როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ჭიღვარია
გვარის ფუძეა სიტყვა ჭიღვა, რომელიც ჭიგოზე ვაზის მისაბმელ წნელს ნიშნავს.
ეთნოგრაფიული მასალებით, სამ ძმას ბატონი მოუკლავს და ლეჩხუმში გადახვეწილან.
ჭიღვარიები ლეჩხუმში, სოფელ ჭყვიშსა და დარიდასანაში ცხოვრობენ.
ეს გვარი მოხსენიებულია 1766 წელს, ერთ-ერთ საბუთში: „მოჯალაბე დაუსახლებიათ, მაღლუდა ჭიღვარია და უდაბნოსთვის შეუწირავთ მოსამსახურედ.”
ჭიღვარიას გვარის ფუძეს, ასევე, მეტსახელადაც მიიჩნევენ.
ვარაუდობენ, რომ ჭიღვა ძველად ტოპონიმი უნდა ყოფილიყო. თუ ამას გავითვალისწინებთ, მაშინ ჭიღვარია ჭიღველს ნიშნავს.
საქართველოში 319 ჭიღვარია ცხოვრობს: ქუთაისში – 82, ამბროლაურში – 72, ცაგერში – 52. არიან სხვაგანაც.
ფუტკარაძე
უძველესი გვარია. ზოგიერთი მკვლევრის მოსაზრებით, ამ გვარს სათავე დაუდო ვინმე ფუტკარამ. ჩვენი აზრით, ეს არასწორი მოსაზრებაა, რადგან, გვარის წინარე ფორმაა მეფუტკრისძე, რაც მიგვანიშნებს, რომ ხელობა-საქმიანობიდან გამომდინარე გვარ-სახელია და ამ გვარის წარმომადგენლები ფუტკრის მოვლა-მოშენებას მისდევდნენ.
გვარი ფუტკარაძე მოიხსენიება მეთორმეტე-მეთოთხმეტე საუკუნეების გვარების ნუსხაში.
ფუტკარაძეების ძირითადი საცხოვრისია აჭარა, თუმცა, ამ გვარის წარმომადგენლები, ასევე, ცხოვრობენ იმერეთში, სამეგრელოსა და თბილისში.
სამეგრელოში ფუტკარაძეები აჭარიდან გადავიდნენ. ბევრმა გვარი შეინარჩუნა, ნაწილი კი ფუტკარაიად ჩაეწერა.
იმერეთში ფუტკარაძეები ცხოვრობენ: საქარაში, ინაშაურში, სიმონეთში, ტყემლოვანში, ჩუნეთში, ჩხარში, ცხრაწყაროსა და ჯიხაიშში.
საქართველოში 7 003 ფუტკარაძე ცხოვრობს: შუახევში – 1 824, ხელვაჩაურში – 1 108, ბათუმში – 664. არიან სხვაგანაც.
ქობულაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ქობული.
ქობულაშვილი უძველესი გვარია. მისი ძველი ფორმა იყო ქობულისძე.
მთავართა გვარებში ვახუშტი წერს: „ხოლო გვარიანი მთავართა მათ ძველთანი ესენი არიან: ქობულისძე, დონაური, ასელმანეილი, ბაღუაში, რომელიც იყო ლიპარიტის ძე”.
„თავადი ქობულაშვილის წინაპარნი იყვნენ ქობულად წოდებულნი უკვე 882 წლიდან. როცა სამბათ მეფე აფხაზეთიდან წავიდა, თან გაჰყვნენ ქობულისძენიც. ქობულთა შვილთაგან დაშთნენ გურიას ადგილსა ქობულეთსა შინა და იყვნენ მუნ. შემდგომად, მეფემან დავით კახთმან შერთო ცოლად გურიელის ასული თინათინი, მას მოჰყვა მზითევში ქობულოვი და დედოფლის შუამდგომლობით მიიღო მეფემან თავადობის ხარისხში და დაასახლა რუისის პირსა ადგილსა”.
„ხოლო, წელსა 1752, შეიკრიბნენ მხედრობანი ლეკთანი და მოადგა ყვარელსა. მაშინ ციხესა ყვარლისასა შეაშველა მეფემან და უთავა მათ თავადი ბებურიშვილი პაპა, მდივანი სოლომონ ქობულოვი, თაყაიშვილი ფირუზა, რატიშვილი ბეჟან, ნამორაძე ერასტი და სხვანი, მრავალნი კეთილშობილნი და გლეხნი. განამაგრეს ციხე იგი და ლეკთა, ვინაითგან ვერა რამე ჰყვეს, უკუიქცნენ სირცხვილეულნი”.
ისტორიულ წყაროებში ვკითხულობთ, რომ თამაზ ქობულიშვილი იყო კანცელარიის მოხელე. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში მას გადაუწერია „დასტურმარი” დავით რექტორის ხელნაწერიდან. ის ერთგვარად ედავება ამ უკანასკნელს, რომ სოფლები კახეთს ეკუთვნის და არა ქართლსო.
საქართველოში 657 ქობულაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 269, მცხეთაში – 258, გარდაბანში – 36. არიან სხვაგანაც.
ჩალათაშვილი
კახური საგვარეულოა. გვარის ფუძეა მეტსახელი ჩალათა, დაფიქსირებულია შოშიაშვილის სახინჯარში.
საკუთარი სახელიდან ჩალა კი რამდენიმე ქართული გვარია ნაწარმოები, მაგალითად, ჩალაძე. ჩალაძეთა წინაპრები სიდამონიძეები ყოფილან. ქართლიდან ბატონს გამოჰქცევიან და პირველად ნაკიეთში დასახლებულან.
კახეთში, კერძოდ კი სიღნაღშია წარმოშობილი გვარი ჩალაბაშვილი, აქაც ფუძეა ჩალა-ბა და ძე.
რაც შეეხება ჩალათას, ხელობა-საქმიანობიდან უნდა იღებდეს სათავეს. წინაპრები, როგორც ჩანს, მშვილდისა და შუბის ბუდეების მკეთებელნი ყოფილან. სულხან-საბა ბრძანებს: „ჩალათა, ესე არს მშვილდისა და შუბისა და მისთანათა შთასადებელი, განა წიგნთა და უსტართა შთასადებელი, რომელსა მსოფლიონი ბუდედ უწოდებენ“.
საქართველოში 739 ჩალათაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 417, თბილისში – 136, საგარეჯოში – 70. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით