ფლორის სამყაროში
კითხვა: რა სიხშირით მოვრწყა საგოვანა?
პასუხი: ოთახის ნორმალურ ტემპერატურაზე ამ მცენარის მიწა ტენიანი უნდა იყოს, მაგრამ, არა წყლით გაჟღენთილი. ზამთარში, ტემპერატურის დაცემისას, შედარებით იშვიათად მორწყეთ. გაზაფხულიდან ზაფხულის ბოლომდე კი ორ კვირაში ერთხელ ბალანსირებული თხევადი სასუქი მიაწოდეთ. საგოვანა უძლებს დაბალ ტემპერატურას, არარეგულარულ მორწყვასა და მშრალ ჰაერს, მაგრამ სითბო, რეგულარული მორწყვა, განოყიერება და სინათლე მცენარეს ახალ ფოთლებსა და სიჯანსაღეს შეჰმატებს. ზომიერ კლიმატში შეგიძლიათ, ზაფხულობით გარეთ გადგათ.
კითხვა: როგორ მოვუარო კალიზიას?
პასუხი: მას კაშკაშა სინათლე სჭირდება და საუკეთესოა ოთახის ნორმალური ტემპერატურა 18-24 გრადუსი იყოს. მცენარის აქტიური ზრდის პერიოდში საჭიროა ტენიანი მიწა, ხოლო ზამთარში მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა აცადეთ. ნიადაგი ორ კვირაში ერთხელ გაზავებული ბალანსირებული თხევადი სასუქით გაანოყიერეთ. თუ მცენარე ძალიან გაიბადრა, თამამად გაკრიჭეთ. ეს ხელს შეუწყობს ახალი ყლორტების ამოყრას. წაჭრილი ღეროები მალე გაიდგამს ფესვებს და ნესტიან მიწაში ჩაარჭობთ.
კითხვა: ჩემს დიფენბახიას ფოთლების წვეროები გაუყავისფრდა, ხომ ვერ ამიხსნით, რის ბრალია?
პასუხი: ფოთლების წვეროების გაყავისფრება წყლის ნაკლებობის ან ჰაერის სიმშრალის ნიშანია. ქოთანი სველკენჭებიან ლანგარზე დადგით. არ დაგავიწყდეთ, რომ მისი წვენი შხამიანია. ამიტომ, ფრთხილად იყავით, განსაკუთრებით, ძველი ფოთლების მოშორებისას. ზრდის პერიოდში მისი მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს. კაშკაშა, გაბნეული შუქი დიფენბახიას ფოთლებს სიჭრელეს შეუნარჩუნებს. ზაფხულში სიცხეს მოარიდეთ.
კითხვა: მაინტერესებს, ეუფრობიას მოვლის პირობები და პრეტეზიულია თუ არა ის?
პასუხი: ეს მცენარე რთული მოსავლელი არ არის, თუმცა, რაც უფრო დიდ სივრცეს გაიმეტებთ მისთვის, ესიამოვნება და უფრო შთამბეჭდავი გახდება. მთელი წელი კარგი განათება სჭირდება. ზამთარში ყველაზე მზიან ადგილას გაიტანეთ. ჰყოფნის ოთახის ტემპერატურა, მაგრამ სიცხესაც აიტანს. ზამთრის მინიმალური ტემპერატურაა 10-11 გრადუსი. ზაფხულობით იშვიათად მორწყეთ, ზამთარში კი, მხოლოდ იმდენი წყალი დაასხით, რომ მიწა მთლიანად არ გამოშრეს. ზაფხულში თვეში ერთხელ მორწყეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. კარგი იქნება, თუ ეუფრობიას ზამთრის ბაღში, ან სამხრეთის ფანჯარაზე ამყოფებთ.
კითხვა: როგორ მოვუაროთ აბუტილონს და ხშირად მოვრწყათ თუ არა ის?
პასუხი: თბილ გარემოში მიწა ტენიანი უნდა იყოს, ხოლო ზამთარში, როცა შედარებით ცივა, მორწყვიდან მორწყვამდე შეშრობა დააცადეთ. აქტიური ზრდის პერიოდში, ნიადაგი ორ კვირაში ერთხელ თხევადი, ბალანსირებული სასუქით გაანოყიერეთ. ზამთარში დამატებითი კვება არ სჭირდება. ძალიან რომ არ გაიზარდოს, აბუტილონი გაზაფხულზე უნდა გასხლათ. თუ წვეროებს წააჭრით, ბუჩქს დაემსგავსება, თუმცა შეიძლება, გვიან აყვავდეს. ზაფხულში აქტიური ზრდის პერიოდი აქვს. ამიტომ, შემოდგომის დასაწყისში შეიძლება ხელახლა დასჭირდეს გასხვლა.