კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქურდული ცხოვრება

მიხომ შეურაცხმყოფელს სასტიკი მზერით გახედა. შემდეგ პირდაღებული ეცა ყელში და მარცხენა საძილე არტერია გამოაგლიჯა... მიხოს მსხვერპლი ბარაკის ხის იატაკზე გაგორდა ხროტინით და იქაურობა სისხლით მორწყა. პატიმრების ბრბო წამით შეცბა. მიხომ ამით ისარგებლა, მგელივით დაიყმუვლა და შატიკისკენ გაიჭრა, რომელიც ბრბოს უკან იდგა და აღარ ეცინებოდა. თუმცა, მიხო შატიკამდე არ მიუშვეს, წრეში მოაქციეს და ცემა დაუწყეს. მიხოც ჩხუბობდა, მაგრამ, ამდენ ხალხს რას გაუმკლავდებოდა – ის ძირს დააგდეს და წიხლებით შესდგნენ.

– ახლავე შეწყვიტეთ ჩხუბი! – იღრიალა ზონის უფროსმა, რომელიც ხელქვეითებთან ერთად ბარაკში შევარდა, რომ მიხოს ხელყოფა აღეკვეთა.

პატიმრები განზე გადგნენ და ყელგამოღადრილი პატიმრის გვერდით ნაცემი მიხო გამოჩნდა, რომელიც გონზე იყო. ადგომა უჭირდა, მაგრამ, განუწყვეტლივ იმეორებდა: „ძუკნებო, მე  ქურდი ვარ!“

ზონის უფროსმა მიხო სასწრაფოდ გადაიყვანა საავადმყოფოში, მოკლული პატიმარი კი მორგში წაიღეს. შატიკი მიხვდა, რომ, თუ რამეს არ იღონებდა, მას ამ საქციელს არ აპატიებდნენ. ამიტომ, ბუნტის გზა აირჩია და, ჯერ ის ზონა ააბუნტა, სადაც თვითონ იჯდა, შემდეგ კი ახლომდებარე ზონებში სცადა არეულობის მოწყობა, სადაც ქსივები დაგზავნა. ქსივებში კი დაწერა, რომ ქურდებს ავიწროებდნენ და კოლეგებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდა. შატიკის ქსივებმა მხოლოდ ზონაში გამოიწვია არეულობა, თანაც, მალევე დასრულდა, რადგან, ზურა ქართველიშვილმა ყველაფერი შეიტყო და ვასია ბრილიანტის დახმარებით ბუნტი შეაჩერა. შემდეგ სახელოვანმა ქურდებმა საკუთარი არხებით სიმართლე შეიტყვეს, შატიკს შეუთვალეს, რომ ზონა დაეწყნარებინა და სხოდკისთვის მომზადებულიყო, რომელიც მალე გაიმართებოდა ერთ-ერთ ზონაში და რომ მას იქ მიიყვანდნენ. შატიკმა ქსივა რომ წაიკითხა, მიხვდა, უახლოესი სხოდკა მისი აღსასრული იქნებოდა, ამიტომ, ბარაკიდან პატიმრები გაყარა და ბოძზე თავი ჩამოიხრჩო... შატიკის თვითმკვლელობის მიუხედავად, სხოდკა მაინც შედგა, რომელსაც გამოჯანმრთელებული მიხოც დაესწრო. სხოდკას შატიკის თანამოაზრე ორი ქურდიც ესწრებოდა, სადაც ისინი გამტყუნდნენ და სხოდკის მერე მათაც თავი ჩამოიხრჩვეს. იმ პერიოდში ზურას სროკი დაუმთავრდა, ბრილიანტს გამოემშვიდობა, თბილისში ჩამოვიდა და დიდი სხოდკა მოიწვია, რომელსაც იმ მომენტში საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ქურდი დაესწრო. ზურას გარდა, სხოდკაზე კიდევ 34 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 12 პატიმრობაში მყოფი, რომლებიც ზურას ძალისხმევით ერთი დღით გამოუშვეს. ზურამ მიხოს ისტორია უამბო კოლეგებს, რომელიც მათ ისედაც იცოდნენ და თქვა:

– ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ზოგიერთმა ჩვენმა ძმამ ავტორიტეტი შეგვილახა და ჩვენი რუსი ძმები იმით გაანაწყენა, რომ კომფორტისკენ ისწრაფვიან და რუსეთში არ უნდათ ჯდომა, რომ გასაჭირი არ ნახონ. ჩვენი ცხოვრება კი მეტწილად გაჭირვებაში ყოფნაა და, ის რა ქურდია, ვინც „ძაღლებს” იმაში უმაზავს მაყუთს, რომ ბამბებში ჩასმულმა იცხოვროს. აი, რატომ დაესხნენ თავს მიხოს, ჩვენს ძმას და ის სრულიად შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს, თუმცა, მან ბოზს კბილებით გამოღადრა ყელი და თხუთმეტწლიანზე გაუშვეს.

იმ ცნობილ სხოდკაზე ზურამ თავის ქართველ კოლეგებს მოუწოდა, რომ მეტად მოკრძალებულები ყოფილიყვნენ და, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მილიციას ფულს ნუ გადაუხდიდნენ.

– მაყუთი ობშჩიაკში შეიტანეთ, რომ ჩვენს გაჭირვებულ ძმებს ლაგერებში ცხოვრება შეუმსუბუქდეთ, – თქვა ზურამ, – აქ კი ისედაც კარგი პირობებია და მეტი კომფორტი არ გჭირდებათ.

მიუხედავად იმისა, რომ ბრილიანტმა და ზურამ დიდი კონფლიქტის ლოკალიზება მოახერხეს, პატარ-პატარა კონფლიქტები მაინც ხდებოდა და ზოგიერთი ჩვენი არაქართველი კოლეგა მაინც ხდებოდა შეტევის ობიექტი. თუმცა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ქართველი ქურდები ღირსეულად ართმევდნენ თავს შემოტევებს, უმკლავდებოდნენ გაჭირვებას და საყოველთაო პატივისცემით სარგებლობდნენ. ციმბირის ერთ-ერთ ზონაში საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ახალგაზრდა ქართველმა ქურდმა, სოლოლაკელმა ვახო შელეგიამ, წითელი კოლონია გააშავა. 

ცხონებული ვახო გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების მიწურულს დაიღუპა თბილისში. ღამით ის მანქანით მოძრაობდა ქალაქში. მას მილიციის ოპერჯგუფი დააჯდა „კუდზე”. ვახომ რუსთაველის გამზირზე, მაღაზია „დინამოსთან“ საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯერ ახალგაზრდა ბიჭი გაიტანა, შემდეგ კი ჭადრის ხეს დაეჯახა. ავარია იმდენად ძლიერი იყო, რომ ვახოს მანქანის ძრავა სასტუმრო „ივერიასთან“, შემთხვევის ადგილიდან ორას მეტრში იპოვეს... ბიჭი ადგილზევე დაიღუპა. ვახო კი არამიანცის საავადმყოფოში მიიყვანეს უგონოდ. მას ექიმმა გულში ადრენალინი შეუყვანა, რამდენიმე წამით გონზე მოიყვანა და, სანამ სულს დალევდა, იკითხა: „ის ბიჭი გადარჩა?“ ცხონებულმა, შემდგომში კანონიერი ქურდის, გია დოლიძის ძმა, ირაკლი (შმაგი) დოლიძე გაიტანა მანქანით და, ჯერ ქურდებმა მიიტანეს დოლიძეების სახლში სამგლოვიარო გვირგვინი, შემდეგ კი გიამ და მისმა მეგობრებმა – ვახოს ოჯახში და ასე დასრულდა ეს საშინელი ტრაგედია... მას მერე მრავალი წელი გავიდა და ქურდული ყოფაც შეიცვალა, თუმცა, დღესაც არც ისე  ცოტანი ვართ ნეპმანელები და ჩვენი ძლევა იოლი არაა.

ციხეში ბოლო სროკზე ყოფნისას საკმაოდ ბევრს ვფიქრობდი ქურდული ყოფის მომავალზე და ერთმნიშვნელოვნად დავასკვენი, რომ დიდი, ახლა უკვე საერთაშორისო სხოდკის მოწვევაა საჭირო, სადაც ჩვენი სამყაროს რეფორმირება უნდა მოხდეს. მართალია, ამ იდეას საკმაოდ ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, მაგრამ ჩვენ, ნეპმანელებმა, საკუთარ თავში უნდა მოვძებნოთ ძალები და ქურდული ცხოვრება ჭეშმარიტ ქურდულ კალაპოტს დავუბრუნოთ.

არაერთხელ მითქვამს, რომ თანამედროვე ქურდული სამყარო მაფიოზურ სტრუქტურებს ემსგავსება და რომ ის უფრო ბიზნესია, ვიდრე იდეური ძმების მყარი გაერთიანება. ფული, უფრო სწორად კი, დიდი ფული – აი, რა არის ამის ქვაკუთხედი და ასე იოლად არავინ დათმობს თავის პოზიციებს, თუმცა, ჩვენ მაინც უნდა მოვახერხოთ ეს და ჩვეულ, ნამდვილ ქურდულ რელსებზე დავბრუნდეთ.

დღესდღეობით თითქმის არ არსებობს კანონიერი ქურდი, რომელიც ათი და ოცი ლარისთვის სროკზე წავა და ისე პატიოსნად მოიქცევა, როგორც ამას ბრილიანტი, ცალხელა და სხვა ჩვენი წინამორბედები აკეთებდნენ. რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, მით უმეტეს ჩემგან, ჩემი ღრმა რწმენით, სწორედ ახლაა საჭირო ისეთი ხასიათისა და ნებისყოფის ქურდების არსებობა, როგორიცაა ხუჭუჭა... მართალია, ხუჭუჭა ქურდი არაა და ის უშიშროების გენერალია, ამჟამად ძებნილი, მაგრამ, მისგან უძლიერესი ქურდი დადგებოდა და თანამედროვე ქურდული სამყარო ბევრად უფრო ტრადიციული იქნებოდა, ვიდრე დღესაა.

ჩვენი ქურდული ბანდა ახალი შექმნილი გვქონდა და პირველი ბაითიც ახალი „დაბომბილი“, როდესაც ხუჭუჭასთან მე და ყბედალო ვიმყოფებოდით და ზურიკო ყიფიანმა გვითხრა:

– ძმებო! ერთ რამეს ვიტყვი და სწორად გამიგეთ.

– თქვი, – ერთხმად ვუთხარით ხუჭუჭას მე და ყბედალომ და სმენად ვიქეცით.

– ქურდები რომ გავხდებით, ბევრი ქურდის მოსრიალება მოგვიწევს და ამისთვის წინასწარ მოემზადეთ.

– რას ბოდავ, – ჰკითხა ყბედალომ.

– არ ვბოდავ. სიმართლეს ვამბობ.

– დააკონკრეტე, – დავამატე მე.

– ერთ კითხვას დაგისვამთ და თქვენივე პასუხი დაადასტურებს ჩემს სიტყვებს.

– თქვი, – კვლავ ერთხმად ვუთხარით ხუჭუჭას.

– მაშინ, მითხარით, ზურაც ქურდია და ბაკურაც?

ბაკურას პირობითად ვამბობ, რადგან, იმ ქურდის სახელის თქმა არ მინდა.

– ორივე, – ერთხმად ვუთხარით ხუჭუჭას.

– ეგ – ფორმალურად, – ჩაეცინა ხუჭუჭას და დაამატა: მშვენივრად იცით, რასაც ვგულისხმობ.

– რას გულისხმობ? – ვკითხეთ ხუჭუჭას, თუმცა, მართლა ვიცოდით, რას გულისხმობდა.

– ბაკურამ „ძაღლებს” ფული გადაუხადა, რომ ბაითის ქურდობისთვის არ გაესროკათ, არადა, რაც წაიღო, იმაზე სამჯერ მეტი მიიტანა, – დანამდვილებით თქვა ხუჭუჭამ, რადგან, ზუსტი ინფორმაცია ჰქონდა აბრალავასგან.

– შენ რა, „ძაღლების” გჯერა? – შეუტია ყბედალომ.

– „ძაღლები” აქ არაფერ შუაში არიან. თქვენ ის თქვით, რამდენად სწორია, როცა ქურდი მაყუთს იხდის იმისთვის, რაც მისი პროფესიაა და თანაც ამ ფულს მთელი თბილისის ბავშვებს აგროვებინებს.

მე და ყბედალოს ენები ჩაგვივარდა, ხუჭუჭამ კი ღიმილით გვითხრა:

– ვერ მპასუხობთ... ესე იგი, მართალი ვარ.

– შენ რა, დაამტკიცებ, რასაც ამბობ? – ვკითხეთ ხუჭუჭას.

– არც ვაპირებ ამის დამტკიცებას, მით უმეტეს, რომ თქვენც კარგად იცით ეს და მეც მანდ ვარ. ბაკურას, ალბათ, პატიოსანი ქურდები მიხედავენ. ხოლო, როცა მე გავხდები ქურდი, ვფიცავ, რომ ასეთებს არ გავაჭაჭანებ...

– მაშინ, ძმაო, მთელ ქურდულ სამყაროს გადაიკიდებ, – უთხრა ყბედალომ.

– გეშლება, – მიუგო ხუჭუჭამ, – კი არ გადავიკიდებ, არამედ, გავწმენდ. ისე, როგორც ეს ჰერაკლემ ქნა, როცა ავგიას თვალები გაუწმინდა. გაიგე?

– მერედა, ძმაო, ამდენს შეძლებ? – ვკითხე მე, რაზეც მომიგო:

– ყოველ შემთხვევაში, შევეცდები. ხოლო, თუ თქვენ ეს არ შეგიძლიათ, მაშინ, არც ქურდობას გირჩევთ.

როგორც ყოველთვის, ხუჭუჭა მაშინაც მართალი იყო. ამიტომ, მე და ყბედალოს არაფერი გვითქვამს მისთვის, გავჩუმდით და ეს დუმილი თანხმობის ნიშანი იყო. ხუჭუჭა შინაგანად პატიოსანი პიროვნებაა და მიაჩნია, რომ, რა საქმესაც ემსახურები, ის საქმე იმ კანონებით უნდა გააკეთო. ამიტომაც ვთქვი, ხუჭუჭა რომ ქურდი გამოსულიყო, ქურდული სამყაროს გენერალი იქნებოდა და არც ბრილიანტზე, არც ცალხელაზე და არც ზურაზე ნაკლები. ის ჯერ კიდევ ბავშვობაში ამუშავებდა მომავალი ცხოვრების გეგმებს და, რადგან ეს გეგმები ქურდულ ცხოვრებაში ვერ გაატარა, ისინი თავის კარიერაში განახორციელა. მე არაერთხელ მომიყოლია ჩემი და ხუჭუჭას საუბრის შესახებ, როდესაც მან საკნიდან გამოაყვანინა ჩემი თავი და მითხრა:

– კობრა, ძმაო, როგორც შენ ამბობ, ჩემგან მაგარი ქურდი გამოვიდოდა, ასევე, მეც გეტყვი, რომ შენგან არანაკლები დონის ძალოვანი დადგებოდა.

– ანუ, „ძაღლი”? – გამეცინა მე.

– რატომ „ძაღლი”, უშიშროების გენერალი.

– მავერბოვკებ?

– არ გრცხვენია? – ღიმილით მითხრა ხუჭუჭამ, – მაგარი ქურდი და მაგარი გენერალი ერთი მედლის ორი მხარეა და ერთიც წყალივით სჭირდება ამ ქვეყანას და მეორეც. ხომ შეიძლებოდა, რომ მე ქურდი გამოვსულიყავი, შენ კი – გენერალი! მაშინ, შენ იჯდებოდი ახლა ჩემს ადგილზე და ზუსტად იმავეს მეტყოდი, რასაც მე შენ გეუბნები.

– კარგი, ხუჭუჭ, მოვრჩეთ ეს ბაზარი. მე ქურდი ვარ და ამას წყალი არ გაუვა, ისევე, როგორც შენ ხარ გენერალი და არც ამას გაუვა წყალი.

– ამ ყველაფერზე მაღლა კი რა დგას? – მკითხა ხუჭუჭამ. მე პასუხი მშვენივრად ვიცოდი, მაგრამ, მაინც ვკითხე:

– რა დგას?

– რა და, ჩვენი ძმაკაცობა.

ხუჭუჭა აბსოლუტურად მართალი იყო, მაგრამ, ხმამაღლა არ დავეთანხმე, უფრო სწორად კი, არაფერი ვუპასუხე. მან, რა თქმა უნდა, მშვენივრად გაიგო ჩემი განწყობა და სიცილით მითხრა:

– თავს დავდებ, რომ მეთანხმები, მაგრამ, ამ სიტყვების დადასტურებას არ გთხოვ. საქმე ისაა, რომ შენს პატიოსნებაში წამითაც არ მეპარება ეჭვი და კარგად ვიცი, რომ ბაკურასავით არასდროს მოიქცევი, რაც არ უნდა გიჭირდეს.

ბაკურა, როგორც ბავშვობაში ხუჭუჭა ვარაუდობდა, ქურდებმა თავიანთი რიგებიდან გააგდეს, ქურდის ტიტული ჩამოართვეს და ჯერ ყურებში წამოარტყეს, ბოლოს კი პანღურით გააგდეს. მან კი, იმის ნაცვლად, რომ, თავს თუ არ მოიკლავდა, პატიოსანი მშრომელი გამხდარიყო, ბოზობის გზა აირჩია, მილიციას შეეკრა და მათ აწვდიდა ინფორმაციებს თავის ყოფილ კოლეგებზე. სწორედ ბაკურამ ჩაუშვა კბილის ექიმის ცნობილი საქმის მონაწილე ორი ქურდი, რომლებმაც მისი ბაითიდან 2 კილო ოქრო წაიღეს და ისინი დააჭერინა. ბაკურას ამბავი მალევე გაბაზრდა და, მართალია, მას მილიცია იცავდა, მაგრამ, ამ ამბიდან სულ რაღაც ოთხ თვეში, ბაკურა ყელგამოჭრილი იპოვეს გაგრის ერთ-ერთი სანატორიუმის ნომერში, სადაც მას მილიცია ინკოგნიტოდ მალავდა.

ქურდული შურისძიება ქურდული კანონების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და მისმა ყველა მიმდევარმა იცის, რომ ჩაშვების საზღაური ერთმნიშვნელოვანია და მას ეწოდება სიკვდილი... ასევე ისჯება ეს ქმედება ყველა სერიოზულ ცხოვრებისეულ სფეროში და, ქურდების გარდა, არაერთი მილიციელი თუ „კაგებეშნიკი” გაუმგზავრებიათ იმქვეყნად ღალატის გამო. თუმცა, ისეც მომხდარა, რომ მოღალატის იარლიყი ტყუილად მიუკერებიათ მავანი პატიოსანი ქურდისთვის და გამოუსწორებელი ტრაგედიაც კი დატრიალებულა ამის გამო.

მე უკვე სტაჟიანი ქურდი ვიყავი, როდესაც ერთ ქურდს, პირობითად მას ნოე ვუწოდოთ, ღალატში დასდეს ბრალი. ნოე ცნობილი დომუშნიკი (ბინის ქურდი) იყო და თავის ორ კოლეგასთან ერთად, მოსკოვში ერთი იუველირის ბაითი გაიტანა. ნოეს პაძელნიკები ორი დღის მერე დაიჭირეს და „მურში“ უკრეს თავი, თავად ნოემ კი პაბეგი აიკიდა. პაძელნიკები სასტიკად აწამეს და ორივე „კაპეზეში“ გარდაიცვალა, ნაქურდალი ტავარი კი გაქრა. მართალია, ნოე პაბეგში იყო, მაგრამ, ათკაციანი ქურდული სხოდკა შეიკრიბა, რომელსაც მეც ვესწრებოდი. ერთ-ერთმა ჩვენმა ძმამ ნოეს პრეტენზიები წაუყენა და პაძელნიკების ჩაშვებასა და ტავარის მითვისებაში დასდო ბრალი. ნოე, რა თქმა უნდა, ყველაფერს უარყოფდა, თუმცა, მას უმეტესობა არ უჯერებდა, მხოლოდ სამ ქურდს არ გვჯეროდა მისი უპატიოსნობის. მიუხედავად ამისა, ქურდულმა სხოდკამ დაადგინა, რომ ნოეს ნაქურდალი უნდა გამოეჩინა და თავის მოკვლის შანსს მისცემდნენ. მას მწარედ გაეცინა, უცებ რევოლვერი გააძრო და შეაყენა, თან მზერით ჩამოგვიარა ყველას.

– აი, ხომ ვამბობდი, გაგვყიდა-მეთქი, – თქვა ნოეს მთავარმა ბრალმდებელმა, – ის რევოლვერით მოვიდა სხოდკაზე და გვაშინებს.

– ესე იგი, ჩემი არ გჯერათ? – იკითხა ნოემ.

– ჯერ იარაღი შეინახე და მერე ვილაპარაკოთ, – მიუგო ნოეს ბრალმდებელმა ქურდმა, – რას გვაშინებ, ყველას ვერ დაგვხოცავ.

– მშვიდობით, ძმებო! თქვენ ყველანი პატიოსნები ხართ, მაგრამ, არც მე ვარ ბოზი და მწარედ ინანებთ, როცა სიმართლე გაირკვევა. მე ქურდი ვარ და ქურდად მოვკვდები, – თქვა ნოემ და ჩვენ წინ შუბლი გაიხვრიტა...

ნოეს უდანაშაულობა გაირკვა. ჩამშვები კი ერთ-ერთი პაძელნიკი აღმოჩნდა, რომელიც „ძაღლებმა” წამებით მოკლეს. საქმე ის იყო, რომ ის „ძაღლებთან” იყო შეკრული და თავიდან მოიშორეს. ნაკოლიც „ძაღლებისა” იყო და ქურდები მხოლოდ და მხოლოდ გამოიყენეს...

მართალია, ყველაფერი გაირკვა და ნოე გამართლდა, მაგრამ, არც მისი ოპონენტი ქურდები დაუსჯია ვინმეს, რადგან, ისინიც გააბითურეს. ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ცამდე მართალი ადამიანი ტყუილუბრალოდ დაიღუპა და პასუხი არავისთვის მოუთხოვიათ. ქურდიც ადამიანია, შეცდომა მასაც მოსდის და სწორედ ამაზე ამბობდა ვასია ბრილიანტი: ქურდმა ათასჯერ უნდა გაზომოს და უეჭველი უნდა გაჭრასო. როდესაც ნოემ ჯერ თავი მოიკლა, შემდეგ კი უტყუარად დადასტურდა მისი სიმართლე, არც ერთი მისი ოპონენტი ქურდი არ ამაღლებულა ნოემდე და მისი სიკვდილით მხოლოდ მწუხარება გამოთქვეს. არადა, ნოე რომ ყოფილიყო ცრუ ბრალმდებელთა რიგებში, ის თავს არ იცოცხლებდა...

ნამდვილ, ჭეშმარიტად იდეურ ქურდს თავი გადადებული აქვს, სიკვდილის მას არ ეშინია და ყოველთვის მზადაა თავგანწირვისთვის. ჭეშმარიტ ქურდს ღირსების დაკარგვას სიცოცხლის დაკარგვა ურჩევნია, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქურდი ბრმად, ტყუილად დათმობს საკუთარ სიცოცხლეს და ცხვარივით მორჩილად ავა ეშაფოტზე.

– ქურდული ცხოვრება ეშაფოტია და ჩვენს თავზე მუდმივად ალესილი ნაჯახი კიდია, – იტყოდა ხოლმე ბრილიანტი, – მაგარი მაშინ ხარ, როდესაც ამ ალესილ ნაჯახს აიცილებ, თუმცა, არა სხვის ხარჯზე. არაქურდული საქციელია, როცა პატიოსან ადამიანს ცეცხლში შეაგდებ, შენ განზე გადგები და სადისტური სიამოვნებით უყურებ, როგორ იწვის ის ცოცხლად. 

დღესდღეობით ისეთი ტენდენცია ჩამოყალიბდა შავ სამყაროში, რომ, რაც უფრო მეტი ადამიანისთვის გაქვს „გაჩალიჩებული“, მით უფრო მაგარი და მოუხელთებელი ხარ. ეს კი ყოვლად უზნეო, არაქურდული საქციელია. თუკი ამ საზიზღრობას ჩანასახშივე არ მოვსპობთ, მაშინ ქურდული ცხოვრება კიდევ უფრო მეტად დაშორდება თავის იდეურ საწყისს. სულ რაღაც ოცდაათიოდე წლის წინ რომ ქურდის გამო, თუნდაც შემთხვევით, პატიოსან ადამიანს რაიმე სერიოზული პრობლემა შეჰქმნოდა, იმ ქურდს ტიტულს ჩამოართმევდნენ. ერთხელ, ცნობილი დომუშნიკი, ვანკა ლისი, ერთ ბაითში მარტო შევიდა საჩალიჩოდ. მას ეგონა, რომ იქ არავინ იყო. მაგრამ, შეცდა და, ბინაში რომ შეძვრა, მას იქ მძინარე დიასახლისი დახვდა. ვანკა უკანვე გამობრუნდა. თუმცა, დიასახლისს გამოეღვიძა და შიშისგან მშობიარობა დაეწყო, რადგან შვიდი თვის ფეხმძიმე იყო. ლისი კვლავ ბაითში დაბრუნდა და იქიდანვე სასწრაფოს დაურეკა. სანამ ექიმები მოვიდნენ, ვანკა ლისიმ ქალი ამშობიარა და მათ პატარა ბიჭი დახვდათ. დედა და შვილი უვნებლად გადარჩნენ. ლისიმ კი ეს საქციელი საკუთარ თავს არ აპატია, ქურდული სხოდკის მოწვევა მოითხოვა და საკუთარი ნებით მოიხსნა ქურდის ტიტული... მას, რა თქმა უნდა, შეეძლო ეს ამბავი დაემალა ან ქურდად მაინც დარჩენილიყო, რადგან, მისთვის პრეტენზია არავის წაუყენებია, მაგრამ, ქურდულმა სინდისმა მას ამის უფლება არ მისცა და თავი დაისაჯა.

ვანკა ლისის საქციელს ასი ადამიანიდან თითოეული მათგანი სხვადასხვაგვარად განსჯის – ზოგი გაამტყუნებს და ზოგიც გაამართლებს, მაგრამ, სიმართლე ყოველთვის ერთია და ლისი სწორედ იმ ერთადერთ პოზიციაზე დადგა. შეურაცხყოფის მიყენება არავისთვის მინდა, მაგრამ, მეეჭვება, რომ ქურდების ამჟამინდელი თაობიდან ბევრმა ჩაიდინოს ასეთი რამ. სანამ ბოლო სროკზე წავიდოდი, ერთი თვით ადრე ერთ ქურდულ სხოდკას დავესწარი, რომელზეც იაშა ბრიტის საქმე ირჩეოდა. ბრიტი ახალგაზრდა თაობის ეგრეთ წოდებული „ძერსკი“ წარმომადგენელი იყო და ისეთი იმიჯი ჰქონდა შექმნილი, რომ საქმეში ჩაუხედავი, გამოუცდელი ადამიანი იფიქრებდა, ესაა და, ახალი ვასია ბრილიანტი გამოჩნდა ქურდული ცის კაბადონზეო. არადა, ბრიტის ძერსკობა უფრო მისი თავზეხელაღებულობისა და ბანდიტური თავხედობის შედეგი იყო, ვიდრე ქურდული კანონების წმინდად დაცვა. პრინციპში, ბრიტი იყო კიდეც ბანდიტი. მას საკუთარი ბანდა ჰყავდა, ისინი ერთმანეთს „ქაჩავდნენ“ და ხელს აფარებდნენ და, რაც მთავარია, იარაღით დადიოდნენ და უფრო ხშირად ძარცვით იყვნენ დაკავებულები, ვიდრე ქურდობით. ამან თავისი უარყოფითი შედეგი მოიტანა და ერთ-ერთ საქმეზე მათ ბინის პატრონი, სამოცდაათი წლის იუველირის ქვრივი გააუთოვეს და მოკლეს... ბრიტიმ და მისმა თანამოძმეებმა ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, დაუმალეს ქურდებს, თუმცა, იმ კრეტინებს საქმის დროს ქსივა – იაშას პასპორტი დაუვარდათ, რომელიც მოკლულის ვაჟმა იპოვა და მილიციას დაუმალა. მიცვალებული რომ დაასაფლავეს, იმ კაცმა ეს პასპორტი ცნობილ ქურდს, ჩვენს თანამემამულეს, თოკას მიუტანა. იუველირის ქვრივის სადისტური მკვლელობის ამბავი მთელმა რუსეთმა იცოდა და მილიცია გამალებით ეძებდა ბოროტმოქმედებს. ჩვენ, ქურდები, ვერც კი წარმოვიდგენდით, თუკი ბრიტი და მისი შაიკა ასეთ რამეს ჩაიდენდნენ, ამიტომ, მათზე ეჭვიც კი არავის მიუტანია. ხოლო ის ფაქტი, რომ ბრიტის პასპორტით ვინმემ ისარგებლა და კვალის ასარევად დააგდო ბაითში, პრაქტიკულად გამორიცხული იყო. იმ პერიოდში მოსკოვში ვიმყოფებოდი. თოკამ დამიძახა. ბაითში რომ განვმარტოვდით, ყველაფერი დაწვრილებით მომიყვა, პასპორტი მაგიდაზე დააგდო და მითხრა:

– აი, სადამდე მივიდნენ ეს ნაბიჭვრები. ქალი სადისტურად დაბრიდეს, თანაც, ამ სირებს ქსივა დაუვარდათ და თავი დაიწვეს. კაროჩე, სხოდკა უნდა შევკრიბოთ და ამ ბეზპრეძელშჩიკებს გადავუაროთ.

– ჩვენი მთავარი და ერთადერთი ფაქტი იაშას პასპორტია, მაგრამ, იტყვის, მომპარეს და გამიჩალიჩესო. ამიტომ, რამე ისეთი უნდა მოვიფიქროთ, რომ სააშკარაოზე გამოვიყვანოთ, – ვუთხარი თოკას.

– მართალი ხარ და უკვე მოვიფიქრე.

– რა მოიფიქრე?

– რა და იუველირის ბინიდან წაღებული ნივთები უნდა დავუდოთ წინ.

– ეგ როგორ?

– როგორ და, იაშას ერთი ნაშა ჰყავს, ლიდა, ძველი პრასტიტუტკა და ზუსტად ვიცი, რომ იმასთან ინახავს ტავარს. ლიდას ბაითი უნდა დავბომბოთ და, სხოდკაზე რომ მოვლენ, ფაქტებსაც დავუდებთ.

– იტყვის, ჩვენი ნაჩალიჩევი არ არისო.

– ვერ იტყვის. ლიდასაც მივათრევთ და პირზე დავაყენებთ. იუველირის ვაჟს უკვე ქილერი ჰყავს დაქირავებული და დედამისის მკვლელების დაბრედვას აპირებს. ჯერ ლიდას შევახვედრებთ იმ კაცს და ეს ჩათლაშკა რომ გაიგებს, მომკლავენო, სიმართლეს იტყვის. აბა, თავს ხომ არ შესწირავს?

– ვა, ქილერი ჰყავს დაქირავებული?

– ჰო, ქილერი. იმ კაცს უჩემოდ შეეძლო მათთვის მოყომარება, მაგრამ, ჩემთან იმიტომ მოვიდა, რომ საქმის კურსში ჩავეყენებინე. რაც არ უნდა იყოს, იაშა და მისი ორი ძმაკაცი ქურდები არიან და ქურდების დახოცვა არ უნდა. ასე მითხრა: მე თქვენ პატივს გცემთ და იმიტომ მოვედი, რომ თქვენი კოლეგების მიმართ სამართლიანი განაჩენი გამოიტანოთ, მერე კი მე ვიციო.

– სწორია ის კაცი. მოდი, ვიჩალიჩოთ, – ვუთხარი თოკას.

ლიდას ბაითი მე და თოკამ გავქურდეთ, საიდანაც მხოლოდ იუველირის ნივთები წამოვიღეთ და თოკას ბინაში შევინახეთ. ლიდა კი თავის სახლთან დავითრიეთ, მანქანაში ჩავისვით და მის დაკაჩავებას შევუდექით.

– ვა, თოკა, შენ ხარ?! – თქვა ლიდამ, როდესაც თოკა დაინახა.

– მე ვარ და ახლა ყურადღებით მომისმინე, შე ჩათლახო: თავგზის აბნევა არ სცადო, თორემ, „ძაღლების” საჯიჯგნად გაიხდი თავს და ვერავინ დაგეხმარება! დიდ შარში ხარ გახვეული და, სიმართლეს თუ არ იტყვი, ტრუპი გახდები, – უთხრა ძველ პროსტიტუტკას თოკამ და პაუზის მერე დაამატა: – გაიგე?

ლიდამ კარგად იცოდა, რომ თოკას ტუფტა ბაზარი არ უყვარდა და იმასაც მშვენივრად  მიხვდა, რომ თოკას რანგის ქურდი მას ტყუილუბრალოდ არ დაელაპარაკებოდა, ამიტომ, შეშინებული სახითა და ხმის კანკალით მიუგო:

– გავიგე. რა მოხდა?

თოკამ ლიდას ნაქურდალი ნივთებით სავსე ჩანთა უჩვენა და უთხრა:

– იცანი, ალბათ. ერთი საათის წინ შენი ბინიდან წამოვიღეთ და გელოდებოდით.

– კი, ვიცანი. ესენი მე იაშა ბრიტიმ მომაბარა, თქვა ლიდამ.

– ძალიან კარგი, რომ არ იცრუე და, იმედია, შემდგომშიც სიმართლეს იტყვი.

– რა თქმა უნდა, ვიტყვი.

– თუ იცი, ეს ნივთები საიდან მოიტანა იაშამ?

– არ უთქვამს, მაგრამ, ვხვდები.

– აბა, საიდან?

– საიდან და, ჩემი აზრით, იუველირის მოკლული ქვრივის ბაითიდან. ამ ამბავზე მთელი მოსკოვი ლაპარაკობს.

– სწორია, იქიდან, – დაუდასტურა თოკამ.

– თქვენ საიდან იცით, რომ ის საქმე ბრიტიმ შეასრულა?

თოკამ ლიდას ბრიტის პასპორტი ანახვა და უთხრა:

– აი, ამ სირს პასპორტი დაუვარდა იქ, რომელიც მოკლულის ვაჟმა იპოვა და მილიციას დაუმალა. ამ დღეებში ბრიტისაც და მის ბოზ პაძელნიკებსაც ქილერი დაბრიდავს, რომელიც იმ კაცმა დაიქირავა, მანამდე კი სხოდკაზე მათ ქურდობა უნდა ჩამოვართვათ, შენ კი პირზე უნდა დაადგე იაშას და თქვა, რომ ეს ნივთები მან მოგაბარა. იტყვი? დაადგები იმ ბოზს პირზე?

– დავადგები, – მტკიცედ თქვა ლიდამ.

– ახლა წადი, მაგრამ, თუ მოგვატყუებ და ბრიტის წინასწარ გააფრთხილებ, იმ ბოზებთან ერთად შენც დაიბრიდები. ხოლო, თუ სწორად მოიქცევი, იუველირის შვილი მაყუთს გადაგიხდის, აქედან გაემგზავრები და ახალ ცხოვრებას დაიწყებ. მოსულა?

– მოსულა, – თქვა ლიდამ და მანქანიდან გადავიდა.

სხოდკა ორი დღის მერე შედგა და ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ვგეგმავდით. ბრიტისა და მის ორ პაძელნიკს ყველაფერი დავუმტკიცეთ, ლიდაც პირზე დაადგა მათ და, იძულებულები გახდნენ, ყველაფერში გამოტეხილიყვნენ. სამივეს ტიტული ავყარეთ და გავყარეთ. ერთი საათის შემდეგ კი ტიტულაყრილი სამი ქურდი და კიდევ ორი მათი პაძელნიკი ოსტროვსკის ქუჩაზე მანქანაში აფეთქდნენ და ცოცხლად ამოიბუგნენ. ლიდამ შეპირებული მაყუთი მიიღო და უცხოეთში გაემგზავრა, ჩვენ კი იუველირის ვაჟს თავისი ნივთები დავუბრუნეთ. მან ეს ნივთები გაყიდა და აღებული ფულიდან ქურდულ ობშჩიაკს სოლიდური გრევი გაუკეთა. ასე ტრაგიკულად, მაგრამ, სამართლიანად დასრულდა ბეზპრეძელშჩიკი ქურდების სიცოცხლე. ამ ამბავზეა ნათქვამი: ოჯახი მახინჯის გარეშე არ არსებობსო, მაგრამ, ბოლო დროს ჩვენს ოჯახში ძალიან მომრავლდნენ მახინჯები და იმხელა ძალაუფლება მოიპოვეს, რომ მათთან დატაკება დიდ სისხლისღვრას გამოიწვევს და ყველა შემთხვევაში ქურდულ საქმეს დააზარალებს, დააზარალებს იმაზე მეტად, ვიდრე ეს გასული საუკუნის მიწურულს მოხდა, ყველაფერ ამის მიზეზი კი როგორც მაშინ, ასევე მომავალში, საბჭოთა კავშირის დაშლაა.

საბჭოთა კავშირის დაშლამ არა მარტო მილიონობით პატიოსანი და მშრომელი ადამიანი დააზარალა, არამედ, პატიოსანი ქურდული სამყაროც და მასში დიდი ბზარი გააჩინა, რაზეც უკვე ვილაპარაკე. თუკი იმ დიად ქვეყანაში ყველა პატიოსანი ქურდი ღარიბი, მაგრამ, დამოუკიდებელი იყო, ახლა პირიქითაა – ქურდი გამდიდრდა და ისეთ რამეებსა და ვინმეებზე გახდა დამოკიდებული, რომ თოჯინა და მარიონეტი გახდა. მარტო ის რად ღირს, რომ ქურდმა პოლიტიკაში ჩაყო ცხვირი, დიდ, ბინძურ თამაშში ჩაება და მჭიდროდ გადაეფსკვნა ხალხის კისერზე მომჯდარ წურბელებს, რომლებიც ადამიანებს ისედაც გამშრალი სისხლის უკანასკნელ წვეთებს სწოვენ...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3