რა მაგიური დატვირთვა აქვს ახალ წელს და რა უნდა გაითვალისწინოთ ამ ჯადოსნურ ღამეს, რომ მომავალში წარმატებას მიაღწიოთ
ახალი წლის დადგომა, ყველასთვის იმედებისა და სანუკვარი ოცნებების ასრულებასთან ასოცირდება. ამიტომ, ახალი წლის დღეებში, აუცილებელია, იცოდეთ, რას მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება, რა უნდა გაითვალისწინოთ თქვენივე ბედნიერებისთვის და პირადი, ოჯახური თუ კარიერული წინსვლისთვის. როგორც პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსი ქალბატონი ტატა ამბობს, ახალი წლის ღამეს დიდი მაგიური დატვირთვაც აქვს. ასე რომ, თუ გსურთ, 2014 წელი თქვენთვის ფეხბედნიერი და წარმატებული იყოს, გულდასმით წაიკითხეთ ქალბატონი ტატას რეკომენდაციები და გაითვალისწინეთ ის ელემენტარული რჩევები, რაც თქვენსავე ბედნიერებაზე აგებს პასუხს.
ტატა: ყოველ ახალ წელს ადამიანები იმედითა და უკეთესი მომავლის რწმენით ხვდებიან. ამ დღეს განსაკუთრებულად ემზადებიან, ძველ წელს აცილებენ და სამომავლოდ, სურვილების ახდენას ელიან. ყველა ოჯახში იშლება ტრადიციული სუფრა, ოჯახის წევრები ერთმანეთს ულოცავენ ახალი წლის შემობრძანებას, უძღვნიან საჩუქრებს, აგებებენ გოზინაყს, ასე ტკბილად დამიბერდიო და მეკვლესაც დიდი აჟიოტაჟით ელოდებიან. მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ უძველესი დროიდან, ახალ წელს დიდი მაგიური დატვირთვა აქვს. ამ დღეს უნდა გაითვალისწინოთ სწორედ ის რეკომენდაციები, რომლებიც სამომავლოდ თქვენი და თქვენი ახლობლების წარმატებასა თუ ბედნიერებაზეა პასუხისმგებელი.
– და მაინც, როგორ დავიბედოთ ბედნიერება და სასურველი მომავალი, რა მოვიმოქმედოთ 12 საათის ჩამოკვრისას და რა გავითვალისწინოთ ახალი წლის დადგომისას?
– თუ ახალ წელს კარგი განწყობით შეხვდებით, მოგეცემათ შანსი, მთელი მომავალი წელი ასეთი განწყობით გაატაროთ. ახალ წელს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჩაცმულობას, დააკვირდით, რას გირჩევენ ასტროლოგები, რა ფერებია ამ მხრივ მისაღები, რომელი მინერალების გაკეთება ჯობია და ასე შემდეგ. სწორედ ამის მიხედვით შეარჩიეთ სამოსი თუ აქსესუარი. ასევე, გაითვალისწინეთ, რომელი ცხოველია ამ წლის მბრძანებელი და მის პატივსაცემად, შესაბამისად, გააწყვეთ საზეიმო სუფრა. ახლა ხომ ცხენის წელი მოდის, ჰოდა, მაგიდაზე დაალაგეთ: თევზეული, მწვანე ბოსტნეული და ხილი დიდი რაოდენობით. რასაკვირველია, ასევე, ბევრი კოქტეილი. თან, ამ ცხოველის შესაბამის ფერებში გამოეწყვეთ. ეს მას ძალიან მოეწონება და იღბალსაც დაიბედებთ. საახალწლოდ აუცილებლად შეიძინეთ რაიმე ახალი, როგორც ოჯახისთვის, ასევე თქვენთვის. არ არის აუცილებელი, ეს ავეჯი, ფარდები, კაბები ან ძვირფასი სამკაულები იყოს. მაგალითად, სახლისთვის შეგიძლიათ ჭიქა, სტატუეტი, სურათი ან რაიმე დეკორატიული ნივთი შეიძინოთ. თქვენთვის კი, რაიმე აქსესუარი შეარჩიეთ. მოკლედ, ახალ წელს თქვენც და თქვენი საცხოვრებელიც ახალი ნივთით, ან აქსესუარით უნდა შეხვდეთ. აქვე, ერთ წესს გაგანდობთ, რომელიც გასათხოვარ გოგონებს ეხება. თუ ამას გაითვალისწინებენ, ბედი ადვილად გაეხსნებათ, თანაც უახლოეს მომავალში. მოკლედ, ახალ წლამდე, დაახლოებით 10-15 წუთით ადრე, დედამ უნდა დაატრიალოს გასათხოვარი გოგონა შემოსასვლელ კართან, მიარტყას სამჯერ წელზე ახალი ცოცხი და თან თქვას: „ჩემი გოგო გავიდეს სახლიდან და ისეთი საბედო ნახოს, როგორიც ჩვენ გვსურს; ისეთი მდიდარი და დოვლათიანი, როგორც ჩვენ ვეგებებით ახალ წელს; ისეთი სუფთა გრძნობების, როგორც ეს ცოცხია და ისეთი მხიარული განწყობის, როგორც ჩვენ ვხვდებით ახალ წელს.“ ამის შემდეგ, გოგონა დედამ გარეთ უნდა გაუშვას და სანამ თორმეტი საათი არ გახდება, არ შემოუშვას სახლში. ეს მეთოდი, ბევრმა სცადა და თქვენ წარმოიდგინეთ, უმეტესობამ ბედი, სწორედ იმ წელს ნახა და გათხოვდა კიდეც.
– უძველესი დროიდან, ტრადიციულად, საახალწლო ნაძვის ხეზე კიდებდნენ ათასგვარ ნივთს, რომლებიც ოჯახის ბარაქასა და ბედნიერებაზეა გათვლილი. ამაზე რას გვეტყვით?
– მართალია, ახალ წელს აუცილებელია, ყველა ოჯახში დაიდგას ნაძვის ხე და მასზე დაიკიდოს ის სათამაშოები, რაც თქვენს პირად ცხოვრებას თუ ოჯახის წევრების კეთილდღეობას, ოცნებების ასრულებას შეუწყობს ხელს. მაგალითად, ვაშლი ნაყოფიერების სიმბოლოდ მიიჩნევა, ამიტომ, თუ ბედში ცვლილებები გსურთ, ვაშლი აუცილებლად დაკიდეთ ნაძვის ხეზე. თანაც, ცხენის წელში, ვაშლი ერთგვარი სიმბოლოა. ამიტომ, ის არა მარტო ნაძვის ხეზე, სუფრაზეც აუცილებლად უნდა იდოს. ასევე, კვერცხი ნაყოფიერებისა და ჰარმონიის სიმბოლოა. თუ გსურთ, თქვენი ცხოვრება ჰარმონიული და ნაყოფიერი იყოს, შეღებეთ კვერცხი ნარინჯისფრად ან ცისფრად და დაკიდეთ ნაძვის ხეზე. წელს, წლის მბრძანებლის პატივსაცემად აუცილებლად უნდა დადოთ ნაძვის ხის გვერდით, გამჭვირვალე ვაზაში ჩაწყობილი თავთავები. ეს ოჯახურ კეთილდღეობას უზრუნველყოფს. მთავარია, იმოქმედოთ, გქონდეთ იმედი, რომ მომავალ წელს ყველაფერი კარგად იქნება. რწმენით შეასრულეთ ყველა რიტუალი და სასიკეთო ცვლილებები უახლოეს მომავალში აუცილებლად იქნება. ასევე, არ დაგავიწყდეთ, როგორც კი 2014 წელი დადგება, გამოაღეთ ფანჯრები, რათა ძველი წელი გავიდეს და ახალი შემობრძანდეს. ეს მთავარი საახალწლო რიტუალია.
– ამბობენ, ახალი წელი განსაკუთრებული მაგიური თვისებებით ხასიათდება და ამ დროს მომავლის წინასწარმეტყველებაც შესაძლებელიაო. ეს როგორ მოვახერხოთ?
– დიახ, მომავლის წინასწარმეტყველებისთვის, ახალი წლის ღამე ზედგამოჭრილია. მაგალითად, თუ რაიმე კითხვაზე გსურთ პასუხის გაგება, მაგრამ ვერ ახერხებთ, თორმეტ საათს ერთი წუთი რომ დააკლდება, აიღეთ ფურცელი და ფანქრით დაწერეთ ის სურვილი. მოუკიდეთ ცეცხლი და თან, გულში იმეორეთ: „12 საათამდე დაწვა მოასწარი, რომ სურვილი ამიხდეს“. დააკვირდით, რა მოხდება. თუ ბოლომდე დაიწვა, დარწმუნებული იყავით, სურვილი ამ წელს ნამდვილად აგიხდებათ. მაგრამ, თუ ვერ მოასწრო დაწვა, მის ახდენას არ ელოდოთ. თუ საბედოს ნახვა გსურთ, ახალი წლის მაგიური ღამე, ამის საშუალებასაც გაძლევთ. თორმეტი საათი რომ ჩამოკრავს, ისე, რომ ვერავინ დაგინახოთ, ნაძვის ხიდან მოხსენით ერთი სათამაშო, გადით გარეთ, დაანახვეთ ის ცას და თქვით: „მაღალო ცაო, ამ ჯადოსნურ და მაგიურ ღამეს, ჩემი ბედი დამასიზმრე“. შემდეგ შედით საძინებელში და ის სათამაშო ბალიშის ქვეშ დაიდეთ. მომავალ საბედოს აუცილებლად ნახავთ. ასევე, საბედოს წინასწარ სანახავად, 2 იანვარი ცნობილი მაგიური დღეა. აიღეთ ღამის თორმეტ საათზე უხმარი გამჭვირვალე ჭიქა, მასში ნახევრამდე ჩაასხით იმ ონკანის წყალი, რომლიდანაც წყალი არ დაგილევიათ და შიგ ახლო მეგობრის ქორწინების ბეჭედი ჩააგდეთ. აანთეთ თეთრი ფერის სანთელი, გეჭიროთ ხელში და ხან ჭიქაში იყურეთ, ხან სანთელს დააკვირდით როგორ იწვის. ნახევრად რომ ჩაიწვება, ჩაუშვით ჭიქაში და წყლით ჩააქრეთ. დააკვირდით იმ ადგილს ჭიქაში, სადაც ბეჭედია და მის შუაში აუცილებლად დაინახავთ, როგორ გაჩნდება ფიგურები, ადამიანის სახეები და მათგან ერთ-ერთი თუ მკვეთრად გამოისახა, ჭიქაში გაიშალა და დაინახეთ მამაკაცის ან გოგონას სახე, ესე იგი, ის თქვენი მომავალი ცხოვრების მეგზურია.
– იმასაც ხომ ამბობენ, თითქოს მეკვლე აუცილებლად დედმამიანი და ბედნიერი ადამიანი უნდა იყოს და სახლში აუცილებლად უნდა შემოიტანოს ტკბილეული, ბრინჯი და ხურდა ფულიო?
– ზოგადად, ახალი წლის ღამეს სახლში მობრძანებული მეკვლე, მომავალი წლის ბედნიერების, წარმატებისა და ჰარმონიის მაცნედ მოიაზრება. ამიტომ, მეკვლედ უნდა დაპატიჟოთ ისეთი ადამიანი, რომელიც ღარიბი არ არის, ბედნიერია, მშობლებიც ცოცხალი ჰყავს და არც გასულ წელს დაღუპვია რომელიმე ოჯახის წევრი. ბრინჯით, ხურდა ფულითა და ტკბილეულით, მას ჩვენს ოჯახში ბარაქა შემოაქვს, სიტკბოსა და ფინანსურ უზრუნველყოფას გვპირდება მთელი წლის განმავლობაში. ასევე, მთავარია, ის წრფელი გულით და მარჯვენა ფეხით შემოვიდეს ოჯახში. ასე რომ, თუ გეცოდინებათ როგორ დახვდეთ ახალ წელს, როგორ შეიტანოთ მისი წყალობით ცვლილებები ბედში და როგორი მეკვლე მოიპატიჟოთ 12 საათზე, ნურაფრის დარდი ნუღარ გექნებათ მთელი მომავალი წელი. მთავარია, გაითვალისწინოთ, რომ არ უნდა შეხვდეთ ახალ წელს ცუდ განწყობაზე, უიმედოდ და პესიმისტურად. როგორც დახვდებით მას, ისიც ისე გემსახურებათ.