როგორ დაინიშნა აწ უფლებადამცველი, მაშინ კი იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის უფროსის, ოთარ კახიძის, მეუღლე შემოსავლების სამსახურში სამმართველოს უფროსად
დღეს ის უფლებადამცველია, თან, ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის, ივანე მერაბიშვილის ადვოკატი და, ჩვეულებისამებრ, უკვე ამ ხელისუფლებას – როგორც აღმასრულებელსა და საკანონმდებლოს, ისე ახლა უკვე სასამართლოსაც – იმას უწუნებს (უფრო ზუსტად, იმის მეასედს), რასაც წინა ხელისუფლება, რომლის წევრი თავად იყო, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე აკეთებდა. 1983 წელს დაბადებული ოთარ კახიძე საზოგადოებამ არასამთავრობო ორგანიზაცია „პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ მკვლევრის ამპლუაში გაიცნო (ცენტრი 2012 წლის დეკემბერშია დაფუძნებული). შესაბამისად, ბევრმა არ იცის, რომ ბ-ნი კახიძე ყოფილი ჩინოვნიკია და 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე მას ისეთი საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა, როგორც იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის უფროსობაა. აწ უკვე შეუძლებელია მისი ბიოგრაფიის მოპოვება, ვინაიდან ეს ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს საიტზე აღარ იძებნება. სამაგიეროდ, რაკი წინა ხელისუფლებაში ჩინოვნიკად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, საჯარო სამსახურის ბიუროში მისი არაერთი საფინანსო და ქონებრივი დეკლარაცია იძებნება, რაც საშუალებას გვაძლევს, გადავხედოთ, თუ ყოფილი ჩინოვნიკისა და აწ უფლებადამცველის კარიერულ ზრდას ვერა, მისი ქონებისა და შემოსავლების დინამიკას მაინც.
სულ პირველი დეკლარაცია ბ-ნმა კახიძემ 2010 წლის თებერვალში შეავსო, როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის უფროსმა (ის მაშინ მხოლოდ 26 წლის გახლდათ) და ოჯახის წევრებად მიუთითა: 1986 წელს დაბადებული მეუღლე – ანა გაგუა, ორი შვილი: 2005 წელს დაბადებული ვალერი და 2007 წელს დაბადებული დემეტრე. ასევე, მამა – ბ-ნი ვალერი, დედა – ქ-ნი ლია და 1990 წელს დაბადებული ძმა – გიორგი. იმხანად კახიძეების ოჯახში უძრავ ქონებას მხოლოდ ოთარ კახიძის მშობლები ფლობდნენ, ერთობლივად, 50-50-პროცენტიანი წილის უფლებით. კერძოდ, ბინას გოგებაშვილის პირველ შესახვევში (ფართობი – 70 კვ. მ.), მიწის ნაკვეთს აღმაშენებლის ხეივანში (ფართობი – 500 კვ. მ.), საცხოვრებელ სახლს თერჯოლაში და იქვე მდებარე 9 000 კვ. მ. მიწის ნაკვეთს. სამეწარმეო საქმიანობასაც ოჯახის უფროსი თაობა ეწეოდა: ბ-ნი ვალერი კახიძე გახლდათ ერთი შპს-ს პარტნიორი (საიდანაც 2009 წლის განმავლობაში 3 000 ლარის შემოსავალი მიიღო) და მეორე შპს-ს დირექტორი (სულ მის ხელფასს 80 ლარი შეუდგენია). ქ-ნი ლია კახიძეც იყო ერთი შპს-ს პარტნიორი (მანაც წლის განმავლობაში ამ საქმიანობით 3 000 ლარი აიღო) და ერთი შპს-ს დირექტორი (ოღონდ მისმა სახელფასო შემოსავალმა 300 ლარი შეადგინა). შპს-ების სახელწოდებებს ვერ გაწვდით, რადგან მეტად გაურკვეველი ხელითაა დაწერილი.
2009 წელს ოთარ კახიძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანი ყოფილა (რასაც მისთვის 5 000-ლარიანი შემოსავალი მოუტანია), ხოლო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსობამდე – სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, რის წყალობითაც, 2009 წლის განმავლობაში, ხელფასის სახით 25 200 ლარი აუღია. ბ-ნმა ვალერი კახაძემ კი, როგორ ოჯახის ექიმმა, 6 000 ლარი მიიღო.
2011 წლის დეკლარაციაში ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ოთარ კახიძე ოჯახის წევრებად მხოლოდ ცოლ-შვილს უთითებს და მისი ქონების გრაფა ცარიელია. სამაგიეროდ, გაზრდილია მისი შემოსავლები: მან, როგორც ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, 2010 წლის განმავლობაში, ხელფასის სახით, 58 000 ლარი აიღო, ხოლო მისმა მეუღლემ, როგორც „ჯი პი სი” აფთიაქის ადამიანური რესურსების შეფასების მენეჯერმა, 15 750 ლარი. 2010 წელს ოთარ კახიძემ „თი ბი სი ბანკიდან“ 15 000 ლარის ოდენობის სამომხმარებლო სესხი გამოიტანა, „რესპუბლიკა ბანკიდან“ კი – 4 320 აშშ დოლარი, ოღონდ მალევე დააბრუნა. ბინის ქირაობა 1 200 აშშ დოლარი დაუჯდა, ხოლო ავტომანქანის შეძენა 8 200 ლარი (ავტომანქანის მარკა და წელი მითითებული არ არის). იმავე წელს 1 540 ლარად ლეპტოპი შეიძინა, ხოლო ჰონორარის სახით 30 000 აშშ დოლარი მიიღო.
2012 წელს შევსებულ დეკლარაციაში სიახლე ის არის, რომ ბ-ნ კახიძეს მხოლოდ უძრავი ქონება აქვს ავტომანქანა „ბეემვეს“ სახით, რომლის ღირებულებაც 11 000 აშშ დოლარია. ბინა არც საცხოვრებელი ჩანს დეკლარაციაში და არც ნაქირავები, სამაგიეროდ, გაზრდილია მისი სახელფასო შემოსავალი – 2011 წლის განმავლობაში ოთარ კახიძემ 60 597 ლარი აიღო. მის მეუღლესაც გამოუცვლია სამუშაო ადგილი – ანა გაგუას „ჯი პი სი” აფთიაქიდან შემოსავლების სამსახურში გადაუნაცვლია. ამჯერად ადამიანური რესურსების განვითარების სამმართველოს უფროსად – და მის წლიურ შემოსავალს 17 600 ლარი შეუდგენია. იმხანად ოთარ კახიძეს საჩუქრად დამსაქმებლისგან 850 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი მიუღია.