ასოციაცია “მესხეთი 2001-ისა„ და მისი პრეზიდენტის, ამირან მექვაბიშვილის თანადგომა – მესხეთიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს
ასოციაცია „მესხეთი 2001-ს“ ქართველი საზოგადოება საინტერესო და საქველმოქმედო პროგრამებით იცნობს. ასოციაციის პრეზიდენტია თბილისის დამოუკიდებელი სასწავლო უნივერსიტეტისა და თბილისის ტურიზმის აკადემიის რექტორი, საქმიანი, მუდამ ენერგიული და უბერებელი, ბატონი ამირან მექვაბიშვილი, რომელმაც ცხოვრების დიდი პერიოდი მესხეთში გაატარა ხელმძღვანელ თანამდებობებზე. სწორედ მისი თაოსნობით დაარსდა ეს ასოციაცია. „მესხეთი 2001“ განსაკუთრებულ დახმარებას უწევს თბილისში მესხეთიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს განათლების მიღებასა და დასაქმებაში. ამას გარდა, ამ ორგანიზაციის თაოსნობით ტარდება არაერთი ღონისძიება, რაც ემსახურება ამ კუთხის ცნობილი წარმომადგენლების მიერ გაწეული ღვაწლის სათანადო დაფასებას. 25 დეკემბერს ტურიზმის აკადემიის შენობაში გაიმართა საღამო, რომელიც მიეძღვნა ცნობილი ტანმოვარჯიშის, საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, ლუკა მესხის დაბადებიდან 70 წლისთავს. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული ტანვარჯიშის განვითარებაში და აღზარდა არაერთი წარმატებული სპორტსმენი. ამავე საღამოზე გაიხსენეს მესხეთის საზოგადო მოღვაწე ოთარ ცინაძე, რომლის დაბადებიდან 85, გარდაცვალებიდან კი 45 წელი შესრულდა. ოთარ ცინაძე იყო პიროვნება, რომლის სახელთან დაკავშირებულია მესხეთის აღმშენებლობა 60-იან წლებში.
საღამოზე თბილისის დამოუკიდებელი სასწავლო უნივერსიტეტისა და თბილისის ტურიზმის აკადემიის სტუდენტების მონაწილეობით ჩატარდა თვითშემოქმედებითი კონცერტი.
ხვთისავარ არჩემაშვილი (ასოციაცია „მესხეთი 2001-ის“ ვიცე-პრეზიდენტი): ჩვენს ორგანიზაციას სამომავლოდ დაგეგმილი აქვს საინფორმაციო ცენტრის გახსნა, რომელიც კონსულტაციას გაუწევს მესხეთიდან თბილისში ჩამოსულ მოსახლეობას ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიღებაში.