როგორ ცხოვრობენ სალომე ჯუღელი და თორნიკე შენგელია ამერიკაში და რა სიურპრიზებით ანებივრებენ ისინი ერთმანეთს
რამდენიმე თვის წინ, კიდევ ერთი ლამაზი ოჯახი შეიქმნა – ყველაზე გრძელფეხება ქართველი მოდელი სალომე ჯუღელი, ცნობილ ქართველ კალათბურთელზე, თორნიკე შენგელიაზე დაქორწინდა. წყვილი მას შემდეგ ამერიკაში დამოუკიდებელ ცხოვრებას განაგრძობს. ჩვენი რესპონდენტი ამჯერად სალომე ჯუღელია, რომელიც ახალი ცხოვრებით ძალიან კმაყოფილია და საყვარელ მეუღლესთან ერთად, თავს უცხო ქვეყანაში კომფორტულად გრძნობს.
– უკვე რამდენიმე თვეა, თორნიკე შენგელიაზე იქორწინე და ამერიკაში ერთად დაიწყეთ დამოუკიდებელი ცხოვრება. როგორ შეეგუე ოჯახურ ცხოვრებას?
– თორნიკესთან ერთად, აქ თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ. ძალიან კარგად შევეჩვიეთ დამოუკიდებელ ცხოვრებას და კარგად მოვირგე ეს ამპლუა.
– ხომ არ გაგიჭირდათ მარტო ყოფნა?
– საერთოდ არ გაგვჭირვებია, პირიქით, მოგვეწონა კიდეც.
– რაც შეეხება შენს სამოდელო კარიერას, განაგრძობ, თუ პაუზა გაქვს აღებული?
– ცოტახანს ვისვენებდი, ახლა კი ჩვეულ რეჟიმში განვაგრძობ მუშაობას. იმის გამო, რომ გავთხოვდი, ჩემი საქმიანობა არ შემიწყვეტია.
– ამჟამად რომელი სააგენტოს მოდელი ხარ?
– „მიუსის” მოდელი ვარ, რომელიც წარმატებული და პოპულარული სააგენტოა.
– კალათბურთის გულშემატკივარი რომ იქნები, ვხვდები და შესაბამისად, ალბათ, თოკოს თამაშებსაც ესწრები.
– რა თქმა უნდა, თოკოს ყოველთვის ვგულშემატკივრობ და მის არც ერთ თამაშს არ ვტოვებ.
– როგორი გულშემატკივარი ხარ?
– ძალიან კარგი და აქტიური გულშემატკივარი ვარ. ამით კი, ვცდილობ, თოკო გავამხნეო.
– როგორი მეუღლე ხარ?
– საკუთარ თავზე მიჭირს საუბარი, ალბათ, ეს თოკომ უნდა გითხრათ.
– მაინც?
– ალბათ კარგი, ყოველ შემთხვევაში, მაქსიმალურად ვცდილობ ამას.
– თოკო როგორი მეუღლეა?
– თოკო ძალიან კარგი, მზრუნველი, თბილი და საყვარელი მეუღლეა. სიმართლე გითხრათ, არც ველოდი, თუ ასე თბილი და ყურადღებიანი იქნებოდა.
– ძალიან ლამაზი ქორწილი გქონდათ, რაშიც ბევრი ადამიანი დამეთანხმება.
– იმდენი შრომა ჩავდეთ ჩვენი ქორწილის მზადებაში, რომ მართლა კარგი გამოვიდა ანუ, ისეთი, როგორიც გვინდოდა. სტუმრები რომ გვეუბნებოდნენ, რა კარგი იყო, როგორ ვისიამოვნეთო, მე და თოკო ისეთი ბედნიერები ვიყავით ამით, რომ ვერ გადმოგცემთ. რაც მთავარია, მე და თოკოც ძალიან კარგად გავერთეთ და ვისიამოვნეთ საკუთარი ქორწილით.
– საახალწლო განწყობა როგორი გაქვთ?
– 31-ში თოკო აქ არ იქნება, გასვლითი თამაში აქვს და მარტო მომიწევს ახალი წლის შეხვედრა. გული კი მწყდება, მაგრამ მეორე დღეს ჩამოვა და ახალი წლის დადგომას, 1 იანვარს აღვნიშნავთ. ნაძვის ხე დავდგით, მოვრთეთ და გავალამაზეთ ძალიან. მართალია, აქ შობას 25-ში აღნიშნავენ, მაგრამ ჩვენ ტრადიცულად 7-ში შევხვდებით. მიხარია, რომ ახალი წლისგან განსხვავებით, შობას ერთად ვიქნებით.
– მართალია, თავს ძალიან კარგად და კომფორტულად გრძნობთ შენ და თოკო, მაგრამ მშობლების მონატრება მაინც გექნებათ.
– ძალიან კარგია მარტო ყოფნა, მაგრამ მშობლები მაინც ძალიან გვენატრება ყოველთვის. დედაჩემი მენატრება ძალიან, რადგან მის გარეშე აქამდე ერთი დღეც არ გამიტარებია. სხვათა შორის, თოკოს დედა და და ჩამოვიდნენ, საახალწლოდ გვესტუმრნენ – ძალიან გაგვიხარდა.
– გამოდის, რომ ახალ წელს სულ მარტო მაინც არ შეხვდები.
– კი და ძალიან მიხარია, რომ ახალი წლის შეხვედრა სახლში მარტო არ მომიწევს.
– საახალწლოდ რა საჩუქარს უკეთებთ ერთმანეთს მეუღლეები?
– ეს სიურპრიზი იქნება ორივესთვის. ძალიან ბევრს კი ვფიქრობ იმაზე, თუ რა ვაჩუქო თოკოს, მაგრამ იმედი მაქვს, სწორ არჩევანს გავაკეთებ.
– თოკო თუ განებივრებს სიურპრიზებით?
– კი, სიურპრიზებით ნამდვილად მანებივრებს, რაც ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის.
– ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდა?
– ყველაზე გასაკვირი ჩემთვის ის იყო, რომ ერთ დღესაც, მოულოდნელად, საკუთარი ხელით მომზადებული ბრაუნი დამახვედრა. საერთოდ არც ვიცოდი, მისი მომზადება თუ შეეძლო. შოკირებული დავრჩი ისე გამიხარდა. სხვათა შორის, ძალიან გემრიელი იყო.
– თავად თუ გეხერხება სამზარეულოში საქმის კეთება?
– ჯერჯერობით ჩემთვის სამზარეულო ახალი ამპლუაა და ვამზადებ შეძლებისდაგვარად, სხვადასხვა კერძს. რაც მთავარია, თოკოს მოსწონს და ამბობს, რომ კარგი ხელი მაქვს. ვცდილობ, რაც უყვარს, ყველაფერი მოვუმზადო. მსიამოვნებს საყვარელი ადამიანისთვის კერძებოს მომზადება.
– ქართულ კერძებსაც ამზადებ?
– აჭარული ხაჭაპური გავაკეთე, ასევე ლობიანები, ბაჟე და ასე შემდეგ. თუმცა, ისეთი გემო მაინც არ აქვს აქ გაკეთებულს, როგორც საქართველოში. ქართულ რესტორნებშიც დავდივართ ხოლმე აქ, მაგრამ მაინც სხვა გემო აქვს.
– მოდი, ცოტა უკან დავბრუნდეთ და ის მოგვიყევი, შენ და თოკო როდის შეხვდით ერთმანეთს და როგორ ვითარდებოდა თქვენი ნაცნობობა.
– პირველად თოკოს ზაზა ფაჩულიას ბავშვის ნათლობაში შევხვდით. ზაზა ჩემი დეიდაშვილია. როგორც თიკა (ზაზას ცოლი) მეუბნება, თოკომ როგორც კი დამინახა, მაშინვე შემამჩნია. ნათლობის დამთავრების შემდეგ კი, გამოუკითხავს მათთვის ვინ ვიყავი და ზაზამაც უთხრა. მერე „ფეისბუქით” ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. იმ პერიოდში მე პარიზში ვიყავი, თოკო კი – ბელგიაში. ერთი დღეც თუ ექნებოდა დასვენება, მაშინვე პარიზში ჩამოდიოდა. ერთხელაც რომ ჩამოვიდა და წავიდა, მივხვდი, რომ უკვე ძალიან არ მინდოდა მისი წასვლა, თან ძალიან მომენატრა. ამის მერე კი, რამდენიმე თვეში, ვიქორწინეთ კიდეც.
– წარმატებული მოდელი ხარ და იმასაც ამბობენ, რომ სალომე ჯუღელი ყველაზე გრძელფეხება ქართველი მოდელიაო.
– ალბათ, ასეა. ყოველ შემთხვევაში, პარიზში სულ ჩემს ფეხებზე იყო ლაპარაკი.
– ამერიკაშიც აღნიშნავენ ამას?
– ამერიკაში სხვათა შორის, არ ყოფილა ჩემს ფეხებზე გამახვილებული ყურადღება.
– არაერთ ცხობილ დიზაინერთან გიმუშავია და მიგიღია მონაწილეობა სხვადასხვა ჩვენებებში.
– კი, ასე იყო. პარიზში ძალიან კარგად დავიმკვიდრე თავი და ამერიკაში რომ ჩამოვედი, ცოტა ვნერვიულობდი – როგორ მიმიღებდნენ. ძალიან მიხარია, რომ კარგად დამხვდნენ და აქაც, პირველივე „ფეშენ-ვიკზე” მივიღე მონაწილეობა.
– გათხოვებამ ხომ არ შეგიქმნა პრობლემა კონტრაქტთან დაკავშირებით?
– გათხოვებასთან დაკავშირებით პრობლემა ნამდვილად არ შემქმნია. მათ უკვე იცოდნენ, რომ მე და თოკო დაქორწინებას ვგეგმავდით და ჩემს მოღვაწეობას ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებდი. აქ გათხოვება ხელისშემშლელად არ აღიქმება. ფეხმძიმედაც რომ ვიყო, არც ეს შემიშლის მუშაობაში ხელს, რადგან კატალოგებში ძალიან ბევრი სამუშაოა, თუნდაც ორსულებისთვის. ასე რომ, არც ეს იქნება პრობლემა.
– პატარას ხომ არ ელოდებით?
– ჯერჯერობით არა, როცა იქნება, ძალიან გაგვიხარდება. მე დედისერთა ვარ და ამიტომ, ძალიან მინდა, მინიმუმ, 4 შვილი გვყავდეს.