ვინ არის პირველი ქართველი ლიცენზირებული პარაშუტისტი გოგონა
გინახავთ, როგორ ცეკვავენ ცაში „ხორუმს“?.. მე ვნახე... ჰო, ვნახე... ამას იმიტომ ვამბობ, რომ ცეკვა „ხორუმის” გარდა, სხვას ვერაფერს შევადარე 4 კილომეტრის სიმაღლიდან, თვითმფრინავიდან გადმომხტარი ხელიხელჩაჭიდებული პარაშურისტები. მათ შორის ერთ-ერთი, პირველი ქართველი ლიცენზირებული პარაშუტისტი – ნათია მამაიაშვილი გახლდათ. ბევრი რამ შემიძლია, გითხრათ ნათიაზე, როგორც ხელოვანზე, სპორტსმენზე, მოდელზე, უბრალოდ, განათლებულ ადამიანზე, მაგრამ დამეთანხმებით, ჯობია, ყველაფერი თავად გვიამბოს.
ნათია მამაიაშვილი: უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ვმოღვაწეობდი ნიუ-იორკში. დავამთავრე ნიუ-იორკის მანჰეტენის მუსიკალური სკოლა (ათწლედი), ასევე აკადემიური სკოლა. ამის შემდეგ ჩავაბარე და დავამთავრე პოლიტიკური მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (ბაკალავრი) ნიუ-იორკის უნივერსიტეტში.
– საინტერესო მონაცემები გაქვს, შთამბეჭდავი იქნებოდა ნებისმიერი ინსტანციისთვის შენი სივი. მაგრამ, მე ყველაფერი სულ თავიდან მაინტერესებს. მიამბე, იმ პერიოდიდან, როცა დებ მამაიაშვილებს ბებია სკოლასა და ვისრალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიაში დაგყვებოდათ და თქვენი აღზრდით აქტიურად იყო დაკავებული.
– ეს მართლაც ასე იყო. ბებია იყო თავიდან-ბოლომდე ჩემი და ნინოს აღზრდით დაკავებული. ის მართლა ჩვენი ცხოვრებით ცხოვრობდა. ჩვენი თითოეული კონცერტი, თუ კონკურსში გამარჯვება ბებიას დიდი სიხარული და ჩვენთვის – სტიმული იყო. ასევე, რა თქმა უნდა, მშობლებისთვისაც, რომლებიც იმ პერიოდში ნიუ-იორკში ცხოვრობდნენ. ასეთმა ყოველდღიურმა შრომამ, მეცადინეობამ წლების შემდეგ თავისი შედეგი გამოიღო და საფუძველი დაუდო ჩვენს მომავალს. 13 წლის ვიყავი, ნიუ-იორკში, მშობლებთან რომ გადავედი საცხოვრებლად. სკოლაც და მუსიკალური სასწავლებელიც იქ დავამთავრე.
– პროფესიად რას აირჩევდი, როდის გადაწყვიტე? ცოტა უცხოა ჩემთვის მუსიკოსი, უცებ საერთაშორისო ურთიერთობებზე რომ აკეთებს აქცენტს. ალბათ, ბევრი ფიქრობდა, რომ ხელოვნებას გაჰყვებოდი.
– მართალია, კონსერვატორიაში არ ჩამიბარებია, მაგრამ ყოველთვის მქონდა კონცერტები. კონკურსში გავიმარჯვე, რის შემდეგაც „კარნეგი ჰოლში“ მიმიწვიეს გამარჯვებულთა კონცერტში მონაწილეობის მისაღებად. ასევე, კონცერტები მქონდა ბევრ სხვადასხვა ცნობილ საკონცერტო დარბაზში.
ამის შემდეგ მონაწილეობა მივიღე ნიუ-იორკის რამდენიმე ფეშენ-შოუში, როგორც მოდელმა. რაც შეეხება ჩემს პროფესიულ არჩევანს, საერთაშიროსო ურთიერთობები იმიტომ ავირჩიე, რომ ძალიან მიყვარს მრავალფეროვნება და მოგზაურობა. მიმაჩნდა, რომ ეს პროფესია მომცემდა იმის შანსს, ამესრულებინა ოცნება, მემოგზაურა სხვადასხვა ქვეყანაში და შეძლებისდაგვარად, ჩემი ქვეყნის კულტურა ტრადიცები და ისტორია გამეცნო მსოფლიოსთვის. მათთვისაც შემეყვარებინა საქართველო ისე, როგორც მე მიყვარს. ამას გარდა, საქართველოში იმის პერსპექტივას ვერ ვხედავდი, რომ ხელოვნებით შეიძლებოდა უზრუნველყოფილი ვყოფილიყავი. ვფიქრობ, ყოველთვის კარგია, გქონდეს რამდენიმე არჩევანი. მე ამისთვის ბევრი ვიშრომე.
– ნათია, მე შენი კიდევ ერთი გატაცების შესახებ ვიცი. უფრო მეტიც, შენ ხარ პირველი ქართველი ლიცეზირებული პარაშუტისტი. მოგზაურობა მიყვარსო და აქაც მოგზაურობ, ხელოვნებიდან – პოლიტიკურ მეცნიერებაში, იქიდან – სპორტში. ამაზეც მიამბე.
– პირველად 13 წლის ჩავჯექი თვითმფრინავში. ფრენა ძალიან მომეწონა. მივხვდი, რომ მომავალში რაღაცას ისეთს გავაკეთებდი, რაც ფრენას დაუკავშირდებოდა. ნიუ-იორკში იმდენად მკაცრი რეჟიმი მქონდა: ფორტეპიანოზე მეცადინეობა, რომელიც დღეში მინიმუმ 3 საათი მაინც გრძელდებოდა; ასევე მიწევდა არაერთი საგნის მომზადება. ასეთ მომენტებში ჩემთვის თავისუფლება რატომღაც ფრენასთან ასოცირდებოდა. ამასთან, ბავშვობიდანვე ვიყავი ძალიან სპორტული და აქტიური. სულ ვეძებდი სპორტის ისეთ სახეობას, სადაც საკუთარ თავს ვიპოვიდი და შიგ ჩავტევდი ჩემს აქტიურობას, ენერგიულობას, კონცენტრაციას, ფოკუსს.... მართლაც, ზუსტად ის ვიპოვე პარაშუტისტობაში, რაც მინდოდა.
2011 წელს, მარტო წავედი, რომ პირველად გადმოვმხტარიყავი თვითმფრინავიდან.
– მარტო?
– არა, ამას ტანდემი ჰქვია, როცა პროფესიონალთან ერთად ხტები. ჯერ ისევ ჰაერში ვიყავი, როცა მივხვდი, რასაც ვეძებდი ამდენი წელი, ზუსტად ეს იყო. საოცარი გრძნობა დამეუფლა. ამ სპორტის სილამაზემ მაშინვე მომხიბლა. მიწაზე რომ დავდგი ფეხი, უკვე ვიცოდი: მე სპორტის ამ სახეობას პროფესიონალურ დონეზე უნდა დავუფლებოდი.
– რა გააკეთე ამისთვის?
– მივედი სპეციალურ სასწავლებელში. ჩავაბარე ბევრი გამოცდა, რომელიც თითოეულ დონეზე უფრო და უფრო რთულდება. ამ სპორტმა ბევრი გამოცდილება და თავდაჯერებულობა შემმატა. ყოველი გადმოხტომა, თითქოს ახალი ცხოვრების დასაწყისია. სამწუხაროა, რომ სპორტის ეს სახეობა საქართველოში არ არის განვითარებული.
– რა სიმაღლიდან ხტები?
– ჩვენ ვხტებით 14 ათასი ფიტიდან, ეს დაახლოებით 4 კილომეტრია. გვყავდა პილოტი, რომელსაც ხანდახან 15 ათას ფიტზე ავყავდით, რაც იმას ნიშნავს, 10 წამით მეტი თავისუფალი ვარდნის დრო გვექნებოდა.
– ესე იგი, როგორ გამოდის? ამ 4 კილომეტრს რამდენ ხანში ფარავთ?
– 55-60 წამის განმავლობაში გრძელდება თავისუფალი ვარდნა და შემდეგ დაახლოებით 7-12 წუთი მიწაზე პარაშუტით ვეშვებით.
– რა მოგწონს ყველაზე მეტად ამ სპორტში?
– ის, რომ ძალიან განსახვავებულია. ალბათ, ძალიან იღბლიანი ვარ, რადგან შემიძლია შევიგრძნო ყველაზე ლამაზი, ენით აუწერელი მომენტები. განსაკუთრებით მიყვარს მეგობრებთან ერთად ფრენა, როცა ერთად შევიგრძნობთ ამ სილამაზეს და ერთმანეთს თვალებითა და ღიმილით ვუზიარებთ ამ ბედნიერებას. ასევე, მიყვარს მზის ჩასვლის დროს გადმოხტომა. ამ დროს ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს ყველაზე ახლოს ხარ მზესთან.