რა საჩუქარს უმზადებს კრემლი გალელ ქართველებს და როგორ აპირებს „აღმოსავლეთ“ და „დასავლეთ“ სამეგრელოს შექმნას „ორი ოსეთის“ მსგავსად
ენგურს გაღმა ჩვენებური სეპარატისტები ფრიად გააქტიურდნენ: ჯერ იყო და, გალელები „მტარვალი“ ქართველების მიერ ძალით გაქართველებულ აფხაზებად მონათლეს (იმის პარალელურად, რომ გალის რაიონში ქართული სახელწოდებები აფხაზურებით ჩაანაცვლეს); შემდეგ დაამატეს, რომ გული ეთუთქებათ მეგრელების „დისკრიმინაციაზე“ „იმპერიალისტი“ ქართველების მხრიდან; აი, სვანები კი, არც მეტი, არც ნაკლები, უაპელაციოდ აფხაზებად გამოაცხადეს. ცხადია, რომ იდეის ავტორები არა ჩვენებური სეპარატისტები, არამედ, ჩვენი ოკუპანტები ბრძანდებიან. რატომ მიუბრუნდა აწ უკვე რფ რუსეთის იმპერიის პროექტს, რომლის განხორციელება თავის დროზე ვერ მოხერხდა? მოსალოდნელი სეპარატისტული საფრთხეების შესახებ ვახტანგ მაისაია გვესაუბრება.
– რატომ მიუბრუნდა რუსეთი ისევ იმ ძველ გეგმას, რომელსაც ამუშავებდა 200 წლის განმავლობაში და რომელმაც არ გაამართლა? მათ ვერ შეძლეს სვანებისა და მეგრელების ერთიანი ქართული სხეულიდან ჩამოშორება, თუმცა, მაგალითად, აფხაზებთან ეს წარმატებით გამოუვიდათ.
– მე შემიძლია, დავასახელო იმ კონკრეტული ადამიანის გვარი და სახელი, ვინც ეს გეგმა შეიმუშავა და ახდენს მის რეალიზაციას. ეს არის კრემლის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა, მას ჩრდილო კავკასიასთან აქვს უშუალო კავშირი. ეს არის ვლადიმირ სურკოვი, დედით ჩეჩენი, რომელსაც პუტინის ადმინისტრაციაში ყოველთვის ებარა კავკასიური პრობლემები. მისი იდეაა ჩრდილოკავკასიური ოლქის მოდელი. რამდენიმე ხნის წინათ მას მნიშვნელოვანი უთანხმოება მოუვიდა პუტინთან, იმ დონეზე, რომ პუტინის გუნდიდანაც კი მოიშორეს, მაგრამ, ამის შემდეგ ერთი თვეც არ იყო გასული, რომ ისევ უკან დააბრუნეს და აღუდგინეს სტატუს კვო. გამიკვირდა მისი დაბრუნება და შედეგმაც არ დააყოვნა – წამოვიდა მეგრული სეპარატიზმის იდეა. სხვათა შორის, სურკოვი ჩასული იყო აფხაზეთში.
– ცხინვალშიც იყო და მათ უთხრა, თქვენი დიდი ხათრი გვაქვს, მაგრამ, საბაჟო კავშირში ვერ მიგიღებთო.
– შესაძლოა, სწორედ ამ განცხადების გამო დაეძაბა ურთიერთობა პუტინთან. აფხაზეთში ყოფნისას მოლაპარაკებას აწარმოებდა როგორც სახელისუფლო ძალასთან, ისე ოპოზიციურ კოალიციასთან და ერთგვარი დირექტივები მისცა მათ. სხვათა შორის, მას ეკუთვნის სუვერენული დემოკრატიის იდეა და ახლახან პუტინმა გააჟღერა ახალი იდეოლოგიური კურსი – კონსერვატიული მოდერნიზმი, რაც გულისხმობს ახალი რეგალიების მორგებას იმ ტრადიციული ევრაზიული იდეოლოგიისთვის, რითაც იმართება რუსეთი. მათი ფასეულობებია: დერჟავა, მართლმადიდებლობა და ევრაზიული იდენტობა. ამის საფუძველზე უნდა მოხდეს ქვეყნის ეკონომიკურ-პოლიტიკურ-სამხედრო მოდერნიზაცია. პუტინის რეჟიმის პირობებში რუსეთი უარს არ ამბობს ცარისტული რუსეთისა და საბჭოთა დროს არსებული იდეოლოგიისგან და ამ კურსს სრული სვლით აგრძელებს.
– მაგრამ, ისევ იმ მეთოდით, რომელმაც არ გაამართლა გუბერნიებად და მაზრებად დაყოფილ საქართველოში?
– აქ ჩადებულია ფარული ექსპანსიონიზმი. მეგრული სეპარატიზმის იდეის შემოგდებით რუსეთი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ტერიტორია მოაქციოს საკუთარი გავლენის ქვეშ. შეიძლება, ასეთი ტერმინიც შემოვიღოთ – ლატენტური ექსპანსიონიზმი – რაც შეიძლება, მეტი ტერიტორიების მითვისება. სამეგრელო შემთხვევით არ არის შერჩეული: თუ სამეგრელოს ტერიტორიაზე მოსახლეობის რაღაც ნაწილს ჩააწვეთებენ სეპარატიზმის იდეას, სამეგრელოს დიდ ტერიტორიას, რომელსაც გასასვლელი აქვს ზღვაზე ფოთის პორტის სახით, მოიქცევენ გავლენის ქვეშ.
– რატომ არ აირჩიეს ჯავახეთი? თუ სომხეთს არ შეუქმნეს პრობლემა, რომელიც ისედაც ჩიხშია?
– სოლისებურად ჭრიან: გულისკენ მოდიან. მეგრელები არიან ყველაზე ტიტულოვანი ეთნოსის წარმომადგენლები, სამეგრელოს აქვს ყველაზე დიდი ტერიტორია, მდებარეობს გეოპოლიტიკურად მომგებიან სივრცეში, აქვს გასასვლელი ზღვისკენ. ვინც აკონტროლებს სამეგრელოს, ის აკონტროლებს საქართველოს დიდ ნაწილს. მგონია, რომ დასავლეთ საქართველოს ხელოვნური გამოყოფა ხდება. აფხაზეთი მუშაობს სამეგრელოს გახლეჩაზე, ცხინვალის რეგიონის მხრიდან კი ხდება შიდა ქართლის ტერიტორიების მითვისება.
– ურტყამენ ქართლსა და სამეგრელოს, რაზეც ძირითადად დგას ქართული სახელმწიფოებრიობა?
– დიახ, ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილებს: ქართლი არის საქართველოს გული, საიდანაც დაიწყო საქართველოს ინტეგრაცია.
– სამეგრელოს გარეშე კი საქართველო, უბრალოდ, ვერ იარსებებს.
– ამიტომ, სამეგრელოში აკეთებენ ლატენტურ ექსპანსიას: თუ ორ ტიტულოვან ეთნოსს გათიშავ და დაიმორჩილებ, საქართველოდ რაღა რჩება?! აი, ამ იდეას ავითარებს სურკოვი თავის გუნდთან ერთად.
– თქვენ გჯერათ, რომ, შეიძლება, იმუშაოს მეგრული სეპარატიზმის იდეამ? ასე ადვილია ჩვენი გათიშვა?
– გააჩნია, რა კუთხით მიუდგები საკითხს. იმუშავა იმ ნაღმმა, რაც საბჭოთა პერიოდში ავტონომიების სახით ჩაგვიდეს.
– მაგრამ, ოსი არ არის ქართველი, არც – აფხაზი, მაგრამ, მეგრელი ქართველია?
– ისე გავიზარდე, რომ ოსი ძირძველი ქართველი მეგონა. ის, რომ, თურმე, შეიძლება ვინმე ფიქრობდეს, მეგრელი არ არის ქართველი, აღმოვაჩინე სტუდენტობისას: სამი მეგრელი კურსელი მყავდა, რომლებიც პირდაპირ აცხადებდნენ, რომ მეგრელები ქართველები არ არიან და ქორთუები არიან დამპყრობლები. მე მათ გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ, ჩემთვის აღმოჩენა იყო, რომ, შეიძლებოდა, არსებულიყო ვინმე, ვინც ამას იტყოდა. მაგალითად, მართალია, ყოველგვარი სეპარატიზმის გარეშე, მაგრამ, ზვიად გამსახურდია სამეგრელოს ერთიან ფორმატში აფხაზეთთან ერთად უპირისპირებდა სამხედრო საბჭოს. ანუ, ჩვენი პოლიტიკოსები სამეგრელოს იყენებენ, როგორც შიდა პოლიტიკური დაბალანსების საშუალებას: თუ სამეგრელო ჩვენს მხარეზეა, ვიგებთ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას. თუ ზვიად გამსახურდია, პირიქით, აფხაზებს აქეთ ითრევდა – ერთობლივი ძალებით სამეგრელოსთან დავამხოთ ხუნტა და გავაგრძელოთ ცხოვრება ერთადო, ახლა პროცესი ექსტრავერტულია: იდეა მოდის გარედან. მეტიც, გარდა იმისა, რომ სეპარატიზმის იდეა შემოაგდეს, პოლიტიკურ მოდელსაც გვთავაზობენ: გალს აძლევენ პოლიტიკური ავტონომიის სტატუსს, მეგრულს გამოაცხადებენ ტიტულოვან ენად, სვანებს აძლევენ კულტურულ ავტონომიას. აი, ასეთი მოდელიც აქვს გარკვეულ პოლიტიკურ წრეებს აფხაზეთში და, როგორც ჩანს, ეს გეგმა კრემლის მიერაა დაქოქილი. აიძულებენ აფხაზებს, გალის საკითხი ასეთნაირად მოგვარდეს, იმიტომ, რომ გალი ყოველთვის იყო პრობლემური როგორც აფხაზებისთვის, ისე მოსკოვისთვის. თან, გალში რუსებმა მთელი სამხედრო ზონა შექმნეს. იქ განლაგებულია რუსეთის ფედერალური სამსახურის მთელი კონტინგენტი, მოქმედებს ანტიტერორისტული ცენტრი, დაზვერვა, ანუ, გალი, ფაქტობრივად, „ეფესბეს“ დასაყრდენი ადგილი გახდა. აშენებენ დიდ ქალაქსაც, რომელიც „ეფესბეს“ ცენტრალურ აპარატს დაექვემდებარება. იქ აწყობენ ინფრასტრუქტურას: რუსები ცდილობენ, აფხაზებსაც კი აართვან გალზე კონტროლი. თუკი აფხაზებს გალს გამოაცხადებინებენ პოლიტიკურ ავტონომიად, აფხაზები იძულებულნი იქნებიან, დაუთმონ მმართველობითი ადგილები იმ პირებს, რომლებიც ამ პოლიტიკურ ავტონომიას ჩაუდგებიან სათავეში, რომლებსაც კრემლი უშუალოდ თავის დაქვემდებარებაში გადაიყვანს.
– ანუ, გალის პოლიტიკურ ერთეულს პირდაპირ მართავს?
– პირობითად ვიღაც იქაური ადგილობრივი ქართველის, მეგრელის მიერ, მაგრამ, ისინი იქნებიან ანგარიშვალდებულები უშუალოდ კრემლის მიმართ. გალელებს უშუალოდ აფხაზებთან აქვთ დაპირისპირება და პოლიტიკური ავტონომიის მიღება იქნება მათთვის კრემლის ერთგვარი საჩუქარი. ეჭვი არ მეპარება, გამოჩნდებიან იქ ქართველები, რომლებიც ამას დათანხმდებიან.
– ნაძირლები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან.
– ისტორიულად ასეთებს რა დალევს. გალს, როგორც რუსეთის სპეცსამსახურების პლაცდარმს, პოლიტიკური ავტონომიის სახით გამოიყენებენ საქართველოს შიგნით იდეოლოგიური ომის საწარმოებლად.
– დავაზუსტებ: აი, გალი გახდება პოლიტიკურ-ავტონომიური წარმონაქმნი, სადაც მეგრული ენა პრიორიტეტულია, სამეგრელო კი მხოლოდ ერთ-ერთი რეგიონია საქართველოსი, მეგრული ენის გარეშე და ასე შემდეგ.
– შემოაგდებენ ორი სამეგრელოს პრობლემას. რომ, აი, არსებობს, პირობითად, დასავლეთ სამეგრელო და აღმოსავლეთ სამეგრელო.
– და ეს ორი სამეგრელო უნდა გაერთიანდეს აფხაზეთთან?!
– შეიძლება, ცალკე პოლიტიკური ერთეულის სახითაც ჩამოყალიბდეს, ისევე, როგორც ორი ოსეთის გაერთიანების იდეა შემოგვიგდეს. ჯერ ქართლის ძირძველ ტერიორიაზე შემოუშვეს ოსური ეთნოსი, შემდეგ მისცეს კულტურული ავტონომია, მოგვიანებით – პოლიტიკური ავტონომია, ხოლო, ბოლოს, რაც მოხდა, კარგად ვიცით, დღეს კი საუბარია, რომ ორი ოსეთი უნდა გაერთიანდეს და აღდგეს ისტორიული ალანია. თიბილოვი სწორედ ამ ლოზუნგით მოვიდა. ცოტა ხნის წინათ მოსკოვმა ჩრდილოეთ ოსეთს სტატუსი დაუმდაბლა – მის ხელმძღვანელს ერქმევა არა პრეზიდენტი, არამედ, ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელი. ანუ „სამხრეთ ოსეთის“ სტატუსი ჩრდილოეთ ოსეთთან მიმართებაში მეტი გამოდის და, თუ შეერთება მოინდომეს, რთული სათქმელია, ვინ ვის გაუერთიანდება. არ ვიცი, შეიძლება, „სამხრეთ ოსეთის“ სახელმწიფო გააკეთონ. არ გამიკვირდება, ჩრდილოეთ ოსეთი გაუერთიანონ სამხრეთს და შექმნან ალანია, რადგან, მხოლოდ „სამხრეთ ოსეთით“ შორს ვერ წავლენ, თუმცა, მათი შეერთებით პრობლემა იქმნება ინგუშებთან მიმართებაში. ყოველი შემთხვევისთვის, განვმარტავ, რომ ეს მხოლოდ ჰიპოთეტური მოდელებია.
– აზერბაიჯანულ საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ თბილისელი სომხების გამოყენებას აპირებს რფ მეხუთე კოლონად. სხვა თემაა, რამდენად რეალურია ეს გეგმა, მაგრამ, ფაქტია, რაღაც მიზანს ემსახურება ასეთი ინფორმაციის გაჩენა. ავლაბარი გამოეყოფა თბილისს თუ რას ელიან?
– ეს არასერიოზული ამბავი მგონია. არც ჯავახეთის საკითხს დასვამენ, რადგან, ჯავახეთის პრობლემა სომხურ კონტექსტში აქტუალური არ არის, მაშინ, მთიანი ყარაბაღის პრობლემას უნდა მიებას, რაც წამგებიანია როგორც სომხეთისთვის, ისე მოსკოვისთვის და მათ ეს კარგად ესმით. თუმცა, საგულისხმოა, რომ აზერბაიჯანმა ევროპასთან ინტეგრაციაზეც უარი განაცხადა და ლამის ყოველგვარ თანამშრომლობაზეც, რაც აზერბაიჯანის ელიტის შიშების გამოძახილიცაა. ავიღოთ, თუნდაც, ნაბუქოს ვარიანტი: აზერბაიჯანის გაზი მიეწოდება ევროპას, მაგრამ, ევროკავშირს სხვა სტრატეგია ჰქონდა. ევროკავშირის იდეა იყო, რომ თურქმენული და აზერბაიჯანული გაზი ერთობლივად შესულიყო ევროპაში რუსული გაზის გარეშე. რუსებმა შეძლეს ის, რომ თურქმენეთს უარი ათქმევინეს, აზერბაიჯანული გაზი კი იმდენად ცოტაა, რომ ვერ ჰყოფნის ამ იდეის განხორციელებას. ამიტომ, შეიმუშავეს სამხრეთის ნაკადის პროექტი და, თუკი აზერბაიჯანული და თურქმენული გაზის საერთო კვანძი უნდა შეკრულიყო საქართველოში, რომელსაც გააკონტროლებდა დასავლეთი, ანუ, საქართველო ხდებოდა ეგრეთ წოდებული ჰაბი და ეს ორივე გაზი მიდიოდა ევროპაში, რითაც ევროპის ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე 30 პროცენტით მცირდებოდა და სამხრეთ კავკასიასა და აზიაში ძლიერდებოდა ამერიკისა და ევროკავშირის გავლენა.
მაგრამ, რა გააკეთეს რუსებმა საპასუხოდ? როგორც გითხარით, თურქმენეთი ჩამოაშირეს ამ პროექტს, რამაც დაასუსტა აზერბაიჯანის ენერგოპოზიციები და თურქეთი გახადეს ჰაბად, სადაც მოხდება რუსული და აზერბაიჯანული გაზის შეკვრა და რუსული გაზის დომინანტობით გატანა ევროპაში, ანუ, ევროპა მარწუხებში მოიქციეს.
– მე ისევ ჩვენს ქვეყანაში მათ სოლისებურ შემოჭრას დავუბრუნდები: რა შეიძლება ამას დაუპირისპირდეს ჩვენი მხრიდან?
– ეს ყველაზე მთავარი კითხვაა.
– ასე მშვიდად ხომ ვერ ვუყურებთ, როდის და რა დოზით მოხერხდება სურკოვის იდეების რეალიზება?
– სამწუხაროდ, რუსეთი, როგორც წესი, თავის იდეებს ახორციელებს ხოლმე საკმაოდ მოკლე პერიოდებში. მას ამის საშუალებას აძლევს ისტორიული იმპერიული გამოცდილება. თუ იდეა შეიმუშავეს, ბერკეტსა და ინსტრუმენტს ამატებენ და მაშინვე აამოქმედებენ საკმაოდ ეფექტიანად. ასე უცებ რეცეპტი არ მაქვს, თუ რა უნდა დავუპირისპიროთ. მეორეც, ამ რეცეპტის გამოტანა სამსჯავროზე არ იქნება მიზანშეწონილი. ეს რეცეპტები ხელისუფლების დღევანდელმა წარმომადგენლებმა უნდა შეიმუშაონ და განიხილონ დახურულ ფორმატში. თავი უნდა იმტვრიონ და გამოსავალი მონახონ. ჩვენ სიღრმისეულად განვიხილეთ პრობლემები, რაც, შესაძლოა, შეექმნას ქართულ სახელმწიფოებრიობას: რომ ის, შეიძლება, გაიჭრას აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად ამ ორი მეთოდის გამოყენებით. ჩვენ ხელისუფლებას დავანახვეთ რეალური სურათი და სავარაუდო დიაგნოზიც დავსვით. მათ უნდა მონახონ გამოსავალი და, კარგი იქნება, თუ ექსპერტებსაც, ამ საქმის სპეციალისტებს ჩართავენ და კონსენსუსით მიიღებენ გადაწყვეტილებას, ხოლო, თუ ჰგონიათ, რომ მათ შეუძლიათ, იმოქმედონ ეფექტიანად და მხოლოდ თავად არიან მაღალი დონის მენეჯერები პოლიტიკური მმართველობის კუთხით, მათი ნებაა. ჩვენ არასწორად რომ აღვიქვით რუსეთის საფრთხე, იმიტომაც მივიღეთ 2008 წლის ომი და ამის შედეგები. 2008 წლის აპრილში მქონდა სცენარი, თუ როგორ შეიძლებოდა, განვითარებულიყო მოვლენები და, როდესაც დამიჭირეს, ამაზე შემომედავნენ, საიდან გქონდა ინფორმაცია, ვინ მოგაწოდაო. სწორედ 2008 წლის აპრილიდან დამაბრალეს საიდუმლო ინფორმაციის გაცემა, მანამდე პერიოდზე არ მედავებიან. მაშინ ჩავერიე, გამოვთქვი აზრი, რომ ჩემი ქვეყნისთვის ამერიდებინა ხიფათი და ჯაშუშობა დამაბრალეს, სხვათა შორის, არარსებული სპეცსამსახურების. იმავე შეცდომას აღარ გავიმეორებ და, მაქვს უფლება, ვთქვა, არ არის ეს ჩემი საქმე, თორემ, ახლა, შეიძლება, მთვარის ჯაშუშობა დამაბრალონ.