სად – ერეკლე, სად – მისი ცოლი თეკლე
შენ რომ ჩემთვის ორდენი არ ჩამოგიკიდია?!
უკვე ერთი კვირაა, პრეზიდენტიც ახალი გვყავს და პრემიერიც. მინისტრთა კაბინეტიც ხომ დაკომპლექტდა და დაკომპლექტდა და ზოგიერთ სტრუქტურაში შიდა თანამდებობრივი მისვლა-მოსვლაც ფინიშისკენ მიდის.
ძირითადი დარტყმა (საკადრო ცვლილებების, რასაკვირველია) მაინც პროკურატურამ განიცადა: მთავარი პროკურორიც შეგვეცვალა, ზედაც, თბილისისაც და, ამ ეტაპზე მეტად რთული სათქმელია, ეს ძალოვანი სტრუქტურა სამართლებრივი შტურმისთვის ემზადება თუ ცვლილებები ოდენ კოსმეტიკურ-გუნდურია.
მეორე მხრივ, ძველი პრეზიდენტი თავისი მეორე ვადის გასვლის ბოლო წამამდე ჰიპერაქტიური იყო, იმდენადაც, რომ, ლამის მოქალაქე არ დაუტოვებია (ჩვენი, ორმაგი თუ უცხო ქვეყნის) ორდენი არ დაეკიდებინა.
ტრადიციას არც ახალმა უღალატა: ჯერ მხოლოდ რამდენიმე დღის პრეზიდენტი ბ-ნი მარგველაშვილი შეიარაღებული ძალების მეოთხე მექანიზებულ ბრიგადას ესტუმრა. განა მარტო – თავდაცვის მინისტრ, ბ-ნ ალასანიასა და გაერთიანებული შტაბის აწ უკვე ახალ უფროს, ბ-ნ კაპანაძის თანხლებით.
და, არც ხელცარიელი მისულა: პრეზიდენტმა მეოთხე მექანიზებული ბრიგადის 42-ე მექანიზებული ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის დროს მაღალი ინდივიდუალური მომზადების გამომჟღავნებისა და ერთიანობის უზრუნველყოფაში განსაკუთრებული პიროვნული დამსახურებისთვის „სამხედრო დამსახურებისთვის“ მედლები გადასცა.
ყველასთვის ნათელია, რომ დაჯილდოება წახალისების ერთგვარი ფორმაა და ფრიადაც აუცილებელი, მით უფრო, რომ ამ მიდრეკილების სიმწირეს არც პრეზიდენტი შევარდნაძე უჩიოდა, მით უმეტეს, არც პრეზიდენტი სააკაშვილი და, პრეზიდენტ მარგველაშვილსაც კოჭებშივე ეტყობა, რომ არც ის აპირებს ამ გზიდან გადახვევას. ჰოდა, თუ ამ ტემპით გაგრძელდა, ამ ჩვენს სამშობლოში ქვა რომ ისროლო, მედლიანს ვერ ააცდენ.