წითელი მონატრება
„სწორედ ასეთი მწამს კომუნისტი“
ვიდრე ჩვენ აქეთ – ევროკავშირთან ასოცირებას ვაჩქარებთ, იქით – ბარაკ ობამა აწერს ხელს ავტორიზაციის აქტს, რომელიც საქართველოსთვის სამხედრო დახმარებასა და თანამშრომლობას გულისხმობს, „გელაპმა“ მორიგი კვლევა ჩაატარა პოსტსაბჭოთა სივრცეში და გამოკითხულებს მეტად მარტივი კითხვა დაუსვა სსრკ-ს ყოფნა-არყოფნის მიზანშეწონილობის შესახებ.
სახელდობრ, კითხვა შემდეგნაირი იყო: საბჭოთა კავშირის დაშლამ თქვენს ქვეყანას ზიანი მიაყენა თუ, პირიქით, ხეირი მოუტანა? გაირკვა, რომ ამ ჩვენს სამშობლოში გამოკითხულთა მხოლოდ 37 პროცენტი აფასებს ცალსახად დადებითად სსრკ-ს დაშლას, 33 პროცენტი კი მას მისტირის. იმის გათვალისწინებით, რომ ამაზე უარესადაცაა საქმე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, გულებს, მაინცდამაინც, ნუ დაიხეთქავთ (სხვათა შორის, ჩვენზე უკეთესი მაჩვენებლები აქვთ ყაზახეთს: 45 პროცენტი გახარებულია სსრკ-ს მოშთობით და მხოლოდ 25 პროცენტი მიიჩნევს მის დაშლას ბოროტებად; აზერბაიჯანს: მომხრეა 44 პროცენტი, მოწინააღმდეგე – 31; თვით თურქმენეთში კი 62 პროცენტია კმაყოფილი სსრკ-ს აღგვით პირისაგან მიწისა).
საბჭოთა კავშირის დამცველთა პირველი ხუთეული კი შემდეგნაირია: სომხეთი (იქ 66 პროცენტი მისტირის საბჭოეთს), ყირგიზეთი (61 პროცენტია მგლოვიარეთა რაოდენობა), უკრაინა (56 პროცენტი), რუსეთი (55 პროცენტი) და ტაჯიკეთი (52 პროცენტი).
ჩვენ არ ვიცით, რა დარჩენია ჩვენი თანამემამულეების მესამედს სსრკ-ში, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენს მეზობელ სომხეთში იქ ორ მესამედს დარჩენია, თავსაც მხოლოდ ამით თუ დავიმშვიდებთ…