ასე იწრთობოდა „ნაციონალი“
ანუ ვინ ვერ სწავლობს საკუთარ შეცდომებზე
ალბათ, იმიტომაც, რომ „არ გათეთრდების ყორანი,“ ან, იქნებ, იმ მიზეზით, „შეჩვეულს ნუ გადააჩვევო“, მიუხედავად მეტად პოეტური სახელისა, ხალხის რჩეულმა ქ-ნმა თაქთაქიშვილმა კოლეგა ქ-ნ ბესელიასთან შეკამათებისას ისეთი ტერმინოლოგია გაიხსენა, რომ, იმ ამომრჩეველს, რომელმაც პირველ ოქტომბრებს „ნაციონალები“ გადაირჩია, სულ სიმწრის ოფლი დაასხმევინა (კიდევ კარგი, გადავირჩიეთო).
არადა, ვითარება ერთი შეხედვით მშვიდობიანად გამოიყურებოდა – ადამიანის უფლებათა კომიტეტი სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს იხილავდა, როდესაც ქ-ნმა თაქთაქიშვილმა ქ-ნ ბესელიას, თავდაპირველად, ხმის ტონალობა დაუწუნა (თუმცა, თუ, მაგალითად, ქ-ნი ჩიორას პარტიული ლიდერის ხმის ტონალობას შევუდარებთ, ქ-ნი ბესელია იადონივით გალობდა), მოგვიანებით კი, უფრო შორსაც წავიდა და გააფრთხილა – თუ ნებით არა, დაგაწევინებთო.
ჩვენ, ბუნებრივია, არ ვიცით, რა ბერკეტს ფლობს ქ-ნი თაქთაქიშვილი, რომ არ მოსწონს, იმის „დასაწევად“, თუმცა, აშკარაა, რომ გამოცდილება მაშინაც კი არ მოვიდა, როცა ის აღარ გჭირდება. შესაძლოა, იმიტომ, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფრთიანი გამონათქვამი – „კუზიანს („კუზიანში“, ბუნებრივია, ყოფილი ხელისუფალი იგულისხმება) სამარე (სკამიდან ჩამოსმა) გაასწორებსო,“ – უკვე ასე ითარგმნება: ეგეც ვერ გაასწორებსო.