ცნობილ ადამიანთა ენამახვილური გამონათქვამები
ახალწლის წინა ღამეს მოურავმა უთხრა აკაკის: თქვენი ცხენი მოუპარავთ, მაგრამ, იმედია, ვიპოვითო.
– თუ ღმერთი გწამს, ძებნას ნუ დაუწყებთ... დაიკარგოს, – მიუგო აკაკიმ, – ეს ძველი წელიწადი, მთელი თორმეტი თვე, უბედური იყო ჩემთვის!.. ახლა, ეტყობა, ჩემს ცხენზე შემჯდარა და ისე მიდის. ნუ გამოუდგები აღარც მისი დაბრუნება მინდა და აღარც ჩემი ცხენისო.
***
აკაკის უსაყვედურეს: „შენ შენის კალმით არაფერი შეგიძენია, საოცნებო ფრენას უნდები და ადვოკატები კი ქვეყანას ჰხრავენო“
– ეგ იმის ბრალია, – მიუგო აკაკიმ, – რომ ჩემი კალამი ბატის ფრთისაა და იმათი კი – ძაღლის კბილისაო.
***
აკაკი ერთ სადილზე იყო მიწვეული. ვიღაცამ იკითხა: თეთრი ღვინო სჯობს თუ წითელიო? პოეტი თეთრ ღვინოს სვამდა, მაგრამ პასუხის საგებლად წითელიც დაისხა და რომ არ მოეწონა, თქვა:
– სადილობამდე ეს ღვინოც თეთრი ყოფილა, მაგრამ სუფრაზე რომ მოუტანიათ, სირცხვილით გაწითლებულაო.
***
ერთი ყმაწვილთაგანი დიდხანს იყო ძალაუნებური სტუმარი რუსეთის. ბოლოს, როგორც იქნა, ჩამოვიდა ჩვენში და 1891 წლის საბანკო კრებაზე ამტკიცებდა, მოგებიდან უნდა გადავდვათ დამშეულთათვის რუსეთში ასი თუმანიო. აკაკიმ მიაძახა:
– ჰაი, ბეჩავ, რა ძალიან დაგხსომებია რუსეთის პურმარილიო.
***
ბატონ პეტრე უმიკაშვილს, ყველასაგან ცნობილს, მრავალ ღირსებით შემკულს და პატივცემულს, დინჯი, აუჩქარებელი და დამჯდარი ლაპარაკი უყვარდა. ამასთან ერთი მცირეოდენი ნაკლიც სჭირდა: გაჭიანურება იცოდა ლაპარაკისა. ერთხელ იგი თბილისში ქუთათურს, სიტყვა-მოსწრებით გამოჩენილს თავად ანტონ ლორთქიფანიძეს.
– აა, ანტონ, ანტონ! როგორ მშვიდობით, როგორ შმვიდობით, როგორ კარგად? შესძახა ბატონმა პეტრემ, – ამას წინათ...
– მადლობა ღმერთს, კარგადა, ხოლო ნუ გააგრძელებ, ჩემო პეტრე, ლაპარაკს: მე სულ ორის კვირითა ვარ აქ ჩამოსული, – გააწყვეტინა სიტყვა ანტონმა.