებში სწავლობენ, 4 შვილი მყავს, იზრდებიან ინგლისური კანონებით და იციან შრომისა და კანონის პატივისცემა. მაგრამ მე მაინც ბოლომდე მივიყვან ჩემს საქმეს და დავიბრუნებ, რაც მეკუთვნის.

 

скачать dle 11.3