რას ინახავს ახალი წლის ღამეს საიდუმლო სეიფში ქეთი ორჯონიკიძე და რატომ იცვლის ის სქესს წელიწადში ერთხელ
მომღერალმა ქეთი ორჯონიკიძემ საახალწლო მზადება, როგორც თავად ამბობს, სამი თვის წინ დაიწყო. როგორც ჩანს, ცხენის წელიწადს ის საკმაოდ ოპტიმისტური და ამაღლებლი განწყობით ელოდება. მართალია, გასული წელი მის ცხოვრებაში დიდი ცვლილებების მოტანი არ ყოფილა, მაგრამ იმედია, მომავალი წელი, მისთვის გაცილებით იღბლიანი აღმოჩნდება. თუ სად აპირებს ის ახალი წლის შეხვედრას, რას გეგმავს ახალი წლის დღეებში და ვისთვის ამზადებს თოვლის ბაბუის ფორმას, ამაზე თავად მოგიყვებათ.
ქეთი ორჯონიკიძე: გველის წელი, განსაკუთრებულად გამორჩეული, ნამდვილად არ ყოფილა ჩემთვის. ვერ მოგატყუებთ და ვერ გეტყვით, ჩემთვის საუკეთესო იყო, თან სიყვარულით დატვირთული-მეთქი. არც რაიმე ცვლილება მომხდარა ჩემს ცხოვრებაში, თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, რომ ცუდი იყო. აი, ცხენის წელიწადისგან კი უფრო მეტ დადებითს ველი. ჩემი მუსტანგი, იმედია, შოორს გამაქანებს (იცინის). ახალი წლის დახვედრა სახლში მიყვარს და წელსაც ასე ვგეგმავ. წელს განსაკუთრებით მიხარია ახალი წლის მოსვლა. არ დამიჯერებთ და, სამი თვით ადრე, ჯერ კიდევ თბილოდა, საახალწლო მზადება რომ დავიწყე. ვცდილობ, ამ დღეს გამორჩეულად ამაღლებული განწყობით შევხვდე.
– ანუ, როგორც გავიგე, სამი თვით ადრე უკვე საახალწლო განწყობა გქონდა?
– დიახ, სამი თვით ადრე მქონდა საახალწლო ემოცია (იცინის). ანუ, სამი თვის წინ, გავიღვიძე, დამეუფლა ახალი წლის განწყობა და მას მერე ასე ვარ. ნაძვის ხეც ადრე დავდგი და სახლიც ნაადრევად მოვრთე. ახლაც ამაღლებული განწობა მაქვს. არ დამავიწყდება, მე და ჩემი მეგობრები ყოველთვის ვწერდით ფურცელზე სურვილებს, წლები რომ გავიდოდა ვხსნიდით და ვკითხულობდით. თან, ვაანალიზებდით, ვის რა სურვილი აუხდა.
– და გიხდებოდა ეს ჩათქმული და ფურცელზე დაწერილი სურვილები წლების შემდეგ?
– სხვათა შორის, ერთ-ერთი ასეთი სურვილების ფურცლები, რომელიც დაახლოვებით ექვსი წლის წინ შევავსეთ სამი წლის წინ, ახალი წლის ღამეს ისევ შევიკრიბეთ, გავხსენით და, სხვებისგან განსხვავებით, ყველა სურვილი ახდენილი მქონდა, რაც იქ მეწერა.
– ვისთან ინახებოდა ეს სურვილების საიდუმლო სეიფი?
– ეს სურვილები, ანუ სურვილების საიდუმლო სეიფი, ინახებოდა ჩემი მეგობრის, გიგას სახლში. ისე იყო დაბეჭდილი ეს სკივრი, რომ ვერავის გაეხსნა.
– რაიმე რიტუალი თუ გაქვს, რომელსაც ყოველი ახალი წლის ღამეს, 12 საათის დადგომამდე ასრულებ?
– არა, ასეთი რიტუალი არ მაქვს. ახალ წელს სახლში შევხვდები, მერე კი ჩავიცვამ ჩემს თოვლის ბაბუის ფორმას, გავიკეთებ თეთრ წვერს, მოვიგდებ პატარ-პატარა საჩუქრებით დატვირთულ ხურჯინს და გავალ ქუჩაში. ვინც შემხვდება, დავასაჩუქრებ პატარა საჩუქრებით და მერე მეგობრებს დავუვლი. ეს ყოველ ახალ წელს, 12 საათის მერე ხდება და ერთგვარი საახალწლო რიტუალია ჩემთვის.
– ასე გამოწყობილს ქუჩაში ვერ გცნობენ?
– თქვენ წარმოიდგინეთ, ვერ მცნობენ. იმხელა თეთრი წვერი მაქვს, ისე ვარ შებუდნული წითელ ლაბადაში და ისე მაქვს ქუდი ჩამოფხატული, თვალის ფერით რას მიხვდებიან, რომ ქეთი ვარ (იცინის). მთავარია, ხალხი რომ მხედავს, უხარიათ. მთავარი ესაა. ასე რომ, წვერებს წელიწადში ერთელ ვირგებ და ამით სხვებს ვახარებ.
– ესე იგი, თოვლის ბაბუა თავად ხარ და შენთან ის არ მოდის საჩუქრებით?
– კი, როგორ არა. ჩემი მეგობრები არიან ჩემი თოვლის ბაბუები. ისინი მოდიან საჩუქრებით ჩემთან. ასე რომ, ოთხი თოვლის ბაბუა მოდის ახალ წელს ჩემთან (იცინის). ისე, რომ გითხრათ, დიდად არც ბავშვობაში მჯეროდა თოვლის ბაბუის არსებობა, თუმცა ცოტა ეჭვები კი მქონდა (იცინის).
– ყველაზე განსაკუთრებული რომელი ახალი წელი იყო შენთვის, ისეთი, არასდროს რომ არ დაგავიწყდება?
– განსაკუთრებული ახალი წელი იყო – ორი წლის წინ, რაჭაში. ბენდთან ერთად ვიყავი ამბროლაურის რაიონში. იქ გვქონდა დაგეგმილი კონცერტი. არ დამავიწყდება, საოცრად ყინდავდა. მიკროფონი ხელზე მიმეყინა და ვერ მომაგლიჯეს (იცინის). საწყალ ბენდის ბიჭებს კი, ყინვისგან კანი დაუსკდათ და დასისხლიანდნენ. იმწუთას, კი გავიყინეთ, მაგრამ, აი, რომ გავლღვით, მერე წავიდა კარგი ქეიფი. საოცარი ატმოსფერო იყო, არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ, ძალიან ვისიამოვნეთ და იქაურებიც ვასიამოვნეთ.
– თუ დაკვირვებიხარ, როგორი მეკვლე ხარ, ღირს შენი ბედობაზე მოპატიჟება?
– არ გირჩევთ (იცინის). საოცრად ცუდი ფეხი მაქვს. ასე რომ ვუყურებ ჩემს ფეხებს, მომწონს, მაგრამ აი, საბედოდ ნამდვილად არ ვარგა (იცინის). ვხუმრობ: თუ არ გინდათ, რომ გათხოვდეთ, წარმატებული იყოთ და ბევრი ფული გქონდეთ, მე დამპატიჟეთ მეკვლეთ-მეთქი (იცინის). რა ვიცი, თუ მაინც დამპატიჟებთ, მოვალ, მაგრამ გარისკვას არ გირჩევთ (იცინის).