საიდან წამოვიდა გულნატკენი თაკო დოლაბერიძე და მოსწონს თუ არა მას 75 კილოგრამის დაკლების შემდეგ საკუთარი თავი
როდესაც თბილისში კარგ რესტორანზე, კლუბზე ან ივენთზე ფიქრობ, მაშინვე თაკო დოლაბერიძის სახელი გახსენდება, რადგან მის სახელს არაერთი წარმატებულად ამუშავებული კლუბი და რესტორანი უკავშირდება. დღეს თაკო ორ კლუბში მუშაობს – „ურბანი“ და კლუბ-ლაუნჯი „ჩეკ-ინი“, თუმცა, სხვა პროექტებითაც არის დაკავებული. პარალელურად, აქვს ივენთ-კომპანია, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებას, ქორწილებს, დაბადების დღეებს უწევს ორგანიზებას.
თაკო დოლაბერიძე: სულ დატვირთული რეჟიმი მაქვს. ჩემი სამსახურებიდან გამომდინარე, ბევრი თავისუფალი დრო არ მაქვს. შრომა არასდროს მეზარება, სიახლეები მხიბლავს და ვცდილობ, მათ გავეცნო. მომწონს ის, რასაც ვაკეთებ, განსაკუთრებით, როცა რაღაცას ახალს ვეცნობი, ვიწყებ. ეს აწყობის პროცესი მხიბლავს. გუშინ ვიხსენებდი ზუსტად: მუშაობა, რომ დავიწყე, პირველი 5 წელი დასასვენებლადაც არ ვყოფილვარ, რადგან სულ ვიჯექი, ვუყურებდი, ვსწავლობდი, სიახლეებს ვეძებდი. ასე 10 წელი იქნება, რაც განსაკუთრებულად დატვირთული ვარ, ბევრჯერ მქონია გადაწვის მომენტები: რა უნდა ვქნა... მაგრამ, საბოლოოდ გამიძლია ყველაფრისთვის.
– პირველი სამსახური, საქმე ადამიანებს განსაკუთრებულად ამახსოვრდებათ.
– კარგად მახსოვს ის პერიოდი, როცა ბატონ გოგი თოფაძესთან დავიწყე მუშაობა. 1996 წელი იყო და იმ დროისთვის საკმაოდ დიდი ხელფასი მქონდა. პირველი ხელფასი რომ ავიღე, ვიყიდე მობილური ტელეფონი „ერიქსონი“, რომელიც ახალი შემოსული იყო. მეგობრებს ახალი დამთავრებული გვქონდა ინსტიტუტები, ბევრი იმ დროს ჯერ არ მუშაობდა, მაგრამ, ჩემი ხელფასი გვყოფნიდა იმაში, რომ ერთად კარგად გაგვეტარებინა დრო, დასასვენებლადაც წავსულვართ ამ ხელფასით. გაგიკვირდებათ და, მე ბუღალტერი ვიყავი – ფინანსისტი. სპეციალობით არ ვარ ეკონომისტი, სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული. ასე რომ, აღმოვჩნდი ამ სამსახურში და ნულიდან დავიწყე ყველაფრის სწავლა. თავიდან, როცა ეს შემოთავაზება მივიღე, ცოტა შემეშინდა, მაგრამ უკან არ დამიხევია. შეხვედრაზე ისე მივედი, თითქოს ძალიან გამოცდილი ვიყავი. იქ დამხვდა ადამიანი, ქალბატონი მზია გობეჯიშვილი, რომელმაც მეგობრული დახმარება გამიწია – დედასაც ვეძახდი, რადგან დედასავით მიპატრონა და ყველაფერი მასწავლა. ბატონი გოგიც არაჩვეულებრივი უფროსი იყო. ჩემთვის დღემდე ძალიან საყვარელი ადამიანია. სულ ვამბობ: თუკი ჩემი სპეციალობა შედგა, რაღაცეებს მივაღწიე, რაღაცეები შემიძლია, მიყვარს ჩემი საქმე – ეს ბატონი გოგის დამსახურებაა. მას შემდეგ ბევრ ადამიანთან მიმუშავია, მაგრამ ასეთთან – არასდროს.
– როდის უფრო კომფორტულად გრძნობ თავს – როდესაც საქმეში გყავს უფროსები თუ როცა შენ ხარ საკუთარი თავის უფროსი?
– თავიდან, რომ დავიწყე მუშაობა, იყო შემოთავაზებები: გადავეყვანე მთავარ მენეჯერად, ან დირექტორად, მაგრამ სულ ვეუბნებოდი: მზად არ ვარ, მირჩევნია, რაღაცეები ვისწავლო-მეთქი... არასდროს მიჭირს ვინმესთან მუშაობა. ახლაც ერთ, მეორე, მესამე სამსახურში დირექტორები მყავს, რომლებთანაც საკმაოდ კომფორტულად ვმუშაობ. თუმცა, მქონია შემთხვევები, როცა ვინმესთან ვერ მიმუშავია. ისეთი შემთხვევაც ყოფილა, შეხვედრაზე მივსულვარ და საკუთარი თავისთვის მითქვამს: ვერ ვიმუშავებ-მეთქი. ძალიან მიყვარს თანამშრომლების აზრის მოსმენა, ყოველთვის ვსხდებით და ვკითხულობთ: რა პრობლემებია. მათ აზრს ყოველთვის ვითვლისწინებ, რადგან ისინი ჩემთან ერთად მუშაობენ და ამ საქმის წარმმართველები არიან. ამიტომაც, ჩემს წარმატებაში მათი წვლილი, ალბათ, 50-60 პროცენტია.
– იყო კიდევ ისეთი სამსახური, რომელსაც დღემდე განსაკუთრებულად კარგად ან ცუდად იხსნებ?
– ყველა სამსახური, სადაც კი ვმუშაობდი, სიყვარულით მახსნედება. ერთადერთი, ცუდად მახსენდება ის პერიოდი, როდესაც „ვერე გარდენში“ ვმუშაობდი. გულით გავაკეთე ყველაფერი და მერე იქიდან გულჩამწყდარი წამოვედი. არასწორად მომექცნენ და ძალიან დამწყდა გული. იმედია, ამ ყველაფერს ნანობენ. კიდევ ძალიან გულდაწყვეტილი, ჩემი ნებით წამოვედი „სითი კლაბიდან“. ბევრი ადგილიდან წამოვსულვარ, მაგრამ იმ ადამიანებთან, ვისთან ერთადაც ვმუშაობდი, მეგობრული ურთიერთობა დამრჩენია. ამ ორ ადგილას არ დამრჩა ეს ურთიერთობები – შეიძლება, ეს ჩემი ბრალიც არის... ან იმათი ბრალია. როცა ჩემი ბრალია, ყოველთვის მზად ვარ, ბოდიში მოვიხადო. მაგრამ, როცა ჩემი ბრალი არ ყოფილა, ჩემთვის ბოდიში არავის მოუხდია, თუმცა, ეს უკვე მათი პრობლემაა. თუმცა, ახლა იქ ჩემი მეგობარი მუშაობს, გია გუმბერიძე, რომელსაც ჩემს საქმიანობაში, ბევრ რამეში დიდი წვლილი მიუძღვის. ჩვენ ერთად ბევრი რამ გაგვიკეთებია და მომავალშიც აუცილებლად გავაკეთებთ. მახსოვს, „სითი კლაბის“ ადგილას რაღაც ბუფეტი იყო. იქ რომ ხალხი მივიყვანე და ვთქვი: აქ კლუბი უნდა გავხსნა-მეთქი, დამცინეს, მაგრამ, არ მოვუსმინე. გავაკეთე და მერე არავის გახსენებია და აზრად არ მოსვლია, რომ ეს ჩემი გაკეთებული იყო...
– არ შემიძლია, არ შევეხო შენი გახდომის თემას – საოცრად გამხდარი ხარ.
– სულ ვამბობ, რომ არ ვიცოდი, ზოგადად, რას ნიშნავს წონის კლება. ეს არ მაწუხებდა და ვფიქრობდი, რომ კარგი იყო. ახლა ქუჩაშიც რომ მივდივარ და ზედმეტწონიანს ვხედავ, მინდა, მივიდე და ვუთხრა: აუცილებლად უნდა გახდე-მეთქი. მე ამას რომ მეუბნებოდნენ, რაღაც პერიოდი, მწყინდა, ვბრაზდებოდი. მაგრამ, მერე, როცა ჯანმრთელობის პრობლემა გამიჩნდა, ამან შემაშინა და არა იმან, რომ არ მომწონდა ჩემი თავი. გავიკეთე ოპერაცია. თავიდან სამი თვე ძალიან გამიჭირდა. ეს არ არის მხოლოდ უჭმელობა. ეს არის ცხოვრების სტილის, რეჟიმის შეცვლა, რაც ჩემთვის ძალიან რთული იყო, მაგრამ შევძელი.
– რაზე მოგიწია უარის თქმა?
– ღამის თენებაზე, მეგობრებთან ერთად წასვლაზე, გართობაზე, ალკოჰოლზე, მისვლა-მოსვლაზე. დავიწყე დილის 8 საათზე ადგომა, რომ კუს ტბაზე წავსულიყავი, მევარჯიშა... ოღონდ ამას თუ გავაკეთებდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი. ალბათ, ყველაფერი მაინც ნებისყოფაა. 138 კილოგრამი ვიყავი და ახლა ვარ 63 კილო – ერთი ადამიანი აღარ მყავს. ჩემი წონა არასდროს დამიმალავს და ვფიქრობ, დღეს ბევრი ადამიანისთვის ვარ სტიმული. ჩემთვის დიდი სტიმული გახლდათ ჩემი მეგობარი და ეს მისი გადაწყვეტილება უფრო იყო, ვიდრე ჩემი. ვერასდროს გამოვხატავ იმ პატივისცემას, სიყვარულს, რაც ამ ადამიანისადმი გამაჩნია. ეს არის გოგა კაკულია, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მე ეს ნაბიჯი გადამედგა – ჩემს ტვინში მოახდინა რევოლუცია, თან სიცილით, ხარხარით – ესეც ერთგვარი ნიჭია. ძმა არ მყავს და ეს ადამიანი ჩემთვის ძმაზე მეტია. დღესაც, დილა რომ თენდება, მაკონტროლებს: რა ვჭამე, რა გავაკეთე, რამდენი დავიკელი. ჩემი მეგობრების დამსახურებაა, რომ ეს ყველაფერი გავაკეთე.
– გქონდა დეპრესიული პერიოდი?
– ოპერაციის შემდეგ, ნარკოზიდან რომ გამოვედი, გავახილე თვალები და მივხვდი: ჩემი ქეიფები დამთავრდა, სამი დღე ცოტა ვინერვიულე. შემდეგ; ყოველდღე რომ ვდგებოდი სასწორზე და კილო აღარ იყო, კილო აღარ იყო... ეს უკვე სტიმული გახდა. ცოტა ვინერვიულე იმაზე, რომ ბოჰემური ცხოვრება დავკარგე, მაგრამ, მერე ამასაც შევეგუე. ახლა, რომ მეუბნებიან, აქ წამოდიო, ვფიქრობ: რისთვის უნდა წამოვიდე, რადგან ვიცი, ვერ დავლევ, ვერ შევჭამ. ამ პერიოდშიც დამილევია, არამსუბუქადაც, მაგრამ, ეს იშვიათად ხდება. ერთი რაღაც უნდა მოგიყვე: ისრაელში ჩავედი ექიმთან გასაუბრებაზე. ალბათ, ყველა ნორმალური პაციენტი კითხულობს: როგორ კეთდება ოპერაცია, რამდენ ხანს გრძელდება ნარკოზი... ჩემი პირველი კითხვა კი ასეთი იყო: გამარჯობა, ოპერაციიდან დალევა როდის შეიძლება. იმ კაცს, მგონი, ლოთი ვეგონე, ისე შემომხედა. ვუთხარი: ლოთი არ გეგონოთ, უბრალოდ, მაინტერესებს, რადგან ძალიან მიყვარს გართობა, გრადუსის გარეშე კი ეს არ ხდება-მეთქი. მითხრა: მოდი, ასე შევთანხმდეთ: ოპერაციიდან 2 თვეში დალევო. მე ეს საუბარი დამავიწყდა. გავიკეთე ოპერაცია, ჩამოვედი თბილისში, მერე გასასინჯად დავბრუნდი უკან და მეუბნება ექიმი: საღამოს ვახშამზე წავიდეთო. წავედით, დამიდგა ღვინო: მიირთვიო. ვერ დავლიე.
– ზოგი ქალი ამბობს, რომ ბევრი საქმე, კარიერა პირადი ცხოვრების აწყობაში ხელს უშლის. ბევრი პირიქით – ორივეს ერთმანეთს მშვენივრად უთავსებს. შენ?
– ვერ ვიტყვი, რომ პირად ცხოვრებას ჩემს საქმეში როდისმე შეუშლია ხელი. მაგრამ, მოცემულ მომენტში არ მაქვს პირადი ცხოვრება, ანუ, არ მყავს გვერდით საყვარელი ადამიანი. თუმცა, ვფიქრობ, რომ ქალს აუცილებლად უნდა ჰყავდეს გვერდით ისეთი ადამიანი, რომელიც ეყვარება და რომელსაც ეყვარები.